
აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები
1919 წელს ბრაზილიის მთავრობამ აკრძალა ნაკრებში შავკანიანი, მულატი და მეტისი ფეხბურთელების თამაში. ერთადერთი გამონაკლისი იყო არტურ ფრიდენრაიხი, ბრაზილიური ფეხბურთის პირველი ვარსკვლავი. "მულატი მწვანე თვალებით, "ელ ტიგრე", ფეხბურთელი რომელმაც ათასზე მეტი გოლი შეაგდო, სხვადასხვა დათვლით კი პელეზე მეტი ბურთიც კი გაიტანა. ფრიდენრაიხმა თამაში სან პაულუს ქუჩებში ხარის გაბერილი ბუშტის კენწვლით ისწავლა, ტექნიკაც ასე დახვეწა, ინგლისური სქემები აურია დაურია, იმპროვიზაცია შემოიტანა და უკვე ბრაზილიურ ყაიდაზე თამაშობდა. აქ უკვე ქრებოდა ჰემფშირიდან ჩამოტანილი ფეხბურთი. სან პაულუს ქუჩების ბურთაობა მკვიდრდებოდა. ის ჯერ მეზობელი უბნის იტალიელ ემიგრანტთა გუნდში მოხვდა, შემდეგ მამამისმა "ჟერმანიაში" მიიყვანა. ის იყო ბრაზილიის ნაკრების პირველი თამაშის მონაწილე 1914 წელს, როცა ინგლისური მოხეტიალე კლუბი "ექსეტერ სიტი" დაამარცხეს. მისი გატანილი გოლით კი 1919 წელს ბრაზილიამ პირველად მოიგო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი. მისი ბუცი და ფეხის გიფსის ჩამოსხმა შემდეგ ოქრომჭედლის ვიტრინაშიც კი გამოდგეს.
ფეხბურთელს მაშინ თამაშისთვის ფულს არ უხდიდნენ, თუმცა ყოფილა რომ მისი თამაშით აღფრთოვანებული მაცქერალი მას ყოველი გოლისთვის ათასი რეისის გადახდას დაპირებია და ამის შემდეგ ფრიდენრაიხსაც შეუგდია და შეუგდია.
ასეთი რამეები სჩვეოდა. ის პირველ ფეხბურთელ მალანდროდაც ჩაითვლება, წესებს გაქცეულ, მარცხენა ფეხზე ამდგარ, თავნება ბრაზილიელად, თამაშთან ერთად დროს ტარების, ბოჰემური ცხოვრების, ღამის დუქნებისა და ძვირიანი სიგარების მოყვარულ კაცად.
1925 წელს ბრაზილიელები პირველად ჩადიან ბებერ კონტინენტზე და პარიზში მათ საფრანგეთის ნაკრები მიანგრიეს. ამ თამაშის შემდეგ ფრიდენრაიხის ფინტებმა შეცვალა ევროპელთა წარმოდგენა ფეხბურთზე, მას კი "ფეხბურთის მეფე" შეარქვეს.
ყვებიან ბურთს ის კარში ისე ახვევდა რომ ჰაერში მიმართულებას იცვლიდაო. რით არ არის ეს "მშრალი ფოთოლი", რისი გამოგონება შემდეგ დიდის მიეწერა.
მას შეეძლო 1930 წელს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა, თუმცა შიდა ბრაზილიური დავის გამო იქ მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროს ფეხბურთელები წაიყვანეს. სან პაულუს შტატის, "პაულისტას" ლიგის მობურთალები კი შინ დატოვეს.
იმავ დროებაში გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ არმანდო დელ დებიო, "კორინთიანსის" ლეგენდა და ფეიტოსო, პირველი ვისაც "არტილეიროს" ეძახდნენ, ბომბარდირი, გოლეადორი, მეტსახელად "ჯადოქარი". მათ შემდეგ გამოჩნდა ლეონიდას და სილვა, ვინც ფეხბურთში ყველაზე ლამაზი დარტყმა "მაკრატელა" მოიგონა, ბრაზილიელებმა "ბისიკლეტი" რომ დაარქვეს და სრულიად გამაოცებელი რამ გახლდათ. ეს გავდა რაღაც ცირკის ტრიუკს და ყოველი ასეთი დარტყმის შემდეგ იქაურობა ჭკუაზე გადადიოდა. ყვებიან რომ ბუენოს აირესში საჯარიმოს ხაზიდან მის მიერ "მაკრატელათი" გატანილი გოლის შემდეგ `ინდეპენდიენტეს~ მეკარე კარიდან გამოვარდა და მას გადაეხვია, მასთან ერთად კი არგენტინელთა ნახევარი გუნდი.
ის სუსტი აღნაგობის იყო, მეტად ელასტიური, თავისი ზომით, სისწრაფით და მზაკვრობით ის მალარიის კოღოს გავდაო, ასეც იხსენებდნენ. ლეონიდასს მეტსახელად "შავი ბრილიანტი" შერჩა. ამ შავი ფერის კანის გამო თავიდან გუნდებში დიდ ხანს არ აჩერებდნენ, ბოლოს "ფლამინგოში" დამკვიდრდა და რომ არა მეორე მსოფლიო ომი შესაძლოა პელეზე უფრო ცნობილი ფეხბურთელი გამხდარიყო.
მან 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა. რვა გოლით ტურნირის ბომბარდირიც გახდა. პოლონელებს ჰეტ ტრიკი შეუგდო. ეს თამაში ვიღას ახსოვს, მივიწყებულ დავთრებში თუ აღმოაჩენ, არადა აქ შეაგდო პირველად ასეთ ტურნირზე ერთმა ფეხბურთელმა ოთხი გოლი. თამაშის კადრებიც შემონახულა, მეტად თვალწარმტაცი, დიდი სივრცეები, ბურთის მიღების სიიოლე, მეტად უჩვეულო სანახაობა დღევანდელი მაცქერალისთვის. პირველი ტაიმის შემდეგ წვიმა წამოვიდა, ბრაზილიელებს ფეხი უცურავდათ და მათ ფეხშიშველა თამაში ითხოვეს, მაგრამ მსაჯისგან უარი მიიღეს. თუმცა ლეონიდასმა მოახერხა და მაინც ცალი შიშველი ფეხით ითამაშა. საფეხბურთო ლეგენდა ასე ყვება, ბუცი გაეხა და სხვა არ მოიძებნაო, იქნებ განგებაც გაიხადა და მისი შავი ფეხის გამო მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და ამ შიშველი ფეხით გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. ის ოთხი გოლი კი ბრაზილიის კარში გავიდა. "ეზი" ვილიმოვსკიმ შეაგდო, ლეგანდარულმა ფეხბურთელმა, ათასი გოლის გამტანმა, ფეხზე ექვსი თითით, წარმოშობით გერმანელმა, შემდეგ მესამე რაიხის ნაკრებშიც რომ უთამაშია. თუმცა გერმანული ფეხბურთი ცალკე ამბავია და ეს მერე იყოს.