06 May 2016
  • 788 ნახვა

მაუწყებლის დამატებითი მისია - რუსული არხები და დისკუსიები!

ეს კლასიკური ბლოგი არაა - მე არ ვწერ რაგბიზე, თუმცა ამ თემის მიმოხილვა მხიბლავს.

არ ვწერ არც ფეხბურთზე - უჩემოდაც ბევრი წერს და უკეთ...

არ ვწერ იმაზე, რაზეც მაუწყებელში ტელე და რადიოგადაცემებს ყოველკვირეულად ვამზადებ.

არ აღვწერ არც ამბებს წარსულიდან - მოგონებებს გარდასულ დღეთა...

არ ვიხსენებ ჩემს ბავშვობას - არაფრით გამორჩეულს - ჩვეულებრივს, თუმცა ცალკეული თვალისმომჭრელი კადრებით.

... და არც ზოგადად ქართულ მედიაზე ვწერ - თუმცა კი მინდა, - მედია, უფრო კი კოლეგათა კრიტიკა ჩვენში საფრთხილო საქმეცაა - პატარა საქართველო ამ მხრივ პროვინციულია - შემოგწყრებიან და მერე უნდა სთხოვო - თქვენც გამაკრიტიკეთ, გენაცვალე... მორჩილად მივიღებ და უპასუხოდ.

... არ ვწერ ბევრ სხვა საწერზეც...

მე, ამ ერთ, უჩვეულო ბლოგში, გაგიზიარებთ აზრებს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და... გაგიკვირდებათ და რუსულ მედიაზე... ბოლოს კი საკითხებს  ერთმანეთს დავუკავშირებ და თქვენთან ერთად თემის განხილვისთვის მოვემზადები.

მაშ ასე:

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი

მე-20 საუკუნის მიწურულიდან და, მით უფრო, 21- საუკუნიდან, კლასიკური გაგებით მედია ბოლომდე მედია აღარაა არსად და, მათ შორის, არც საქართველოში.

მხოლოდ ახ.ამბებში, ანუ - news - ში თუღა ინარჩუნებს მედია პირვანდელ ფუნქციას - ყველა დანარჩენი ჟანრი, მათ შორის, ინტერვიუ (რომ აღარაფერი ვთქვათ რეპორტაჟსა და ანალიტიკურ წერილ-სიუჟეტზე), სუბიექტური, ანუ, საინფორმაციო პოლიტიკის ელფერიანი,  ხოლო არადემოკრატიულ ქვეყნებში საინფორმაციო-პროპაგანდისტულია.

(1. რაც უფრო კვალიფიციურია მედია, მით უფრო ოსტატურად "ინიღბება" მისი სუბიექტურობა.

2. არ განვიხილავ ამერიკული მედიის გიგანტების The NYT - ისა და Washington Post - ის ან, ვთქვათ NBC - ის და CNN - ის საინფორმაციო პოლიტიკას, ხსენებული გიგანტების დამოკიდებულებას პოლიტიკური აქტორების მიმართ, მათ სიმპათია-ანტიპათიებს).

ამგვარია მედიის ყველა კერძო, ვიმეორებ, კერძო!!! საშუალება შორეულ აშშ-შიც და უფრო შორეულ ავსტრალიაშიც... მეზობელ სომხეთშიც და არა-მეგობარ რუსეთშიც.

ამგვარია მედია საქართველოშიც - უკლებლივ ყველა მედიამოთამაშე - საზ.მაუწყებლის ჩათვლით, ერთგვარად სუბიექტურია (და ვერც იქნება სრულად ობიექტური), რადგან მის საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავენ ჩვეულებრივი - ერთხმიანი ამომრჩევლები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველწლიურად აკეთებენ არჩევანს საარჩევნო უბანში.

ამავე დროს, საზ.მაუწყებელს, რადგან ის საზრდოობს სხვადასხვაგვარი ამომრჩევლის გადახდილი გადასახადიდან (ეს ბოლომდე ასე არაა, მაგრამ, ასე, ამ კლიშეთი წარმოვაჩენ ახლა), კერძო მაუწყებლებზე მეტად აქვს ბალანსის დაცვის ვალდებულება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ისიც კი ვერ ასცდება სუბიექტურობას - საკუთარ საინფორმაციო პოლიტიკას... მისი მენეჯერების, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების შეხედულებათა  ტირაჟირებას საზოგადოებისათვის (მნიშვნელოვანია, რომ ეს აზრები იყოს კვალიფიციური და რესპექტაბელური).

საკითხის ამგვარი აღქმა (მიდგომა საკითხისადმი) საფუძველია საზ.მაუწყებლის უ-რეიტინგობისა და მუდმივი საყვედური, რომ ის რაოდენობრივ (ანუ, მნახველთა რაოდენობის თვალსაზრისით) კონკურენციაში ვერ შედის რომელიმე კერძო არხთან, საფუძველშივეა მცდარი - ვერც შევა - საზ.მაუწყებელი შეზღუდულია გამოხატვის ფორმებში და რაც უნდა დიდი ბიუჯეტი ჰქონდეს, ის ვერ იქნება ტენდენციური (რაც არის საზოგადოებრივი დაკვეთა), ვერ იქნება დაუბალანსებელი (რაც ასევე არის საზოგადოებრივი დაკვეთა). მაუწყებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მრავალფეროვანი და ზე-კვალიფიციური (ამ უკანასკნელზე საზოგადოებრივი დაკვეთა სულაც არაა). შესაბამისად, ათასჯერ უკეთესი მენეჯერებიც რომ მოიყვანონ კრიტიკოსებმა, ან მეურვეთა საბჭო დაკომპლექტდეს გამოწრთობილი მეურვეებით, მაუწყებელს ყოველთვის გაცილებით დაბალი რეიტინგი ექნება (მნახველთა შედარებით მცირე რაოდენობა), ვიდრე რომელიმე სერიოზულ კერძო არხს.

 

ნიშნავს თუ არა ეს, რომ მაუწყებელმა რეიტინგზე არ უნდა იზრუნოს? - რასაკვირველია - არა... თუმცა, მისი უპირატესი ფუნქცია უნდა იყოს ნდობის რეიტინგზე ზრუნვა და არა რაოდენობრივ მაჩვენებელზე გამოკიდება... ის მომხმარებელს უნდა სთავაზობდეს მრავალფეროვან პროდუქტს და თავად უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი - ის - მაუწყებელი, აქტიური უნდა იყოს სოც.ქსელებში, მან უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ყუთი - სახელად ტელევიზორი, სრული ანაქრონიზმი იქნება გაცილებით ადრე, ვიდრე გვიან.

ამავე დროს, ის უნდა ქმნიდეს "სრულყოფილ" პროდუქტს - დაბალანსებულს და საინტერესოს (რაც რთულია), კომპეტენტურს და რესპექტაბელურს... და ა.შ.

ოღონდ, მის თანამშრომლებს უნდა ახსოვდეთ, რომ კონკურენტი არ ჰყავთ და მათი გამოწვევა ოპერატიულობა და კვალიფიციურობაა.

 

რუსული მედია

ყოველივე ზემოთქმულის დაწერა სულაც არ იყო ჩემი მიზანი იმთავითვე და, შეიძლება ასეც ითქვას, კალამი გამექცა...

მაუწყებლის არსი, თითქოს არანაირ კვშირში არაა იმასთან, რასაც ახლა ვიტყვი, რასაც ახლა აღვწერ.

რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე ერთ პეტიციას, რომელიც რუსული არხების შეზღუდვას ეხებოდა...

მოლოდინისამებრ, ბევრმა კრიტიკოსმა შემომიტია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში დამდო ბრალი (არც იმას გამოვრიცხავ, მაუწყებლის ვებ-გვერდის ამ ბლოგის მკითხველთა ნაწილიც მომედავოს ამ კუთხით).

ვეცდები, დავასაბუთო, თუ რატომ მივიჩნევ აუცილებლად რამდენიმე რუსული არხის შეზღუდვას.

...და დავიწყებ იმავე აბზაცებით, რომლებსაც წინა თავის დასაწყისში გაეცანით.

მაშ ასე:

მე-20 საუკუნის მიწურულიდან და, მით უფრო, 21-ე საუკუნიდან, კლასიკური გაგებით მედია ბოლომდე მედია აღარაა არსად და, მათ შორის, არც საქართველოში.

მხოლოდ ახ.ამბებში, ანუ - news - ში თუღა ინარჩუნებს მედია პირვანდელ ფუნქციას - ყველა დანარჩენი ჟანრი, მათ შორის, ინტერვიუ (რომ აღარაფერი ვთქვათ რეპორტაჟსა და ანალიტიკურ წერილ-სიუჟეტზე), სუბიექტური, ხოლო არადემოკრატიულ ქვეყნებში საინფორმაციო-პროპაგანდისტულია.

ესაა მოკლე პასუხი კითხვაზე - რატომ უნდა შეიზღუდოს რუსული არხების ტრანსლირება საომარ მდგომარეობაში!!! მყოფ ქვეყანაში, თუმცა თავადაც ვხვდები, რომ მეტი განმარტებაა საჭირო.

განმარტებათა შორის გამოსარჩევია შემდეგი:

  • რუსული არხების (და გადაცემების) უმრავლესობა პროპაგანდისტულია.


        ჩვენი ის ამომრჩეველი (მეტწილად რეგიონებში), რომელსაც დამონტაჟებული აქვ ე.წ.         სატელიტ.თეფშები, ამ პროპაგანდის მსხვერპლი ხდება ყოველდღიურად. 
               

  • რუსული მედია ამკვიდრებს იმგვარ კლიშეებს, რომლებიც ამომრჩეველზე ბუნებრივად ახდენს გავლენას;
  • რუსული მედია ხშირად ცრუობს;
  • რუსული მედია ხშირად ჰიპერბოლიზებულად წარმოაჩენს ფაქტს;
  •  რუსული მედია მოვლენათა ანალიზისას  ატარებს პროპუტინისტურ, ანუ, შავრაზმულ, არადემოკრატიულ საინფორმაციო პოლიტიკას;
 

მაგალითად, ამბობს, რომ რუსეთს საქართველო უყვარს ან ეძვირფასება... ოღონდ, ამას ამბობს ისე, რომ სულაც არ იხსენებს, ვთქვათ, ბოლო მოვლენებს - 2008 წლის ომს, ახალ მავთულხლართებს და მისთ.

შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც რუსულ არხებს ადევნებენ თვალ-ყურს, უფრო ზუსტად, მოქალაქეების ნაწილი, მართლაც იჯერებს, რომ რუსეთს ჩვენთან მეგობრობა და არა ჩვენი დაპყრობა, მეგობრობა და არა ჩვენი დასუსტება, მეგობრობა და არა ჩვენი დანგრევა სურს.

გარდა ამისა, რუსული მედია ამკვიდრებს იმგვარ კლიშეებს, რომლებსაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვთ - მაგალითად - სავჩენკო არის ბოევიკი ან, ვთქვათ, დასავლეთი არის გარყვნილების ბუდე... უკრაინელები ბოძზე არავდნენ რუსებს და ა.შ.

 

რა უნდა დავუპირისპიროთ ამას გარდა აკრძალვისა?

ცხადია, იტყვიან, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. მე ასე არ ვფიქრობ და ასეც რომ იყოს, რუსულ ამგვარ მედიას მაინც შევზღუდავდი სწორედ იმიტომ, რომ ის სხვა, სუვერენული ქვეყნის!!! ამომრჩეველთა გაცნობიერებულ, პასუხისმგებლიან არჩევანზე ზემოქმედებს.

კითხვაზე - მაშ, რა ვუყოთ ინტერნეტს მულტიმედიურობის გათვალისწინებით, - სრულყოფილი პასუხი არ მაქვს - შემიძლია, ვთქვა შემდეგი: ვიფიქროთ, რა ვუყოთ ინტერნეტს... რადგან ფაქტია, რომ ვითარება არის რთული და სახელმწიფოებრიობას სერიოზულ საფრთხე უქმნის ჰიბრიდული ომი - წარმოებული რუსეთიდან (მისი ნაწილია საინფორმაციო ომი, აგრეთვე, კიბერ-ომი და ა.შ.).

თქვენ მეტყვით - მოდი, ამომრჩეველმა თავად გადაწყვიტოს, თუ რა არის სიმართლე და რ - ტყუილი და, მეც, რასაკვირველია, დაგეთანხმებოდით თუნდაც იმის გამო, რომ ამომრჩეველზე ცუდი (თუ დაბალი) აზრის სულაც არ გახლავართ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ აზრს ვერ დავეთანხმები - ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს თანაბარი კონკურენციის, გამჭვირვალე ფინანსების, გამჭვირვალე საინფორმაციო ნაკადების, დემოკრატიულ და ჰორიზონტალურ გარემოში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ამომრჩევლზე სრული მინდობა, ახლა კი, როცა საინფორმაციო შეტევები წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს, როცა რუსული შავი ფული ისედაც ტრიალებს, როცა დასავლეთის ბიუროკრატიულ და გამჭვირვალე ნაკადებს უპირისპირდება რუსული ოლიგარქიული ფული, ეს მნიშვნელოვანი ჰანდი-კაპია რუსეთის ხელში.

და კიდევ - ჩვენ (მთლიანად ქართული საზოგადოება), სამწუხაროდ, ვერ ვამსხვრევთ მითებს, რომლებსაც ქმნის რუსეთი საქართველოს დასავლური მომავლისა (პერსპექტივის) და დასავლეთის შესახებ... რუსეთი აქტიურად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში ყველგან -

ბიზნესში (ლოგიკით - ფინანსებს სუნი და წარმომავლობა არ აქვთ);

პოლიტიკაში (ლოგიკით - დემოკრატიაა და ვისაც რა უნდა, იმას ილაპარაკებს (ცხადია, ასეა და მით უფრო ასეა, როცა ლუსტრაციის კანონი არ არსებობს);

არასამთავრობო სექტორში - (რუსულმა "რუსულმა სამყარომ" (Русский МИР) 40-მდე არასამთავრობო დააფინანსა უკვე);

და მედიაში (არსებობს მედია ორგანიზაციები, რომელთა ყოველწლიური ბრუნვა რამდენიმე ასეული ათასი დოლარია, შემოსავალი - რამდენიმე ათეული ლარი)...

პროპაგანდისტულ არხთა შეზღუდვით ჩვენ გადავდგამთ ერთ პატარა!!! პრევენციულ ნაბიჯს და არა უმეტეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 1918-21 წლებში, საქართველოს მთავრობამ არ აკრძალა კომუნისტური პარტია და მისი მედიაგამოცემები. 1921 წელს ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და აქაურმა კომუნისტებმა უმნიშვნელო როლი როდი ითამაშეს იმ პროცესში.

 

***

რა კავშირშია პირველი ქვეთავი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) მეორესთან (რუსული მედია)?

კავშირი, ერთი შეხედვით, არ იკვეთება... უბრალოდ, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა (რომელიც, რაღა დაგიმალოთ და, მომწონს) არც უნდა იყოს ანტი-რუსულ-პროპაგანდისტული, თუმცა ის მუდმივად და უფრო ხშირად, უფრო მკვეთრად უნდა ახსენებდეს მომხმარებელს (მაყურებელს, ამომრჩეველს) იმ ეგზისტენციურ საფრთხეს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და მისი საინფორმაციო პოლიტიკა (აქ უნდა ვახსენო სიტყვა "სუბიექტური") განმსჭვალული უნდა იყოს ამგვარი საფრთხეების წარმოჩენითაც.

და კიდევ - მაუწყებლის შესასვლელში დგას ჯიხური ვებ-კამერით - tqvi.ge - აწერია ამ ჯიხურს. მე არ ვიცი (არ დავინტერესებულვარ), რამდენი მოქალაქე სარგებლობს ამ შესაძლებლობით, თუმცა, ვისურვებდი, რომ ეს "თქვი" თავად მაუწყებლის თანამშრომლებმაც გამოიყენონ ზუსტად ისე, როგორც ტელებლოგებს ამზადებენ ყოველდღიურად, ან აქტიურობენ მაუწყებლის ვებ-გვერდზე... ეს "თქვი" სუბიექტურ აზრთა გამოხატვის საშუალებაა... იმ აზრებისა, რომელთა ტირაჟირებისაგან ჩვენ ხშირად თავს ვიკავებთ ცნობილ მიზეზთა და სამართლიან რეგულაციათა გამო.

...და ასევე - დისკუსიები!

ტვ-ს ფუნქცია, რასაკვირველია, არის ვიდეო-პროდუქციის შექმნა, მაგრამ, თანამედროვე დინებები და მიმართულებები თვალსაწიერის გაფართოებისკენაც გვიბიძგებს  (საუკეთესო დასტურია ბლოგები) - ჩემი აზრით, მაუწყებელმა პერიოდულად უნდა გამართოს საჯარო დისკუსიები (გადაიღოს და განათავსოს ეთერში) იმ აქტუალურ თემებზე, რომლებიც რესპექტაბელურიცაა და მომხმარებელთათვის საინტერესოც...(იქნებ ამან განაპირობოს რეიტინგი). ერთი თემა დისკუსიისათვის - რუსული არხების შეზღუდვის აუცილებლობა - ახლა შემოგთავაზეთ - წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესო იქნებოდა ის, მაუწყებლის სივრცეში საჯარო დებატ-დისკუსია რომ გაიმართოს ამ თემაზე (იმის დაშვებით, რომ მოხდება განთავსება ეთერში)...

წარმატებებს გისურვებთ!

 

მსგავსი