14 June 2016
  • 676 ნახვა

შალვა შენგელის ბლოგი - ათონის მთაზე

ათონის მთიდან დავბრუნდით და სანამ რამეს დავწერ, ეს პატარა ინტერმეცო თქვენთვის.

...  წმინდა მიწა, ზღვა ზღაპრული ლურჯი ფერის,  ფერდობებზე, კლდეებზე ულამაზესად შეფენილი მონასტრები,  ჰაერი ლოცვით გაჯერებული, გალობის და ზარების ხმები და ადამიანები, შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ღმერთთან საუბრობენ, ან ოცნებობენ იმ დღეზე, როდესაც ამას შეძლებენ.

აქვე არიან ზურგჩანთიანი, იშვიათად გორგოლაჭიან-ჩემოდნებიანი მომლოცველები, რომლებიც დახმაურობენ, დახრიალებენ, წმინდა წყაროებზე წყალს იმარაგებენ და  ლოცულობენ, ლოცულობენ, ლოცულობენ. ჰო, და არ დამავიწყდეს, ზურგჩანთიანების მომსახურე  მოტაქსავე მღვდელთმსახურები დიდი ჰაილუქსის ჯიპებით და მართლაც არ დასავიწყებელი ტარიფებით. აი, ესენი ქმნიან კონტრასტს თუ ქმნიან. აბა წარმოიდგინეთ,  ერთი მონასტრიდან სხვა სავანეში მოსალოცად რომ მიდიხარ, სულში რაღაც ჰაეროვანი მელოდია რომ ჩაგესმის, შენდაუნებურად სახე რომ გიღიმის და ამ დროს გზაში შავოსანი ბერი შენი მეგზური, მძღოლი, გიდი, თუ განმანათლებელი (არ ვიცი რა ვუწოდო კიდევ) "შოფრულ" საუბარს რომ დაგიწყებს, ყველას და ყველაფერს რომ გადაწვდება, აუგ სიტყვებსაც რომ ჰაიჰარად გადმოისვრის და ბოლოს სტალინის პერიფრაზს რომ გააკეთებს  და ზედ კანტროლკასავით დაგახლის - ეჰ, რა მაგარი კაცი გყავდათ ქართველებსო. როგორია? შენ კი მანქანის საქარე მინიდან იყურები,  წმინდა მიწა, ზღვა ზღაპრული ლურჯი ფერის,  ფერდობებზე, კლდეებზე  შეფენილი მონასტრები...  და ფიქრობ, კონტრასტი ყველაფერს არ უხდება, თუ წმინდა მიწაა, წმინდა მიწა იყოს. 

მსგავსი

''Fatalism''-ის წინააღმდეგ! - ანუ მართლშეგნების მცდარ შეხედულებაზე...

14 June 2016

შალვა შენგელის ბლოგი - ათონის მთაზე

14 June 2016