14 April 2016
  • 840 ნახვა

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

"ჩემი მოწოდება უფრო მეტად კომპოზიციაშია, ვიდრე სხვა რამეში. ჰარმონიების აგება გიტარის საშუალებით. გიტარის ორკესტრირება. ვგულისხმობ ნამდვილ ორკესტრირებას, ისე როგორც ეს ხდება კლასიკური მუსიკის ნაწარმოებში", - ჯიმი პეიჯი.

90-იან წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს, როდესაც როკ მუსიკით სერიოზულად დავინტერესდი, ხელში ჩამივარდა ლედ ზეპელინის ორი ალბომი: უსათაურო მეოთხე და 1976 წლის დისკი Presence. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მოვიხიბლე Rock ‘N Roll-ით, Black Dog-ით და რაღა თქმა უნდა Stairway to Heaven-ით, Presence-მა, სადაც თითქოს ასეთი ცნობილი სიმღერები არ იყო, ჩემზე არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა. საოცრად ელექტრიზირებულმა ჟღერადობამ იმდენად მომხიბლა, რომ თვეების განმავლობაში ამ ალბომს დღეში რამდენჯერმე ვისმენდი. მაშინ არ არსებობდა არც ინტერნეტი, არც ბიოგრაფიული წიგნები და ზოგადად ინფორმაციის სრული დეფიციტი იყო, ამიტომ არ ვიცოდი როგორ შეიქმნა ეს სიმღერები, როგორ მოხდა მათი ჩაწერა სტუდიაში. უკვე წლების შემდეგ გავარკვიე, რომ Presence თვით ჯიმი პეიჯის საყვარელი ალბომია, რომელიც მაესტრომ ზეპელინის ჟღერადობის კვინტესენციად აღიარა

1975 წელს ლედ ზეპელინი ორმაგი ალბომით Physical Graffiti-თ შეხვდა. ალბომი ბრიტანეთში და შეერთებული შტატებში ჩარტების სათავეში მოექცა. ამას მოჰყვა შთამბეჭდავი ტურნე ამერიკაში და 5 კონცერტი ლონდონში. გაყიდული ბილეთების რაოდენობით, ალბომების ტირაჟით 70-იანი წლების პირველ ნახევარში ლედ ზეპელინმა იმ დროისთვის არსებულ ყველა სხვა როკ ჯგუფს (მათ შორის როლინგ სთოუნზსაც) გადაუსწრო, 1975 წლის შედეგებით კი Physical Graffiti ოკეანის ორივე მხარეს წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს, ლედ ზეპელინი კი საუკეთესო როკ ჯგუფად. 

მუსიკალური წარმატებების ფონზე 1975 წლის ზაფხულში ტრაგიკული მოვლენა მოხდა. რობერტ პლანტი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე ოჯახთან ერთად ისვენებდა. ავტომობილი, რომელშიც მუსიკოსი, მისი ცოლი, ორი ბავშვი და ჯიმი პეიჯის შვილი იმყოფებოდა გზიდან გადავარდა. ბავშვები უვნებლად გადარჩნენ, მაგრამ პლანტმა ხელის და ფეხის მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. კიდევ უფრო მძიმე იყო მისი მეუღლის, მორინის მდგომარეობა. ვინაიდან ლედ ზეპელინი ბრიტანეთში გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, ჯგუფის წევრებს სამშობლოში ყოფნა წელიწადში მკაცრად განსაზღვრული დღეების განმავლობაში შეეძლოთ. ამიტომაც პლანტი ლონდონში ვერ დაბრუნდა. ის კალიფორნიაში, მალიბუში ჯიმი პეიჯის სახლში გადაიყვანეს. მდგომარეობა რთული იყო. ექიმები ვერ იძლეოდნენ გარანტიას, რომ მუსიკოსი ფეხზე დადგებოდა და სიარულს შეძლებდა. პლანტის მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს ისიც დაემატა,რომ ოჯახი მისგან შორს იყო. ერთადერთი, რასაც მდგომარეობის შემსუბუქება შეეძლო ისევ მუსიკა იყო. ჯიმი პეიჯს უკვე ჰქონდა რამდენიმე ახალი კომპოზიცია. "სიმღერების იდეები მე მომქონდა, იმიტომ რომ სხვებს ისინი არ ჰქონდათ", - იხსენებს გიტარისტი. პეიჯი ლედ ზეპელინის მთავარი კომპოზიტორია და ჯგუფის მანამდე გამოსულ ყველა დისკში მისი წვლილი ისედაც ყველაზე დიდია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკალური თვალსაზრისით მომავალი ალბომი პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე პეიჯის იდეებით საზრდოობდა. ჯიმი გიტარით ხელში აკორდებს იღებდა, სავარძელში მჯდომი რობერტ პლანტი მელოდიას მიყვებოდა და ტექსტზე მუშაობდა. ასე დაიბადა Presence-ის სიმღერები. შემთხვევითი არაა, რომ როდესაც ალბომი გამოვიდა შვიდიდან ექვსი კომპოზიციის ავტორი პეიჯ-პლანტის დუეტი იყო და მხოლოდ ერთი სიმღერაა ჯგუფის ერთობლივი შემოქმედების შედეგი. 

ჯონ პოლ ჯონსი და ჯონ ბონემი კალიფორნიაში მოგვიანებით ჩავიდნენ, როდესაც ალბომის მონახაზი უკვე შექმნილი იყო. ჯონსმა მუსიკალურ მაღაზიაში რვასიმიანი ბას გიტარა შეიძინა. ეს ინსტრუმენტი მას შემდეგ სტუდიაში გამოადგება. გადაწყდა ახალი ალბომი ევროპაში, მიუნხენის სტუდია მიუზიკლენდში ჩაეწერათ. ალბომის ჩასაწერად მინიმალური დრო- 18 დღე იყო გამოყოფილი. ლედ ზეპელინის შემდეგ სტუდია როლინგ სთოუნზსს ჰქონდა დაჯავშნული. პეიჯს, რომელიც თავად იყო ჯგუფის ყველა ალბომის პროდუსერი, სტუდიაში მუშაობის დროს დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ეძინა. ჯიმი პეიჯი: "ჩაწერის დასრულებისთანავე მე და ხმის ინჟინერმა კეით ჰარვუდმა დავიწყეთ მიქშირება. ვმუშაობდით სანამ დაღლილობისგან არ ჩაგვეძინა. შემდეგ ვინც იღვიძებდა, სხვებსაც აღვიძებდა და მუშაობას ისევ ვაგრძელებდით".

1976 წლის 31 მარტს შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში კი 5 აპრილს გამოვიდა ლედ ზეპელინის რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი- Presence. გამხსნელი კომპოზიცია Achilles Last Stand - ალბომის ყველაზე გრძელი სიმღერა, რომელიც 10 წუთი და 25 წამი გრძელდება, გიტარის იდუმალი არპეჯიოთი იწყება. კომპოზიცია პეიჯისა და პლანტის მიერ მაროკოში ატლასის მთების მონახულების შემდეგ შეიქმნა, თუმცა რამდენიმე აკორდი ჯიმი პეიჯს უფრო ადრე ჰქონდა მოფიქრებული, რადგან 1973 წელს Dazed and Confused-ის მედისონ სქვერ გარდენის საკონცერტო ვერსიაში ისმის მსგვავსი ინსტრუმენტალური ფრაგმენტი. ტექსტთან ერთად აღმოსავლური მუსიკის გავლენა გიტარის პარტიებშიც იგრძნობა. Achilles Last Stand-ში პეიჯმა კიდევ ერთხელ გამოავლინა გიტარის ორკესტრირების უბადლო ნიჭი. გიტარის ზედნადებ პარტიებთან ერთად საოცარია სოლო, რომელიც 03-41 წამზე იწყება, გიტარის სოლოს შუაში და ბოლოში ავტომატური იარაღის გასროლის მსგავსად ისმის ჯონ ბონემის დასარტყამი ინსტუმენტის ხმა. საერთოდ ამ სიმღერაში ბონემის დაკვრა, მისი ურთულესი პარტია ალბათ ლეგენდარული დრამერის სტუდიურ ჩანაწერებში ერთ-ერთი საუკეთესოა. ცალკე უნდა აღინიშნოს ჯონ პოლ ჯონსის განუმეორებელი ბასი. და რობერტ პლანტი... არასდროს მისი ხმა არ ჟღერს ასე ტრაგიკულად და დრამატულად. Achilles Last Stand-ის ტექსტი შესაძლოა რობერტ პლანტის, როგორც ლირიკოსის შემოქმედებითი მწვერვალიც კი იყოს. სიმღერის სახელწოდებაც ერთგვარი მინიშნებაა-აქილევსის ყველაზე სუსტი წერტილი ქუსლია, პლანტი სიმღერის ჩაწერის დროს სავარძლიდან ვერ დგებოდა. როდესაც სიმღერები იქმნებოდა კალიფორნიაში და შემდეგ უკვე ალბომის ჩაწერის დროს გერმანიაში მან არც კი იცოდა შეძლებდა თუ არა ფეხზე დადგომას, სცენაზე გასვლას. სიმღერა ზუსტად იმავე აკორდებით მთავრდება, რითაც დაიწყო. 10 წუთმა ისე გაირბინა, რომ მსმენელს დროის შეგრძნება დაკარგული აქვს. მოგვიანებით პეიჯი იტყვის, რომ Achilles Last Stand მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც Stairway to Heaven და Kashmir. "ვფიქრობ, რომ Achilles Last Stand-ის სოლო მართლაც განსაკუთრებულად კარგი გამოვიდა. როდესაც დღეს მას ვუსმენ ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, ეს სოლო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - ჯიმი პეიჯი.

ალბომის მეორე სიმღერა For Your Life პეიჯისეული გიტარის საფირმო მძიმე რიფით იწყება. ეს სიმღერაც დრამატიზმით სავსეა, სადღაც 5:30 წამზე პლანტის ვოკალი ერთგვარ ხრიალშიც კი გადადის. ტექსტი დამაფიქრებელია - For Your Life-ში რობერტ პლანტმა აღწერა ის სურათი, რისი მომსწრეც თავად იყო კალიფორნიაში, როდესაც სხვადასხვა როკ მუსიკოსები და მათი გარემოცვა ნარკოტიკული ვაკხანალიით იყვნენ დაკავებული. 

For Your Life-ს შედარებით "მსუბუქი" ალბომის ყველაზე მოკლე კომპოზიცია Royal Orleans მოსდევს. ისიც პეიჯის რიფზეა აწყობილი. სიმღერის ისტორია კურიოზულ ისტორიას უკავშირდება. ტექსტში პლანტი ახსენებს ნაცნობს, რომელიც ბარიდან ქალთან ერთად გამოვიდა, სასტუმროს ნომერში კი გაარკვია რომ მასთან ერთად ტრანსვესტიტი იყო. (პლანტის მიერ ნახსენები ნაცნობი არც მეტი არც ნაკლები ბას გიტარისტი ჯონ პოლ ჯონსია). ეს არის ალბომის ერთადერთი სიმღერა, რომლის თანაავტორებიც ჯონსი და ბონემი არიან.

ალბომის მეორე გვერდი იხსნება კომპოზიციით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ბლუზზე დაშენებული ჰარდ როკი. ბლუზმენ ბლაინდ ვილი ჯონსონის მიერ 1927 წელს ჩაწერილი სიმღერა It’s Nobody’s Fault but Mine, პეიჯ- პლანტის დუეტმა სრულად გარდაქმნა, ისე რომ ორიგინალისგან მუსიკალური თვალსაზრისით ბევრი არაფერი დარჩა. პლანტმა ტექსტიც შეცვალა და მივიღეთ ტიპიური ზეპელინური კომპოზიცია. საოცარია რობერტ პლანტის მიერ ჰარმონიკაზე დაკრული სოლო, რომელიც ბლუზური გიტარის ჟღერადობის ეფექტს იძლევა. ჯიმი პეიჯის სოლო, ისევე როგორც ალბომის ყველა სიმღერაში, აქაც უზადო და ორიგინალურია. ცალკე აღსანიშნავია წამიანი პაუზები სიმღერის ნაწილებს შორის, რომელთა შემდეგაც ბონემის დასარტყამი ინსტრუმენტი მეხის გავარდნასავით ისმის.

ალბომის მეხუთე კომპოზიცია Candy Store Rock 50-იანი წლების როკ ენ როლს წააგავს. პეიჯი გიტარაზე მოკლე, მაგრამ ძალიან ეფექტურ სოლოს უკრავს. მიუხედავად იმისა, რომ რობერტ პლანტმა ეს სიმღერაც გამოარჩია Presence-ის კომპოზიციებს შორის, Candy Store Rock ალბათ მაინც ალბომის ყველაზე სუსტი სიმღერაა. ეს არის ერთადერთი კომპოზცია Presence-ში, სადაც პეიჯმა აკუსტიკურ გიტარაზეც დაუკრა, თუმცა მიქშირებისას ეს ჟღერადობა მთლიანად დაიკარგა. Presence იმითაც გამოირჩევა, რომ ერთადერთი ალბომია ლედ ზეპელინის დისკოგრაფიაში, სადაც ჯონ პოლ ჯოუნსს კლავიშებზე ერთი აკორდიც კი არ აუღია.

Hots On for Nowhere-ს იდეა პეიჯმა Achilles Last Stand-ის მსგავსად 1975 წელს საკონცერტო მარათონულ კომპოზიცია Dazed and Confused-ში დაამუშავა. ეფექტურია მისი დაბოლოება. პეიჯის აკორდებით სიმღერა თითქოს მთავრდება, მაგრამ მოულოდნელად ჯგუფი ისევ უბრუნდება საწყის თემას.

Presence სრულდება ბლუზით, რომელიც თითქმის 10 წუთი გრძელდება. Tea For One ლოგიკური დასასრულია იმ დაძაბული და დრამატული პერიოდის, რომელიც ჯგუფმა ალბომის შექმნის დროს გაიარა. მარტოოობის, იმედგაცრუების და ნოსტალგიის გრძნობა, რომელიც პლანტს ჰქონდა სრულიად გასაგებია. სიმღერის სტრუქტურა ჰგავს ზეპელინის ძველ ბლუზს - Since I’ve Been Loving You. "მინდოდა რაღაც განსხვავებული შემექმნა, ვიდრე ბიბი კინგის სტილში აკორდების აღება", - ამბობს ჯიმი პეიჯი. Tea For One მართლაც არის განსხვავებული და თვითმყოფადი თეთრი ბლუზი. არა ისეთი ცნობილი, როგორც Since I’ve Been Loving You, თუმცა ბევრისთვის მასზე არანაკლებ ძვირფასი და ღირებული. 

ალბომი Presence გამოსვლისთანავე როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე შეერთებულ შტატებში ჰიტ პარადის სათავეში მოექცა. ბრიტანეთში ეს იყო ჯგუფის ზედიზედ მეექვსე პირველი ალბომი. თუმცა Presence გაყიდული ალბომების რაოდენობით საგრძნობლად ჩამორჩა ლედ ზეპელინის სხვა ალბომებს. (ეს ჩამორჩენაც შედარებითია. Presence შეერთებულ შტატებში სამი მილიონი დისკის რაოდენობით გაიყიდა. ასეთ მაჩვენებელს ბევრი დიდი როკ ჯგუფი თუ მუსიკოსი ინატრებდა) ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებდნენ.
1. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი საკონცერტო ალბომი The Song Remains The Same. ჯგუფის ფანები საკონცერტო ალბომს მთელი 7 წელი ელოდნენ და მან თითქოს გადაჩრდილა სტუდიური ნამუშევარი.
2. მუსიკალური კლიმატი შტატებშიც და ევროპაშიც შეიცვალა. პოპულარული გახდა დისკო, დაიწყო ე.წ. პანკ რევოლუცია.
3. ალბომის უკომპრომისო ჰარდ როკ ჟღერადობა, რაც ზოგიერთი მსმენელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა (მაგალითისთვის Presence-ის წინამდებარე Physical Graffiti სტილისტურად გაცილებით უფრო მრავალფეროვანი ალბომია)

საბოლოოდ Presence-მა მაინც მიიღო თავისი წილი აღიარება. ბევრი მუსიკალური კრიტიკოსი ალბომს გამოსვლისთანავე მაღალ შეფასებას აძლევდა, თუმცა არაერთმა ზეპელინის მუსიკის შემფასებელმა ალბომის მიმართ კრიტიკა წლების შემდეგ საქებარი სიტყვებით შეცვალა. ლედ ზეპელინის მრავალმილიონიანი ფანობისთვის კი დღეს Presence ერთ-ერთი საყვარელი ალბომია. ალბომი, რომელმაც სრულად გამოხატა ჯგუფის განწყობა, სული და უშრეტი ენერგია, რის გამოც ლედ ზეპელინი დღემდე ასე დაფასებულია. 

მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

14 April 2016

დავით ქართველიშვილი

14 April 2016

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

14 April 2016

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

14 April 2016

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

14 April 2016

შემწვარი მწვანე პომიდვრები

14 April 2016

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

14 April 2016

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

14 April 2016

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

14 April 2016

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

14 April 2016

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

14 April 2016

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

14 April 2016

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

14 April 2016

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

14 April 2016

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

14 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

14 April 2016