
გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად
"ხალხი რომელიც პრივილეგიებს პრინციპებზე მაღლა აყენებს, მალე ერთსაც დაკარგავს და მეორესაც"
დუაით ეიზენჰაუერი
აიკის (IKE - ეიზენჰაუერის
მეტსახელი) ეს ფრაზა აღმოსავლეთ ევროპის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სპორტსმენის
კარიერას თან დასდევდა. იან კოდეში წარმატებას ყალბ სოციალურ, პოლიტიკურ და სპორტულ
ვითარებაში აღწევს. ის ხომ კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში
გაიზარდა და განვითარდა. მამამისი პროფესიით იურისტი
იყო, მაგრამ იძულებული გახდა ქარხანაში ემუშავა, რადგან ეჭვმიტანილი გახლდათ კაპიტალისტურ
ტენდეციებში. კოდეშმა თავად უარყო საშუალო სკოლა, რადგან არ შეუერთდა კომუნისტურ ახალგაზრდულ
ორგანიზაციას, შემდეგ კი მუშაობა ქარხანაში მოუწია. ჩოგბურთის თამაშთან ერთად კი ეკონომიკას
სწავლობდა, მაგრამ სპორტულ კარიერაში სერიოზულ და მოსალოდნელ წინააღმდეგობებს აწყდებოდა.
მშობლიურ ქვეყანაში თავიდანვე წარმატებით გამოირჩეოდა, მაგრამ არ ეძლეოდა უცხოურ ტურნირებზე თამაშის საშუალება და აეექვემდებარებოდა სახელმწიფოს "პრიორიტეტებს". იანი თვითონ ვერ წყვეტდა რომელ ტურნირზე უნდა ეასპარეზა. მან გამოტოვა ავსტრალიის ღია პირველობა. ჩეხეთის სპორტულმა ბიურომ გადაწყვიტა, რომ გამგზავრება ძვირი იქნებოდა. კომუნისტურ სისტემებში არ სურდათ მათ წარმომადგენლებს ფულადი პრიზები მიეღოთ, რადგან ეს უკვე არსებითად კაპიტალისტური იყო. ამიტომ კომუნისტური ქვეყნების წარმომადგენლები ვერ სახელდებოდნენ პროფესიონალებად, შედეგად მონაწილეობის მიღებად პრობლემად რჩებოდა.
საბოლოოდ კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც ნახევრად პროფესიონალ მოთამაშეებად დასახელდნენ, რომლებიც იასპარეზებდნენ, მაგრამ შედეგის მიუხედავად ფულად პრიზს ვერ დაიმსახურებდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში ამ პერიოდში ორი ჩოგბურთელი დომინირებს: იან კოდეში და ილია ნასტასე.
იანმა სწორედ რუმინელი დაამარცხა 1971 წლის როლან გაროს ფინალში. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ ოთხ სეტში გამოვლინდა გამარჯვებული. ჩეხი პირველ ნომრად იყო განთესი და ფავორიტის სტატუსი გაამართლა. მისი პირველი ნომრობა კი წინა წლის როლან გარომ გამოიწვია, როდესაც დიდი მუზარადის პირველი ტიტული იზეიმა. კოდეშისთვის გრუნტი ყველაზე კომფორტული საფარი იყო.
1973
წლის 8 ივლისი. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში სიცხე მეფობს, ხოლო მწვანე
კორტებით მოხატულ უიმბლდონში ღრუბლიანობაა. როგორც ყოველთვის, წვიმას ელოდნენ, მაგრამ
არ სურდათ, რადგან ელიტას ამ დღეს მე-2 და მე-4 ჩოგნების ლამაზი დაპირისპირებისთვის
უნდა მიედევნებია თვალი. მართალია ცენტრალური კორტი სხვადასხვა სილამაზის მქონე ქოლგებით
მოიქარგებოდა, მაგრამ იმ დღეს წვიმა მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა. ერთმანეთის პირისპირ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები,
კოდეში და მეტრეველი უნდა წარმდგარიყვნენ. ამ წელს უიმბლდონს ბოიკოტი უამრავმა
ჩოგბურთელმა გამოუცხადა, მათ შორის ჯონ ნიუკომბა, არტურ ეშმა, კენ როუზუოლმა და სხვ.
როგორც შემდგომში გაირკვა, იმავეს აპირებდნენ ფინალისტებიც, მაგრამ არ დართეს ნება.
გამარჯვება კი კოდეშს დარჩა, სამ სეტში, მიმზიდველი ასპარეზობით აჯობა მეტრეველს, გამარჯვებულს
ყველაფერი გამოსდიოდა. მან საოცარი ტილო შეჰქმნა, კორტზე წერდა, ხატავდა, ქარგავდა
და ისტორიაში
რჩებოდა. დიახ, ეს ის ჩეხია, რომელმაც ჩვენი
შანსი მოკლა, ქართველს უიმბლდონი მოეგო, მართალია საბჭოთა კავშირის სახელით, მაგრამ
მაინც. . .
კოდეშის რეგალიების
ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, უამრავი ტიტული უმაგრებს ზურგს. მას შეეძლო ყოფილიყო პრივილეგირებული
მოთამაშე, მაგრამ ის არ იქნებოდა ისეთი დიდი, როგორც ახლაა. პრინციპებმა მას წარმატება
და სახელი მოუტანა. პრინციპულობამ ის გააძლიერა და სხვა დონეზე გაიყვანა. 1990 წელს
(სწორედ ამ წელს დაეცა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმი) კოდეში ჩოგბურთის დიდების
დარბაზში შეიყვანეს. მისმა ხასიათმა და წარმატებულმა კარიერამ ჩეხეთში ჩოგბურთი გულშემატკივართა
ერთ-ერთ საყვარელ სპორტად აქცია და წარმოშვა
ისეთი გამორჩეული სპორტსმენები, როგორებიც ივან ლენდლი და მარტინა ნავრატილოვა იყვნენ.
ჩეხეთის პატარა მიწაზე დღესაც ძალიან უყვართ ჩოგბურთი და თანამედროვეობის უამრავი გამორჩეული
ჩეხი ჩოგბურთელი ვიცით. ამაში კი იანის წვლილი უდიდესია. კოდეში კორტზე მეტოქეებს ამარცხებდა,
ხოლო რეალურ ცხოვრებაში იმ სენს ებრძოდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიას სჭირდა…
...ნიჩშეს სიტყვებით რომ ვთქვთ, "რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს".