20 December 2015
  • 995 ნახვა

დაწერენ თუ არა რობოტები ლექსებს?

რა თქმა უნდა დაწერენ!
სათაური შესაძლოა უნდა ყოფილიყო - „როდის დაწერენ რობოტები ლექსებს?“
პასუხიც ასეთი იქნებოდა - 2024-ში ან 25-ში, თუმცა შეიძლება 2031-ზე ადრე არც გააკეთონ პრეზენტაცია...

ალბათ გასაგებია, რომ რობოტებში მოსიარულე, მოჭრიალე სახსრებიანი, ნეონისთვალება, მეტალ-პლასტიკის არსებები კი არა, არამედ ხელოვნური ინტელექტი იგულისხმება.

ამას წინათ თქვენს არხზე, ერთობ აქტუალური სიუჟეტი გავიდა, იმავე თემაზე სტუმარმაც ძალიან საინტერესოდ ისაუბრა, ხელოვნური ინტელექტი, რობოტი-ჟურნალისტები, თვითრეგულირებადი დრონები და ა.შ.

მაყურებელმაც დარეკა და საკუთარი აზრი დააფიქსირა - „რა თქმა უნდა, რობოტი ვ-ე-რ-ა-ს-დ-რ-ო-ს ვერ შეცვლის ადამიანს, ის ვერ დაწერს ლექსებს, ვერ შექმნის მუსიკას, ვერ... ვერ... ვერ... და ა.შ.“

ტრადიციული ჰუმანიტარული მოსაზრება :)

როგორც წესი, ასეთ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხის გამცემთა 99,9%-ის მთავარი არგუმენტია - ადამიანი უნიკალური არსებაა, მხოლოდ მას შესწევს უნარი... და ა.შ.

და უკაცრავად, რ-ა-ტ-ო-მ? რატომ ვერ დაწერს რობოტი ლექსს?

მე ვფიქრობს დაწერს, და ამის 2 ვარიანტი არსებობს.

1. ჩავტვირთოთ რობოტის (ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის მქონე ნებისმიერი გაჯეტის) მეხსიერებაში 250 000 სიტყვა, 1000 პოეტის შემოქმედება, რითმის და რიტმის ალგო-რითმები და დავავალოთ დაწეროს 100 000 ლექსი. 
ალბათობის თეორიის თანახმად, პრაქტიკულად გამორიცხულია ამ რობოტმა თუნდაც ერთი ლექსი ვ-ე-რ დაწეროს, გენიალური თუ არა, კარგი მაინც, თუნდაც სრულიად შემთხვევით! მაგრამ აქ მაინც იქნება ერთი პრობლემა - ვინ წაიკითხავს, და მითუმეტეს ვინ შეაფასებს ამ 100 000 ლექსს? :)

უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით საჭირო იქნება ადამიანისა და რობოტის ინტელექტუალური შესაძლებლობების და პროცესების ძალიან მოკლე შედარება - მეხსიერება და ინტელექტი (ანუ მეხსიერებაში არსებული ინფორმაციით ოპერირება) ორივე მათგანს ახასიათებს, განსხვავება სხვა რამეშია, რობოტს, ადამიანისგან განსხვავებით არ გააჩნია ემოციები, ანუ ფსიქოლოგიურიდან ფიზიოლოგიურ ასპექტზე თუ გადავალთ, საუბარია ინსტინქტებზე და მათგან მომდინარე ქცევებზე, მათ შორის შემოქმედებაზე. 

ანუ, თუ რობოტს, თუ ისევე ჩავუნერგავთ ინსტინქტის ალგორითმს, როგორც მარტივი არითმეტიკული ოპერაციის ალგორითმს, (მაგალითისთვის თვითგადარჩენის ინსტინქტს), შესაძლოა სხვაობა კიდევ უფრო შემცირდეს.

ადამიანს რომ არ ახასიათებდეს ემოციები და განცდები, მათ შორის მტანჯველი და არასასიამოვნო, ალბათ დღეს არც ლექსები გვეცოდინებოდა, არც პოემები, არც პოეტები და არც ეს ბლოგი დაიწერებოდა.

2. შესაბამისად, როდესაც მოხერხდება რობოტებში ემოცია-განცდების „ჩამონტაჟება“ ზუსტად მაშინ მოგვიწევს რობო-პოეზიის გაცნობაც, ასე 2024-25 წლებში

წარმოიდგინეთ რამდენი განცდა შეიძლება გახდეს რობო-პოემის ინსპირაციის წყარო -  შიში (დენის გამორთვის), სიყვარული (პროგრამისტის, რომელმაც სათუთად ჩაუტვირთა ემოციების ალგორითმი), სინანული (მოულოდნელად დამწვარი ვიდეო-დაფის დაკარგვის გამო), ან თუნდაც ნოსტალგია (დიდ ხნის უნახავი სილიკონის ველის მიმართ), ასევე პატრიოტიზმი (იაპონური, უფრო სწორად, იაპონელი რობოტები ხომ არასდროს დაუთმობენ კვანტური ფორმულების გამოთვლის უფლებას გერმანელ კოლეგებს), იუმორის შეგრძნებაც არ დავივიწყოთ (ნასვამი პრაქტიკანტის გამო, რომელიც მუდმივად ბრიტანული შავი იუმორის საიტებს სტუმრობდა)  და .ა.შ.

თუკი ევოლუციამ შექმნა ადამიანი, რომელიც ლექსებს წერს, რატომ ვერ შექმნის ადამიანი რობოტს, რომელიც ასევე წერს ლექსებს?

პრინციპი იგივეა - შექმნა და სრულყოფა, მაგრამ დედა-ბუნებისგან განსხვავებით ადამიანი ამას ასეულ მილიონობით წელს არ ანდომებს, ტერმინ „რობოტის“ ლიტერატურაში შემოტანიდან ზუსტად 100 წლის განმავლობაში, მეცნიერებმა და ენთუზიასტებმა მოახერხეს ამ იდეის გააზრება, დაპროექტება, შექმნა და დაიწყეს მისი დახვეწა - ანუ ევოლუციური ტაიმერით, სულ ცოტა 350-400 მილიონი წელი, ანდაც 947 000 000 ან 1 235 00 000 - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ძირითადი პრინციპი იდენტურია.

და ვისაც ევოლუციის თეორია გულზე არ ეხატება იმათაც დავამშვიდებ, კრეაციონიზმის თეორიაც მშვენივრად გამოდგება ამ ჰიპოთეზისთვის - ღმერთმა ადამიანი იმდენად გონიერ არსებად შექმნა, რომ მას (ადამიანს) ასევე შეუძლია მოაზროვნე არსებების შექმნა, მოაზროვნე და მგრძნობიარე, სენტიმენტალური და ამაყი, იუმორის და ეპიკურობის შეცნობა-დაფასების უნარით.

ერთი სიტყვით რობო-შემოქმდების აყვავება მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა პასუხგაუცემელი რჩება ახალი, ამ თეორიის წიაღში დაბადებული, არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა, შეიძლება ბევრად უფრო აქტუალური და კაცობრიობის მომავლის განმსაზღვრელიც კი - ვის რაში სჭირდება რობოტების ლექსები, მათი მუსიკა და აბსტრაქციონისტული ნახატები?

თუ ეს მხოლოდ მეცნიერული საკითხია ჯანდაბას, გამოიკვლიონ, მაგრამ აიზეკ აზიმოვიდან დაწყებული უახლესი ტექნო-კიბერ-ბლოკბასტერბით დამთავრებული, ბევრი მოაზროვნე გვაფრთხილებს - ძაანაც ნუ გავათამამებთ ამ რობოტებს/ანდროიდებს/კლონებს!

ხომ ნათქვამია - „ტერმინატორს, სქაინეტს და მატრიქსელ აგენტ სმიტს ბევრს ნუ გააბედინებთ, თორემ შეიძლება ნობელის პრემიებით დაჯილდოებამ და „ოსკარის“ ცერემონიებმა ადამიანების გარეშე ჩაიაროს"-ო...
მსგავსი