19 July 2016
  • 1067 ნახვა

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

ორიოდე თვის წინ დავწერე. ცხელ გულზე. როცა ძაღლის ნაკბენით გამოწვეულ დისკომფორტს ვებრძოდი. თქვენთვის გაზიარება ახლა მომინდა, იმ დისკუსიის ფონზე, ბავშვების მიერ ჩადენილ სისასტიკეს რომ მოჰყვა.

იმ დღეს  სუფთა, ლამაზ საყელურიანი დალმატინელი გადმოხტა მანქანის გაღებული კარიდან და  სამსახურში მიმავალს კუდის ქიცინით მომვარდა. ძალიან ტრაფარეტული და მე თუ მკითხავთ,  სულელური ფრაზაც გავიგონე - ნუ გეშინიათ, არ გიკბენთ. არც  უკბენია, ხელზე ჩამომკაწრა თამაშ-თამაშში. პატრონებს (კაცსა და ბავშვს) დაახლოებით ისეთი ისტერიკა დაემართათ, უფრო დაზარალებულს რომ შემეფერებოდა. პატარა გოგო ატირდა, მამა - აღშფოთდა. მე ვაწყნარებდი როგორც შემეძლო. მგონი, ცოტა არაადეკვატური სურათი კი იყო. ძაღლი აცრილი აღმოჩნდა, მაგრამ ათ თვეზე მეტი გასულიყო უკვე და წავედით ნემსის  გასაკეთებლად. ბავშვი ცრემლიანი თვალებით იჯდა ჩუმად. როგორც მერე გაირკვა,  ძაღლზე დარდობდა, დასჯიანო. ეს დამნაშავე კი გამოიყურებოდა ცოტათი დარცხვენილად, მაგრამ მგონი, დიდად არ ანაღვლებდა ჩემი ხელი. ექიმმა  ჩამოთვალა საკმაოდ გრძელი სია - ეს არ ჭამო, ის არ დალიოო. რამდენიმე დღით ყავის აკრძალვა გავაპროტესტე და დავუწყე ვაჭრობა - უკოფეინოს დავლევ-მეთქი. მომდევნო დღეებში უყავობამ რომ ძალიან უხასიათო და ბუზღუნა გამხადა, ამაზე არ ვწერ...  

გმირულად ამტანი და თვინიერი, ალბათ, ვუდროს და სერ ბობი ჩარლტონის გამო ვიყავი. მათზე გიყვებით.

ბევრი წლის წინ, ბავშვობაში,  ყავისფერი ნაგაზი გვყავდა სოფელში. მგონი, ჯეკა ერქვა ოფიციალურად, მაგრამ ჩვენ (ჯერ ჩემი ძმა, მეტსახელების დიდოსტატი, მერე  მე და ნონაც) ვუდროს ვეძახდით რატომღაც და ისიც ამ მიმართვაზე რეაგირებდა. ვერაფრით ვიხსენებ, საიდან მოვიდა ეს სახელი. ცხადია, აშშ-ს პრეზიდენტი ტომას ვუდრო  უილსონი არც კი გაგვეგო მაშინ. ლეკვობიდან ჩვევა ჰქონდა ასეთი: ეზოდან ვინც გავიდოდა ყველას ეკიდებოდა და იყო ხოლმე  სახლში შეთანხმება - მეზობელთან გადავდივარ, ძაღლი გაართეთ სანამ გავალ. აბა, გავეპაროთ ახლა მოხერხებულად  და ა.შ.

ერთხელაც, დილის 7 საათზე ბაბუაჩემი სოფლის ავტობუსს გაჰყვა ბაზარში.  გავიღვიძეთ და ვუდრო არ ჩანს არსად. ვეძებეთ, ვეძახეთ... ბებიამ ივარაუდა,  ბაბუათქვენს აეკიდებოდა და დავიღუპეთ, არ დაიკარგოსო. მოვრთეთ ტირილი სამივემ. შუადღის ორ საათზე უნდა მოჰყოლოდა ბაბუა ავტობუსს უკან. არც ფუნთუშების და არც თერმოსით მოტანილი ნაყინის  ინტერესი გვქონდა და საერთოდ არაფერი გვინდოდა, ვუდროს გამოჩენის გარდა. ის კი არ გამოჩნდა. ავტობუსმაც მთელი საათი დააგვიანა (არადა, იმ დროს გრაფიკს მკაცრად იცავდნენ). სამისკენ გავიგეთ ავტობუსის ხმა და ველოდებით ჭიშკართან, იქნებ ბაბუამ რამე დამამშვიდებელი ამბავი მოიტანოს. ჩვენგან ცოტათი ქვემოთ, მეზობლის სახლის წინ გაჩერდა ავტობუსი, ბაბუაც იქ ჩამოვიდა. ავტობუსი დაიძრა და ვხედავთ: ენაგადმოგდებული ვუდრო ზის გელას ეზოს წინ და ადგომას არ ჩქარობს. გავიქეცით, მოვეფერეთ. ლასლასით გამოგვყვა. ბაბუაჩვენი კი თავს აქნევს და იძახის, სად წამოსულა, როგორ ვიფიქრებდი თუ ეს იყოო და  მოგვიყვა ამბავი: უკანა გზაზე,  ჯერ კიდევ სოფლის გადმოსახვევამდე,  მძღოლმა ბუხუტიმ შენიშნა, რომ ძაღლი მოსდევდა ავტობუსს. ეს ბუხუტი შავტუხა, ულვაშებიანი კაცი იყო. მაშინ ძალიან ბებერი მეგონა, არადა, 55-60  წლის იქნებოდა იმ დროს, ალბათ.  სულ უღიმოდა და ეხუმრებოდა მგზავრებს. ქალაქში ცხოვრობდა (სამტრედიაში), მაგრამ ჩვენს სოფელში დიდიან-ბავშვიანად ყველას იცნობდა და ყველასთან მეგობრობდა. მგზავრებს უხაროდათ, როცა ის იყო ცვლაში. ჰოდა, ეს ბუხუტი ეუბნება  თურმე ხალხს - ძაღლი მოსდევს აშკარად ავტობუსს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოდოა, სიჩქარეს შევანელებო.  ვინც გადაჭედილი ავტობუსიდან უკან გახედვა შეძლო, ძაღლი ვერ იცნო. ბაბუა კი იყო მიჩვეული რომ ვუდრო ყანაში, ტყეში თუ ბოსელში მიჰყვებოდა,  მაგრამ  რატომღაც არც  დაუშვია,  რომ ქალაქშიც  გაუწევდა „ადიუტანტობას“. როგორც მერე გაირკვა, მთლად ბოლო პუნქტამდე ვერც მიჰყოლია პატრონს, მაგრამ  რაც მთავარია, ზუსტად იცნო (!) ლურჯცხვირიანი სოფლის ავტობუსი უკანა გზაზეც  და ჯამში ორივე მიმართულებით 9-10  კილომეტრი დაფარა. ბუხუტი გრაფიკიდან  ამოვარდა ვუდროს გამო. ნელა ხო მოდიოდა და აღმართს რომ ამოივლიდა, აჩერებდა თურმე რამდენიმე წუთით. ძაღლს დასვენების საშუალებას აძლევდა. 

ის ემოცია მახსოვს დღემდე -  სიხარულის, შვების და ბუხუტითი აღტაცების..

ჩემს მეორე ძაღლს,  სტუდენტობის მიწურულს რომ მაჩუქეს, სერ ბობი ჩარლტონი ერქვა. საოცრად ჭკვიანი იყო და მართლა ასე ერქვა ჩემი ანგლოფილობის ნიშნად. ბობის ვეძახდით. მე ჩარლტონის ნაცვლად ჩარლის და სერსაც ზოგჯერ. ისიც სოფელში იყო სულ, მაგრამ პერსონალურად ჩემად ითვლებოდა. ერთ ზაფხულს დამახვედრეს ჩემებმა უსაყვარლესი, ბურთივით მრგვალი, წაბლისფერი ლეკვი, შავი ცხვირ-პირით და მითხრეს, შენიაო. თავადაც მე მაღიარებდა აშკარად ნამდვილ პატრონად. არადა, წელიწადში ორ-სამჯერ თუ ვნახავდი. სოფელში რომ მივდიოდი, არ ვიცი, ჩემს სატელეფონო საუბარს ისმენდა თუ საიდან იგებდა, მთელი დღე ჭიშკართან იჯდა და მელოდა. მანქანიდან რომ გადმოვიდოდი, გამოიქცეოდა და სასწაულებს ჩადიოდა, ცეკვავდა, ყირაზე გადადიოდა... ერთხელ ტაქსით მივედი. მძღოლი ჩანთების გადმოტანაში მეხმარებოდა და უცებ დაინახა, რომ  უზარმაზარი ნაგაზი გადმოახტა ორმეტრიან ჭიშკარს და გამოიქცა. კაცმა ინფარქტი კინაღამ მიიღო. ბებიაჩემის დროიდან შემორჩენილი საშინელსუნიანი „კაპლი“  ასხეს  საწყალს. არადა, ჩარლტონი ჩემთან მორბოდა.   ეს თუ ძაღლის ემოციაა ბიძია, აბა, ადამიანმა რანაირად უნდა გამოხატოს სიხარულიო, თქვა მოსულიერებულმა ტაქსისტმა.

სხვა  ბანალური, მაგრამ სანიმუშო ისტორიებიც იყო. მაგალითად: როგორ დარჩათ ზამთრის ერთ თოვლიან და სუსხიან ღამეს საქათმის კარი ღია, არადა, ზამთარში ჩემს ლამაზ, მთიან და ტყიან  სოფელში ტურები დადიან და კივიან საშინლად. ამბობენ, მგლებიც ჩამოდიანო. ატყდა დილით წუწუნი  -  დავრჩით ფრინველთა მოდგმის გარეშეო.  სახლიდან კარგა მოშორებით მდგომ საქათმესთან რომ მივიდნენ, აღმოაჩინეს კარებთან თოვლში გართხმული ძაღლი.  ეტყობა მთელი ღამე იქ იწვა. ყველა დედალი და მამალი ადგილზე დახვდათ.  ინდაურიც...  ვალმოხდილ ბობის ხაჭაპური გამოუცხვეს იმ დღეს.   

ბობი რომ მოკვდა, ძალიან ვიდარდე. ბავშვურად კი არა (არც ვიყავი ბავშვი),  უკვე სხვანაირად. რაღაც პერიოდი ვერ ვეგუებოდი ახალ ძაღლს. არადა, ეს ახალი ახლა უკვე ბებერია, საოცრად მომთმენი და შეგნებული. მდუმარედ იტანს  გეგა ქვაბს რომ ახურავს თავზე, ან გუგა შოკოლადს ატენის პირში (მერე რა, რომ არ  უყვარს). ჩემი ძმისშვილები საჭმელს არ ჭამენ ისე, თუ მასაც არ უწილადეს.

კატაც გვყავდა (ზოგჯერ კატებიც)  სოფელში.  რატომღაც ისინი ისე არ მიყვარდა, როგორც ძაღლები. ერთი შავი კატა მახსოვს ღრმა ბავშვობიდან. ბებიაჩემს  წიწილებს უჭამდა. ბევრი ეცადა, მაგრამ ვერაფრით მოარჯულა. მეზობლების წიწილებსაც გადასწვდა თან.  ბებია მყავდა გურულისთვის უჩვეულოდ მშვიდი. მეზობლების მომდურებას ვერ დაუშვებდა, კატის მოკვდინებას კი ცოდვად თვლიდა. დიდი ფიქრისა და სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყვიტა, სადმე შორს გაეშვა ეს უზნეო კატა. საუკეთესო გამოსავალი  არც ეგ იყო - სხვა რაიონში, სხვა სოფელში სხვის წიწილებს შეჭამს და ბავშვები არ დამიწყევლოს იმ სხვამო. ან იმ სხვას რომ მოეკლა, ესეც ადარდებდა, მაგრამ...  ბიძაჩემს სთხოვა, მანქანით ხარ, გაგაყოლებ და აბაშას რომ გასცდები, გაუშვიო.  აბაშა კი არა, სადღაც ოჩამჩირესთან გაახსენდა ბიძაჩემს კატის ამბავი და ჩამოსვა ზღვის პირას.  პატარა ვიყავი და არ მახსოვს რამდენი დღე (ან კვირა) გავიდა ამ ამბიდან. ის კი მახსოვს, რომ ერთხელ, ძალიან ცივ და წვიმიან საღამოს ეს კატა მოვიდა სახლში. ბაბუაჩემი შეშის შემოსატანად გავიდა და კარი რომ გააღო, კატა შემოცუნცულდა. სუფთა, მშრალი, ერთი წვეთი ტალახიც არ ეცხო. ბაბუა უყურებს გაოგნებული და ახლაც მესმის მისი გაოცებული ინტონაციით ნათქვამი - ტაქსით მოვიდა ნეტა ეს სამგლეო?!.. რაც მთავარია, ამ მოგზაურობის შემდეგ  ფისო წიწილების ჭამას  შეეშვა და ღრმა სიბერემდე თვლემდა ეზოში მზის გულზე, ან სახლში, ღუმელის ქვემოთ გაწოლილი...

მოკლედ, ეს ისტორიები გამახსენდა იმ დღეს,  ყავის ჭიქის გარეშე რომ მივუჯექი კომპიუტერს. შეიძლება ვამეტებ, მაგრამ მგონია, რომ ჩემი პატარა ძმისშვილები არ და ვერ აწამებენ ცხოველებს.  ვერც ის პატარა გოგო, რომელსაც ეგონა, რომ ნემსს მე კი არა, მის დალმატინელს გაუკეთებდნენ დასასჯელად და ამაზე დარდობდა.   

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

19 July 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

19 July 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

19 July 2016

ღირდა ყოველი ამად?!

19 July 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

19 July 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

19 July 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

19 July 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

19 July 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

19 July 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

19 July 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

19 July 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

19 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

19 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

19 July 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

19 July 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

19 July 2016

გამქრალი გოგოები

19 July 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

19 July 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

19 July 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

19 July 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

19 July 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

19 July 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

19 July 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

19 July 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

19 July 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

19 July 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

19 July 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

19 July 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

19 July 2016