10 October 2015
  • 4660 ნახვა

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი. გაზპრომისა და რაგბის ამბავი!

ხუთიოდე დღის წინ, როდესაც მორაგბეთა ეროვნული გუნდის გამარჯვებას მიმოვიხილავდით, მკითხეს: „რას ვზეიმობთ, ჩვენ ხომ დავმარცხდით?“

... ჰო, ფორმალურად, ჩვენ მართლაც დავმარცხდით - გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა, ნამიბიასთან ბოლო მატჩში გვარიანად იჯახირა, არგენტინასთან შეხვედრა პირწმინდად დათმო და დათმო ახ.ზელანდიასთანაც - ოღონდ, არა პირწმინდად. ამის მიუხედავად, ვეცადე, ოსტატურად დამესაბუთებინა, რომ ამგვარი მარცხი, რეალურად, გამარჯვებაა, რადგან ჩვენი მიზანი იყო მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვედრა, მინიმუმ და ოპტიმალურად ორ მატჩში გამარჯვება, ძალების მოსინჯვა, მსოფლიოს ყურადღების მიქცევა... მისმენდა თანამესაუბრე მე - დამარცხებული ქვეყნის მუდამ მარცხიან „შვილს“ და ალბათ არც ესმოდა ჩემეული ლოგიკისა - „კი, მაგრამ, რას ვზეიმობთ, ხომ დავმარცხდით? აი, ხომ დავმარცხდით?“ 

*** 
გახსენება სხვა და რეალური, სისხლხორცეული მარცხებისა, უბრალოდ, არ ღირს - ათვლა 1991 წლიდან კი არა, გაცილებით ადრეული პერიოდიდან იწყება და მოიცავს იმ მოვლენებსაც, რომლებიც მხოლოდ ისტორიის უნიათო სახელმძღვანელოებშია აღწერილი... მათში უფრო დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, გამოტოვებული ან ინტერპრეტირებულია, მაგალითად, 1832 წლის ამბავი (პასუხისმგებლობა-დაკისრებული მხოლოდ ერთი უგვანი თავადისათვის), როცა ისტორიის ჩარხის მოტრიალების თეორიული, მაგრამ შანსი მართლაც არსებობდა. 

მორაგბეთა მარცხი... (მე მაინც ვიტყვი - გამარჯვება) აბა, აქ რა მოსატანია. ჩვენ ხომ მარცხიანი, აწმყოს მუდმივად მაძაგებელი, წარსულზე ორიენტირებული და მომავლის ვერ-დამგეგმავი ქვეყანა (საზოგადოება) ვართ, რომელიც მხოლოდ პერიოდულად ამოიბრწყენს ხოლმე და ისიც იშვიათად კინემატოგრაფსა თუ თეატრში (აგრეთვე - სხვა სფეროებში), უფრო ხშირად სპორტის ინდივიდუალურ და საშუალოდ 30 წელიწადში ერთხელ - გუნდურ სახეობებში... 

მაგალითად, თუ მხოლოდ სპორტზე ვისაუბრებთ, 1981 წლის თასთა თასის ამბავია გასახსენებელი - იქ, დიუსელდორფის სტადიონზე, 35 წლის წინანდელმა საფეხბურთო „დინამომ“ ყველაზე იოლი, მაგრამ, მართლაც ევროპული და მაინც ძვირფასი თასი მოიპოვა (მას შემდეგ ჩვენ ოდინდელ და არ-არსებულ დიდებასა და მის დაბრუნებაზე ვსაუბრობთ). 

გუნდურ სახეობებში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც გვქონია - კალათბურთელთა „დინამო“ ჩემპიონთა თასის მფლობელია... ხოლო მოჭადრაკეთა ქალთა ნაკრები გუნდურად რამდენიმეგზის ოლიმპიური ჩემპიონი. (არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ქალები - ნონა და მაია, ხუთ-ხუთჯერ არიან პირველი მოჭადრაკეები ინდივიდუალურადაც... ხუმრობა საქმე არაა - უნგრელთა, შვედთა, რუსთა დამარცხება (ხშირად და ბევრჯერ). იმ გამარჯვებების გათვალისწინებით, მორაგბეთა ეს შედეგი მართლაც უმნიშვნელოა - უკანასკნელ მსოფლიოზე, ნამიბიასთან მართლაც ვიჯახირეთ, არგენტინასთან მატჩი პირწმინდად დავთმეთ და დავთმეთ მატჩი ახ.ზელანდიასთანაც, ოღონდ, არა პირწმინდად. ამდენად, როდესაც ზეიმის არ-მომწონებლებს ვეკამათებით, ბუნებრივად არ გვყოფნის არგუმენტები... მით უფრო მაშინ, როდესაც თავადვე გახსენებენ ოდინდელ და მართლა გამარჯვებებს იმავე ფეხბურთში, კალათბურთშიც და სპორტის ინდ.სახეობებშიც. ამავე დროს, მორაგბეთა მარცხი (მე მაინც ვიტყვი - გამარჯვება), ცხადია, მაინც აღსანიშნია - რადგან დასახულ მიზანს გუნდმა მიაღწია - ძლიერი ტონგა დასცა, უძლიერეს ახ.ზელანდიას კი ლელო დაუდო!.. 

ჰო, კიდევ ერთი - ტოტალური სხვა მარცხების პირობებსა და პერიოდში, როცა ქვეყანა მარცხდება პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროსა და საკითხში, ჩანს, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მარცხი ბრძოლაში..(თუ მარცხი ბრძოლით) - ღრმად გასააზრებელი საკითხია - შეიძლება მართლაც ვერ დაანარცხო რაგბის ღმერთი - ALL BLACKS - ი, მაგრამ, არ იყო კაპიტულანტი... ეს უკანასკნელი იერ-სახე კი აქვს და ჰქონდა ლამის ყველას - მთავრობებს, რომლებიც ვერ ამარცხებდნენ (და ვერ ამარცხებენ) „სისხლში გამჯდარ“ კორუფციას; იმავე მთავრობებს, რომლებიც ვერ ამარცხებდნენ (და ვერ და არ ამარცხებენ) ჩაბუდებულ საბჭოურობას... იმავე მთავრობებს, რომლებიც ვერ ამარცხებდნენ (და ვერ ამარცხებენ) სისხლიმღვრელ მტერს (სანაცვლოდ, ზოგიერთი, მათ მტრადაც ვერ აღიქვამს); საზოგადო „მოღვაწეებს“, რომლებმაც რახანია გადაკვეთეს კონფორმიზმის ხაზი და უკეთესი ცხოვრებისათვის არ ითაკილეს სხვა ქვეყნის წიაღში დაბრუნება... ელიტას, რომელმაც იდეალები უკუაგდო და „პრაგმატული პოლიტიკა“ არჩია და ა.შ. 

*** 
ორიოდე დღის წინ, მორაგბეთა გამარჯვებული გუნდი თბილისში დაბრუნდა. „ნოვო ალექსეევკას“ კი არა, რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში ამ გუნდს არც თუ ბევრი ქომაგი და ათიოდე ჟურნალისტი დახვდა. არავის, მათ შორის, არც შაბათობით რომ ისვენებს იმ მთავრობას, აზრადაც არ მოსვლია „ზედმეტი“ საწვავის დახარჯვა და მორაგბეებთან შეგებება.. ცხადია, ეს აზრი არ გასჩენიათ არც ჩვეულებრივ დეპუტატებს და არც იმიჯ-შელახულ დეპუტატებს... 

მე კი გამახსენდა დიეგო არმანდო მარადონას თბილისში სტუმრობა - ვინმე ბიზნესმენი პატარქალიშვილი კი იქადნებოდა, ამ არგენტინელ გენიოსს თბილისში ჩამოვიყვანო, მაგრამ, „ნოვო ალექსეევკაზე“ მისულ 500-მდე ქომაგს, მარადონას გამოჩენამდე, ამისი არ ეჯერა (სხვათა შორის, სწორედ 500-600 გულშემატკივარი მივიდა მერე ეროვნულ სტადიონზე „ცოცხალი მარადონას“ სანახავად). 

მარადონაზე გამახსენდა მისეული - „ეგო, ეგო... დიეგო... დიეგო“, რომელიც ამ ნიჭიერმა კაცმა ბოლოს არა ფეხბურთელთა, არამედ, სწორედ არგენტინელ მორაგბეთა გასამხნევებლად „შეასრულა“ მათივე მოსასვენებელ ოთახში. მერე ოცნება გამიჩნდა, რომ რომელიმე ქართველ მომღერალს (რადგან ხელისუფლება პასიურობს), მაგალითად, პოლიტიკაში წასვლის მსურველს, თავად გასჩენოდა სურვილი, რომ იქ - ბრიტანეთში ან აქ - საქართველოში მორაგბეებთან ერთად შეესრულებინა საქართველოს ჰიმნი... არ ვიცი რატომ, მაგრამ - ამ მომღერალზე გამახსენდა - მერილინ მონრო, მოგეხსენებათ, ვიეტნამში ჩავიდა და თვალების ჟუჟუნითაც გაამხნევა ჯარისკაცები. ჯარისკაცები (ამ შემთხვევაში, ავღანეთში მყოფნი) ჰო გამახსენდა და გამახსენდა... და ბოლოს ისიც წარმომიდგა თვალწინ, რომ თბილისურ-ქუთაისურ-ბათუმურ-ზუგდიდურ-თელავურ სუფრებზე დღეს მაღალფარდოვნული სიტყვები ისმის, ქებანი ქართველი მორაგბე - „გლადიატორებისა“.

*** 
„რას ვზეიმობთ, ჩვენ ხომ დავმარცხდით?“ - კი, ჩვენ დავმარცხდით, რადგან მხოლოდ მორაგბეებმა (კალათბურთელებმა და წყალბურთელებმა) იმარჯვეს აქ, ამ პერიოდის საქართველოში - ყველა დანარჩენმა, ვისაც ფორმალურად ევალებოდა გამარჯვება, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთისაგან გამიჯნა. მე რომ თი-ბი-სი ან საქართველოს ბანკის ხელმძღვნელი ვიყო, გამოვისყიდიდი „გაზპრომის“ კი არა „ვი-თი-ბი ბანკის“ კონტრაქტს და სამჯერ ან შვიდჯერ მეტს გადავიხდიდი მორაგბეთა მთავარ-სპონსორობაში.
მსგავსი

„ადამიანი არსაიდან“ თუ „ურჩხული კაბაში“ - ფრანგების არჩევანი

10 October 2015

ფრანგული არჩევნების თავისებურებები

10 October 2015

არჩევანი ყუთთან და თავგადასავლები 8 ოქტომბერს - ლიზა ციციშვილის ბლოგი

10 October 2015

არჩევნებიდან არჩევნებამდე

10 October 2015