16 April 2016
  • 1014 ნახვა

ხალხური საკრავები - მემკვიდრეობა თუ წარსულის ბარგი

თორნიკე ზედელაშვილი 22 წლისაა. ის ხალხური საკრავების შემსწავლელ სახელმძღვანელოებზე მუშაობს. პირველი წიგნი, რომლის გამოცემასაც თორნიკე აპირებს უძველეს ხალხურ ჩასაბერ საკრავზე სალამურზეა. წიგნს „სალამურის ანბანი" ჰქვია. როგორც თორნიკე ამბობს მუშაობის პროცესი ძალიან შრომატევადია, დიდ დროსა და ასევე ენერგიას მოითხოვს. საკრავთმცოდე მიიჩნევს რომ, ქვეყანაში ამ კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და პროცესში, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის ჩართვა აუცილებელია.

„საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, მისი კულტურისა და ისტორიისათვის ხალხური ინსტრუმენტები ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ხალხური საკრავების თვითშემსწავლელი სახელმძღვანელო დღემდე არ არსებობდა. გადავწყვიტე, პირველ რიგში, უძველეს ხალხურ ჩასაბერ საკრავზე სალამურზე შემექმნა წიგნი.
სანამ სახელმძღვანელოზე მუშაობას დავიწყებდი, სხვა ქვეყნებში მსგავსი მასალების არსებობის შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე. კვლევის შედეგად აღმოვაჩინე რომ მასალა ძალიან მწირი იყო.
ჩემი წიგნი ილუსტრირებულია და მასში სალამურის ჩაბერვის ტექნიკა, თითების განლაგება, მარტივი სავარჯიშოების შესრულება, ორი სალამურით დაკვრის ხერხები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია აღწერილი. წიგნში ასევე ციფროვკით (ლათინურ ასოები, რომლის საშუალებითაც აღინიშნება თითოეული ნოტი) დაწერილი 30-მდე ნაწარმოებია შეტანილი. ასევე გაკეთებული მაქვს რამდენიმე ვიდეო გაკვეთილი, რომელიც ვებ-გვერდზეწწწ.ხალხური.ცომ-ზეა ხელმისაწვდომი.
ჩემი მიზანია რომ, ადამიანებში, ქართული ხალხური ინსტრუმენტების შესწავლის ინტერესი უფრო მეტად გავაღვივო, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრი ინსტრუმენტი მივიწყებულია და ხმარებიდანაც ამოღებულია.
ჩემი აზრით საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნის გამოცემა, რადგან ის ორენოვანია. გამოიცემა, როგორც ქართული, ასევე ინგლისური ვერსია. წიგნის გამოცემა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ქართული ხალხური საკრავების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ჩემი დიდი სურვილია რომ, წიგნი ასევე ბრაელის შრიფტით დაიბეჭდოს.
რაც შეეხება მუშაოების პროცესში არსებულ პრობლემურ საკითხებს ვიტყვი იმას, რომ არ არის ფინანსები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში ფულის ჩადება არავის უნდა. პირველ რიგში, სწორედ ამ პრობლების გამო მიხდება რომ წიგნის დიზაინერი, მხატვარი, მწერალი და ამკრეფი მე თვითონ ვიყო. თუმცა უნდა აღვნიშნო რომ წიგნი ინგლისურად ჩემმა მეგობრმა თარგმნა, ხოლო კომპიტერული მომსახურება ერთ-ერთმა კომპანიამ, ასევე, უსასყიდლოდ გამიწია.
ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთი საკითხებით უნდა ინტერესდებოდნენ ბიზნესმენები და სახელმწიფო ორგანოები, როგორებიც არის კულტურის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და ასე შემდეგ. ასევე მიმაჩნია, რომ მედიასაშუალებები აქტიურად უნდა აშუქებდნენ ასეთ თემებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემებზე თუ ვსაუბრობთ ყველაზე მეტად ის უნდა გამოვყო, რომ პრობლემა არის განათლების მხრივ. ჩვენი კულტურა, ჩვენი უძველესი საკრავები თუ სიმღერა იმიტომ არის დავიწყებული, რომ სკოლებში თუ უნივერსიტეტებში ამ მიმართულებით ახალგაზრდები განათლებას არ იღებენ. როდესაც საგანს მუსიკა ან ხელოვნება ჰქვია, ვფიქრობ რომ მასში ქართული ხალხური ინსტრუმენტების ისტორია აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი. არ ვამბობ, რომ ბახი ან მოცარტი არ უნდა ასწავლონ, თუმცა სწავლის პროცესში ქართული პრიორიტეტული უნდა იყოს. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის ვინ იყო ომარ კელაპტრიშვილი, ალბათ ასევე არ იცის ვინ იყო ჰამლეტ გონაშვილი, ეს იმიტომ რომ, არ ვასწავლით.
ვფიქრობ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და მსგავსი საგნების სახელმძღვანელოებში, როგორებიცაა მუსიკა და ხელოვნება, ქართული ხალხური ინსტრუმენტების ისტორია და აღწერა უნდა შეიტანოს.
ხშირად ისმის კითხვა - გვეშველება რამე? მე მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. გვეშველება, როდესაც ჩვენის, ქართულის დაფასებას ვისწავლით, არა მხოლოდ ინსტრუმენტების, არამედ იმის რაც საქართველოს, როგორც ქვეყანას და როგორც ერს გვაქვს. აი მაშინ გვეშველება."
მსგავსი

წარსულის ფაქტების დამახინჯება, ხალხური ფანდური კახეთში შეიქიმნა, თუმცა მას არა ჩონგურს, არამედ ჩანგურს ეძახდნენ

16 April 2016