07 April 2016
  • 1089 ნახვა

ლიზა ციციშვილის ბლოგი - არჩევანი, რომელზეც არასდროს ვინანებ - „პროფესია რეპორტიორი“

მე ტელეჟურნალისტი ვარ. ბლოგი არასდროს დამიწერია და არც ვიცი რა გამოვა. ამ ამბავს ჩემთვის არ ვწერ; მინდა ქეთევან ქარდავაზე მოვუთხრო მას, ვინც მის პროფესიონალურ საქმიანობას ნაკლებად იცნობს. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო - ოდესმე ქეთიზე რაღაც უნდა დამეწერა; ქეთი კი მთელი ცივილური სამყაროსთვის შემაძრწუნებელი ამბის მონაწილე უნდა გამხდარიყო. მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. 


22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში, ადგილობრივი დროით 08:00 საათისთვის, "მოამბის" კორესპონდენტი ქეთი ქარდავა, ამერიკის ავიახაზების ოფისთან ძლიერი აფეთქების თვითმხილველი ხდება; ტერაქტიდან რამდენიმე წამში სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ფოტოები სწორედ მას ეკუთვნის. ამ კადრებით ამცნეს მსოფლიო მედია-საშუალებებმა ტერაქტის შესახებ მილიონობით ადამიანს. ასე იქცა ქეთი ქარდავა ამ საზარელი ისტორიის პირველი მთხრობელი დანარჩენი მსოფლიოსთვის: "როგორც კი მივხვდი, რომ აფეთქებას გადავურჩი და ცოცხალი ვარ, მაშინვე გავაკეთე ის, რასაც ჟურნალისტი აკეთებს - გადავიღე ფოტოები. ეს ინსტიქტი იყო." 


შემზარავი ტერაქტის შემდეგ "მოამბის" კორესპონდეტმა რამდენიმე საათი, სხვა ათასობით მგზავრთან ერთად, ასაფრენ ბილიკზე და საევაკუაციო სარდაფში გაატარა; შემდეგ კი სამართალდამცავებთან დაკითხვაზეც მოუწია მისვლა. ტერორისტულ აქტს სასწაულებრივად გადაურჩა. აფეთქებას მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა; თავად ამ დღეებში წერდა: ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო - 22 მარტამდე და 22 მარტის შემდეგ. 


სხვადასხვა სატელევიზიო ინტერვიუში ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ტერაქტმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ქეთი 22 მარტის შემდეგ არ მინახავს, თუმცა ის ჩემთვისაც შეიცვალა; ქეთი ახლა ჩემთვის არა მხოლოდ კოლეგა და მეგობარია, არამედ უკვე "22 მარტის ჟურნალისტია". 

ქეთი ზუსტად 11 წლის წინ გავიცანი. მაშინ ორივე კორესპონდენტები ვიყავით. მე - დამწყები, ის კი პატარა ასაკის მიუხედვად - შემდგარი ჟურნალისტი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. დღესაც მისი აზრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩემთვის. ხშირად ჩემი ჩართვის ჩანაწერებს ბრიუსელში ფეისბუქის მეშვეობით ვუგზავნი და აზრს ვეკითხები. თუმცა მას ყველაფერი ყოველთვის ისედაც ნანახი აქვს, ყველაფრის საქმის კურსშია და არასდროს არაფერი გამორჩება. 

ქეთიმ ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ 2008 წელს აგვისტოს ომის დროს მიიპყრო. იმ პერიოდში ის კადრს მიღმა მუშაობდა, უფრო ზუსტად კი "მოამბის" პროდიუსერი იყო. ის რომ მაყურებელმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული მოვლენების ნახვა პირველ არხზე გადაწყვიტა დიდ წილად ქეთის დამსახურებაა. ხუთდღიანი მძიმე საომარი მოქმედებების დროს სახლში თითქმის არ წასულა და იმ დროს შვებულებაში გასული ათობით ადამიანის საქმეს ერთდროულად აკეთებდა. ომის გაშუქებას კანონები აქვს. თუ ამის გამოცდილება არ გქონია შეიძლება ბევრი რამ შეგეშალოს. მახსოვს, რომ ქეთიმ იმ დღეებში უშეცდომოდ იმუშავა და ისე როგორც ახლა, ბრიუსელში ტერაქტის დროს, მაშინაც რუსეთ-საქართველოს ომის შემზარავი რეალობა საკუთარ არხზეც და მსოფლიო მედიაშიც ერთ-ერთმა პირველმა მოყვა. ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი პირველი კადრები კონფლიქტის ზონიდან ეთერში სწორედ მისი წყალობით მოხვდა. მე ტელევიზიის შენობაში ვიყავი და უცხოური არხებისათვის სპეციალურ დისკებზე საომარი მოქმედებების კოლაჟებს მისი დავალებით მსოფლიოს სხვადასხვა მედია საშუალებებს ვუგზავნიდი. თუ ახლა 2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებში გადაღებული შემზარავი კადრები გახსენდებათ მათი უმეტესი ნაწილი იმ დროს სწორედ პირველი არხის "მოამბის" კამერამ გადაიღო.

კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ, რომელშიც ქეთის მტკიცე ხასიათი ჩანს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს წარმოამდგენელი ევროპარლამენტის პრეზიდენტს განცხადების ფორმულირების გამო პირდაპირ ბრიფინგზე არ დაეთანხმა და საქართველოს მაგალითი შეახსენა. ქეთი ქარდავას პროტესტი შულცის მიერ ფორმულირებულმა ფრაზამ გამოიწვია, რომ უკრაინის აგრესია არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპული ქვეყნის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. ქეთიმ ბრიფინგზე მომხდარი ფაქტი ფეისბუქზე აღწერა" "რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტის მარტინ შულცის პრესკონფერენციას დავესწარი. შულცი რასმუსენთან ერთად სამიტს ესწრებოდა. შესავალ სიტყვაში ევროპარლამენტის პრეზიდენტამა განაცხადა, რომ უკრაინაში საგანგაშო ვითარებაა. ევროპა ერთიანია და რუსეთის ქმედებებს გმობს. საგანგაშო სიტუაციაა იმის გამოც, რომ როგორც შულცმა თქვა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა!!! ამის მერე უკვე აღარ მახსოვს ბატონმა შულცმა რა თქვა. მოვითხოვე კითხვა. მიკროფონიც მალე გადმომცეს. ესეც ჩემი კითხვა "- ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე წუთის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ აქამდე არ დარღვეულა ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მე ვარ საქართველოდან, ნება მიბოძეთ გითხრათ რომ არ გეთანხმებით. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, რუსი ჯარისკაცები დგანან დედაქალაქთან ახლოს. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, ფიქრობთ რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება და არ იქნება უკრაინის მერე მაგალითად, საქართველო და მოლდოვა. ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა და მანამდე პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია? პასუხი: მე ცივი ომი ვახსენე, ყირიმში კი სახეზეა ანექსია. და ამის შემდეგ განაცხადა, რომ წითელი ხაზების გადაკვეთის გამო უგზავნის ევროპა ძლიერ სიგნალს რუსეთს P.S. მე მგონი მეხსიერება არ მღალატობს და საქართველოს ოკუპაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ მოხდა! 

ქეთი ჩემთვის ძალიან თამამი ჟურნალისტია რომელიც უკან არასოდეს იხევს, საქართველოდანაა და ყოველთვის ახსოვს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულია. 

დრო გადის. მე კი სულ ამ ტერორისტულ აქტზე ვფიქრობ და მგონია ქეთიც ის ჟურნალისტია, რომელმაც თანამედროვე ჟურნალისტიკაში ახალი სტანდარტი შექმნა. ახლა ზუსტად ვიცი - როცა საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება ჩვენ ეს პირველებს გვეცოდინება. და ვიცი ისიც, რომ ამ წერილს როცა ნახავს - ძალიან გამიბრაზდება. 

მსგავსი

თეო ხუბულავას ბლოგი - როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია

07 April 2016