09 August 2016
  • 1384 ნახვა

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი - გერმანელი ბაჯითში!

გულრწფელად ვიტყვი, არც ვიცი, რა ამბავი უნდა გიამბოთ... უფრო ზუსტად, რომელი ერთი?

მაგალითად, როგორც კი ფიქრი ახალი, ცინცხალი ამბების აღწერისაკენ მიმირბის, მყის ძველი, სხვათა ნაამბობები, მახსენდება და, დაკავშირება რომც ვცადო, ვიცი, წერილი ვრცელი გამომივა... ვრცელი, შესაბამისად, მოსაწყენი.

ბაჯითი ზემოიმერული, საჩხერის სოფელია... 1973 წეს, რამდენიმე თვისა, წამიყვანეს პირველად და პირველი 15-16 წელი ყოველ ზაფხულს იქ ვისვენებდი.., ასე 13-14 წლისა რომ შევიქენი, მაშინ გამოვიწერე "Советский Спорт" და "ლელო" და ერთი თვით სოფლად გამწესებულს პერიოდიკის კითხვა თუ მიქარვებდა საყმაწვილო დარდებს.


 ლურჯწინსაფრიანი, ანუ, ფართუკიანი, ფოსტალიონი ნინა ბაჯითში ყოველდღე ამოდიოდა და, გაზეთებთან ერთად, ოღონდ იშვიათად, ჩემთვის წერილებიც ამოჰქონდა... თბილისელი მეგობრების მოწერილები.

ბაჯითში არჩილ ვასილიჩის ბიბლიოთეკიდან ამოვჩხრიკე ილია ჭავჭავაძის წერილებიც... თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, ხსენებული საბჭოთა სპორტის ლიდერი გაზეთის კითხვა უფრო მხიბლავდა... ერთი, განსაკუთრებით შთამბეჭდავი, მახსოვს კიდეც - Уходя Оглянись - ნაღდად ასე ერქვა წერილს ვოვა გუცაევზე.

მოცალეობის ჟამს, არჩილ ვასილიჩს - ბაბუაჩემს, უფრო ზუსტად რომ ვთქვა - ადრე გარდაცვლილი ბაბუაჩემის (დედის მამის) ძმას, თანატოლი ბიძაშვილები ხშირად ვაწვალებდით - ერთხელ მე და აჩიკომ ხაფანგში პლასტმასის თაგვი გამოვამწყვდიეთ და არჩილ ბაბუმაც განუმეორებელ ცოლს ,ვენერას, სიხარულით ამცნო მორიგი "ნადავლის" თაობაზე... 

თუმცა, ხელოვნური თაგუნია ხომ არ ფართხალებდა და თვალისჩინდაკლებულ ვასილიჩს ეგონა, რომ მოხაფანგებული თაგვი, უბრალოდ, მოკვდა... დიდხანს არწმუნებდა ვენერა ბებო, რომ შვილიშვილები, თანამედროვედ რომ ვთქვა, ეკაიფნენ.

არც სხვა მოხუცებს ვინდობდით... ჯაბა ბაბუ, ასევე ვასილიჩი, არჩილის უფროსი ძმა, სოკოს გამორჩეულ მცნობელად იყო მიჩნეული სოფელში, ჭის პირას მოკალათდებოდა ხოლმე და ჩვენ მიერ ტყე კოროხში დაკრეფილ სოკოს გულმოდგინედ ახარისხებდა - ეს არყა, ანუ, ვარყა... ეს მიქლიო... ესეც მჭადო... სულ, თუ აგვისტოს ბოლოს შემოსულ ნიყვსა და მანჭკვალას არ მივიღებდით მხედველობაში, ამ სამი სოკოს სახეობაში ვტრიალებდით...

ჰოდა, ჯაბა ვასილიჩის გასაბრაზებლად ჩვენ შეგნებულად ვურევდით მავნე სოკოებსაც და ისიც ძალიან გვიბრაზდებოდა - როგორ ვერ გასწავლეთ სოკოს ამოცნობა, როგორ ვერ გასწავლეთ... მის ჩხუბში სინანულიც იყო და გულისწყრომაც.


ბაჯითის კარ-მიდამო ძალიან დიდია, უფრო ზუსტად, ახლა რომ ვაკვირდები, არცთუ დიდი, მაგრამ ბავშვობაში, ძალიან დიდად კი გვეჩვენებოდა... 

სახლამდე ბზის ხეივანით უნდა ჩახვიდე, ოდნავ ციცაბო ეზოს შუა გავაკებულია და სწორედ იქ გვქონდა მოწყობილი სათამაშო მოედანი. თუთის ხეზე მიჭედილი კალათბურთის ფარი ახლაცაა შერჩენილი და ის მინდორიც, წინა, ახლაც მოტკეპნილი.

მარცნივ ასწლოვანი შუშაბანდია... მისი შუშები, მაქსიმუმ, ერთხელაა გამოცვლილი და ახლაც, ადრინდელის არ იყოს, პერიოდულად ცვივა... შუშაბანდს ქვემოთ სამზარეულოა... პატარა, ყველასი და ... ბუხრიანი.

ამ ბუხართან გაატარა მთელი ცხოვრება ბაბუაჩემის ბიძამ - ლუკა ტყემალაძემ და ყოველთვის, ყოველჟამს, ყოველ დროს, თუ რამ საოჯახო საქმე გარჩეულა, სწორედ ამ ბუხართან მომხდარა ასეთები... ამ ბუხართან დაიბადა ბაჯითის ლეგენდებიც... ბაჯითური ტყუილებიც... და ბაჯითურ ზღაპრებსაც მეტწილად აქ უყვებოდნენ შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს... ყველას, ვისაც თუნდა ერთი ზაფხული მაინც გაუტარებია ამ სოფელში.

ბუხრის სამზარეულოდან მარცხნივ, ოდნავ სიღრმეში, ჭაა... თავად სოფელში, მგონი, ასეთი სულ ოთხი თუ ხუთია, მაგრამ, ჩვენ ბავშვობიდან ვიცოდით, რომ ჩვენი ჭის წყალი ყველაზე გემრიელი იყო... ცივიც.

კაკლისა და ბიის ხე, რახანია, მოჭრილია, თუმცა, ეზოს მშვენება- კოპიტის უზარმაზარი ხე კვლავ ძლიერად და კუშტად მოჩანს ... კოპიტს მიღმა თხილნარია და კიდევ შვინდის რამდენიმე ძირი.


 ჯაბა ვასილიჩი კოპიტზე ამბობდა ამ 30 წლის წინ, 200 წლისააო... შესაბამისად, ეს მძიმე ხე ორ საუკუნეზე ასაკოვანი გამოდის ახლა.

ამ კოპიტის ძირში, და ხანდახან შუაწელშიც , "შტაბი" გვქონდა მოწყობილი მაშინ, როცა "ინდიელობას" ორ ბანაკად ვთამაშობდით, ჩემი და აჩიკოს გუნდი ყოველთვის იმარჯვებდა... თუმცა, შეიძლება, არც.

ჭის მიღმა, ჯაბას მეუღლეს , ცაცა ბებოს , ჟოლოს ძირები ჩაერგო და ხანდახანზე ხშირად ჩავიპარებოდით ხოლმე, ვიპარავდით... ცაცა ბებო ბრაზობდა... უფრო უშუალო შვილიშვილებზე - ჯაბიკოსა და ქეთინოზე, რომლებიც ერთგულ მეკავშირეებად გაგვეხადა.

სოსო, დღეს რომ სერიოზული ბიზნესმენია, ის... უფრო ჩვენთან ერთად იყო და არა პატარებთან... პატარებს კი თავიანთი სამყარო ჰქონდათ... სხვა და სხვაგვარი.

1979 წელს, როცა სულ რაღაც 6 წლისა გახლდით, გარდაიცვალა მარადია ბებო, 101 წლისა... უკანასკნელი, ვინც ბაჯითის საერთო სასაფლაოზე დავკრძალეთ... ანუ იქ, სადაც ბაბუაჩემი ვახტანგია დაკრძალული.

მარადია მიროტაძე, რომ ამბობენ, მაგარი ქალი იყო... ორი ქალიშვილი 30-იან წლებში დაკარგა... ერთი ვაჟი , მინა, ათიან წლებში.


გარდა ხსენებული სამეულისა, მას ოთხი შვილი ჰყავდა... მათ შორის ერთი - ვახტანგი - ბაბუაჩემი, 41 წლის იყო რომ გარდაიცვალა, შორეულ 60-იან წლებში...

ადრეულ წლებში დაკარგა მეუღლე ვასილიც... და მაზლთან, ასევე დაქვრივებულ ლუკა ტყემალაძესთან ერთად ზუსტად ისე აღვივებდა ოჯახის ნაკვერჩხალს, როგორც დანაოჭებულ ხელისგულზე ბუხრიდან რკინის ორკაპათი ამოღებულს... როცა გვეუბნებოდა, რომ ნაკვერჩხალი მის ხელისგულს, უბრალოდ, არ წვავს.

მარადიას სკივრი ყოველთვის საოცრებებით იყო სავსე... გამოიღებდა 20-იანი წლების შოკოლადს... და პირი ჩაიტკბარუნეთო, გვეტყოდა... თურმე, ომში წასულ ვაჟებს უნახავდა... ჩამოსულებს, ცხადია, გაუმასპინძლდა... თუმცა, ბევრი კი შერჩა... იმდენი, რომ 70-იან წლებამდე ეყო.

მარადიაზევეა ერთი ნამდვილი ამბავი. 

30-იან წლებში, სოფიოს - ერთ-ერთი ქალიშვილის დაკრძალვისას, ბატონები შეჰყროდათ ძმებს... შესაბამისად, სხვა ოთახში, იზოლირებულად გამოეკეტათ...

... და თურმე გადაიცვამდა მარადია მიროტაძე წითელ კაბას და ხალას-ხალასით გადიოდა ძმებთან... ბატონების სადიდებელ სიმღერას წაუღუღუნებდა და მერე ბრუნდებოდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი ქალიშვილი ესვენა... შავით შეიმოსებოდა და... ტიროდა.

ლუკა ტყემალაძესა და მარადია მიროტაძესთანაა დაკავშირებული სხვა , ძალიან შთამბეჭდავი ამბავიც ... ბაჯითის დიდი ეზოს უკან შავ ეზოდ წოდებულია, აი, იმგვარი, სადაც ქათმები და საქონელი ჰყავთ ხოლმე... ეზო პატარა კარით ხსენებულ ბუხრიან სამზარეულოს უკავშირდება და ეს კარი, როგორც წესი, ყოველთვის დაკეტილია, ურდულით...

1946 წლის ზამთარი ყოფილა, ომი თვეების დამთავრებული...

კარზე კაკუნი გაუგიათ იმხანად უკვე დაქვრივებულ მარადიას და მაზლს - ლუკა ტყემალაძეს... სხვა არც არავინ ყოფილა სახლში... მხოლოდ იუზა ტყემალაძე, მაშინ 3 წლის, დღეს- 73 წლის ოჯახის უხუცესი. 

მარადიას კარის გაღება ვერ გაუბედავს...

მძიმედ ამდგარა ლუკა...

ურდული აუხსნია ....

და წინ ნემეცი, ანუ გერმანელი, შემოხვედრია...

იარაღი არც ჰქონია ზემოიმერეთის ბოლო სიფელში მოულოდნელად გამოჩენილს.. დაკარგულს... სიცივისაგან კრიჭაშეკრულს.

წამიერი სიჩუმე, მძიმე დუმილი ჩამოწოლილა...

მიუპატიჟია მღვდელ-მონაზონ ლუკა ტყემალაძეს გერმანელი "სალდათი"... 

ბუხართან გათბობა შეუთავაზებია... ისიც, ტყვიის მომლოდინე, შეცბუნებული და უიარაღო, ნელ-ნელა მოფერიანებულა...

ღამის გათევა კი შეუთავაზებიათ ლუკას და მარადიას, მაგრამ უარი უთქვამს გერმანელს.

- გამოუტანე რაც კი ტანისამოსი გაქვს ამის ზომა - ცოტა მკაცრადაც უთქვამს ლუკა ბაბუს... გამოუტანე, გამოიცვალოს და წავიდეს მაშინ თავისი გზით.

ცოტა გაკვირვებით კი შეუხედავს მარადია მიროტაძეს მაზლისათვის - სხვა თუ არაფერი, მისი ვაჟნი იბრძოდნენ ფაშისტების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში... სხვა თუ არაფერი, ორი მათგანი, არჩილი და ჯაბა , რამდენიმეჯერ დაჭრილებიც იყვნენ ამ ომში.

- გამოუტანე და შეიმოსოს და წავიდეს თავისი გზით... ჯარისკაცია... ომობდა... მოწყვეტილია თავის სამშობლოს... სამშობლოში უნდა დაბრუნება, სხვა არაფერი...

რაც კი ტანისამოსი ჰქონიათ ოჯახში, ყველაფერი შეუფუთავს მარადია მიროტაძეს... 

წასულა გერმანელი... ნემეცი, ანუ.


***

 ძალიან მაგარი სოფელია ბაჯითი... მშვენებაა ზემოიმერეთისა და არა მხოლოდ.

და ყოველ ჯერზე, როცა ამ სოფელს თუნდაც ერთი დღით ვუბრუნდები, მისი ამბების მოყოლის სურვილი მძალავს... დღესაც ასე მოხდა... ავედი, ვნახე, აღვწერე... გავიხსენე და მხოლოდ!

მსგავსი

წერილები სანტა კლაუსს

09 August 2016