08 April 2016
  • 1000 ნახვა

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი - გადავადებული კრედიტის ამბავი!

ბლოგიო, ბლოგიო, - დაუჩემებია თამარს (კაციტაძე - პირველი არხის ვების "დედა") და ჰა, ჯანდაბას, მეც დავჯღაბნი ერთ ბლოგს.

ოღონდ, ჩემი ბლოგი, მოლოდინისამებრ, ნატო-ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაზე სულაც არ იქნება... ის არ იქნება არც საძულველ რუსულ დერჟავისტულ პოლიტიკაზე, არც ჩვენს ბრძოლა-ომზე, თავისუფლებაზე... მის აუცილებლობასა და კიდევ ათას მაგვარ ამბავზე.

ამ თემებს facebook-ზე  ყოველდღიურად ისედაც მიმოვიხილავ - მომაბეზრებელი შეიძლება ეჩვენოს ვინმეს.

შესაბამისად, რაღაი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იმთავითვე უარვყავი, მეორე კარგი თემა -  ფეხბურთი გამახსენდა... ხოლო მასზე ფიქრისას "მფრინავი ჰოლანდიელი" - იოჰან კრუიფი... ღმერთმანი, მზად ვიყავი, კარგადაც დამეწერა ამ გენიალურ შემოქმედზე, რომ, უცებ, აი, ჯინაზე, ერთი მეგობრის fb "პოსტი" ამომიხტა... თითქოს  მამცნობდა - ნუ შეეჭიდები - აკა მორჩილაძემ დაწერა უკვე და, აბა, შენ მასზე უკეთ როგორ გამოგივაო...

ფიქრს მივეც თავი... თემას, თემას ვარჩევდი... თამარმაც (კაციტაძე - პირველი არხის ვების "დედა")  ზუსტად იმ დროს დაწერა - ბლოგებზე რამე კონკურსი თუ შეჯიბრი ხომ არ დაგვეწესებინაო და, მეც მომაგონდა ბანკი... ბანკი და კიდევ მიკრო-საფინანსო!

 - უნდა დავწერო... კარგი უნდა გამომივიდეს!.. - შევძახე საკუთარ თავს და.... და ორიოდე სიტყვა მესიზე მოვხაზე... მოვჩორკნე უფრო.

დავწერე... წავშალე... დავწერე... წავშალე... შევიჭყიტე ხსენებულ facebook-ზე და ამჯერად ირაკლის (ჭეიშვილი - პირველი არხის ვების "მამა") სტატუსმა შემაგულიანა. ირაკლი (ჭეიშვილი - პირველი არხის ვების "მამა") წერდა: "დაიძრა ბლოგებიო"... ღმერთმანი, სწორედ მესიზე უნდა დამეწერა - ირაკლი - თავად არგენტინის თავგადაკლული ქომაგი, ბლოგს სწრაფად განათავსებდა, ამასობაში მისი გულის მესაიდუმლე თამარი (კაციტაძე - პირველი არხის ვების "დედა") კონკურსს დააწესებდა... ირაკლი (ჭეიშვილი - პირველი არხის ვების "მამა") სწორედ მესის ხათრით, ერთი ათას "like" - ს მაინც წაუმატებდა და მიკროსაფინანსოს "უპროცენტო" კრედიტის გასტუმრებაც აღარ გამიჭირდებოდა...

ვწერდი და ვწერდი, გამალებით... მაგრამ მერე ამ ჭეიშვილშიც შემეპარა ეჭვი... უფრო ზუსტად, like - ების მომატების იდეა აღარ მომეწონა... თან ბლოგიც არ გამომდიოდა კარგი - საერთოდაც, რთულია  მესიზე წერა, მით უფრო, რომ მისმა აისმა გადაიარა, მწვერვალებს ისე ვეღარ ეთამაშება და დაისამდე კი, ჩანს, არც თუ ისე შორია.

 - მარადონა! - შევძახე მარტომყოფმა!.. მაგრამ, ახლა "სარბიელი" გამახსენდა და, მგონი, ილო ბაბუნაშვილის (ან იქნებ, სხვისი) არაჩვეულებრივი სტატია სათაურით "ფეხბურთის დიდი ეგო"... თან მეც მიწერია ბევრი ამ გამქრალ, მივიწყებულ, გაყვითლებულ მესიაზე... რაღა დროს მარადონაა?!.. ცოცხალია თან... მგონი!

მოკლედ, ფეხბურთის ამბავი ამით ამოვწურე  და ფიქრი ჭადრაკისკენ გამექცა...

ფიშერი - ვუთხარი საკუთარ თავს... სწორედ ფიშერი...

ბედად კვლავ შევიჭყიტე fb-ზე, და ამ ჩემი მეგობრის, ირაკლის (ჭეიშვილი - პირველი არხის ვების "მამა"), სტატუსი დამხვდა - ფიშერზე გია ხადურის მაგარი ბლოგი წაიკითხეთო!..

ბლოგების გვერდზე გადავედი და, აი, რა აღმოვაჩინე:

ხადურს (გიას, ნოდარს კი არა) - ფიშერზე; ნახცოს (გაგა ნახუცრიშვილი - ძალიან მაგარი პოეტი) - როსიზე; ლუკა ჭოჭუას - მორაგბეებზე (რაგბისტები არ თქვათ ხოლმე); იკო ხეცურიანს - კრუიფზე (ერთი აკა მორჩილაძე არ მეყოფოდა თითქოს); ამავე ავტორს პელეზე  და სხვებს კი სხვა, ლამის ყველა თემაზე დაეწერათ...

კაპაბლანკა! კა-პა-ბლანკა!

აღმომხდა უეცრად... მაგრამ ამ ფიქრსაც ვანებე თავი - ბევრი არაფერი ვიცი მასზე, ხოლო ჯადო wikipedia - ში ქექვის არც დრო მაქვს და არც სურვილი.

ჯორდანი - არ გამომდიოდა.

ფედერერი - მისი ერა გავიდა.

გრეცკი - აბა, ვინ იცის, ვინაა, თან სამველ ღარიბიანი ("სარბიელის" ავტორის ფსევდონიმი) წერდა გენიალურად.

ტაისონი - ეგ ხომ ადამიანი არაა!

... ... ...

დოჩანაშვილი - ერთხელ დავწერე და იმაზე კარგად აღარ გამომივა!

მარკესი - ...

პამუკი...  - ნწ - ყველა მასზე წერს და კოელიოზე კიდევ!

კიდევ ბევრი გამახსენდა (ყველას ვერ ჩამოთვლი), მაგრამ ან გული არ მიმდიოდა ან  -კალამი (თუ კლავიატურა).

"ვახ" - ეს იყო ბოლო შეძახილი.

ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ლიზა ციციშვილსაც "წაურთმევია" თემა - კარგი ბლოგი დაწერა... პროფესიონალური პროფესიონალზე!

ტიტებსა და კიპარისებზე გამექცა ფიქრი:            

"რა ამოძრავებს კიპარისი ტანს..."

ეგ იყო - მივაგენ:

გალაკტიონი!

ერთხელ, აი, მგონი, ის კაცი, ჩემს ბავშვობაში ტიტებს და იებს  რომ ჰყიდდა უნივერსიტეტის ბაღში შეძახილით: "იები (ან ტიტები) ნაშებს",  გალაკტიონსაც შეხვედრია სადღაც... "იები ნაშებს... ნაშებს წაუღეთ, ბ-ნო გალაკტიონ" - ასე მიუმართავს მისთვის.

- ამხელა კაცი ხარ და, იებს ჰყიდიო - ქედმაღლურად მოსვლია პოეტს.

- ყველა ლექსს ხომ ვერ დაწერსო - პასუხად მიუღია.

გალაკტიონიც, მოგეხსენებათ, ენაკვიმატი კაცი იყო და, მიტრიალებია იებით (თუ ტიტებით) მოვაჭრეს - ე, ძამიკო, ამასაც არ შეუძლია, მაგრამ - წერსო, უთქვამს და  ხელკავ-გამოდებულ თანმხლებზე მიუთითებია... გამშრალა გალაკტიონის მეგობარი პოეტი... ოღონდ, მალევე გადავლია წყენა - ვინ მოვიდოდა იმხანად გალაკტიონთან ან ახლა ვინ მოვა - გულწრფელები თუ ვიქნებით ბოლომდე.

1959 წლის მარტში, როდესაც  გალაკტიონი მიწას დაენარცხა  და როდესაც მთაწმინდაზე მისი ასვენება გადაწყდა, რამდენიმე კი არა, ბევრი, ათეულობით სტუდენტი მისულა მწერალთა კავშირსა თუ სხვა "შესაბამის" უწყებებში... ზუსტად იცოდნენ, სად უნდა დაეკრძალათ პოეტი... "ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარულიო" - გეხსომებათ და, თურმე, გალაკტიონიც ხშირად ადიოდა მთაწმინდაზე - ზომავდა, იფარგლავდა ადგილს... სტუდენტები აჰყავდა და სათითაოდ ეუბნებოდა - "ა, აქა, ძამიკო, აქ უნდა დამმარხოთ მე" - ასეც მოხდა - ბარათაშვილთანაა - ნამდვილ (და მგონი ერთადერთ) ქართველ რომანტიკოსთან.

გალაკტიონი!

ამ წერა-წერაში მასზე კიდევ ბევრი ამბავი გამახსენდა...

ამომიტივტივდა - "რომ მეფე ვარ... და პოეტი"... ან "როგორც ერთია ქვეყანა მთელი..."... ეჰ, რა არ ამომიტივტივდა.

მაგრამ, აი, თამარის (კაციტაძე - პირველი არხის ვების "დედა") ხმა ჩამესმა უცებ:

"მოკლედ წერეთ... არ კითხულობს მკითხველი ვრცელ ნაჯღაბნს" და მეც ამიტომ აქვე უნდა შევწყვიტო არეული ბლოგი... ის, რასაკვირველია, არ გამომივიდა. შესაბამისად, საკონკურსოდაც არ გამოდგება. ამდენად, მიკროსაფინანსოს კრედიტის გადავადების გზას უნდა დავადგე... ან კი რა დროს კრედიტია მაშინ, როცა იქით აკა მორჩილაძის იოჰან კრუიფზე დაწერილი ბლოგი მელის, აქეთ გაგა ნახუცრიშვილის როსიზე დაწერილს უნდა ჩავუჯდე...  ლუკა ჭოჭუას მორაგბეებზე (რაგბისტები არ თქვათ ხოლმე) დაწერილიც საუკეთესო იქნება... გია ხადურის ფიშერის გახსენებაც საამო და  იკო ხეცურიანის გახსენებული პელეც უთუოდ მაგარი!

ჰო, კიდევ "ათასი" სხვა ავტორისა!

გალაკტიონს გაუმარჯოს კიდევ!

"რა ამოძრავებს კიპარისი ტანს, ჩუმი შრიალი საიდან არი..." - ძველისძველ კიპარისზეა... გალაკტიონის კიპარისზე!

 

მსგავსი