08 April 2016
  • 866 ნახვა

გოგა ჩართოლანის ბლოგი - ფსევდოდემოკრატიული ტელერეალობა

თოქ-შოუს განმარტების ორ ძირითად ფორმას იცნობს ტელეჟურნალისტიკა – ერთი, ეს არის სატელევიზიო გადაცემა (შოუ), რომელშიც წამყვანთან, მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობს აუდიტორიაც. ანუ, ამ შოუს ესწრება მაყურებელი და, მეორე, რომელიც გულისხმობს საყოველთაოდ აღიარებული და პოპულარული ტელეჟურნალისტის დიალოგს მოწვეულ სტუმრებთან.

ქართულ ტელემედიაში ორივე განმარტების შესაბამისი საკმაოდ ბევრი თოქ-შოუ გვხვდება.  უფრო მეტიც, ნებისმიერი წამყვანი (იმის მიუხედავად, იცნობს თუ არა მას საზოგადოება),  რომელიც ეკრანზე რაიმე სახის პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ხასიათის დიალოგს უძღვება, აუცილებლად უწოდებს საკუთარ გადაცემას თოქ-შოუს, იმის დასამტკიცებლად,  რომ მისი პროგრამაც მაღალი რანგის პრაიმ-თაიმის” “თოფ-გადაცემათა” ჩამონათვალში მოიაზრება.

თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,  რომ ზოგიერთი ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ახალი სატელევიზიო თოქ-შოუს დაწყებიდან რამდენიმე გადაცემის გასვლის შემდეგ ადგენს მხოლოდ თუ რა სტილის გადაცემას უძღვება და, რაც მთავარია, ვისთვისაა იგი განკუთვნილი. შოუს მიზნობრივი აუდიტორია, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ამ წამყვანს დაავიწყდა, არამედ, მედიაპროდუქტის მწარმოებელ ტელეკომპანიასაც. ეს ერთგვარი ტიპური მოვლენაა ქართულ მედიასივრცეში. თითქმის არ არსებობს არცერთი ტელეპროექტი, რომლის განხორციელებამდეც შესწავლილია ის აუდიტორია, რომლისთვისაც იგი უნდა მომზადდეს. ტელეკომპანიები ცდილობენ არ დახარჯონ ფული იმ ტიპის სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, რომლის მიხედვითაც დადგინდება თუ რა სახის შოუები ესაჭიროება რეალურად მოსახლეობას, რაზეა საზოგადოების დაკვეთა.  ქართულ სინამდვილეში უმეტესად პირიქით ხდება, - ჯერ მზადდება მედიაპროდუქტი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მომხმარებლის მოძიება და საზოგადოებაში სხვადასხვა ხერხებით – “პიარით”, რეკლამით, გამუდმებული ანონსირებით, მისი დამკვიდრება. რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიები ცდილობენ თავს მოახვიონ საზოგადოებას ესა თუ ის სატელევიზო პროექტი. რამდენადაც საზოგადოება არ არის ინფორმირებული მედიაბაზრის მოთხოვნებში, მის სტრუქტურაში და ხშირ შემთხვევაში, მისთვის უცნობია მაღალი ხაარისხის სატელევიზიო პროდუქციის სტანდარტები, სრულიად უმტკივნეულოდ და ყოველგვარი პროტესტის გარეშე იღებს ტელემედიის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ პროდუქციას და, თუ ეს პროდუქცია კარგადაც არის “შეფუთული”, ხდება კიდეც მისი აქტიური მომხმარებელი.

ტელემედიის საზოგადოებაზე ზემოქმედების ფორმებში მომხმარებლის გაუთვითცნობიერებლობას ეფუძნება ქართული ტელევიზიების რეალურ მეპატრონეთა მიზნები, საკუთარი ტელეშოუების საშუალებით, საზოგადოებაში დაამკვიდრონ იმგვარი ღირებულებები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მაქსიმალურად მიუახლოვდება დასავლურ ღირებულებებს, ლიბერალურ ფასეულობებსა და დემოკრატიულ ცნობიერებას. მაგრამ, ტელემედიის ეს მცდელობა მხოლოდ ერთი შეხედვით გამოიყურება პროგრესულად.

იმის გამო, რომ მედიამ, კონკრეტულად კი ტელემედიამ, უნდა აჩვენოს მოსახლეობას ახალი ცხოვრების სტილი, ახალი აზროვნების სისტემა, განუსაზღვროს არა მხოლოდ ღირებულებების, არამედ გემოვნების ორიენტირებიც, ქართულმა ტელემედიამ მრავალი უცხოური ტელეპროექტი შეისყიდა, ზოგიც, მარტივი ენით რომ ვთქვათ, მოიპარა და საკმაოდ წარმატებულად დაამკვიდრა ქართულ მედიაბაზარზე.

ამ უცხოური შოუების უმეტესობა დასავლეთის ქვეყნებში ნამდვილად ემსახურება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გართობას, მის განტვირთვას, რეკრეაციას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ის შოუ, რომლის ანალოგსაც ვხვდებით ქართულ მედიასივრცეში, დასავლეთის ტელევიზიებში იქმნება მხოლოდ მოსახლეობის გარკვეული სეგმენტისთვის. შესაბამისად, მათი მაუწყებლობის დროც იმის მიხედვით არის შერჩეული, როდესაც მოსახლეობის ეს ნაწილი აქტიურია ტელეყურებისთვის.

საქართველოში კი ამ შოუების შეძენა-მოპარვას სრულიად განსხვავებული მიზნები გააჩნია და მათი მიზნობრივი აუდიტორიაც არ არის შემოსაზღვრული. ქართული არხების მესვეურნი, რომლებიც ამ შოუებს სამაუწყებლო ბადეში ათავსებენ, შოუების მაყურებლად სრულიად საქარველოს მოსახლეობას მოიაზრებენ, რადგან მიზანს, რომელსაც ამ ტიპის შოუები ემსახურება, მთლიანად ქართული საზოგადოების აზროვნების სისტემის ცვლა და დასავლურ ცხოვრების წესთან დაახლოება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება გასართობი თოქ-შოუები, რომლებსაც, ამავე დროს, შემეცნებითი და სოციალური დატვირთვაც გააჩნია.

მართლაც, ტელევიზიას მასაზე ზემოქმედების უდიდესი ძალა გააჩნია და მას მაყურებლის დიდი ნაწილი ოჯახის “სრულუფლებიან წევრადაც” კი აღიქვამს. ტელევიზორიდან ნათქვამ სიტყვას, ხშირად, ადამიანებზე განსაკუთრებული ზეგავლენის მოხდენაც კი შეუძლია. ტელევიზორს ადამიანები ესაუბრებიან, ეჩხუბებიან, ეალერსებიან, ტელევიზორში ნანახისა და გაგონილის უპირობოდ სჯერათ და ცდილობენ ისე მოიქცნენ, როგორც ტელეეკრანიდან ურჩევენ. ტელევიზიის ამ თვისებას, რა თქმა უნდა, აქტიურად ჩაეჭიდა ქართული ტელემედია და უკვე მრავალი წელია, სრულიად თავისუფლად მანიპულირებს ქართული საზოგადოების ცხოვრებით. თუ გასულ წლებში სატელევიზიო თოქ-შოუები ძირითადად მაყურებლის პოლიტიკური აზროვნების ფორმირებასა და წარმართვას ემსახურებოდა, ბოლო წლებში აქცენტები გასართობ და შემეცნებით თოქ-შოუებზე გაკეთდა.

ამ შოუებს შორის გამორჩეული ადგილი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ” დაიმკვიდრა. ეს შოუ ამერიკული “ჰელენის შოუს” ქართული ანალოგია. ამერიკელი ტელეწამყვანი და მსახიობი ჰელენ დიჯენერსი უკვე მრავალი წელია უძღვება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ თოქ-შოუს და მისი პოპულარობა იმდენად დიდია, რომ ეს შოუ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სატელევიზიო პრემიის “ემის” გამარჯვებულიცაა.

“ჰელენის შოუს” ქართული ანალოგის, “ნანუკას შოუს” ქუდი, მუსიკა, ტიხრები, გადაცემის სტრუქტურა და, უფრო მეტიც, სარეკლამო-საანონსო და პრომო ვერსიებიც, თავდაპირველად პირდაპირ იმეორებდნენ “ჰელენის შოუს” სტრუქტურას. თუმცა, არსებობის მეორე სეზონიდან, “ნანუკას შოუმ” შეცვალა ვიზუალური გაფორმება, საანონსო ფორმატი და ერთგვარად ორიგინალური სახის დამკვიდრებისკენ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ პროდუქციას ქართული ტელემედია საზოგადოების დაკვეთის გარეშე ქმნის და მხოლოდ ამის შემდეგ ცდილობს გახადოს მისი აქტიური მომხმარებელი. “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმაც” ეს გზა გაიარა. საკმაოდ დიდი თანხა და დიდი ენერგია დაიხარჯა იმისთვის, რომ ამერიკული “ჰელენის შოუს” ქართული ვარიანტი დამკვიდრებულიყო ქართულ მედიასივრცეში.

“ჰელენის შოუ” თავისი ფორმატით თოქ-შოუა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც წამყვანი და მისი ძირითადი სტუმრები, ასევე - აუდიტორია. შოუს სტუმრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათ შორის კინოსა და შოუ-ბიზნესის ცნობილი ვარსკვლავები, გავლენიანი პოლიტიკოსები, პრეზიდენტებიც კი. ჰელენი არასდროს თამაშობს თავისუფალი, უკომპლექსო, მხიარული წამყვანის როლს, ის ასეთია და, შესაბამისად, მის შოუშიც ყველა მონაწილე ცდილობს იყოს მაქსიმალურად გულღია, თავისუფალი, მოჰყვეს უცნაური ისტორიები, იყოს თამამი და ზოგჯერ გამომწვევიც კი და, რაც მთავარია, მაყურებელი დააჯეროს საკუთარ გულწრფელობაში, რადგან გულწრფელობა ერთ-ერთი მთავარი მომენტია თხრობის ემოციური ფონისთვის. მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს, როდესაც ტელეეკრანიდან არა მხოლოდ ისმენს გულახდილ აღსარებას, არამედ თვალნათლივ ხედავს ამ აღიარების ემოციურ გამოხატულებასაც – ცრემლს, დარდს, სინანულს.

“ჰელენის შოუს” მაყურებლები ძირითადად არიან დიასახლისები, პენსიონერები, რომელთაც საკმაოდ დიდი დრო აქვთ სხვისი ცხოვრების შესახებ ინფორმაციების შეგროვებისთვის. ხშირად ტელეეკრანიდან მოსმენილი ისტორიების გმირების ცხოვრება არის მათი უმთავრესი ინტერესის სფეროც და გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაც. “ჰელენის შოუს” არ აქვს მიზნად საზოგადოების ამ ნაწილის ცხოვრების წესის, ან აზროვნების კრიტერიუმების შეცვლა. ის, მისი ქართული ვარიანტისგან განსხვავებით, არ მიისწრაფვის მაყურებელი გაათავისუფლოს საბჭოთა მორალის კომპლექსებისგან, აქციოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებად, რომლებსაც შეეძლებათ საქვეყნოდ, ყველას გასაგონად აღიარონ საკუთარი სისუსტეები და შეცდომები. “ჰელენის შოუს” მაყურებელი შორსაა ყოველივე ამისგან, ის თავისუფალ, დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოებაში დაიბადა, სადაც ადამიანის ყოველგვარ უფლებას პატივს სცემენ და სადაც ადამიანს შეუძლია ჩადენილ საქციელებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავს დააკისროს და არა მის ირგვლივ მყოფთ. ამიტომ, ამ საზოგადოების წარმომადგენლებს უყვართ საკუთარი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი და ამა თუ იმ შოუს საშუალებით რჩევების მიღება. და, რაც მთავარია, ამ საზოგადოებას საოცრად უყვარს სხვისი ცხოვრების შთამბეჭდავი ისტორიების მოსმენა. ამიტომ, დასავლურ ანალოგურ შოუებში სიტუაციები ხშირად გამოგონილი, შეთხზული, დადგმული და გათამაშებულია, მხოლოდ ეს ისე ოსტატურადაა გაკეთებული, რომ ამის შესახებ გულუბრყვილო მაყურებელი ვერაფერს ხვდება.

ქართულ შოუებში კი სიტუაციების დადგმა, გამოგონება, შეთხზვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ყოველი ადამიანის ცხოვრება აუცილებლად ცნობილია თუნდაც ერთი სხვა ადამიანისთვის, მით უფრო, თუ ეს ადამიანი მეტად თუ ნაკლებად ცნობილი სახეა. შესაბამისად, “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” სტუმრები, განსაკუთრებით ცნობილი სახეები, საუბრობენ იმის შესახებ, რაც მათ ნამდვილად გადახდათ თავს და, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ყველასთვის იყო ცნობილი, უბრალოდ, ამის შესახებ ადრე ხმამაღლა არ საუბრობდნენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი მოწვეული სტუმრების ცხოვრების ხშირად ტრაგიკული ან მეტად დრამატული ეპიზოდების ჩვენებით, ცდილობს საზოგადოება მიაჩვიოს გულახდილობას, ე.წ “სიმართლის თხრობას” და საქვეყნოდ აღიარებას, რაც ერთგვარად ახასიათებს დემოკრატიული საზოგადოების წევრებს. მისი მიზანია საკუთარ შოუში შექმნას იმგვარი გარემო, სადაც ადამიანებს ბუნებრივად გაუჩნდებათ სურვილი, გასცენ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც გაუჩნდება ამ სტუდიის დიასახლისს, თოქ-შოუს წამყვანს - ნანუკა ჟორჟოლიანს. ეს უკანასკნელი კი ცდილობს თავადაც იყოს მაქსიმალურად გულწრფელი, მოქმედებაში უკიდურესად თავისუფალი. ჩაიცვას არა ის, რაც უხდება, არამედ ის, რაც მოსწონს და რის ხასიათზეც არის მოცემულ მომენტში. სრულიად შეუზღუდავად და ყოველგვარი მორიდების გარეშე დაუშვას აზრობრივი, სტილისტური თუ გრამატიკული შეცდომები მეტყველებაში და მაყურებელს ეს მიაწოდოს, როგორც “უწყინარი” შეცდომა და გადაცემის წაყვანის მისთვის დამახასიათებელი სტილი. სრულიად მოურიდებლად ჰკითხოს სტუმარს მისი ეროტიული სურვილების შესახებაც და სექსუალური ორიენტაციის შესახებაც, ფსიქოლოგიური კომპლექსების შესახებაც და აღვირახსნილი ღალატის თაობაზეც და ანგარიში არ გაუწიოს იმ გარემოებას, რომ ამგვარი კითხვებით და, რაც მთავარია კითხვის ფორმულირებით, სხვადასხვა დოზით ლახავს ამ ადამიანების უფლებებს. პირიქით, “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ” ამგვარ ქმედებებს ქართული საზოგადოების თავისუფალ პიროვნებებად ქცევის სურვილით ასაბუთებს, რაც დასავლური დემოკრატიული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. ამ მიზნების ფსევდოდემოკრატიულობა კი ყველაზე ნათლად ვლინდება მაყურებლის ფსევდოთავისუფლებაში, მოჩვენებით მზაობაში უპირობოდ მიიღოს და გაამართლოს ამა თუ იმ ადამიანის ის საქციელი, რომელიც არ ჯდება მისი მორალის ჩარჩოებში. ამის მიზეზი კი შოუს წამყვანისა და მისი სტუმრების სანახევრო გულახდილობა და “ფსევდოგულწრფელობაა”.

მაშინ ისმის კითხვა, რატომ გახდა ასე პოპულარული ეს თოქ-შოუ? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ქართულ საზოგადოებას ამჯერადაც გაუჩნდა სურვილი  (და ჯერჯერობით მხოლოდ სურვილი) კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა დასავლეთისკენ. კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ისიც იმ ღირებულებების მატარებელია, რომელსაც მრავალი საუკუნეა ატარებს “ბებერი” ევროპა და შედარებით ახალგაზრდა” ამერიკა. დემოკრატიის გზაზე მდგარი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხშირად ქმნის იმ ილუზორულ სამყაროს, რომლის მიხედვითაც აჯერებს საკუთარ თავს იმაში, რომ ტელევიზორით რომელიმე ვარსკვლავის “უკუღმართი” ცხოვრების აღიარების მოსმენის შემდეგ, თუ განსაკუთრებული ძალისხმევით დასძლია საკუთარი აღშფოთება და გარეგნული პროტესტის გამოხატვისგანაც თავი შეიკავა, ესეიგი უკვე ცივილიზებული ევროპის ნაწილად იქცა. ესეიგი, მანაც დადო აგური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

საკუთარი თავის მოტყუებას და “საწოვარას ღეჭვის” პრინციპს მიჩვეულ ქართულ საზოგადოებას ჰგონია, რომ “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ”, ისე, როგორც სხვა ამ ტიპის ადაპტირებული სატელევიზიო შოუები უმოკლესი გზაა მენტალური რევოლუციისკენ, რომელიც უსათუოდ მიიყვანს მას დასავლურ დემოკრატიულ ცივილიზაციასთან და სიამაყით გაიმეორებს ზურაბ ჟვანიას აფორიზმად ქცეულ ფრაზას - “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი”.

მსგავსი

დიდი დამეგობრება - სოციალური ქსელები დიდ ნიუსრუმებთან ერთიანდებიან - თინათინ ბერძენიშვილის ბლოგი

08 April 2016

როგორ დავმარცხდი შახტაში

08 April 2016

ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი - სუნი, რომელშიც ვცხოვრობთ

08 April 2016

„გარაჟი“ - ეს არის ურთიერთობა :)

08 April 2016

ტელეკრიტიკის პრობლემა ქართულ ტელემედიაში

08 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

08 April 2016