21 April 2016
  • 2273 ნახვა

ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი - სუნი, რომელშიც ვცხოვრობთ

ჩანთა უხეში ტყავის იყო, დახორკლილი, სარჩული არ ჰქონდა და რაღაცნაირი სუნი ასდიოდა - მქისე. ერთი ეგ იყო, ამ სუნს შუშის სამელნეში ჩასხმული მელნის და ახალი წიგნების შორეული სუნი მოუბერავდა ხოლმე. უჯრიან და ცალხაზიან რვეულებსაც არ ჰქონდა უსიამოვნო სუნი, შეიძლება მათი მკრთალი, ძარღვებივით ლურჯი ხაზები უფრო საინტერესო იყო და იმიტომ. გაზაფხული ამობრუნებული, ნასვენები მიწიდან ამოყრიდა სუნებს, ზაფხული გამღვალი მზის სუნს დააყენებდა, შემოდგომა მოთიბული ბალახის სუნს დაატრიალებდა, ზამთარი ყინულის ლოლუების გამჭვირვალე სუნს აიკრავდა და ჩანთა ვიღას ახსოვდა. 

ამ შეგრძნებებიდან დიიდი დრო გავიდა, მაგრამ ტვინის რომელიღაც ნეირონის მიერ დამახსოვრებული სუნები უადგილო ადგილას, უდროო დროს გახსენებს თავს და იმ პირველ აღქმასთან გაბრუნებს, ბავშვობის განუმეორებელ სუნთან, როცა სახლებს, ნივთებს, შეგრძნებებს და ადამიანებს სწორედაც რომ სუნით იმახსოვრებ.

დიდობის სუნიც განუმეორებელია. რაც არ იცვლება, განუმეორებელია, აბა, რა არის?!

 17 წლის ვიყავი, ტელევიზიაში რომ მოვედი. ხუთოსანი არ ვიყავი, გავლენიანი მშობლები და „დელეცი“ ნათესავები არ მყავდა და უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი. მეორე წელს რომ ჩაგებარებინა, სამუშაო სტაჟს ითხოვდნენ, მგონი, ასე ერქვა, თავს ვერ დავდებ. მოკრძალებულმა ნათესავმა ტელევიზიაში მომიყვანა, ტელეოპერატორების ასისტენტად. მაშინ ძალიან უცხო და იდუმალი სახელი ერქვა ჩემს სტატუსს - კაბელმეისტერი. სტუდიის პორტატული კამერები კაბელებით იყო მიბმული სააპარატოსთან და კონცერტების, ტელესპექტაკლების თუ მასობრივი გადაცემების ჩაწერისას კამერები მთელ სტუდიაში გადაადგილდებოდა, კამერის ბორბლებს რომ არ ჩაეთრია, კაბელი ხელში უნდა მჭეროდა და ოპერატორს მივყოლოდი. ოპერატორები მიფრთხილდებოდნენ, ხელები რომ არ დამსვროდა, კაბელს არ მაკარებდნენ ხოლმე. ვიჯექი სტუდიაში გადაღებების დროს და გარემოს ვაკვირდებოდი, მაშინდელი სუნი არ მახსოვს, ეტყობა, არ შევუწუხებივარ. 1982-83 წელია, მშრალი კანონია ქვეყანაში და ტელევიზიაში სასმელის გაჭაჭანება სარისკო საქმეა. ოპერატორებს უყვარდათ გადახუხვა და წარმოიდგინეთ, როგორი სასჯელი იყო მათთვის მთელი დღისა და ღამის გადაღებები და ურელაქსაციობა. დაცვაში ერთი მეხთამტეხელი პეტრო იდგა და სუნით გრძნობდა, ვის რა ედო ჯიბესა თუ ჩანთაში. მე ინგლისურში ვემზადებოდი და ბონკი-ეკერსლის წიგნებით გაძეძგილი ჩანთით დავდიოდი სამსახურში. ახლა, სადაც შემოსავლების სამსახურია, იქ რაიკომის შენობა იყო, დამხვდებოდა სამი ოპერატორი (არცერთი აღარაა ცოცხალი), არყის ბოთლებით ხელში, ამომიყრიდნენ ჩანთიდან წიგნებს, ჩამიდებდნენ ორ ბოთლ არაყს, რვეულებით გაჭედავდნენ, რომ არ ეწკარუნათ. შიშით გავივლიდი პეტროს უღელტეხილს, ოპერატორები შთაგონებული სახეებითა და იღლიაში ამოჩრილი ბონკი-ეკერსლით მომყვებოდნენ და ასე მთავრდებოდა ჩვენი კონტრაბანდული სვლა-გეზი :) ოპერატორები ცალკე სამყაროს შვილები არიან, დღემდე, ყველაზე კარგად, მათთან ვგრძნობ თავს. 

 მეორე წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, ტელეჟურნალისტიკაზე, დავბრუნდი ტელევიზიაში, მერე წავედი და ისევ დავბრუნდი. ტელევიზიასთან მიჯაჭვულობის ამბავზე, სხვა დროს მოგიყვებით.

60 წლის ტელევიზიის პირდაფჩენილი, მრავალტანჯული კიბეების (ერთხელ დავწერე ამ კიბეებზე) ავლისა და შენობაში შემოსვლისას გრძნობ, ნესტოებში როგორ გიძვრება სპეციფიკური სუნი: ძველი და არაერთხელ ლინოლიუმით დაკერებული იატაკის, ჩაგმანული ფანჯრების, დერეფანში მიმოფანტული ხარახურის, გაქუცული კაბელების და ათასი ჯანდაბა-დოზანის. მაგრააამ, ეს სუნი სულ სხვაა, მოუშორებელი, განუმეორებელი - ფეკალიებში არეული შიშის, წარსულის და გამქრალი კულტურის სუნი. 

 პირველი სტუდიისკენ მიმავალ დერეფან-საზვერეს რომ გაუყვები, აიი, იქ, ორ, ზოოპარკის გედებივით თეთრი პლასტმასის კართან (ასეთი ტყუპი კარი ყველა სართულზეა) იგრძნობ, როგორი ამაოების ბაზარია (თეკერეის სული ნათელში იყოს) დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელების მიხედვით აწყობილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციები, სტრუქტურები, სტრატეგიები, პრიორიტეტები და სხვა –ები. 

რით გინდა, ეს „პრესტიჟის“ სუნი ჩაანაცვლო: ფორმით, ფერით თუ შინაარსით, ევროპული ტელემოდელებითა და ეფექტური პრომოუშენით, პრემიუმ პროდუქტითა და მულტიმედია პლატფორმებით თუ იმ მიზნით, ჯერ ჩეჩმის ფსიქოლოგია შეცვალო ევროპული ყოფითი კულტურით და მერე მოაყოლო დანარჩენი ღირებულებითი სიკეთეები?! 

ეს სასჯელი სუნი თავისით არ გაქრება. ხანდახან, იმასაც ვფიქრობ, რომ მარკესის პერსონაჟებივით მოგვიცავს. როცა მისგან გაქცევას დავაპირებ, ისევ იმ უხეში ტყავის ჩანთის, მის სახელურზე მოკონწიალე სამელნის, ახალი წიგნების სუნს და რვეულების ძარღვებს ვიხსენებ. სხვანაირად, აბა, ამ სუნში, როგორ იცხოვრებ?!


მსგავსი

დიდი დამეგობრება - სოციალური ქსელები დიდ ნიუსრუმებთან ერთიანდებიან - თინათინ ბერძენიშვილის ბლოგი

21 April 2016

როგორ დავმარცხდი შახტაში

21 April 2016

„გარაჟი“ - ეს არის ურთიერთობა :)

21 April 2016

ტელეკრიტიკის პრობლემა ქართულ ტელემედიაში

21 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

21 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - ფსევდოდემოკრატიული ტელერეალობა

21 April 2016