07 October 2016
  • 633 ნახვა

ქართული პოლიტიკის ჭიქანასროლი შარმი

კიდევ ერთი საინტერესო, საყურადღებო, გასაანალიზებელი და ამავე დროს ძალზე სამწუხარო ტენდენცია, მოვლენა, უკვე ჩვევაში გადაზრდილი პოლიტიკური „ტრენდი“, რომელზეც თქვენი ყურადღება მინდა მივიქციო, ის მორიგი ფაქტი გახლავთ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქართული ტელეარხის პირდაპირ ეთერში მოხდა და რომლის ვიდეოჩანაწერი ელვის სისწრაფით მოედო სრულიად ინტერნეტსივრცეს; მოიარა სოციალური და საინფორმაციო ინტერნეტქსელები, უცხოური, მათ შორის რუსული ტელეარხები, სადაც ცინიკური ქირქილი და შეფასებები არ დაგვაკლეს. ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ გამოვიჩინეთ თავი ჩვენი „საფირმო“ ტაქტიანობითა და თავშეკავებით, საუბრის კულტურითა და ელემენტარულად, ქალისადმი პატივისცემით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

აღარ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, რაზე ვსაუბრობ და რა მაწუხებს, რა მაბრაზებს და რას ვგმობ - მე, როგორც მოქალაქე, როგორც მომავალი ამომრჩეველი და ტელემაყურებელი, როგორც ადამიანი და როგორც ამ ქვეყნის ძალიან დიდი გულშემატკივარი.

„სატელევიზიო ჭიქასროლიობანა პოლიტიკური კონტექსტით“ - ასე დავარქმევდი დღევანდელ ე.წ. პოლიტიკოსთა და სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივისტთა ურთიერთობის ბოლო დროს გავრცელებულ ფორმას, რომელიც უკვე მერამდენე სამარცხვინო ფაქტს ითვლის ძირითადად სატელევიზიო სივრცეში.

ჩემი აზრით, ამ ქცევას, ამ უმსგავსობას, ამ გადახრას, ამ უპატივცემლობას, აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს - არც ემოციური და მით უმეტეს არც მორალური თვალსაზრისით. ახსნა, განმარტება და სახელი კი - რამდენიც გენებოთ. თუმცა არც ერთია ახლა საჭირო, არც მეორე და არც მესამე, იმიტომ რომ არცერთს აზრი არ აქვს და ყველამ შესანიშნავად ვიცით ვისთან, ან რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე, როგორც რიგით მოქალაქეს და აბსოლუტურად არცერთი პოლიტიკური პარტიის, წარმონაქმნისა, თუ პოლიტიკური პოლიპის არასოდეს წევრს და აქტივისტს, არამედ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში დავიბადე და ამავე ქვეყანაში მოვკვდები, მაქვს საკუთარი, ლეგიტიმური და სრულიად სამართლიანი თვალსაზრისი, შეხედულება, პოზიცია იმ ქმედებებზე, რასაც ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები ტელეეთერში ჩადიან.

ყველა დანარჩენი რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, როგორ აპირებენ ამგვარი ქმედებების ჩამდენი პოლიტიკოსები, თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოიპოვონ ხალხის, საზოგადოების სერიოზული ნდობის მანდატი, მათი ხმები და მხარდაჭერა?

დავიჯერო მათ სჯერათ, რომ შუა ეთერის დროს ოპონენტს წყლიან ჭიქას თუ ესვრი, შემდეგ მისკენ გაიჭრები და წამყვან ქალბატონს მოგვერდით მოიცილებ, შენდამი ნდობის ხარისხი მოიმატებს, ან შენი პარტიის რიტორიკა უფრო დამაჯერებელი გახდება ...

როგორ დავიჯერო, რომ ჭიქასროლია პოლიტიკოსებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის ოდნავ მაინც გაუმჯობესება შეუძლიათ... რომ სახელმწიფოს, მისი საზოგადოების, სოფლისა და ქალაქის, მოხუცისა და ბავშვის, ქვეყნის წარსულისა და აწმყოს და მისი მომავლის მაჯისცემის შეგრძნება ექნებათ, კარგად თუ არა, ოდნავ მაინც გააუმჯობესებენ ქვეყნის ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, იფიქრებენ და იზრუნებენ განათლების სისტემის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებასა და დახვეწაზე, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე.

ვინ დამაჯერებს, რომ ჭიქასროლია პოლიტიკოსი და მისი გუნდი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქუჩაში დაგდებულ, რკინისჯამიან მიუსაფარ ბავშვზე იფიქრებს, 5 ლიმონის ერთ ლარად გამყიდველი, შიმშილისგან ღონემიხდილი მოხუცი ქალი, ან მამაკაცი გაახსენდება, მასთან მივა, დააპურებს, ჩააცმევს, თავშესაფარში წაიყვანს და თითზე ჩამოსათვლელ თვეებს ან დღეებს წლებად უქცევს; რა ძალამ უნდა დამარწმუნოს, რომ ასეთ პოლიტიკოსებს საერთოდ რამე გაეგებათ პოლიტიკის, ადამიანებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ქვეყნის სიყვარულის, ან სულაც ადამიანობის?

ნასროლი ჭიქა, უწმაწური სიტყვა, მუჯლუგუნი და ერთმანეთზე გადავლა, საქართველოში იქნება ეს თუ ინდონეზიაში, ტელეეთერში თუ ხდება, იმ საზოგადოების მისამართითაა ჩადენილი, რომელიც ამ ეთერს უყურებს. ეს ცალსახაა და ამაში ვერავინ შემედავება.

ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას მეტნაკლებად ყველაფრის უკულტურობის სატკივარი აქვს. თან ტკივილს ვერ გრძნობს და სატკივარსაც ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ ეს უკულტურობა არ ადარდებს, არ აწუხებს. შესაბამისად, აბსოლუტურად არაფერს აკეთებს მის გამოსასწორებლად, აღმოსაფხვრელად. 

იგივე სურათია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. არ იცვლება სახეები, მიდგომა საქმისადმი, პრიორიტეტები, პროფესიონალიზმისა და ეთიკის ხარისხი. წყალნი მიდიან და მოდიან, ქვიშანი კი რჩებიან - წყლიანი ჭიქით ხელში, გამზადებულნი, რომ ოპონენტს, როგორც  ქვეწარმავალს, თავი გაუჩეჩქვონ.

ოპონენტიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი დემაგოგიით, პოლიტიკური მეტოქის მდგომარეობიდან გამოყვანით, საკუთარი თავი გააპიაროს, ხალხის თვალში ქულები დაიწეროს და ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს...

აუცილებლად ვიტყვი იმასაც, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არც აქტივისტი, და მით უმეტეს - აპოლოგეტი არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა გახლავართ. ჩემი პოზიცია, რომელსაც საკუთარი პროექტის ფარგლებში გიზიარებთ,  წმინდა მოქალაქეობრივია და პოლიტიკური კონიუნქტურის მისხალსაც არ შეიცავს.
და კიდევ ერთხელ, მე - როგორც ამ ქვეყნის გაბრაზებული, თქვენი ქმედებისგან ნერვებაშლილი მოქალაქე, გეუბნებით: წყლიანი ჭიქების ერთმანეთისთვის სროლას და თავყბის დამტვრევას, რკინისჯამიან ბავშვებს მიხედეთ თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე და დილა-საღამოს, კოჭებამდე ნაგვის კონტეინერში ჩაყუდებულ თანამემამულეებზე დაფიქრდით!
თუმცა ეს ხომ გაცილებით ძნელია? 


მსგავსი

ჩვენთვის აუცილებელი საარჩევნო კულტურა

07 October 2016