11 April 2016
  • 844 ნახვა

ტელეკრიტიკის პრობლემა ქართულ ტელემედიაში

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მრავალი ფუნქცია გააჩნია, მათ შორის: საინფორმაციო, საინტეგრაციო, სოციალური მართვის, მაორგანიზებელი, გასართობი, ანუ რეკრეატიული, კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო. 

ფუნქციების ამ ფართო სპექტრიდან, გარკვეულ პერიოდში, ზოგი უფრო აქტუალურია, ზოგიც - ნაკლებად. შესაძლოა, ტელემედიამ დროთა განმავლობაში კიდევ სხვა, დამატებითი ფუნქციებიც შეიძინოს. ერთი კი მუდმივად უცვლელი რჩება: იგი არის, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შექმნის საშუალება. ამავდროულად, იგი წარმოადგენს საზოგადოებასთან გაშუალებული ურთიერთობის ინსტრუმენტსაც და რეალობის ესთეტიკური გააზრების საშუალებასაც.

ბუნებრივად ისმის კითხვა, ასრულებს თანამედროვე ქართული ტელემედია ამ ფუნქციებს და თუ ასრულებს როგორ, რა სახით?

დღევანდელი ქართული საზოგადოება უმთავრესად საუბრობს იმის თაობაზე, რომ საქართველოში არსებობს მედიის თავისუფლების პრობლემა. ნებისმიერ მოქალაქეს, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკოსებზე, რომ ჰკითხოთ, არის თუ არა ტელევიზია ისეთი, როგორიც უნდა იყოს? პასუხი უარყოფითი იქნება. იქვე თუ მივაყოლებთ მეორე კითხვას: მაშ, როგორი უნდა იყოს იგი? ზოგი ვერ გიპასუხებთ, ზოგი კი იტყვის, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი. თუმცა კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხი ტელემედიის თავისუფლების კრიტერიუმების შესახებ, ცოტა ვინმეს თუ გააჩნია.

თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ საკითხში და შევეცდებით განვსაზღვროთ ტელევიზიების არა მხოლოდ თავისუფლების საკითხი, არამედ მისი პროგრამირების, მენეჯმენტის, პროდიუსინგის, ტელეჟურნალისტური ნაწარმოებების ხარისხი, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საკმაოდ სერიოზულ ვაკუუმში აღმოვჩნდებით, რადგან პროფესია, რომელმაც ყოველივე ზემოთქმული უნდა კვალიფიციურად შეაფასოს, გამოიკვლიოს და შეისწავლოს, საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს. სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი მონიტორინგი (საზოგადოებრივ მონიტორინგში არ შეიძლება მოიაზრებოდეს მხოლოდ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა უმეტესობა მედიის შესახებ ცოდნას მხოლოდ ეპიზოდურად თუ ფლობს) ტელევიზიების მუშაობის მიმართ, ქართული ტელევიზიები მუშაობენ ისე, როგორც მათ მეპატრონეთ მოესურვებათ, ასრულებენ იმ დაკვეთებს, რომელსაც მათ კერძო პირები ან სახელმწიფო უკვეთავს და თითქმის არ აინტერესებთ რეალურად რა მნიშვნელობა აქვს და რა ფუნქცია აკისრია ტელევიზიას. 

ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან ქართული ტელემედია ძირითადად რამდენიმეს იყენებს: საინფორმაციოს, მაორგანიზებელს და რეკრეატიულს. სამწუხაროდ, თითქმის მივიწყებულია მისი კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ფუნქცია. 

ახლა ისიც განვსაზღვროთ, რამდენად კვალიფიციურად, სწორად და თანმიმდევრულად ასრულებენ ქართული ტელეარხები ამ თუნდაც შეზღუდულ ფუნქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დაბალი ხარისხით და საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ. რა არის ამის მიზეზი? პირველი - ტელევიზიებში მომუშავე პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, არაპროფესიონალიზმი, მეორე - ტელევიზიების ხელმძღვანელების მწირი ცოდნა ტელემედიის მენეჯმენტის და პროდიუსინგის დარგში, უმეტეს შემთხვევაში მათი პოლიტიკური თუ პარტიული მიკერძოებულობა და მესამე და უმნიშვნელოვანესი, ტელეკრიტიკოსის პროფესიის არარსებობა თანამედროვე ქართულ მედიასივრცეში. 

ვინ არის ტელეკრიტიკოსი და რატომ არის ასე აუცილებელი მისი არსებობა? ტელეკრიტიკოსი თანამედროვე მსოფლიოში მეტად მნიშვნელოვანი, და პოპულარული პროფესიაა, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ექსპერტს მედიის საკითხებში და, რომელიც მედია საშუალებების მუშაობის მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს. ტელეკრიტიკოსი მედიაკრიტიკის ერთ-ერთი განშტოებაა. ის არის ტელეპროდუქციის არა მხოლოდ შემფასებელი, არამედ ტელევიზიის ისტორიისა და თეორიის მკვლევარიც.  

ტელეკრიტიკოსი აწარმოებს მეცნიერულ დაკვირვებას საზოგადოებაში ტელევიზიის განვითარების ისტორიულ ეტაპებზე, ის იკვლევს ტელეჟანრების სტრუქტურას და აფასებს ტელეპროდუქციის ხარისხს. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტელეკრიტიკოსი არის შუამავალი მედიასა და საზოგადოებას შორის, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება, ანუ ტელეპროდუქციის მომხმარებელი ერკვევა იმ უმთავრეს კრიტერიუმებში, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ ტელეკომპანიები. ტელეკრიტიკოსის დახმარებით საზოგადოება ეცნობა ტელემედიის ფუნქციებს, იგებს იმის შესახებ, რომ გარდა იმისა, რასაც მას არსებული ტელემაუწყებლობები სთავაზობენ, საზოგადოებას აქვს უფლება ტელევიზიებს მოსთხოვოს სხვა, უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შესრულებაც. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით იმპერატიული უნდა იყოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ, თუმცა საზოგადოებამ არაპირდაპირი მოთხოვნა შესაძლოა კერძო ტელეკომპანიებსაც წაუყენოს. 

ტელეკრიტიკოსმა უნდა მოამზადოს საზოგადოება, გაარკვიოს მის უფლებებში, რადგან ტელევიზორი არის ყოველი ადამიანის ოჯახის უმნიშვნელოვანესი წევრი, რომელთან ურთიერთობაშიც ის ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს. სწორედ ამის გამო, ტელემედია უნდა იყოს მუდმივი კონტროლის ქვეშ, რათა მან ამ ოჯახებში, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არ ითამაშოს უარყოფითი როლი, არ შეარყიოს მისი ფსიქიკა, არ წარმართოს მისი ქმედებები ძალადობისკენ, ესკალაციისკენ. ამის სანაცვლოდ კი შესთავაზოს ობიექტური ინფორმაცია, საინტერესო გადაცემები, გააცნოს კულტურის და ხელოვნების, განათლების და  მეცნიერების მიღწევები და ა.შ. 

იმის გამო, რომ დღევანდელი ქართული ტელესივრცე არ იცნობს ტელეკრიტიკოსის პროფერსიას, ქართული ტელემაუწყებლობები ხშირად დამღუპველად მოქმედებენ ადამიანებზე, ხოლო მათი მუშაობის ხარისხს უმეტესწილად ტენდენციურად აფასებენ ან პოლიტიკოსები, ან თავად ჟურნალისტები. 

ქართულმა ტელევიზიებმა თავიანთი ისტორიის განმავლობაში საინტერესო, წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლეს. მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების, ქართული მენტალიტეტის, ეროვნული ცნობიერების, ახალი კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესებში. შესაბამისად, ამგვარი ორგანიზმის განვითარების ეტაპების შესწავლა საჭიროებს სისტემატურ კვლევას. სწორედ ტელეკრიტიკოსებმა უნდა შეძლონ შექმნან ქართული ტელემაუწყებლობების ისტორიისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომები, კრებულები და სახელმძღვანელოები. სწორედ ქართველმა ტელეკრიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ტელევიზიის თეორიის საკითხებზეც, უნდა გააცნონ საზოგადოებას მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებში აღმოცენებული ახალი ჟურნალისტური ჟანრები, სახეები და ფორმები. 

სწორედ ქართველმა ტელეკრიტიკოსებმა პროფესიული შეფასება უნდა მისცენ ქართული ტელეპროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. მათ უნდა განსაზღვრონ რამდენად ობიექტურია ამა თუ იმ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობა, ანალიტიკური და პოლიტიკური შოუების ხარისხი, მათი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ადამიანური მიმართულებები, ტენდენციები და ა.შ. 

პროფესიონალმა ტელეკრიტიკოსებმა უნდა გამოიკვლიონ ის მიზეზები, რის გამოც დღეს ქართულ მედიასივრცეში არ გვხვდება კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, ვის აძლევს ხელს მათი შეზღუდვა. 

პროფესიონალმა ტელეკრიტიკოსებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენად შეესაბამება ესთეტიკურ კატეგორიებს და მსოფლიო სტანდარტებს ის გასართობი პროგრამები, სატირული და იუმორისტული ჟანრის ტელეპროდუქცია, რომელთაც დღევანდელ ტელეეთერში ყველაზე დიდი დრო ეთმობა. ტელეკრიტიკოსებმა უნდა განსაზღვრონ როგორ მოქმედებს საზოგადოების გემოვნებისა და კულტურული ღირებულებების ფორმირებაზე არსებული კომედიური შოუები და გასართობი პროექტები. 

პროფესიონალმა ტელეკრიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ტელერეჟისორების, ტელედიზაინერების, ტელეოპერატორებისა და სხვა ტელემუშაკების მუშაობა. მათ უნდა შეაფასონ სტუდიების, პავილიონების გაფორმების შესაბამისობა ამა თუ იმ სატელევიზიო პროექტთან. მათ უნდა განსაზღვრონ ტელეპროგრამირების სტრუქტურაც.

დაბოლოს, სწორედ პროფესიონალმა ტელეკრიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ტელევიზიის ჟურნალისტების, ტელეპროექტების წამყვანების მუშაობა, მიუთითონ იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს ამ სფეროში.

როგორც აღვნიშნე, ტელეკრიტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში და ტელეკრიტიკოსის მოსაზრებებს ანგარიშს უწევენ არა მხოლოდ უმსხვილესი ტელეკომპანიები, არამედ მსოფლიოში აღიარებული ჟურნალისტები, ტელეწამყვანები. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ მათი მომავალი მუშაობისთვის, ტელეპროდუქციაზე ხარისხის შენარჩუნებისთვის, პროფესიული ზრდისა და ტელევიზიების მიერ საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალებების კონტროლისთვის, აუცილებელია, ის პროფესიონალი შემფასებელი, რომელიც მუდმივად აკვირდება და სწავლობს ტელევიზიებისა და მის მესვეურთა მუშაობას და არ ძლევს მათ პროფესიული სტანდარტებიდან გადახვევის საშუალებას. 

საქართველოში ამ პროფესიის დამკვიდრებისთვის მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. პირველ ყოვლისა, უნდა შეიქმნას ამ კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მომზადებისთვის საგანმანათლებლო ბაზა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები სწორედ ამ ტიპის სპეციალისტების: მეცნიერების, მკვლევარების, თეორეტიკოსებისა და კრიტიკოსების მომზადებას ემსახურება. ქართულ ბაზარზე ამ პროფესიის სიახლის მიუხედავად, ინტერესი საკმაოდ დიდია. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მალე ქართულ მედიასივრცეში გამოჩნდებიან ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ ქართული მედიაპროდუქციის კვალიფიციურ შეფასებას. 


მსგავსი

დიდი დამეგობრება - სოციალური ქსელები დიდ ნიუსრუმებთან ერთიანდებიან - თინათინ ბერძენიშვილის ბლოგი

11 April 2016

როგორ დავმარცხდი შახტაში

11 April 2016

ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი - სუნი, რომელშიც ვცხოვრობთ

11 April 2016

„გარაჟი“ - ეს არის ურთიერთობა :)

11 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

11 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - ფსევდოდემოკრატიული ტელერეალობა

11 April 2016