
დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე
სპორტის სახეობებიდან ყველაზე მაგრა ცხოვრებას ფეხბურთი გავსო, გაგიგონიათ ალბათ და ისიც მოსმენილი გექნებათ, რომ ფეხბურთი სულაც ცხოვრებაა და არა - სპორტი. ამის დასტურად ამის მთქმელებს ისიც მოჰყავთ, რომ ყველა ნაკრები ზუსტად ისეთ ფეხბურთს თამაშობს, როგორი ქვეყნის ნაკრებიცაა და როგორი მდგომარეობაც იმ ქვეყანაშია, რაც, მინიმუმ საქართველოს შემთხვევაში, სრული ჭეშმარიტებაა. თუმცა დრო მიდის, ადამიანები მთვარეზე კოოპერატივის გახსნას კი არა, მარსზე საცხოვრებლად წასვლას აპირებენ, მსოფლიო ტელეფონებსა და ტაბლეტებშია თავჩარგული, ტექნოლოგიები, როგორც მეცნიერები ამბობენ, ყოველწლიურად ათიათასჯერ ვითარდება. შედეგად ყველა და ყველაფერი ერთმანეთს ემსგავსება და ამ ამბავმა არც ფეხბურთს აუარა გვერდი.
ამჯერად ნაკრებებს და კლუბებს შევეშვათ და უფრო ღრმად, ფეხბურთელებამდე, ინდივიდებამდე, კონკრეტულ ტიპებამდე დავიდეთ. დავიდეთ და გავიხსენოთ მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში რა ხდებოდა მსოფლიო სტადიონებზე და სტადიონებს გარეთ.
გავიხსენოთ დიეგო არმანდო მარადონა, პირში სიგარით, ცხვირში კოკაინით და ხელზე ბურთით, კაცი, რომელიც ყოველ წამს იმას ცდილობდა, გარეთ გამოეტანა ის, რაც შიგნით ქონდა და ეს ენითაუწერელი მრავალფეროვნება, ბურძგვლა, ორიგინალურობა და სითავხედე იყო - მთელი მსოფლიო ელოდა დიეგოს, რომ რაღაც ახალი, მანამდე წარმოუდგენელი ენახა.
გავიხსენოთ ჯორჯ ბესტი, რომელმაც ერთხელ თქვა, ჩემი ფულის 90 პროცენტი ქალებში და სასმელში წავიდა, დანარჩენი დავხარჯეო. ბესტი, რომელიც სანამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში შალახოს არ იცეკვებდა, გოლი არ გაჰქონდა.
გავიხსენოთ ბატონი ტონი ადამსი და მისტერ პოლ გესქოინი, რომლებიც თამაშზე გასვლამდე ვახტანგურად სვამდნენ დედა-დედოფლის სადღეგრძელოს და მერე უკვე მოედანზე იწყებდნენ ხულიგნობას პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
გავიხსენოთ ვინი ჯონსი, არტისტობაში გადავარდნილი უელსელი ქუჩის ბიჭი, რომელსაც შეეძლო ზედ მოედანზე წაეგლიჯა კვერცხები მეტოქისთვის.
გავიხსენოთ ბრაზილიელების მთელი წყება, ზარმაცი, უსაქმური, გენიალური ჯიგრები, მალანდროები, რომლებიც სულ იგვიანებდნენ შეკრებებზე, რადგან რიოში მზეთუნახავებთან ერთად სამბის ცეკვა უყვარდათ. მერე შეუერთდებოდა, ვთქვათ, რომარიო თავის გუნდს, იქითა კართან ჰამაკს გაშლიდა, წამოწვებოდა და ბურთი როცა მიუგორდებოდა, ანეკდოტების მოყოლას უწყებდა მცველებს და მეკარეს.
გავიხსენოთ პაოლო როსი, რომელიც პირდაპირ ზონიდან აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩემპიონიც გახდა ყველაზე მეტი გოლით.
გავიხსენოთ როგორ აფრინდა ერიკ კანტონა და წიხლი ჩაარტყა გულშემატკივარს, რომელმაც შეაგინა - საყელო მაშინაც აწეული ქონდა ამ თამადა კაცს.
გავიხსენოთ ზინედინ ზიდანი, როგორ ატაკა გენიალური თავი მატერაცის, როგორ ჩაუარა მსოფლიოს უძვირფასეს თასს და როგორ ალჟირულად წავიდა ფეხბურთიდან.
ეს სია ძალიან გრძელია და სამწუხაროდ, ნელ-ნელა წარსულში ილექება. სამწუხარო ის კი არაა, რომ ფეხბურთელები ასე აღარ იქცევიან, აღარ სვამენ, არ ეწვიან, არ ხულიგნობენ, სამწუხარო ისაა, რომ დღეს მოედანზე გასული გუნდი საინტერესოს ვეღარაფერს გვიყვება, რადგან ამ გუნდებში ყველა ერთმანეთს გავს, ყველა ზედმიწევნით ასრულებს დავალებას, ფანტაზიის უფლება არავის აქვს და ეს ერთ დროს ძალიან ცხოვრებისეული თამაში ნამდვილ სპორტად იქცა, მძლეოსნობად. უყურებ და გგონია, ვიღაც ფლეისთეიშენს ყომარობს - ფეხბურთს, როგორც სანახაობას, საზღვრები გაუჩნდა, დრომ მოიტანა ასე.
გაქრნენ ტიპები, რომლებიც ბურთით და უბურთოდ ძალიან მაგარ ისტორიებს გვიყვებოდნენ და დარჩნენ მანქანები, რომლების მონაყოლიც უკვე ათასჯერ გვინახავს.
მე არ მომწონს ეს ფეხბურთი. ის არაფერს მაძლევს. ცარიელია.