
გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია
მაისის თვე მდიდარია აღიარებული თუ არაღიარებული, სამოქალაქო თუ საეკლესიო კალენდარში გაწითლებული დღეებით. 1 მაისი აღდგომა და მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, 6 მაისი გიორგობა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე და ... 13 მაისი, რომელსაც ყოველთვის სხვადასხვანაირად ავღნიშნავთ. ახლა მითუმეტეს. 35 წელი გავიდა...
იმ დინამოზე ძალიან ბევრი ითქვა და მომავალშიც ბევრი ითქმება. ახლა მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ის დრო შეიძლება დინამოს გამო გენატრებოდეს. მოგონებები ათასნაირი გვინახავს და მოგვისმენია ყველასი, მონაწილეების, თანამონაწილეების, თვითმხილველების. მოგონებები არასოდეს დაილევა. დღეს თანამონაწილე კარლ ცაისზე ვთქვათ.
კარლ ცაისი სანამ გუნდი გახდებოდა, ცნობილი გერმანელი გამომგონებელი, ინჟინერი გახლდათ. ოპტიკური ხელსაწყოების მწარმოებელი, რომელსაც მიკროსკოპებისთვის, ფოტოაპარატებისთვის ლინზების წარმოებით გაუთქვამს სახელი. მან ქარხანა იენაში დაარსა. თავისი თანამშრომლებისთვის სოციალური დაზღვევა შემოიღო და ბევრი ამ კეთილი საქმის გამომგონებლადაც მიიჩნევს.
რას წარმოადგენდა იმ პერიოდის კარლ ცაისი. კარში ტანმაღალი გრაპენტინი, მონრეალის ოლიმპიური ჩემპიონი, ისევე როგორც ვაიზე. გრაპენტინმა თითქმის 20 წელი ითამაშა გუნდში და 2-ჯერ გდრ-ის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. შნუპხაზე, რომელიც ლიბეროს პოზიციაზე თამაშის მიუხედავად მომდევნო სეზონში 19 ბურთით საუკეთესო ბომბარდირი და წლის ფეხბურთელი გახდა. ფოგელი ნაკრების უცვლელი წევრი. 70-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი გდრ-ში. ებერჰარდ ფოგელი გდრ-ის რეკორდსმენია ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით-440. ბილაუ, რააბი, კრაუზე, ლინდემანი, ჰოპე და ბოლოს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰანს მეიერი, რომელმაც 29 წლის ასაკიდან დაიწყო მწვრთნელობა და 1981-ში 38 წლის გახლდათ. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწვრთნელი. გერმანიის იმდენად დემოკრატიული რესპუბლიკის, რომ იმდროინდელ სადუმლო პოლიციას ამ საქმის ექსპერტები დღემდე ყველაზე ეფექტურ საიდუმლო სამსახურად თვლიან. შტაზი იყო ყველგან, მათ შორის ცხადია ფეხბურთშიც და კარლ ცაისშიც. როგორც ბევრი წლის შემდეგ დაიწერა, ფსევდონიმით "Hans Schaxel" შტაზისთან ჰანს მეიერი თანამშრომლობდა. თუმცა შტაზისთან თანამშრომლობაში უკონკურანციო იყო დრეზდენის დინამო, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა შტატში შტაზის არანაკლებ 18 თანამშრომელი. მიუხედავად ამისა ისეთებიც არსებობენ ვისაც აქვთ ოსტალგია.
თანამონაწილეობის დასაწყისი უნდა დავათარიღოთ 1980 წლის 17 მაისით. გდრ-ის თასის 21-ე გათამაშების ფინალურმა მატჩმა ბერლინში 45 ათასი მაყურებელი შეკრიბა. როტ ვაისი ერფურტი-კარლ ცაისი. 10 წუთით ადრე ძირითადი დროის დასრულებამდე უვე რააბმა ანგარიში გაათანაბრა, კარლ-ცაისი მარცხისაგან იხსნა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც დინამოს მომავალმა მეტოქემ კიდევ ორი ბურთი გაიტანა. შემოდგომაზე გუნდი თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ჩაება.
კენჭისყრაში კარლ ცაისს არ გაუმართლა, პირველივე წრეში რომასთან მოუწია თამაში. რომას ახალი და ალბათ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი დინო ვიოლა გუნდში ერთი წლის მისული გახლდათ. მისი მიწვევით ჩემპიონი მილანიდან რომში გადადის ნილს ლიდჰოლმი, რომელიც იმ გუნდის მშენებლობას იწყებს, რომელმაც შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა თასის ფინალში პენალტების სერიაში წააგო ლივერპულთან. მეკარე ტანკრედი, ბრუნო კონტი, კარლო ანჩელოტი, დი ბარტოლომეი, რობერტო ფალკაო, რობერტო პრუცო. ყველა ეს კაცი ცალკე ისტორიაა.
პირველ მატჩი იტალიაში შედგა. სტადიო ოლიმპიკო თითქმის გაივსო. პირველ ტაიმში პრუცომ და ანჩელოტიმ გაიტანეს, მეორეში კი ფალკაომ. რომამ დიდი ანგარიშით 3:0 მოიგო და განმეორებით თამაშს თითქოს აზრიც დაეკარგა.
ორ კვირაში მეორე შეხვედრის ჯერიც დადგა. იგივე სცენარი. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს და შანსიც გაჩნდა. ეს შანსი კიდევ უფრო გაიზარდა, როცა მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში იტალიელები ათნი დარჩნენ. ბილაუმ მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მესამე გაიტანა 3:0 და 3:3 ორი მატჩის ჯამში. გერმანელები 90 წუთში ჩაეტივნენ, 90 წუთის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე ისევ ბილაუმ შეაგდო და კარლ ცაისმა თასების თასის პირველ წრეში ალბათ ყველაზე დიდი სენსაცია მოახდინა.
მერვედფინალშიც წილისყრამ გერმანელებს ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე არგუნა - თასების თასის მფლობელი ვალენსია, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის მარიო კემპესის გუნდი. მის გვერდით კი მიგელ ტენდილიო, პაბლო, ენრიკე საურა და სხვები. გერმანელებმა იენაში პირველი ნახევარი 3:0 მოიგეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. მესტალიაზე ვალენსიამ მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოიგო 1-0. ორივე შეხვედრაშო კემპესი შესვენებაზე შეცვალეს. შემდეგი ეტაპი უკვე მეოთხედფინალია, სადაც იენელებს უელსის ნიუპორტის სახით თითქოს ყველაზე ადვილი მოწინააღმდეგე ჰყავდათ, მაგრამ ყველაზე მეტად გაუჭირდათ. შინ გუნდი 2-ჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრე 2:2. სამაგიეროდ მათ კურბივაიტის გოლით 1:0 მოიგეს გასვლაზე და კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ფინალს, დინამოს და მარცხს. ყველაზე არასასურველი მეტოქე ჩვენი გუნდისთვის ნახევარფინალში ბენფიკა გახლდათ, რომელიც საკუთარ თავზე კარლ ცაისმა აიღო. მანუელ ბენტუ, ანტონიო ველოზო, ნენე, ფერნანდო შალანა. ძალიან მაგარი ხალხი ჰყავდათ პორტუგალიელებს. შინ კარლ ცაისმა ბილაუსა და რააბის პირველ 15 წუთში გატანილი გოლებით მოიგო. დალუშზე კი გერმანელებმა 80 ათასი პორტუგალიელის ზეწოლას გაუძლეს, მხოლოდ 0:1 დათმეს, რაც გამარჯვების ტოლი მარცხი გამოდგა და ფინალშიც გავიდნენ.
1981 წლის 13 მაისი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. დიუსელდორფის რაინშტადიონი. ერთ გერმანიაში, მეორე გერმანიის გუნდს ფინალი დინამომ მოუგო. გერმანელების ფენომენალური სვლა ჩვენმა გენიალურმა გუნდმა დაასრულა.
დღეს არც გდრ და არც სსრკ, არც ის თასების მფლობელთა თასი არსებობს, იმ ფინალის სტადიონიც დაანგრიეს. კარლ ცეისი გაერთიანებული გერმანიის მესამე ლიგაშია ჩაკარგული. დარჩა დინამო, უფრო სწორად კი დარჩა მხოლოდ ნოსტალგია დინამოზე.