ავტორის შესახებ

დავიბადე საპორტო ქალაქ ფოთში 1977 წლის 5 სექტემბერს. პირველი ჩემი რეპორტაჟი ცხელი წერტილიდან სწორედ იქ, რეგიონულ გაზეთ „ფოთის მოამბისთვის“ მოვამზადე – ენგურის ხიდზე ტყვეების გაცვლის შესახებ. 1994-2002  წლებში ვსწავლობდი  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. 

1999-2000 წ.წ.-ში  დიდ ბრიტანეთშიც ვიმყოფებოდი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სასწავლებლად. 2002 წელს ჩავაბარე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე (J_School Journalism and Media Management), რომელიც იმ წელს გაიხსნა. ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ბაქოში ინგლისურენოვანი გაზეთის „Baku Sun“-ის რეპორტიორად. 2003-2004 წლებში ვმუშაობდი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვების რეპორტიორად. არხის დახურვის შემდეგ კი, 2004 წლიდან ვმუშაობ „პირველ არხზე“   „მოამბის“ რეპორტიორად.

 პარალელურად, 2009 წელს ვამზადებდი სტატიებსა და ფოტოებს შეერთებულ შტატებში შექმნილი ინტერნეტ გამოცემისთვის „News website Georgica“ – GDIT, Washington, USA. აქტიურად ვაშუქებ ცხელ წერტილებს, კონფლიქტურ ზონებს, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. უკვე ერთი წელია, ასევე, ვამზადებ დოკუმენტურ ფილმებს „ტელებლოგისთვის“. პირველი ფილმი, „სოფელი, რომელიც არავის უნდა“,  წარდგენილი იყო CIRCOM (რეგიონული ტელევიზიების ევროპული ასოციაცია) დოკუმენტური ფილმების ფესტივალზეც, სადაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

ასევე, მომზადებული მაქვს, ფილმები: „ქუჩის მეორე მხარე“ - უსახლკარო არასრულწლოვანთა შესახებ, „1 დღე ატენის დედათა მონასტერში“;  „ომის დამარცხებული ღმერთები“ – საქართველოში ვიკინგთა ლაშქრობის შესახებ.

მეზღვაურების პრეზიდენტი - ქეთი ბერაიას ბლოგი

03 February 2017