26 April 2016
  • 996 ნახვა

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - „ასოციაციობანა“ განათლებაზე

"ნამიოკობანა" გახსოვთ? ბავშვობაში ვთამაშობდით, აი ჩაფიქრებული სიტყვა რომ უნდა აუხსნა შენს მეწყვილეს ერთი სიტყვით და იმან უნდა გამოიცნოს..

ნამდვილი ჩემპიონი ვარ, მთელი ბავშვობა საათობით ვთამაშობდით მე და ჩემი მეგობრები, სიტყვები რომ გამოგველეოდა, ლექსიკონს ან რამე სხვა წიგნს ვიღებდით და იქ ვპოულობდით რთულად ასახსნელ ახალ სიტყვას. (ჰო ინტერნეტი არ იყო.) 

დიდი პაუზის მერე რამდენიმე დღის წინ მომიწია ისევ ამ თამაშის გახსენება, სერიოზული აზარტი აქვს, ჩემზე 10-12 წლით უმცროს ხალხთან ერთად ვთამაშობდი. იმედგაცრუებული ვარ, მარტივი წესების დაცვა გაგვიჭირდა, აი მაგალითად ასახსნელი სიტყვა სუფთა ქართული რომ უნდა იყოს, კერძო სახელებს და ზედსართავებს რომ არ ვართ, "უი ეგ რას ნიშნავს საერთოდ" და ასე შემდეგ...

სასაცილოა ალბათ "ნამიოკობანათი" რომ ვიწყებ განათლებაზე წერას, მაგრამ ნუ გამახსენდა..

დღეს ერთ დისკუსიას დავესწარი, საქართველოში განათლების პრობლემებზე მსჯელობდნენ. 13 საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან შექმნილი კოალიციის "განათლება ყველასთვის - საქართველოს" ორგანიზებული შეხვედრა იყო. 7 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ისხდნენ მაგიდის გარშემო და ცდილობდნენ განათლების პოლიტიკის შესახებ საკუთარი ხედვების წარდგენას. 

ადვილად შეთანხმდნენ მარტივ ჭეშმარიტებებზე, მაგალითად იმაზე, რომ განათლების დონე ყველა საფეხურზე საქართველოში მძიეა, რომ განათლებაზე მინიმუმ 2-ჯერ მეტი უნდა იხარჯებოდეს, რომ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული უნდა გახდეს და ასე შემდეგ...

მერე ცოტა უცნაური შედარებებიც დაიწყეს, ბიუჯეტის რამდენი პროცენტი იხარჯება საქართველოში განათლებაზე და რამდენი მაგალითად ფინეთში ან შვედეთში... ციფრებს არ დავწერ, აზრი არ აქვს.

მთავარი ჭეშმარიტებაც ამ დროს დაიბადა, განათლება თურმე ქვეყნის ეკონომიკაზეა პირდაპირ მიბმული და რომ ასე უცებ არაფერი გვეშველება. 

პარტიების წარმომადგენლებმა, მემარჯვენეებმაც და მემარცხენეებმაც ძალიან ზოგადად ისაუბრეს თავიან ხედვაზე, დანარჩენს ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ნახავთ, აქ ყველაფერს ხომ არ ვიტყვითო. ორგანიზატორებისგან ზოგიერთი უკმაყოფილოც დარჩა, მეტი კონკრეტიკა გვსურდაო, მაგრამ ბოლოს იმაზეც შეთანხმდნენ , რომ ასე ერთ მაგიდასთან პარტიების შეკრება და კონკრეტულად განათლებაზე საუბარი უკვე დიდი მიღწევაა. 

შეხვედრის ინიციატორებს სურდათ გაერკვიათ რამდენად შეიძლება შეჯერდეს ძირითად პრინციპებზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალა და რამდენად არის შესაძლებელი შეიქმნას გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგია განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ერთერთი პარტიის წარმომადგენელმა თქვა, კი მართალია, რამე ისეთი სტრატეგია უნდა დაიწეროს რომელიც ზეპარტიული იქნება და ხელისუფლებების ცვლილებასთან ერთად ყოველ ჯერზე თავიდან არ დაიწყოს რეფორმაო. 4 წელში ყველაფერი ვერ მოესწრებაო, ამ დროს დარბაზიდან ვიღაცის რეპლიკა იყო: ამიტომ უნდა იყოს სულ ერთი ხელისუფლებაო. ძალიან გამხიარულდა ყველა ამ შეძახილით. 

მედიასაც გვისაყვედურეს, ჯერ ერთი მედია მუდმივად ეჭვქვეშ რატომ აყენებს მასწავლებლების კვალიფიკაციას, არც ეგრე ცუდადაა საქმეო და კიდევ არასათანადოდ აშუქებთ ამ თემასო, სკოლაში რამე საშინელება თუ მოხდა მარტო მაშინო. მე ვიღებ მეორე შენიშვნას, აი იწყება წინასაარჩევნო პერიოდი, იმედია მოგვცემენ პოლიტიკური პარტიები იმის შესაძლებლობას, რომ მართლაც მეტი დრო დავუთმოთ ამ თემაზე დეტალურად საუბარს, გააჩნია რამდენად პრიორიტეტული იქნება განათლება მათ წინასაარჩევნო პროგრამებში. 

ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ასეთი თანამშრომლობა გაგრძელდება, შემდეგისთვის უფრო კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრებენ, მაგალითად ინკლუზიურ სწავლებაზე, რომელიც საქართველოში ვერაფრით გახდა წარმატებული პროექტი , რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ ეძლევათ განათლების მიღების საშუალება და შემდეგ დასაქმების იმედი. 

სამსაათიანი დისკუსიი ბოლოს ერთერთმა მასწავლებელმა ითხოვა სიტყვა და თავის ტელეფონის ისტორია მოგვიყვა, ჩემი მოსწავლეები აიფონებით რომ დადიან, ჩემს ძველ ტელეფონზე მიმითითეს ეს თქვენ არ გეკადრებათო და შეცვლამ მომიწიაო.. 

მომავლის იმედით დავიშალეთ.


მსგავსი

"საზიზღრები, ბოროტები, ბინძურები"

26 April 2016

ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა - თათია ბუხრაშვილის ბლოგი

26 April 2016

იტალიური სტილი - იარაღი, რომელიც არ იჟანგება - ლაშა მესხის ბლოგი

26 April 2016

წიგნების თარო - 18.07. - გიორგი ქოქოსაძის ბლოგი

26 April 2016

ბაჩო კვირტიას ბლოგი - ვანილი

26 April 2016

ქართული ცეკვა და ხელოვნება

26 April 2016