25 April 2016
  • 1894 ნახვა

როგორ დავმარცხდი შახტაში

„როგორ ისიამოვნეთ შახტით?“ - ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, ნახშირის მომპოვებელი უბნის დათვალიერების შემდეგ, ადმინისტრაციამ და მათთან დაახლოებულმა პირებმა დამისვეს. ვერ ვიტყვი, რომ ცინიკურობა იგრძნობოდა მათ კითხვაში, უფრო მგონია, რომ მართლა სჯერათ იქ, მიწის ზემოთ, რომ მიწის სიღრმეში, კილომეტრებით ჩასულ მეშახტებს 8 საათიანი „სიამოვნება“ ელით. არც ის შემიძლია გავიგო, ადაპტაციის უნარით როგორ ხსნიან იმას, რასაც მეშახტე ყოველდღიური სამუშაო ცვლის ფარგლებში აკეთებს.  ზუსტად 4 საათი გავატარე მათთან ერთად და შახტიდან მიწის ზედაპირზე ამოსულს საუბარიც კი მიჭირდა. ამის მიზეზი ის მძიმე ფიზიკური და ფსიქოლგიური გარემო იყო, რომელში „ექსკურსიაც“ შახტის ადმინისტრაციამ მომიწყო.

მაღალი რისკის შემცველი პროფესიების სწავლების პროცესით „რეალურ სივრცეში“ მისვლის პირველივე თვეებში დავინტერესდი. ამას ისიც დაემატა, რომ 2016 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გააქტიურდა ჭიათურაში მომუშავე მაღაროელების სამუშაო პირობების საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტური გაერთიანებები და პროფკავშირები ხმამაღლა საუბრობდნენ არაჯანსაღ შრომით პირობებზე, რომელშიც ამ ადამიანებს უწევდათ მუშაობა. სწორედ ამიტომ, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ჩემი დაკვირვების ობიექტი გამხდარიყო ის სფერო, სადაც ადამიანებს სიცოხლისთვის საფრთხის შემცველი დარგისთვის, გვირაბგამყვანობისთვის, ამფეთქებლობისთვის და სხვა საქმიანობისთვის ამზადებდნენ. ზედაპირული მოკვლევის შედეგად ამ თემისთვის შესაფერის სივრცეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ისტიტუტში მივაკვლიე.

პროფესიულ სწავლებაზე მორგებული ეს საგანამანათლებლო დაწესებულება 2011 წელს გაიხსნა და დღემდე „საქნახშირის“ ერთ-ერთ ყველაზე აქტიური პარტნიორია პროფესიული კადრების მომზადების კუთხით. თუმცა, ამაზე უფრო ვრცლად ჩემს რეპორატაჟში, „რეალური სივრცეში“ მოგიყვებით. ახლა კი იმას გეტყვით, რაც მუშაობის პროცესში გადამხდა.

იანვარში დაგეგმილი გადაღების გადადება, გაზაფხულზე, მეშახტეების ქალაქში დაწყებული გაფიცვების გამო მომიწია. საბოლოო ჯამში, გადასაღებ მოედანზე აპრილის ბოლოს მოვხვდი. როგორც წესი, დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს ხოლმე დრამატურგიული სურათი, თუ სად და რა ფორმით წარიმართება ინტერვიუები. ამ შემთხვევაშიც ასე მეგონა, თუმცა ადგილზე მისვლისთანავე აღმოჩნდა, რომ იქ პროცესებს ყველა მართავდა, ჩემი და ჩემი ოპერატორის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ გადამღები ჯგუფის წინამძღოლი ზემოთ დასახელებული პროფესიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო, შახტის ტერიტორიაზე მისულებს, გასაუბრებების გავლა, ჯერ შპს "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის"ტექნიკურ დირექტორთან, შემდეგ გენერალურ დირექტორთან, ბოლოს კი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან მოგვიწია. მათ კაბინეტებში მოვისმინეთ რჩევა-დარიგეგები, თუ ვის გავესაუბრებოდით, რა რაკურსით შეგვეძლო კადრების აღება, რა ეტაპამდე უნდა გამოგვეყენებინა კამერა და ა.შ. პარალელურად ვპასუხობდი, კომპანიის პრეს-სამსახურის ზარებს, რომელსაც დაგეგმილი გადაღებების შესახებ, ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე მივაწოდე. ის ინტერვიუსთვის შესაფერისი პირების ჩამონთვალს მთავაზობდა.

სპეციალური ტანსაცმლის მორგების შემდეგ, აღმოვჩნდი ჯგუფში, რომელსაც ნახშირმომპოვებელი კომპანიის ტექნიკური დირექტორი ხელმძღვანელობდა. სტუდენტ-მეშახტეებთან შეხვედრამდე, მან მითხრა, რომ რამდენიმე მათგანი შვებულებაში იყო, ერთ-ერთს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ისინი ინტერვიუზე მაინც გამოცხადდნენ. მათთვის მისაღები საუკეთესო მოსაუბრეები იყვნენ და ალბათ, ამიტომ.

მოვლენები, ჩემი სურვილის და გეგმების საწინააღმდეგოდ ამის შემდეგაც ვითარდებოდა. მალე იმ სამუშაო ჯგუფის შახტაში ჩასვლის დროც მოახლოვდა, რომელსაც ჩვენ უნდა დავმგზავრებოდით. მეშახტეებისთვის განკუთვნილ ვაგონში ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, დაახლოებით დღის პირველ ნახევარში ჩავჯექი. ამით იწყებოდა სამკილომეტრიანი გზა მთის შუაგულში, და შემდეგ რამდენიმე ასეული მეტრი მიწაში. უკვე კარგად ვგრძნობდი, რომ აქ კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები მელოდა (რასაც ბუნებრივია, უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით, ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა), ამიტომ ვცდილობდი, მე და ოპერატორი ერთ ვაგონში მოვხვდრილიყავით, რასაც, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე. ვაგონის გასვლის თანმხლებ  ქაოსში, ოპერატორი ტექნიკურ დირექტორთან, მე კი ვაგონში - ინსტიტუტის დირექტორთან ერთად აღმოვჩნდი.

ე.წ. სახალხო მატარებელი დაიძრა. დაიწყო დიალოგი ინსტიტუტის დირექტორსა და სტუდენტ მეშახტეებს შორის, მომავალ გამოცდებთან დაკავშირებით. მეშახტეები პერიოდულად თვლემდნენ. როგორც მივხვდი, რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის დაწყებამდე, ისინი იმ ნახევარსაათიანი პერიოდით სარგებლობდნენ, რომელიც შახტის შესასვლელამდე მისვლას სჭირდება. ცხადია, ეს კადრები ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ოპერატორი სხვა ვაგონში იჯდა.

ვაგონების უხეში მოძრაობით შახტის ჩასასვლელამდე ნახევარ საათში მივაღწიეთ. აქ კამერის, მიკროფონის და ტელეფონის დატოვება გვთხოვეს.  მიზეზი უსაფრთხოების წესების გათვალისწინება იყო, რასაც ცხადია დავთანხმდი. კამერა და მიკროფონი ოპერატორთან ერთად, შახტის ზედაპირზე დავტოვე, ტელეფონი კი გამორთულ მდგომარეობაში თან წავიღე, თუმცა დრო და დრო სმარტფონის გამოყენების უფლებას მაძლევდნენ. შედეგს „რეალურ სივრცეში“ გაჩვენებთ.

შახტაში იმ ორ ძირითად უბანს ვესტუმრეთ, სადაც დღეს ნახშირის ყველაზე აქტიურად მოიპოვებენ. უბნებს შორის დამაკავშირებელი გზის ძირითადი ნაწილი ფეხით გავიარე: მკვეთრის სიბნელე, რომელსაც პერიდულად ჩაფხუტზე დამაგრებული სანათის სხივი კვეთს, ვენტილაციის სისტემა, რომელიც ტექნიკურ ხმაურთან ერთად, ცივი ჰაერით გაფხიზლებს,  კედელს აკრული მეშახტეები, რომლებიც გზას ტვირთის გადასაზიდ ვაგონს უთმობენ,  ნახშირის სპეციფიკური სუნი და მტვერი, რომელიც ბურღვითი სამუშაოების შედეგად დგება - ამ განცდებით გავიარე გზა, ვიდრე იმ ტექნიკურ დეტალებს გამაცნობდნენ, რომელიც შახტაში მუშაობისთვის არის დამახასიათებელი. მიყვებოდნენ რამდენი ამფეთქებელი ჰყავთ მომუშავეთა ჯგუფში, მაჩვენეს ხელსაწყო, რომელიც განსაზღვრავს, როდის არის უსაფრთხო ქანების დამუშავება, ნახშირის შეგროვება, ვაგონების დატვირთვა და გვირაბის გამაგრება.

ვგრძნობდი, რომ წნევის ცვალებადობით გამოწვეულ სხეულის სიმძიმეს ტვინის გადახურებაც ემატებოდა, რაც დიდი რაოდენობით ტექნიკური ინფორმაციის მიღებით იყო გამოწვეული. მთავარი კითხვების დასასმელად უბრალოდ ძალა არ დამრჩა, თუმცა თვითონ ძალიან ამაყობდნენ, იმით რომ ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ასე „ღრმად ჩაახედეს“ საკითხში. უკვე წარმოდგენილი ჰქონდათ, როგორ მოვყვებოდი ამას თეორიულად იმ დროში, იმ მედიაში და იმ გადაცემაში, სადაც ვიზუალურ ინფორმაცას ოქროს ფასი აქვს.

ერთმანეთის მიყოლებით მაცნობდნენ უბნის უფროსს, მის ახალ თანაშემწეს, მემანქანეს, რომელიც თავიდან ტვირითის გადამზიდავ ვაგონთან არ დაგვხვდა. როგორც მერე მივხვდი, ჩვენი სტუმრობის შესახებ სასწრაფოდ აცნობეს და რამდენიმე წუთში გვირაბის ერთ ნაწილში თავისივე ვაგონით წამოგვეწია. რამდენიმე მეტრი სწორედ მასთან ერთად გავიარე. შემდეგ, გზა ისევ ფეხით გავაგრძელე.

სხეულის სიმძიმეს შიმშილის გრძნობაც დაემატა. აქვე გამიჩნდა კითხვა, როგორ იკვებებოდნენ მეშახტეები სამუშაო პერიოდის განმავლობაში. მითხრეს, რომ თავისი წილი საკვები, ყველას მიწაში ჩააქვს. მუშების კვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, ტექნიკურმა დირექტორმა საბჭოთა პერიოდის ტრადიცია გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაცია თითოეულ მუშას მსუყე ულუფას შახტაში ატანდა. იუმორნარევი განცდებით მოგვიყვა, რამდენიმე წლის წინ, ფინანსური სირთულეებით შეწუხებული ერთ-ერთი მეშახტის ნათქვამი: „გიორეგვიჩ, ადრე ხარჩოს გვატენიდით და ახლა პურის ფულსაც აღარ გვაძლევთო“? - მართალი იყოო, იქვე დაამატა. მე არ გამცინებია.

რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმლით, რომელიც სულ უფრო მძიმდებოდა, შახტის გვირაბების ტალახიან მიწაზე მივაბიჯებდი და მოურიდებად ვსვამდი კითხვას, რა იყო გეგმის შემდეგი ნაწილი. მოგვაინებით, მგონი მიხვდნენ, რომ ჩემს სახეზე ემოციას ვეღარ კითხულობდნენ. ამ დროს ინსტიტუტის დირექტორის ხმა მომესმა: „სულ რომ არ გადავღალოთ ჩვენი სტუმარი, ჯობს მოვრჩეთ და ზევით ავიდეთ“. მივედით ადგილზე, სადაც ლიფტს უნდა დავლოდებოდით. ვერ მივხვდი, როდის დაწინაურდა, თუმცა მოსაცდელ პუნქტთან ლითონის ყურმილ მომარჯვებული ტექნიკური დირექტორი დაგვხვდა, რომელიც ზემოთ მყოფ დაცვის სამსახურის წარმომადგენელს ავალებდა, ოპერატორი იმ ადგილზე წაეყვანა, სადაც ნახშირის გამოტანის და დაბინავების პროცესი მიმდინარეობდა.

შახტაში დღის პირველ ნახევარში ჩასული, მზის ჩასვლას მიწის ზედაპირზე მივუსწარი და ჩვეულ ფორმას დავუბრუნდი. ვიდრე, ადმინისტრაციას დავტოვებდი ინსტიტუტის დირექტორისგან საჩუქარი მივიღე - მეშახტის სპეციალური ტანსაცმელი და ჩაფხუტი, რომელიც მხოლოდ იმიტომ წამოვიღე, რომ მეშახტეების ყოველდღიური შრომა და ის სიტყვები გამხსენებოდა, რომლითაც უბნიდან უბანზე მაცილებდნენ: „მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!..“

აქვე მაქვს პასუხი, რომელიც წესით, აუცილებლად გაჩენილ კითხვაზე უნდა მიიღოთ: როგორც ჟურნალისტმა, რატომ ვერ შევძელი ადმინისტრაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა? რატომ შევეგუე მარცხს შახტაში? 

უნდა ვაღიარო,  პირველი რასაც მივხვდი იყო ის, რომ შახტაში სრულიად მოუმზადებელი წავედი. ინფორმაცია, რომელიც შახტის მუშაობის პრინციპებზე წინასწარ უნდა მომემზადებინა, იმ ადამიანებისგან მოვისმინე, ვისთვისაც კრიტიკული კითხვები უნდა დამესვა. მიუხედავად იმისა, რომ ვცადე პირდაპირ მეთქვა, რომ ტელევიზიაში, ფაქტობრივად კადრების გარეშე ვბრუნდებოდი, სანაცვლოდ საყვედური მივიღე, წინასწარ უნდა გვცოდნოდა,  დოკუმენტური ფილმის გაკეთებას თუ გეგმავდიო, თუმცა ეს ხომ მათ გეგმებს რადიკალურად მაინც აღარ შეცვლიდა. ისიც ჩემი ბრალია, რომ ვერ გავუმკლავდი იმ ემოციურ და ინფორმაციულ შეტევას, რომელიც მიწის ფენებში არსებული მძიმე გარემოთი მივიღე. იმდენ რამეზე ვფიქრობდი ერთდროულად, რომ კითხვების დასმამდე ყველა გზა მეჭრებოდა. მაწუხებდა საკუთარი უხერხულობის განცდა, რომ იქიდან გამოვრბოდი, სადაც ჩემი, ჩემი ძმის, მამის და ბაბუის ასაკის მამაკაცები 8 საათიან სამუშო დღეს ატარებენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი, ისევ ადაპტაციის უნარზე მესაუბრებოდნენ, უნარზე, რომლის გამომუშავებას აქ, მამაკაცების უმატესეობა, 18 წლიდან იწყებს. და მაინც, თუ ეს შემგუებლობაა, ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაზე ძვირადღირებული უნარია, რასაც  ადეკვატური აღიარება სჭირდება.

ძვირადღირებული უნარია წინააღმდეგობა სისტემასთან, რომელიც, როგორც ჟურნალისტს, ჯერ არ აღმომაჩნდა. ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ეს ერთ-ერთი საჩვენებელი მარცხია ჩემს პროფესიაში.

P.S. კადრები და ინფორმაცია, რაც ამ პირობებში მოვიპოვე, „რეალურ სივრცეში“, მაისში გავა ანონსისთვის ჩვენს გვერდს უნდა ადევნოთ თვალი. მანამდე, კი რამდენიმე ფოტოს და მუსიკალურ ვიდეოს გიზიარებთ, რომელიც ვფიქრობ,  ყველაზე ახლოს დგას ამ დრომდე ჩემში შემორჩენილ ემოციებთან.


მსგავსი

დიდი დამეგობრება - სოციალური ქსელები დიდ ნიუსრუმებთან ერთიანდებიან - თინათინ ბერძენიშვილის ბლოგი

25 April 2016

ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი - სუნი, რომელშიც ვცხოვრობთ

25 April 2016

„გარაჟი“ - ეს არის ურთიერთობა :)

25 April 2016

ტელეკრიტიკის პრობლემა ქართულ ტელემედიაში

25 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

25 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - ფსევდოდემოკრატიული ტელერეალობა

25 April 2016