26 April 2016
  • 914 ნახვა

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - ბლუზ-როკის დაბადება - 50 წელი ალბომ Bluesbreakers with Eric Clapton-ის ჩაწერიდან

1966 წლის 2 მაისს ხმის ჩამწერ კომპანია "დეკას" სტუდიაში ბრიტანული ბლუზის პიონერი ჯონ მეიელი და მისი ჯგუფის- ბლუზბრეიკერსის წევრები ალბომის ჩასაწერად მივიდნენ. ჯგუფის გიტარისტს 21 წლის ერიკ კლეპტონს ლონდონის მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობდნენ, როგორც ვირტუოზ ინსტრუმენტალისტს. იმ დღეს, როდესაც ჯგუფი "დეკას" სტუდიაში შევიდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქ ჩაწერილი მუსიკა არა მარტო ბრიტანული ბლუზის განვითარებისთვის გახდებოდა ათვლის წერტილი, არამედ თანამედროვე როკ გიტარის ჟღერადობის შექმნის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცეოდა.

ჯონ მეიელი იმ დროისთვის უკვე 32 წლის იყო ანუ გაცილებით უფრო ასაკოვანი ვიდრე ჯგუფის ნებისმიერი წევრი, ჰყავდა ოჯახი და შვილები. ის იყო დისციპლინირებული, ორგანიზებული, ვეგეტარიანელი და ზოგადად ჯანსაღი კვების მომხრე, ვერ იტანდა სასმელს და ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლს ეტანებოდნენ. "მეიელი საოცარი ადამიანი იყო- იხსენებს კლეპტონი. "ჯგუფში არავის ჰქონდა დალევის უფლება. ერთხელ როდესაც ბირმინგემიდან ლონდონში მოვდიოდით ჯონ მაქვი(ბას გიტარისტი) ნასვამი მანქანაში გაიშხლართა. მეიელმა ის მანქანიდან ჩამოსვა და შუა გზაში დატოვა."

ერიკ კლეპტონმა წინა ჯგუფი იარდბერდზი კომერციული რეპერტუარის მიზეზით დატოვა და "ნამდვილი” ბლუზის დასაკრავად ბლუზბრეიკერსს 1965 წლის აპრილში შეუერთდა. ჯგუფს გადატვირთული საკონცერტო გრაფიკი ჰქონდა. კონცერტები ყოველდღე, ხშირად დღეში ორჯერ ტარდებოდა. კლეპტონის გასამრჯელო კვირაში 35 გირვანქა იყო. გიტარისტი დროებით ჯგუფის ლიდერის სახლში დასახლდა. ორივეს- კლეპტონსაც და მეიელსაც შავკანიანი ამერიკელების ბლუზი ფანატიურად უყვარდათ. მეიელს სახლში ბლუზის ჩანაწერების უნიკალური კოლექცია ჰქონდა, რომლის მსგავსიც კლეპტონს მანამდე არსად უნახავს. 

1965 წლის აგვისტოში ერიკ კლეპტონმა ბლუზბრეიკერსი დროებით დატოვა და მეგობრებთან ერთად საბერძნეთში წავიდა. კლეპტონის ადგილი ჯგუფში იმ დროს ჯერ კიდევ უცნობმა გიტარისტმა პიტერ გრინმა დაიკავა. ნოემბერში კლეპტონი ლონდონში ჩამოვიდა და მეიელმა ის ჯგუფში მაშინვე დააბრუნა. გიტარისტს ბლუზბრეიკერსში ახალი ბასისტი- ჯეკ ბრუსი დახვდა( ჯონ მაქვი მეიელმა ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების გამო ჯგუფიდან გააგდო).ცოტა ხანში ბრუსმა ფინანსურად უკეთესი შეთავაზება მიიღო მანფრედ მენისგან და ბლუზბრეიკერსი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკ ბრუსი ჯგუფში დიდხანს არ დარჩენილა, მისმა დაკვრის დინამიურმა სტილმა კლეპტონზე დიდი გავლენა მოახდინა. მეიელმა ჯგუფში ბას-გიტარისტის პოზიციაზე ისევ ჯონ მაქვი დააბრუნა.

კლეპტონის დაბრუნება ბლუზბრეიკერსში მსმენელმა სიხარულით მიიღო. კონცერტებზე მისმა ვირტუოზულმა სოლოებმა და იმპროვიზაციულმა ნიჭმა ელექტრო გიტარა სრულიად ახალ, მანამდე წარმოუდგენელ სიმაღლეზე აიყვანა. კლეპტონის გიტარის ჟღერადობა იმდენად მძლავრი და სრულყოფილი იყო, რომ მის ფონზე სხვა გიტარისტების საუნდი უბრალოდ იკარგებოდა. სწორედ ამ დროს ჩნდება ლონდონის ქუჩებში კედლებზე წარწერები: Clapton is God, კონცერტების დროს კი აღტაცებული პუბლიკიდან ხშირად ისმოდა შეძახილები Give God a Solo!

ჯონ მეიელის თავდაპირველი იდეით ჯგუფს ახალი ალბომი სცენაზე უნდა ჩაეწერა. ჯგუფის ლიდერის აზრით "ცოცხლად" შესრულება გიტარისტს მეტ თავისუფლებას მისცემდა. ჩაწერეს კლუბ "ფლამენგოში" ჩატარებული კონცერტი, მაგრამ ჩანაწერის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყდა ალბომი სტუდიური ყოფილიყო.

"დეკას" სტუდიაში შეკრებილი მუსიკოსების შემადგენლობა ასეთი იყო: ჯონ მეიელი - ვოკალი, პიანინო, ჰამონდის ორგანი, ჰარმონიკა, ჯონ მაქვი - ბას გიტარა, ჰიუვი ფლინთი - დასარტყამი ინსტრუმენტი, ერიკ კლეპტონი - ელექტრო გიტარა. სტუდიაში კლეპტონი Gibson Les Paul Standard და მარშალის გამაძლიერებლით Marshal JTM 45-ით მივიდა. კლეპტონს კონკრეტული ხედვა ჰქონდა: იმისთვის, რომ მისი გიტარის სიმძლავრე ვინილზე სრულად წარმოჩენილიყო საჭირო იყო ხმის დონე ისეთივე ყოფილიყო, როგორც ეს კლუბში შესრულების დროს ხდებოდა. გიტარისტის გადაწყვეტილებამ ხმის ინჟინერ გას დადჯენს თავსატეხი გაუჩინა. მან უბრალოდ არ იცოდა როგორ გამკლავებოდა ხმის დონეს, რომელიც ინსტრუმენტიდან მოდიოდა. ხმის ინჟინერი მოგვიანებით იხსენებდა: "არავის დაუკრავს მანამდე სტუდიაში ასე ხმამაღლა. მაშინაც კი, როდესაც როლინგ სთოუნზს ვწერდი. მე უბრალოდ ვთხოვე პროდუსერ მაიკ ვერნონს, რომ კლეპტონს დალაპარაკებოდა." მაიკ ვერნონი: "ერიკს ვუთხარი -გასმა უბრალოდ არ იცის, როგორ ჩაწეროს შენი გიტარა. მას ცხოვრებაში არ ჰქონია ასეთი შემთხვევა. შეგიძლია ხმას დაუწიო? ერიკმა ზრდილობიანად მიპასუხა: "არ შემიძლია. თუ ხმას დავუწევ, ჟღერადობა შეიცვლება და ვერ მივიღებ იმას, რაც მჭირდება. ის ინჟინერია, შენ პროდუსერი. უთხარი ხმას მიხედოს, პროდუსინგი კი შენი საქმეა." საბოლოოდ გიტარისტმა თავისი გაიტანა და გიტარა ჩანაწერში ზუსტად ისე ისმის, როგორც კლეპტონს სურდა.

ბლუზბრეიკერსმა ალბომისთვის 12 კომპოზიცია ჩაწერა და სტუდიაში ჩანაწერის გასაკეთებლად სულ ორი დღე დასჭირდა. ალბომის გამოსვლიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ეს ჩანაწერი საოცრად თანამედროვედ ისმის. ამის მიზეზი პირველ რიგში ერიკ კლეპტონი და მისი გიტარაა. დისკი ოტის რაშის ქავერით All Your Love იხსნება. ალბომის პირველივე აკორდებიდან ჩანს, რომ გიტარის ჟღერადობა სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე სტუდიაში ჩაწერილა. გიბსონის გიტარის "მსუყე“ საუნდი სხვა ინსტრუმენტებზე დომინირებს, ეფექტური სოლო კი ტემპის ცვლილების შემდეგ აგრესიულ ბგერაში გადადის.

ალბომის მეორე კომპოზიცია კლეპტონის ერთ-ერთი საყვარელი ბლუზმენის ფრედი კინგის ინსტრუმენტალი Hideway-ია. ის გიტარის მძლავრი აკორდებით იხსნება, შემდეგ გიტარა კიდევ უფრო მკვეთრად ისმის, 2:30 წამზე კი ერთგვარ კულმინაციას აღწევს, სადაც მას ბასი და დასარტყამი ინსტრუმენტიც კარგად აყვება.

ჯონ მეიელი ერთ-ერთი იშვიათი თეთრკანიანი ბლუზმენია, რომელსაც პრიორიტეტად ყოველთვის საკუთარი, ორიგინალური მუსიკის შექმნა ჰქონდა. დროთა განმავლობაში მისი, როგორც კომპოზიტორის ოსტატობა დაიხვეწა და მეიელმა ამ ჟანრს არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია შემატა. ამ ალბომშიც, რომელიც მის დისკოგრაფიაში მხოლოდ მეორე იყო, არის მეიელის ხუთი კომპოზიცია. Little Girl-ს, სადაც გიტარისტმა კიდევ ერთი შესანიშნავი სოლო შეასრულა და ჰარმონიკიან Another Man-ს მოსდევს Double Crossing Time, რომლის თანაავტორიც ერიკ კლეპტონია. ეს ბლუზი მეიელმა იმ იმედგაცრუების შემდეგ დაწერა, რაც ჯგუფიდან ჯეკ ბრუსის წასვლას მოჰყვა. 

ალბომის პირველ გვერდი რეი ჩარლზის ცნობილი What’d I Say ით სრულდება, სადაც ჰიუვი ფლინტს დასარტყამი ინსტრუმენტის სოლო აქვს, რომელსაც მოჰყვება პატარა სიურპრიზი კლეპტონისგან - გიტარისტი ბითლზის Day Tripper-ის აკორდებს იღებს.

ალბომის მეორე გვერდი მეიელის ენერგიული Key To Love-ით იხსნება. კლეპტონი ამ კომპოზიციაშიც მძლავრ, როკულ სოლოს უკრავს. Parchman Farm მისისიპის დელტის ბლუზია, თუმცა რომც არ ვიცოდეთ ვინ ასრულებს მაინც ადვილი მისახვედრია, რომ მუსიკოსები არა მისისიპის, არამედ თემზის ნაპირთან იმყოფებიან. (ბრიტანულობა მეიელის ბლუზურ შემოქმედებას მუდმივად გასდევს). Parchman Farm-ის შემდეგ კიდევ ერთი მეიელის ბლუზი Have You Heard-ია, სადაც კლეპტონმა შესაძლოა ყველაზე უკეთ მოახერხა ის, რაც სურდა - დაეკრა ისე, როგორც კონცერტზე უკრავდა.

რობერტ ჯონსონს ერიკ კლეპტონი ბლუზის ისტორიაში ყველაზე დიდ ფიგურად მიიჩნევს. 2004 წელს გიტარისტმა ორი სტუდიურ ალბომი ჩაწერა, რომლებიც მთლიანად ბლუზის კლასიკოსის სტანდარტებით შედგება. თუმცა სტუდიაში პირველად ჯონსონის ბლუზი კლეპტონმა სწორედ ბლუზბრეიკერსში შეასრულა. Ramblin’ on My Mind იმითიც არის აღასანიშნავი, რომ ის ერიკ კლეპტონისთვის, როგორც ვოკალისტისთვის სადებიუტო აღმოჩნდა. 

Steppin Out ალბომის მეორე ინსტრუმენტალია, რომელიც მოგვიანებით ჯგუფ ქრიმის საკონცერტო რეპერტუარის შემადგენელი ნაწილი გახდა. ამ კომპოზიციის კიდევ ერთი ვერსია კლეპტონმა იმავე 1966 წელს Eric Clapton and the Powerhouse-თან ერთად ჩაწერა, ჯგუფთან, რომელიც სულ მოკლე პერიოდი არსებობდა და "ვარსკვლავური“ შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული(კლეპტონთან ერთად აქ სტივ უინვუდი, ჯეკ ბრუსი, პოლ ჯოუნსი და პიტ იორკი უკრავდნენ).

ალბომის ბოლო კომპოზიცია ლითლ უოლთერის It Ain’t Right-ია, რომელშიც ჯონ მეიელმა სრულად წარმოაჩინა ჰარმონიკაზე დაკვრის საშემსრულებლო ოსტატობას.

Bluesbreakers with Eric Clapton 1966 წლის 22 ივლისს გამოვიდა და ბრიტანულ ჰიტ პარადში სრულიად მოულოდნელად მეექვსე ადგილი დაიკავა (აღსანიშნავია, რომ მეიელის ერთი წლით ადრე ჩაწერილი სადებიუტო ალბომი ჩარტში საერთოდ ვერ მოხვდა). არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეიელი ამ ალბომით ბლუზის სამშობლოში- ამერიკაში გაიცნეს( დღეს მეიელი უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც "ბრიტანული ბლუზის მამა“). თავად ალბომი კი წლების შემდეგ უკვე ლეგენდარული სტატუსით სარგებლობს. არაერთი მუსიკალური კრიტიკოსი მის გამოსვლას ბლუზ როკის, როგორც მუსიკალური მიმართულების, დაარსების თარიღად მიიჩნევს. სულ მოკლე პერიოდში ბრიტანეთში ბლუზ როკმა, როგორც ჟანრმა დომინანტური ადგილი დაიკავა. კომბინაცია Gibson Les Paul Standard და მარშალის ხმის გამაძლიერებელი კი უბრალოდ რევოლუციური აღმოჩნდა. ასობით დამწყები თუ გამოცდილი გიტარისტი მუსიკალურ მაღაზიებს მიაწყდა იმ იმედით, რომ კლეპტონის მაგიური ჟღერადობის გასაღებს იპოვნიდა. ალბომის გამოსვლის შემდეგ Gibson-ის გიტარების გაყიდვები რამდენჯერმე გაიზარდა. მარშალის ხმის გამაძლიერებლები, რომლებსაც იმ დროს ნაკლებად იცნობდნენ, სწორედ კლეპტონის მეშვეობით გახდა პოპულარული (Marshall JTM 45 მოდელს მოგვიანებით Marshall Bluesbreaker ეწოდა). 21 წლის ერიკ კლეპტონი ამ ჩანაწერის გამოსვლის შემდეგ ბრიტანეთის საუკეთესო გიტარისტად აღიარეს. თვით ჯიმი ჰენდრიქსმა, როდესაც მენეჯერ ჩეს ჩენდლერთან ლონდონში გადმოსვლის დეტალებს ათანხმებდა, ბრიტანეთში წამოსვლის ერთ-ერთ პირობად კლეპტონის გაცნობა დაასახელა.

ალბომის გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის წევრების ფოტო. ერიკ კლეპტონს ხელში უჭირავს საბავშვო კომიქსების ჟურნალი Beano (გიტარისტი ამას იმით ხსნიდა, რომ არ უყვარდა ფოტოების გადაღება და ცდილობდა ფოტოსესიის დროს ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა). ამიტომ Bluesbreakers With Eric Clapton ხშირად მოიხსენიებენ, როგორც Beano Album-ს.

ალბომის ანოტაცია, რომელიც ნილ სლეივენმა დაწერა, გარკვეულწილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: "ბევრს გაუკვირდა თუ რატომ დატოვა ერიკ კლეპტონმა იარდბერდზი, მაშინ, როდესაც ჯგუფი წარმატებასთან ახლოს იყო. მაგრამ ერიკი სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა და ამ გზამ ბლუზბრეიკერსში მიიყვანა. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ეს გზა მას მომავალში სხვაგან მიიყვანს." იმ დროს როდესაც ალბომი გამოვიდა, ერიკ კლეპტონი ბლუზბრეიკერსში უკვე აღარ უკრავდა. ჯინჯერ ბეიკერთან და ჯეკ ბრუსთან ერთად ის ახალი, საკონცერტო თვალსაზრისით რევოლუციური ჯგუფის დამფუძნებელი გახდა.

მსგავსი

რვა საუკეთესო გრაფიკული რომანი

26 April 2016

დავით ქართველიშვილი

26 April 2016

სტივენ კინგი, ნილ გეიმანი, ჯულიან ბარნსი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 1]

26 April 2016

დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში

26 April 2016

არნონ გრუნბერგის "სტატისტები"

26 April 2016

შემწვარი მწვანე პომიდვრები

26 April 2016

ცნობილი მწერლები ბავშვობაში [ფოტო]

26 April 2016

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

26 April 2016

„თამაში ჭვავის ყანაში“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სხვა აკრძალული წიგნები ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში

26 April 2016

Blowing in the wind - ანუ ბობ დილანის „ქრონიკები“

26 April 2016

ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“

26 April 2016

ღია ქალაქი - გიორგი ურუშაძის ბლოგი თელ ავივიდან

26 April 2016

სცენის დედოფალი პერსეპოლისიდან - თუ გინდა მუსიკალური თავისუფლება იგრძნო

26 April 2016

გიორგი კაკაბაძის ბლოგი - „დირიჟაბლის უკანასკნელი ბრძოლა“ (40 წელი Led Zeppelin-ის ალბომ Presence-ის გამოსვლიდან)

26 April 2016

ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა

26 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

26 April 2016