10 April 2016
  • 1664 ნახვა

გოგა ჩართოლანის ბლოგი - მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

მაია რამიშვილი!

აღარც კი მახსოვს როდის გავიცანი... არც ისე ბევრი წელი გავიდა თითქოს, მაგრამ ამავდროულად, იმდენად ბევრი, რომ ვერ ვიხსენებ... ის კი ნამდვილად ვიცი, სად გავიცანი - ეს სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის “ალიონის“ ნიუსრუმი იყო. გამხდარი, ქოთქოთა, ენერგიული, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, უმეტესად თვალმოჭუტული, მუდამ რაღაცას აპროტესტებდა... 

უცებ დავფიქრდი - ნეტავ, ამ გოგოს არაფერი მოსწონს? ნეტავ, არის კი რამე ისეთი, რაშიც ნაკლს ვერ ხედავს? გაღიზიანება რომ გადავწყვიტე, გამახსენდა, რომ მეც ასეთი ვარ...

მერე ეკრანზე ვნახე, იმ დროისთვის მეტად სარისკო ჟანრში დაიწყო მუშაობა - საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და არ გამკვირვებია იმიტომ, რომ სულ რაღაცას იძიებდა და რაღაცაში გარკვევა უნდოდა. 

არ არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის (მოდით, მე ტელევიზიას ვიტყვი, ასე ვუწოდებთ ამ შენობაში მომუშავეთა უმრავლესობა მას) არც ერთი თანამშრომელი, ძველი თუ ახალი, ვინც არ იცნობს მაია რამიშვილს. არ არსებობს არც ერთი ოთახი, სადაც მაია არ შედის და არ ჩამოჯდება აღშფოთებული იმის გამო, რომ რეალობა უფრო უკეთესი უნდა იყოს - და არ არის... 

უკიდურესად, ტკივილამდე განიცდის ყველა წვრილმანსაც კი... არაერთხელ დამიმშვიდებია (მეც და სხვასაც), როდესაც გულამომჯდარი ტიროდა იმაზე, რაზეც სხვას არა თუ ტირილი, უბრალო გულშემატკივრობის განცდაც არ გააჩნდა... და ეს სატკივარი ტელევიზიაა... 

მაიას ბავშვივით უხაროდა, როდესაც რამეს მიაგნებდა და ბავშვივით სწყინდა, როდესაც იმას ვერ მიაგნებდა, რასაც ეძებდა... არადა სულ ეძებდა, სულ ეგონა, რომ ხვალ უკეთესი იქნებოდა დღევანდელზე... 

და....

არ ვიცი, ხვალ როგორი იქნება მაიასთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვის ოთახშიც მაია შევა... არ ვიცი, როგორი შემოვა ის ჩემთან და კიდევ უფრო არ ვიცი, მე რა უნდა გავაკეთო, როდესაც ის შემოვა ... არ ვიცი, როგორ დავხვდე.

არ ვიცი, რა ვუთხრა... 

არ ვიცი, რადგან ახლა ნათქვამი ყველა სიტყვა მაინც ყალბად მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში უნდა ითქვას და უნდა ითქვას კი რამე? მე არ მაქვს სიტყვები... 

ერთი ვიცი, მაია თავად დაამსხვრევს ამ შემაძრწუნებელ უხერხულობას, თავად შემოვა და ისევ მაიას საზრუნავი იქნება ის, რომ ჩვენ მის ირგვლივ მყოფებმა, მის დანახვაზე თავი უკიდურესად საწყალ მდგომარეობაში არ ვიგრძნოთ... 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმაზე მეტი ტრაგედია, რაც მას თავს დაატყდა და, რაც მან მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა ატაროს, ერთი ვიცი, ის მოვა ტელევიზიაში, ჩვენს დამშვიდებას თავად დაიწყებს და ისე, როგორც ამ ტრაგედიის შესახებ თავად აცნობა უახლოეს მეგობრებს, ამ ტრაგედიის შედეგად თავზარდაცემიდან ჩვენს გამოყვანას ისევ მაია შეეცდება.

ისიც ვიცი, რომ მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად... 

ტელევიზიაში მობრუნებული მაიას ერთი ფრაზა უკვე მესმის - „ხალხო, რაზე ვიკლავთ თავს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...“ და გაგვიფრთხილდება ყოველ ჩვენგანს...

P.S. მაპატიეთ სენტიმენტი, მე არც სიტყვები მყოფნის და არც ემოცია მაძლევს საშუალებას დალაგებით ვწერო ... ასე აბნეული ვწერ იმას, რაც მომაწვა და რისი ამოხეთქვაც უცებ მომინდა...


მსგავსი

დიდი დამეგობრება - სოციალური ქსელები დიდ ნიუსრუმებთან ერთიანდებიან - თინათინ ბერძენიშვილის ბლოგი

10 April 2016

როგორ დავმარცხდი შახტაში

10 April 2016

ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი - სუნი, რომელშიც ვცხოვრობთ

10 April 2016

„გარაჟი“ - ეს არის ურთიერთობა :)

10 April 2016

ტელეკრიტიკის პრობლემა ქართულ ტელემედიაში

10 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - ფსევდოდემოკრატიული ტელერეალობა

10 April 2016