16 December 2015
  • 4092 ნახვა

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი. პოლიტიკა და სპორტი - რა ხდება ქართულ რაგბიში?

„მიეცით სპორტს სპორტისა და კეისარს რაც შეიძება ნაკლები...“ - დეკა

საქართველოში პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ჩვენთან მიღებული პრაქტიკაა, რომ ოლიმპიური ჩემპიონები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები, ძალოსნები და სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლები აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ „პარტიულ გზას“ ირჩევენ. ზოგი პარლამენტის წევრი ხდება, ზოგი კი სხვა პოლიტიკურ სტრუქტურაში იწყებს „საქმიანობას“. ადამიანებს, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება სავარჯიშო დარბაზებში გაატარეს, იმის ამბიცია უჩნდებათ, რომ მათ რატომღაც სახელმწიფოს მოწყობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. და პირიქით... 

მე 1990 წელს დავიბადე, საბჭოთა კავშირს არ მოვსწრებივარ, მაგრამ ეს „პარტიული გზა“ სწორედ ის არის, რასაც სიტყვა „კომკავშირის“ გაგონების დროს წარმოვიდგენ ხოლმე. სამაგიეროდ, მოვესწარი ინსტიტუტის თვითმართველობას - ოცი წლის გაწკეპილ ახალგაზრდებს - ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, სუფთა ჰალსტუხებითა და კაბინეტებში ევროკავშირის დროშებით. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავ ამ რაღაც ამოუხსნელ ჩინოვნიკურ ონანიზმს - კაბინეტში ჯდომის პლასტელინურ ესთეტიკას. საბჭოთა კავშირის აჩრდილს ნებისმიერ სფეროში ხშირად წავაწყდები ხოლმე და რა გასაკვირია თუ ის ქვეყნის სათავეშიც შემორჩა - სათავეც ხომ იგივე, უბრალოდ კიდევ უფრო „წარმატებული“, ანუ უფრო გამოთლილი და უკვე 40 წელს გადაცილებული გაწკეპილი ადამაინებისგან შედგება. მენტალიტეტი იგივეა, შესაბამისად იგივეა მართვის სტილიც - სოსოს დროს კი ქვეყნის სათავაში ყველაფრის ტოტალური კონტროლი ბრძანეს და სპორტიც გამონაკლისი ვერ იქნებოდა. 

დამოუკიდებელ საქართველოშიც სახელმწიფოს მხრიდან სპორტის კონტროლი ისეთივე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როგორც მასიური პროვინციალიზმი, ტოტალური გაუნათლებლობა, უკიდეგანო ამბიციები და სხვის საქმეში უადგილოდ თითების ფათური. ქყვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის, ფეხბურთის ისტორიას რომ გადავხედოთ, ყველაფერს ნათლად დავინახავთ. 

საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში პირველი იყო, რომელმაც დამოუკიდებელი საფეხბურთო გზა აირჩია. 1990 წლის 15 თებერვალს ყრილობის მონაწილეების უმრავლესობამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე უარი თქვა და დამოუკედებელი ფედერაცია დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ ამ ყრილობას ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა და აქ მხოლოდ საფეხბურთო წრეები არ ფიგურირებდნენ. გადაწყვეტილებას სპორტულზე მეტად უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, დამოუკიდებელი ქართული სპორტის და ფეხბურთის პირველი ნაბიჯები უკვე პოლიტიკური იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად უფროსი ნოდარ ახალკაცი აირჩიეს; 1994 წელს კი მას მანდატი გაუგრძელეს. ამ დროს ქვეყანაში ისეთი ვითარება იყო, რომ ფეხბურთისთვის არავის ეცალა, თუმცა მაშინაც ფედერაციას სპორტის სამინისტრო და პარლამენტის სპორტის კომიტეტი დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, არჩევნებმა სერიოზული დარღვევებით ჩაიარა - დარბაზში უამრავი შეიარაღებული დელეგატი იმყოფებოდა. 

უფროსი ნოდარ ახალკაცის გარდაცვალების შემდეგ მერაბ ჟორდანიას მმართველობის პერიოდი დაიწყო. 2005 წელს ჟორდანია ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. მართალია ის საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის სათავეში უმცროსი ნოდარ ახალკაცი მოვიდა, რომელიც მაშინდელი მმართველი გუნდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნების ულაპარაკო შემსრულებელი იყო. 

2007 წლის 13 მაისს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო არჩევნები შედგა. ერთმანეთს უმცროსი ნოდარ ახალკაცი და გიორგი ნემსაძე დაუპირისპირდნენ. რეალურად ძალაუფლებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა იბრძოდა. გიორგი ნემსაძე დავით კირკიტაძის და მისი გუნდის პროტეჟე იყო, ნოდარ ახალკაცი კი გიგა ბოკერიას და მისი გუნდის ინტერესებს წარმოადგგენდა. არჩევნებში ხმების უმრავლესობით გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა, თუმცა როგორც ჩანს პრეზიდენტთან უფრო დაახლოვებული არჩევნებში მონაწილე მეორე ჯგუფი გამოდგა - ერთი მარტივი ზარიც განხორციელდა და გამარჯვებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა. მან განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტობა მისი თვითმიზანი არ ყოფილა. სულ რაღაც ექვს დღეში იმ დელეგატებმა, რომლებმაც გიორგი ნემსაძეს მისცეს ხმა, გადაწყვეტილება შეცვალეს და ერთხმად ნოდარ ახალკაცს აირჩიეს.  2009 წელს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გახდა, რომელმაც ღიად განაცხადა რომ მას ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა, თუმცა „რატომღაც“ იგი მაშინ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი აღმოჩნდა და არჩევნებმაც ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. 

პოლიტიკურ ვნებათა ღელვებს მოკლებული არც ცოტა ხნის წინ გამართული, ფეხბურთის ფედერაციის ბოლო არჩევნები ყოფილა. თითქოს ხელისუფლება შეიცვალა და „ერთიანული ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ პოლიტიკისა და სპორტის ინეტესების კვეთა, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო ცოცხალი ვირუსია და ხელწერაც არ შეცვლილა - თანამდებობის პირების მხრიდან კონკრეტული კანდიდატების ლობირება, საარჩევნო პერიოდში კონკურენტი კანდიდატის მომხრე დელეგატების დაპატიმრება, ნარკოტიკების ჩადება და მოკლედ რომ ვთქვათ, არჩევნებში ძალოვანი რესურსის გამოყენება, რაც, რა თქმა უნდა, პროცესში უხეშ ჩარევას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ სუფთად არც წაგებული მხარე თამაშობდა. მოქმედ ფედერაციას საარჩევნო სისტემა ისე ჰქონდა მორგებული, რომ არჩევნებში გამარჯვებული ყოველთვის თვითონ იქნებოდა, მაგრამ, იმის მაგივრად, რომ მეორე ძალას არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ამ სისტემის არასამართლიანობაზე საუბარი დაეწყო, მათ უბრალოდ, არჩევნების მოგება ბოლო დღეს, ხელის ერთი მოსმით გადაწყვიტეს, რადგან ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ და რეალურად ასეც მოხდა. 

როგორც ხედავთ, ფეხბურთი პოლიტიკისგან გამიჯნული არასდროს ყოფილა და შედეგიც სახეზეა - დღეს ფიფას რეიტინგში ისეთი ქვეყნები გვისწრებენ, როგორებიც არიან: კურასაო, არუბა, სენტ ლუსია, სენტ კიტსი, სენტ ვინსენტი და თუ რომელიმე წმინდანის სახელობის კუნძული არსებობს თითქმის ყველა.

ფეხბურთის მსგავსად, ანალოგიური ვითარება სპორტის ბევრ სახეობაშია და ეს გასაკვირი უკვე აღარ არის. ალბათ ქვეყანაში ერთადერთი სფერო, რომელიც დღემდე სახეს ინარჩუნებდა და ყოველგვარი პოლიტიკური სკანდალებისგან თავს ირიდებდა, რაგბი იყო. შედეგიც შესაბამისი, საქართველოს ნაკრების მიღწევებზე და სპორტის ამ სახეობის პროგრესზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. თუმცა, როგორც ჩანს ეს სისუფთავე დიდხანს აღარ გასტანს და როგორც სპორტის უამრავი სხვა სახეობა, საქართველოში რაგბიც ტალახში გაისვრება. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მოქმედ, წარმატებულ კანდიდატს, საკრებულოში მყოფი „ქართული ოცნების“  დეპუტატი დაუპირისპირდა. პირადად ჩემთვის, აქ უკვე ყველაფერი ნათელი იყო. დღეს კი ვიგებ, რომ გია ნიჟარაძემ, რომელიც გუშინ სტუმრად ჩემს გადაცემაში იმყოფებოდა (ძალიან საბრძოლო განწყობით) და არჩევნების მოგებას აპირებდა, თავისი კანდიდატურა მოხსნა. თავისი კანდიდატურა მოხსნა ასევე პრეზიდენტობის მეორე პრეტენდენტმაც და დავრჩით ჰაერში. ახლა მხოლოდ იმის მოლოდინში უნდა ვიყოთ თუ ჩვენი უხილავი მბრძანებლები რაგბის კავშირის პრეზიდენტად ვის მოგვიყვანენ და ვის დაგვისვამენ. 

გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლებენი ოდნავ სხვა იყო. მოუხედავად ჩარევისა, ადამაინების დიდ უმრავლესობას რევაზ არველაძის კანდიდატურის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ბევრს ის ძველი ფედერაციის გაგრძელებად და ყველაზე წარუმატებელი პერიოდის ერთ-ერთ შემოქმედად მიაჩნდა. შესაბამისად ხალხი გაჩუმდა, გულშემატკივრის მხრიდან დარღვევებზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა და შედეგიც სახეზეა - შემდეგი რაგბია, აქ კი უკვე სულ სხვა ვითარებაა, თუმცა მავანს ეს უკვე აღარ აინტერესებს. 

თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ... თქვენ არა? გუნდებო (რომლებიც არჩევნებში ხმას აძლევთ), სპორტსმენებო, გულშემატკივრებო? ასე ემოციურად ვუყურებთ სპორტს, სპორტით ვცხოვრობთ და ვიღაც ჰალსტუხიანი ბიძები ჩვენი ემოციებით სარგებლობენ, ფულს შოულობენ, ძალაუფლებას იმტკიცებენ და შემდეგ დაგვცინიან კიდეც, თქვენ რა იცით, ვინ გეკითხებათ, ეს კაცი იქნება აწი პრეზიდენტი! ყოველთვის არსებობს კომპრომატი, ყოველთვის ყველა ჩუმდება და ყველაფერი იჩქმალება. 

ძალიან იმედგაცრუებული ვარ... თითქოს უკვე ყველაფერს მივეჩვიეთ, მაგრამ რაგბი მაინც ვერ მემეტაბა, რა ვქნა. არადა რა მნიშვნელოვანი 4 წელი გვაქვს წინ, რამდენი რამ უნდა გადაწყდეს ჩვენთვის სასიკეთოდ ან პირიქით. თუმცა ფაქტი ერთია - სანამ ჩვენი ინტერესებისა თუ გემოვნების გამო უსამართლობას გადავყლაპავთ და ჩვენს საყვარელ სფეროში გარეშე ადამაინების ჩარევას დავუშვებთ, მანამდე მუდმივად სავალალო მდგომარეობაში ვიქნებით. ისტორია მეორდება და პოლიტიკაც სპორტის გარეშე ვერ ისვენებს. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ვერ ისვენებს ადამაინის ხარბი ბუნება. რაგბიც სამწუხაროდ მართლა ჩვენი თამაში გამოდგა - აქაც ყველაფერი ქართულად და „ჯიგრულად“ გადაწყდა.
მსგავსი

მატჩი ერთი გუნდის მონაწილეობით

16 December 2015