18 July 2016
  • 1135 ნახვა

წიგნების თარო - 18.07. - გიორგი ქოქოსაძის ბლოგი

    ათწლეულები იყო გასული, ზუსტად არ მახსოვს ეს როდის მოხდა, დიდი ხნის წინ იყო. მაშინ მართლა მიჭირდა იმის აღქმა, თუ რა იყო სიყვარული, რას ეძახოდნენ ადამიანები სიყვარულს, რა უნდოდათ ან რისთვის უნდოდათ სიყვარული დაერქმიათ. ათწლეულების წინ ჩვენც ვარქმევდით ბევრ რამეს სიყვარულს, ჩვენც ვქმნიდით სიყვარულს უამრავი საღებავით, რომლებიც ჩემს ხის მაგიდაზე სანთლის ნაღვეთივით ჩამოდიოდა, ერთმანეთში ირეოდა, ხან მყარდებოდა, ხან კი ისევ სითხედ იქცეოდა და ჩვენ სითხეში ვეფლობოდით, ახლა უკვე სევდით ვიხსენეთ ამას. საწოლიდანაც მიჭირს ადგომა, ახლა სხვა სითხეები მაქვს ირგვლივ, სხვა საზრუნავები მაქვს,თუმცა მე ამ წყეულ ლოგინზე ვწევარ და ჩვენზე ვფიქრობ, შენი თვალების ფერზე ვფიქრობ, რომელიც ზედმეტად ბუნდოვნად მახსოვს. ხო, ახლაც შენ მოგმართავ, ალბათ უკვე ვკვდები, ალბათ ეს სითხეებიც მომკლავენ, ალბათ ყველაფერი მომკლავს, ალბათ ყველაფერს ჩემი მოკვლა უნდოდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წამოვდექი, საპირფარეშომდე მივედი, ახლაც კი მიკვირს ეს როგორ მოვახერხე, სარკეში ჩახედვისას შემეშინდა, მე შემეშინდა, რომ ასეთად ვკვდებოდი, თითქოს უკვე მკვდარი ვიყავი, მე ვეღარ დავინახე ჩემს თვალებში სინათლის ვერცერთი ნაპერწკალი, თითქოს უკვე ჩემს გარეთაც მომკვდარიყო ყველაფერი. ჩემი გამხდარი, გაძვალტყავებული ხელებით ჩემს სახეს ვეხებოდი. ვცადე კიდევ უფრო დამეჩხაპნა, მაგრამ ამის ძალაც კი არ მქონდა. ყველაზე საშინელი გრძნობა უმოქმედობაა, უმწეო ვიყავი ჩემს თავთანაც კი. რამდენიმე საათის შემდეგ უგონოდ დაცემული მიპოვეს, მაშინ თავიდან დავიბადე. ცოტა ხნის წინ ვწყევლიდი ამ თავიდან დაბადებას, მაგრამ ახლა ამას ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ვთვლი. ამ დაბადებამ ხომ შენი თავი გამახსენა. კიდევ იცი, რამ გამახსენა შენი თავი? სიტყვა 'დავიწყებამ'. შენ მითხარი 'არ დამივიწყოო' და მე დაგივიწყე, შენ მითხარი 'არ მიმატოვოო' და მეც მიგატოვე. ვცდილობ დანაშაული გამოვისყიდო, გამოვასწორო ის რაც იყო, ის რაც გავაკეთე, ვცდილობ ვიფიქრო, გავიხსენო ყველაზე ღრმად ჩაფლული მოგონებები, მაგრამ ამით ვერ ვშველი, იმას რომ ათწლეულების წინ შენ ჩემს გამო ტიროდი, შენი დიდი თვალები ცრემლით იყო სავსე. ახლა კი, ახლა როცა ჩემს დამჭკნარ ხელებში გამავალი ვენები და არტერიები აფეთქებამდე ფეთქავენ, მე შემიძლია მათ შევეხო, შემიძლია ისინი დავინახო, ეს ლურჯი ხაზები, მთელ მტევანზე გამავალი. ადრე შენ ეხებოდი ამ ხელებს. მთელი ცხოვრება დავცინოდი სენტიმენტალიზმს, ფეხქვეშ ვთელავდი რომანტიკოსებს, მაგრამ ახლა ასეთმა უიმედო სევდამ მეც შემომიტია, მეც შემანჯღრია, მეც მატირა სიცოცხლის ბოლო დღეებში. ალბათ ეს სიტყვები ვერ გადაკვეთავენ წარსულს და ვერ მოაღწევენ ჩვენამდე, ვერ მოაღწევენ იქამდე სადაც ჩვენ სიყვარულს ვეძებდით. არ ვიცი ახლა სად ხარ ან ხარ თუ არა საერთოდ, მაგრამ ამ ბოლო წამს მინდა შენი პატარა სხეული აქ იყოს, და შენს პატარა ყურებს ესმოდეს, ის რომ მე არ დამვიწყებიხარ.


 სახელი: გიორგი

 გვარი: ქოქოსაძე

 ასაკი : 17 

 უნივერსიტეტი: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური 


მსგავსი

"საზიზღრები, ბოროტები, ბინძურები"

18 July 2016

ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა - თათია ბუხრაშვილის ბლოგი

18 July 2016

იტალიური სტილი - იარაღი, რომელიც არ იჟანგება - ლაშა მესხის ბლოგი

18 July 2016

ბაჩო კვირტიას ბლოგი - ვანილი

18 July 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - „ასოციაციობანა“ განათლებაზე

18 July 2016

ქართული ცეკვა და ხელოვნება

18 July 2016