07 April 2016
  • 703 ნახვა

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

ეს იყო ტრაგიკული პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი ჰქონდა - დიდება, პატივი, სახელი, შემოქმედებითი რეალიზაციის საშუალება, ავტორიტეტი... და მაინც ტრაგიკული იყო. იმის გამო, რომ მარტო დარჩა. 

მაშ შემდეგ, რაც სცენიდან ჩამოვიდა, მას შემდეგ რაც დაბერდა, მას შემდეგ, რაც აღარავისთვის საჭირო არ იყო და მას შემდეგ, რაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა ფასეულობების "გადაფასება" დაიწყეს... მარტო დარჩა. 

ცოცხალი იყო "ცეკვის ჯადოქრად" წოდებული, "ლეგენდარულ ქართველად" აღიარებული, "ქართული ბალეტის ფუძემდებელი", და აღარავის ახსოვდა... 

თეატრიდან დაითხოვეს, სპექტაკლებს აღარ ადგმევინებდნენ, მხოლოდ ქორეოგრაფიული სასწავლებელი უწილადეს და უთხრეს - აჰა, შენ დირექტორობა, ზარდე მომავალი თობა და იყავი კმაყოფილი...

ის კი ვერ იქნებოდა კმაყოფილი, რადგან ერთადერთი, რაც ჰქონდა და რაც ასაზრდოვებდა - სცენა, მისი მშობლიური თბილისის ოპერის თეატრის სცენა იყო, სადაც უნდა დაედგა, ბევრი, საინტერესო იდეა განეხორციელებინა... მაგრამ უთხრეს: - შენი დრო წავიდა, შენი ბალეტები დაძველდა, შენ ისე ვეღარ დადგამ, ახლანდელ ბალეტს რომ ეკადრებაო... შეიძლება, ასე სიტყვასიტყვით არ უთხრეს, მაგრამ ეს იგულისხმეს და თეატრიდან გამოისტუმრეს...

მერე თავის გამართლებასაც შეუდგნენ - რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ჭაბუკიანი, რა უნდა, ამ ცხოვრებისგან ყველაფერი მიიღო და ახლა ჩვენც გვაცალოს, ახალგაზრდებსო... და მანაც აცალა. არსად უჩივლია, არსად მისულა და მოუთხოვია -ჩემი წილი დაფასება მარგუნეთ და ჩემი ღვაწლი გაითვალისწინეთო... ასე, მორჩილად წავიდა სასწავლებელში და აღზარდა ყველა ის, ვინც დღეს ქართულ ბალეტს ქმნის... აღმზრდელიც შესანიშნავი აღმოჩნდა, ისე როგორც მოცეკვე და ქორეოგრაფი... 

ერთადერთი, ვისაც ის არ დაავიწყდა, ისტორია იყო... ისტორიას არავინ ავიწყდება და კიდევ კარიერისტი, ხალხის სიყვარულის მაძებარი ადამიანები, რომლებმაც იმის გამო, რომ საკუთრი წარსული და შეცდომები გამოესწორებიათ, მის სიკვდილამდე მცირე, მოკრძალებული იუბილე გაუმართეს ოპერის სცენაზე, სიკვდილის შემდეგ კი მთაწმინდაზე მის დასაფლავების უფლებას მოაწერეს ხელი. ეს საქართველოს მაშინდელი მთავრობა იყო... 

მახსოვს ერთი იდეა მქონდა - ვახტანგ ჭაბუკიანის სახლეობის ბალეტის მოცეკვავეთა საერთაშორისო კონკურსი დამეარსებია. ამისთვის, მაშინდელ ქართველ ინტელიგენციას ჩამოვუარე და ხელმოწერები შევაგროვე, რათა ამ პიროვნების უკვდავსაყოფად და მისი სახელისთვის საერთაშორისო მასშტაბის დასაბრუნებლად ჩემი მოსაზრება გამემყარებია. ყველამ დაუფიქრებლად მოაწერა ხელი, ერთადერთი, ვინც ამრეზით შეხვდა ამ ფაქტს, მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე იყო. "მე ისიც კი მაგიჟებს, ეს (მოვერიდები იმ სიტყვის თქმას, რაც მან იხმარა ჭაბუკიანის მიმართ) მთაწმინდაზე რომ აიყვანესო. მაშინ, იმ ოთახში სხვა მწერლებისც ისხდნენ და ერთ-ერთმა ასე უპასუხა - "პარტიული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ოსკარ უაილდის საფლავზე გვირგვინს რომ დებდი, მაშინ არ ფიქრობდი, რომ ისიც (აქაც მოვერიდები იმ სიტყვის ხმარებას) იყოოო???" მწერალთა კავშირის თვჯდომარემ, გადახედა რა სხვების ხელმოწერებს, ხელი მოაწერა... 

ასე უყვარდა და პატივს სცემდა მის სახელს და ასე აფასებდა მის ღვაწლს ცნობილი ქართველების ერთი ნაწილი...

ესეც ჩვენი ბუნებაა... არადა, უნდა დაგვეფასებია? ეს კითხვა უადგილოა თითქოს, მაგრამ როგორც ჩანს არც მთლად უადგილო...

ვინ იყო ის, ვისაც მსოფლიო ხელოვნება გენიოსად მიიჩნევს და ვისაც საქართველოში მხოლოდ მრგვალი თარიღების აღსანიშნავად იგონებენ. ეს ჭაბუკიანი იყო, ადამიანი, სიღარიბესა და გაჭირვებაში გაზრდილი, მსოფლიო ბალეტის რეფორმატორი. ადამიანი, რომელმაც კლასიკურ საბალეტო ქორეოგრაფიაში გადატრიალება მოახდინა და სცენაზე მამაკაცს მამაკაცური ცეკვა ასწავლა. სწორედ ჭაბუკიანი იყოს ის პირველთგანი, რომელმაც აგრძნობინა დარბაზში საბალეტო წარმოდგენის მაყურებელ ადამიანებს, რომ კაცი ყველაგან კაცია, რომ ბალეტის მოცეკვავე კაცის ცეკვაში უნდა იგრნობოდეს ძალა, სიმტკიცე, ტემპერამენტი. რომ ის მხოლოდ ლამაზად მოფარფატე ქალბატონებს არ უნდა ეზიდებოდეს. და შექმნა ყველაზე ძლიერი მამაკაცის პარტიები საკუთარ ბალეტებში - "ლაურენსიაში", "გორდაში", "მთების გულში", "დონ-კიხოტში", "ბაიადერაში" და, რაც მთვარია, - "ოტელოში".

ალბათ, შექსპირის გმირი ასე გენიალურად ცოტას ვინმეს თუ უთმაშია. დიახ, ეს იყო თამაში და არა მხოლოდ ცეკვა-შესრულება. ჭაბუკიანმა ნიუანსების დონეზე გაუგო ოტელოს. ამიტომ იყო, რომ მისი ოტელო, მიუხედავად ჩდენილი საშინელი მკვლელობისა, მაინც გიყვარდა და გებრალებოდა. მაყურებელს ესმოდა მისი, ესმოდა ამ უძლიერესი მეომრის პიროვნული ტრაგედიის და შინაგანი კომპლექსების. 

მსოფლიო საბალეტო ქორეოგრაფიის შედევრად მიშნეული მისი მავრიტანული ცეკვა, გამოხატულება იყო სიყვარულის, ერთგულების, ღალატის, სევდის, სიძლიერის და უსუსურობის ერთდოულად. ამიტომ არის, რომ მას შემდეგ ეს ცეკვა ვერავინ იცეკვა. ეს მხოლოდ ჭაბუკიანის ცეკვა იყო, მისი სულის ცეკვა. ის ცეკვავდა იმაზე, რაც მას აწუხებდა, რასაც განიცდიდა და ეს მისი არა მხოლოდ სცენური სახე, მისი ცხოვრების მთავარი ცეკვა იყო, მისი მთავარი სათქმელი...

ეს ცეკვა იცეკვა თავის 80 წლის იუბილეზე, იცეკვა მაშინ, როდესაც უჭირდა სიარული, ყავარჯენს დაყრდნობილი დადიოდა, სტკიოდა ფეხები. იუბილეს ფინალში, როდესაც მისი მოწაფეები და პარტნიორები სცენაზე მოგროვდნენ და ალექსი მაჭავარიანის "ოტელოს" მუსიკა გაისმა, ჭაბუკიანმა ხელი გაშალა და დაიწყო ცეკვა. ეს იყო ნამდვილი სასწაული, სასწაული, რომელიც მხოლოდ სცენას შეუძლია მოახდინოს. ჭაბუკიანი კვლავ და ბოლოჯერ აცეკვდა... და ამ ბოლო ცეკვაში მთელი თვისი განვლილი ცხოვრება ჩადო, მთელი მისი ბედნიერება და სევდა, მთელი მისი სიხარული და იმედგაცრუება... 

ვუყურებდი ამ დიდებულ და ტრაგიკულ როკვას და ვფიქრობდი - ეს ის ადამიანია, რომელსაც საბჭოთა ხალხმა სასამართლოც გაუმართა და ორდენიც დაჰკიდა. მაინტერესებდა, უფრო ბედნიერი იყო, როდესაც ლენინის ორდენით აჯილდოვებდნენ, თუ უფრო უბედური, როდესაც სასტიკ სამსჯავროზე დებდნენ, თითის მიშვერით ლანძღავდნენ და თეატრიდა ითხოვდნენ?...

და მივხვდი... მაშინ, როდესაც ცეკვავდა...

მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

07 April 2016

დავით ქართველიშვილი

07 April 2016

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

07 April 2016

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

07 April 2016

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

07 April 2016

შემწვარი მწვანე პომიდვრები

07 April 2016

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

07 April 2016

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

07 April 2016

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

07 April 2016

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

07 April 2016

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

07 April 2016

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

07 April 2016

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

07 April 2016

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

07 April 2016

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

07 April 2016

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

07 April 2016