
მსხვერპლი
ჰოლანდიური ფეხბურთის გულშემატკივრები ხშირად ამახვილებენ
ყურადღებას ესთეტიურობაზე. იმაზე, რომ ნარინჯისფერი გუნდი ფეხბურთს განსხვავებული სილამაზით
თამაშობს. ვერც შეედავები, მხოლოდ იოჰან კრუიფის ხსენება კმარა ამ არგუმენტის უტყუარობის
დასამტკიცებლად.
კრუიფმა და მისმა თაობამ, დამსახურების მიუხედავად,
სანაკრებო ტიტული ვერ მოიგო. ასეთი ტიტულის დრო ჰოლანდიელებისთვის მხოლოდ 1988 წელს
დადგა. მწვრთნელად კვლავ ფეხბურთის ისტორიის უდიდესი გამომგონებელი, რინუს მიხელსი
ჰყავდათ. იოჰან კრუიფი აღარ თამაშობდა, მაგრამ რონალდ კუმანის, ფრანკ რაიკარდის, რუუდ
გულიტის და მათი თანაგუნდელების ბურთაობა მართლაც ლამაზი სანახაობა იყო.
თუმცა, ესთეტიურობის და იმპროვიზაციის მხრივ იმ გუნდის
სიმბოლო და ლიდერი მარკო ვან ბასტენი გახლდათ. ვან ბასტენი, რომელმაც საბჭოთა კავშირის
ნაკრების კარის დარაჯის, რინატ დასაევის კარში ენით აღუწერელი სილამაზის გოლი გაიტანა.
ბასტენი იმ ყაიდის მოთამაშე იყო, რომელიც ფეხბურთის ყურებისას თავს ისე გაგრძნობინებს,
თითქოს რაიმე სპექტაკლს ვუყურებო. მატჩში შეიძლება საერთოდ არ გავიდეს გოლი, მაგრამ
სამუდამოდ აღფრთოვანებული დარჩე ბურთის ერთი გაჩერებით, მიღებით ან დარტყმით. ტექნიკით
და ოსტატობით, სრულიად უცნობი და საშინლად ლამაზი, მომნუსხველი ენით, რომლითაც ფეხბურთელი
ბურთთან ურთიერთობს.
ვან ბასტენი - გულიტი - რაიკაარდის ტრიო საკლუბო სარბიელზეც
ერთად თამაშობდა და დიდებული ეპოქა შექმნა ,,მილანში’’, მოიგეს უკლებლივ ყველა საკლუბო
ტურნირი. ბასტენმა სამჯერ მოიგო ოქროს ბურთი, ანუ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
1988, 89 და 92 წლებში. 1993 წელს კი, კარიერის პიკზე მყოფმა, კოჭის უმძიმესი ტრავმა
მიიღო და ფეხბურთს გამოეთხოვა.
ფეხბურთიდან მის წასვლას ერთი საოცარი ამბავი მოჰყვა.
როდესაც მისი კარიერა ეჭვქვეშ დადგა, გუნდის ექიმმა განაცხადა, რომ იგი კარიერას მხოლოდ ახალი კოჭის გადანერგვის
შემთხვევაში გააგრძელებდა. ვინმეს უნდა გაეღო საკუთარი კოჭი სამუდამო ინვალიდობის ფასად
იმისთვის, რომ მარკო ვან ბასტენს კიდევ ეთამაშა ფეხბურთი.
მილანის საავადმყოფოში მალევე გამოცხადდა ვინმე პაოლო
რიმონეტი, 21 წლის ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელმაც განაცხადა, რომ მზად იყო კოჭის
გასაღებად. ექიმები და ,,მილანის’’ მესვეურები საგონებელში ჩავარდნენ. თუმცა თავად
მარკო ვან ბასტენმა საშინელი პროტესტი გამოხატა და მტკიცე უარი განაცხადა მსგავსი ოპერაციის
ჩატარებაზე.