23 May 2016
  • 667 ნახვა

ბაჩო კვირტიას ბლოგი - ვანილი

იმის შესახებ, რაზეც ახლა ვწერ, აქამდეც ხშირად მიფიქრია, ყოველთვის მახსოვს და კარგად ვიცნობ. თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს "ის" ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს. და მართალი გითხრათ, არ მიკვირს, რომ არ არსებობს. 

არ არსებობს იმიტომ, რომ ეს არ არის, მაგალითად, თანამედროვე ქართული კინო ან ხელოვნების სხვა დარგები, ან თუნდაც ფეხბურთი, რომ იყოს უხარისხო, უიმედო, მაგრამ მაინც, ჯიუტად იარსებოს, თან არ ვითარდებოდეს და მიწის ორ მტკაველს ტკეპნიდეს. ის ვერაფრით იარსებებს კომერციული დაინტერესების საფუძველზე, ან იმიჯის შესაქმნელად, ან სხვა, ტრივიალურ მიზეზთა გამო. 

არ არსებობს-მეთქი, ვამბობ, და მედავეთ, რამდენიც გენებოთ. 

მეცინება... 

საერთოდ, ბოლო დროს უამრავ რამეზე მეცინება - ჩემთვის, გულში, ან სხვებისგან შეუმჩნევლად, უჩინრად ვიცინი და ვარ ასე, გიჟივით - გაცინებული...

"არა, მეგობარო" - ჩემს ძვირფას გაგა ნახუცრიშვილს დავესესხები და გეტყვით: 

როგორ შეიძლება "ის" არსებობდეს ქვეყანაში, სადაც იდეოლოგიათა, შეხედულებათა ბრძოლა აღარ არსებობს. 

სადაც კედელს, ბალახს, ფოთოლს, უნიტაზსა და ჩაიდანს ყურები აქვთ გამობმული და ყველაფერი ესმით... 

რა უნდა "იმას" ქვეყანაში, სადაც ცნება "ცნობადი სახე" პროფესიად იქცა და უკვე ცნობადი კი არა, ნამდვილი კოშმარის სახეა. 

სადაც არავინ არავის აკრიტიკებს, "პირში უძრახებს", და თუ გძრახავენ, იმ მიზნით კი არა, რომ გულწრფელად უნდათ, უკეთესი გახდე, უკეთ გააკეთო, მოიქცე, დაწერო, დადგა, გადაიღო ან გადმოიღო, არამედ იმიტომ, რომ ან შენი ჯინი სჭირთ, ან თავადაც არ იციან, რატომ გძრახავენ... 

ძალიან მწყდება გული, რომ "ის" ჩვენში არ არსებობს – თავისი თავისებურებებით, იდეოლოგიით, ესთეტიკით, ბუნტარული ხასიათით, განსხვავებულობით, და რაც ყველაზე მთავარია – თავისუფლებით! 

ხო, თავისუფლება მისი უმთავრესი მასაზრდოებელია, მისი ჟანგბადია. თუ ორივე ფილტვი ამ ჰაერით სავსე არა აქვს, ვერ იცოცხლებს, გაიგუდება. 

არადა, სამაგისო ჰაერი ჩვენში ჯერჯერობით რომ არ არის?.. 

ვერც იქნება, სანამ ქართველი ქალები ბაზარში ჭარხლის საყიდლად კლასიკური კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ივლიან;  

სანამ უცნობი, გამჭოლმზერიანი მამაკაცი სრულიად მოულოდნელად გაჩერებთ ქუჩაში, "ქსივას" გაჩვენებთ და "პირადობის" წარდგენას გთხოვთ, თქვენი გაჩერების მიზეზი კი, (ნუ) გაგიკვირდებათ, და ორია: ერთი - ძალიან გამხდარი ხართ, და მეორე - ბეჭებში მოხრილი მიდიოდით... 

სანამ ჩვენებურ სუპერმარკეტში მოლარე მსხვილ კუპიურას უკან მოგიგდებთ და ისეთი ტონით გეტყვით, "ამის ხურდა არა მაქვს"-ო, რომ მაწანწალა ძაღლის ღირსებისა შეგშურდებათ. 

სანამ ჩვენს პლაჟებზე საზამთროს ქერქები და პირში გამოვლებული სიმინდის ტაროები ეყრება. 

სანამ რომელიღაც ჟურნალში რეკლამის მისატანად მსხვილი კომპანიის მეპატრონეს მღვდლის კურთხევა დაჭირდება. 

სანამ ქართული ტელეარხების უმრავლესობიდან მხოლოდ ხვრინვა და ისტერიკული ტონი მოისმის. 

სანამ ქართული ჟურნალ-გაზეთების დიდი უმრავლესობა დებილობის განსახიერება იქნება. 

სანამ ერთმანეთს მივჩერებივართ, თან გულში ვფიქრობთ: "ნეტავ ვერ გაბედავდეს, მეც ხომ აღარ მომიწევს აყოლა"-ო. 

სანამ ვკანკალებთ. 

არა. არ არის. არ არსებობს, და კარგა ხანს არც იქნება, ჩემდა სამწუხაროდ.  

მე, მაგალითად, "უმისობას" მწვავედ განვიცდი, ძალიან მაკლია. სიცარიელის, სულიერი სიღარიბის შეგრძნებას მძენს "მისი" არ არსებობა, ხოლო გაფიქრება, რომ "ის" შესაძლოა კიდევ დიდხანს არ ჩაისახოს, არ გაჩნდეს, უბრალოდ თუ ვიტყვი, მაღონებს. 

საოცარი ნატურა აქვს! 

გააჩნია საინტერესო ისტორია - გმირებით, კერპებით, სახელებით ლიტერატურაში, კინემატოგრაფში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და განსაკუთრებით, მუსიკაში. ნამდვილი ასკეტია, ხშირად კონფორმისტი, მაგრამ აკაკისა არ იყოს, მუდამ "გარემოების საყვირია". საოცრად თამამია, პირდაპირი და ზოგჯერ ხისტი. ამავე დროს, პოეტური, მგრძნობიარე, ფაქიზი. 

ვერ იტანს მასებში გათქვეფას - მაშინვე მოკვდება. ყველგან, სადაც არსებობს, საკუთარი მიმდევარი, აპოლოგეტი ჰყავს - მეტ-ნაკლები რაოდენობით. თავად უმღერს ათას რამეს, მაგრამ მთავარი, რაზეც ლაპარაკობს, წერს, მღერის, ფილმს იღებს, იხარჯება, რასაც ეთაყვანება და რითაც არსებობს - თავისუფლებაა! 

ადამიანის თავისუფლება!  

თავისუფლების ადამიანი!  

ერთს ვიცნობ. აისორი მეწაღეა. ისანში აქვს პატარა სარდაფი და იქ მუშაობს. გასაოცარი ოსტატია. ისეთ რაღაცებს კერავს, გაგაშტერებს. უგანათლებულესი ბიძაა. ისეთი კი არა, ჟურნალ-გაზეთებიდან რომ იციან "ყველაფერი"... 

ნამდვილი, წიგნიერი განათლებით გამოირჩევა. 

ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ - საშინელი ლოთია. გატიალებული,  თავისი "ზაპოებით" და თეთრი ცხელებებით. 

ჰოდა, რატომ ვახსენე ეს კაი კაცი?

იმიტომ, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტად "იქაური" კლიენტია.  

აი, ჯერ ხო შეხედავ და გაგკრავს რაღაც... მერე ხმას ამოიღებს და... ეგ არის! "იმათიანია"! 

თან "იქაურობაც" როგორ იცის?..

თვითონაც "იქაურად" მიიჩნევს თავს. 

მერე რა?..

მერე არაფერი. ზის ისანში და მაგარ ბათინკებს, ჩექმებს, შუზებს, სანდლებს და ქოშებს კერავს. 

მისნაირები კიდევ ბევრი ვიცი. 

არიან თავისთვის. 

ადამიანის თავისუფლება ლამაზ ტორტს მაგონებს – სრულყოფილებით, გემრიელი ინგრედიენტებით, სიტკბოთი, ნელსურნელებით, საამური შესახედაობით. სწორედ მის ნელსურნელებაში იგრძნობა ერთ-ერთი ელემენტის, ვანილის არომატი – რთულად შესაქმნელი ნუგბარის მცირე, მაგრამ საგრძნობი, დასამახსოვრებელი დეტალი. 

ვანილი. ვანილია "ის", რაზეც ვლაპარაკობდი. 

აბა, თქვენ რა გეგონათ?.. 

მე მჭირდება, მენატრება, ვნატრობ, მინდა ვიგრძნო ნამდვილი, სურნელოვანი, ამაფორიაქებელი, გამომაფხიზლებელი ვანილის სურნელი ჩემს ქვეყანაში! 

რომლის სახელიც კი ხმაურიანად ჟღერს - თითქოს ცამ დაიგრუხუნაო. 

ხო, ქართული "ვანილი" სახელწოდებით - Underground! 

მსგავსი

"საზიზღრები, ბოროტები, ბინძურები"

23 May 2016

ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა - თათია ბუხრაშვილის ბლოგი

23 May 2016

იტალიური სტილი - იარაღი, რომელიც არ იჟანგება - ლაშა მესხის ბლოგი

23 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - გიორგი ქოქოსაძის ბლოგი

23 May 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - „ასოციაციობანა“ განათლებაზე

23 May 2016

ქართული ცეკვა და ხელოვნება

23 May 2016