07 April 2016
  • 856 ნახვა

ნიკა წერეთლის ბლოგი - მე მიყვარს ფეხბურთი!

მე მიყვარს ფეხბურთი, ფეხბურთის გამო მიყვარს ალბათ ლუდის სმაც და გინებაც რომელიც ფეხბურთის ყურებისას ვისწავლე... 

არ მახსოვს როდის შემყვარდა ფეხბურთი, თუმცა მახსენდება ის დრო როდესაც ფეხბურთი იყო ცხოვრების წესი... ყოველ შაბათს თუ კვირას მამაჩემის კისერზე შემოსკუპებული ძალიან ძნელად ნაშოვნი ბილეთით - გადაჭედილი სტადიონის და მწვანე მოედნის დანახვის ემოციებით, რომ მთელი კვირა რომ ვერ ვიძინებდი. მახსოვს ღამით როდესაც თამაშიდან სახლში რომ ვბრუნდებოდით როგორ ვარჩევდი მამაჩემთან დიდი სტაჟიანი გულშემატკივარივით თამაშს.... თამაშს რომლის ყურებაც სწორედ იმ სტაჟიანი გულშემატკივრების გვერდით მიწევდა ვისაც ბორის პაიჭაძის, მიშა მესხის და სლავა მეტრეველის თამაშების ჰქონდათ ცოცხლად ნანახი...

არ გეგონოთ რომ მათი მშურს ან მიბაძვა მინდა, უბრალოდ - მართლა ასე იყო. ანდა მიბაძვა როგორ უნდა მინდოდეს, როდესაც ისინი მთელი თამაშის განმავლობაში ისხდნენ და იგინებოდნენ, აგინებდნენ საყვარელი გუნდის საყვარელ ფეხბურთელებს, ადარებდნენ წინა თაობას და სინანულით აქნევდნენ თავებს - მერე ისევ იგინებოდნენ, ეწეოდნენ პაპიროსებს, მზესუმზირის ნარჩენების გორებს აყენებდნენ ტრიბუნებზე, ისევ ეწეოდნენ და ისევ იგინებოდნენ... მაგრამ ერთი გატანილი გოლიც კი რადიკალურად ცვლიდა ყველაფერს, ისინი წამში სხვა ადამიანები ხდებოდნენ, ხტუნაობდნენ პატარა ბავშვებივით - ბედნიერები ტოვებდნენ სტადიონს და უკვე შემდეგი თამაშის საყურებლად და სალანძღავად ემზადებოდნენ... ეს იყო მათი ცხოვრების წესი. ისინი ფეხბურთით ცხოვრობდნენ... 

ახლაც, თუ სტადიონზე შემთხვევით მოხვდებით, იპოვნით "დინამოს" ცარიელ ტრიბუნებზე თითო ოროლა ასეთ, უკვე ძალიან დაბერებულ "სტაჟიან" გულშემატკივარს, შაბათ-კვირას შვილიშვილები რომ მოჰყავთ ხოლმე, საათობით ძლივს ძლივობით, რომ ამოდიან სტადიონის კიბეებზე - სამწუხაროდ არც თუ ისე კარგი ფეხბურთის სანახავად... აღარ იგინებიან, აღარ ადარებენ და ვეღარ ხტუნაობენ ბავშვებივით, თუმცა სტადიონიდან მიდიან მაინც ბედნიერები, იმ იმედით რომ იქნება ღმერთმა გადმოხედოს, იქნება შვილიშვილებსაც არ დაეზაროთ და შემდეგ თამაშზე ისევ მოუწიოთ მოსვლა საყვარელი სტადიონის ცარიელ ტრიბუნებზე, საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ.

ხოდა რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი, ჩემი აზრით არსებობს ძალიან ბევრი სპორტი და კიდევ არსებობს სხვა რაღაც, რომელსაც ჰქვია ფეხბურთი, რომელიც სამწუხაროდ ხანდახან ვერ გამოგვდის, რაღა ხანდახან - სამწუხაროდ ხშირად. თუმცა ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე მუდამ უკმაყოფილო გულშემატკივრები - გამარჯვების მოლოდინში ვართ მაშინაც კი, როდესაც მსოფლიო გრანდებს ვეთამაშებით.

ამასობაში კი გადის დრო, ფეხბურთში იცვლებიან თაობები - მაგრამ არ იცვლებიან გულშემატკივრები. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ ერთი თამაშის მოგების ნატვრაში დაღლილი სტადიონი - ერთი გოლის სიხარულში გაერთიანებას სულ ელის, ბავშვური ჟინით და გამოუსწორებელი ოპტიმიზმით. 

უკვე ძალიან დიდი ხანია ველოდებით გუნდს რომელსაც დიდ გუნდებს შევადარებთ. ჩვენც გვინდა რომ ძალიან დაბერებულებმა ვუგულშემატკივროთ საყვარელ დიდ გუნდს სავსე ტრიბუნებზე შვილიშვილებთან ერთად. 

რა ვქნათ? ასეთია ცხოვრება ფეხბურთით... 

რა ვქნათ მერე, რომ არ გვყავს დიდი გუნდი? 

ჩვენ ხომ მაინც ძალიან გვიყვარს ფეხბურთი... 

მსგავსი