07 October 2016
  • 510 ნახვა

ჩვენთვის აუცილებელი საარჩევნო კულტურა

ნებისმიერ ცივილიზებულ, მეტ-ნაკლებად განვითარებულ, ქვეყანაში არჩევნები (განსაკუთრებით - საპრეზიდენტო და საპარლამენტო) უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი მოვლენაა. ასეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის არჩევნები უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, დიდ გარდატეხას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, არსებული სახელისუფლებო მმართველობის გაცილებით უკეთესისკენ შეცვლას, დასახული ამოცანების გადაჭრის რეალურ შანსს და სხვა უამრავი ნოვაციის განხორციელებას ნიშნავს და მოასწავებს. ამასთან ერთად, საკმაოდ ხშირია, როდესაც არჩევნები მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებების საპირისპირო შედეგების მომტანია და მოქალაქეთა, საზოგადოებათა სრულ იმედგაცრუებას, გაწბილებას იწვევს. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი, სიმპტომატური, ცოცხალი პროცესია, რომელიც ხდებოდა, ხდება და მოხდება, ვიდრე იარსებებს ხელისუფლებები, საზოგადოებები, არჩევნები და ამომრჩეველი.

ცალკე სასაუბრო თემაა წინასაარჩევნო კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორგანიზებული აჟიოტაჟი, შოუს ელემენტებით გაჯერებული კანდიდატების შეხვედრები პოტენციურ ამომრჩეველთან, დებატები სატელევიზიო ეთერში, საარჩევნო პროგრამის წარდგენის ფორმები და სადღესასწაულო განწყობა, თუნდაც გარკვეულწილად მოჩვენებითი, ხელოვნური, მაგრამ მაინც სადღესასწაულო, ლამაზი სანახაობა, წინასაარჩევნო პერიოდს და საკუთრივ არჩევნების დღეს გაცილებით სახალისოს, მიმზიდველსა და რაც უმთავრესია  საყოველთაო-სახალხოს ხდის.

რასაკვირველია, ამ ფორმამდე, ამ მდგომარეობამდე მისასვლელად ამერიკას თავისებური ევოლუცია დასჭირდა, თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკა მულტინაციონალური და შესაბამისად მულტიკულტურული ქვეყანაა, მაგრამ მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პრინციპი, ბაზისი - ერთ სულ და ერთ ხორც, რითაც დღეს ეს სუპერსახელმწიფო სულდგმულობს, ხომ მიღწეულია!

დაახლოებით იგივე სულისკვეთება და შემართება სჭირდება ჩვენს ქვეყანასაც. სადაც არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის უკიდურესად მოსაბეზრებელი, გამაღიზიანებელი და ხშირ შემთხვევაში აგრესიის გამომწვევი ჟამი და პროცესია.

დრო, როდესაც ქართული სატელევიზიო სივრცე გადავსებულია ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამით - უმეტეს შემთხვევაში საოცრად უგემოვნოდ გადაღებული წინასაარჩევნო კლიპებით, კანდიდატების უნიჭოდ წარმოთქმული ორიოდე წინადადებით, ღიმილის და ზოგჯერ ხარხარისმომგვრელი ფოტოებით წინასაარჩევნო პოსტერებზე, გაჭირვებით შეკოწიწებული სიტყვებით რომელიღაც პარტიის სლოგანისთვის, სადაც საოცარი ბანალურობა, მოწყენილობა და რაც ყველაზე მთავარია - სიყალბე იკითხება.

ცალკე თემაა მოვლენაა სატელევიზიო დებატები მოქიშპე პოლიტიკურ ძალებსა და მათ წარმომადგენელ პოლიტიკურ ფიგურებს შორის. საარაკო უტაქტობა, ძირითადად უზრდელი დამოკიდებულება ერთმანეთისა და პრინციპში  საზოგადოების, ხალხის მიმართ; შუა ეთერში ხელჩართულ ჩხუბს რომ იწყებენ, რომელსაც ერთგვარ პრელუდიად მღელვარებისგან პირის გასასველებლად დადგმული წყლიანი ჭიქების ოსტატურად გატყორცნა უძღვის, საგანგებოდ შერჩეული ლექსიკა ერთმანეთის დასამცირებლად, დემაგოგია და ერთმანეთის არმოსმენა, თოქ-შოუების წამყვანების ღონემიხდილობა,  პროდიუსერების მთავარი ფსონი სკანდალზე, სანახაობაზე, აგრესიული მიზანსცენების გამოწვევაზე გადაცემაში, რომელიც არხის ე.წ. ყურებადობის უტყუარი წინაპირობაა. წივილი, კივილი, არეულობა და ხალხში ისედაც მძიმე ემოციური ფონის კიდევ უფრო დამძიმება - ასეთია ქართული წინასაარჩევნო მარათონი ქართულსავე მედიასივრცეში.

არადა, ზუსტად წინასაარჩევნოდ, გულწრფელად ვის ადარდებს და აღელვებს ჩვენი ქვეყნის საერთო მდგომარეობა, ეკონომიკური სურათი, ფინანსური მაჩვენებლები, საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის შიგნით კრიმინოგენური ვითარება, ის თუ რა ხდება სოფლად, რა უჭირთ, რა ულხნით, როგორ სწავლობენ მოსწავლეები და სტუდენტები, რას ითხოვენ პენსიონერები, ვის რა უჯდება მკურნალობა, როგორ ცხოვრობს ხალხი და რაზე მეტყველებს საერთო, ზოგადი საზოგადოებრივი აზრი, დამოკიდებულება, განწყობა, სურვილები და მისწრაფებები?

ერთ-ერთი, რისიც მართლაც შავი შურით მშურს - ამერიკისა და ამერიკელი ხალხის, ევროპის ქვეყნებისა და იქაური მოქალაქეების - ეს მათი საარჩევნო კულტურაა, დამოკიდებულებაა ამ მოვლენის, ამ ფენომენის მიმართ, რომ არჩევნები ზუსტად საერთო-სახალხო, რეალურად საჭირო გარდატეხაა, რომელიც გარკვეული ინტერვალებით ხორციელდება ამ ქვეყნებში და რომელსაც არა კორუმპირებული და საკუთარი სქელი ჯიბის კიდევ უფრო გასქელებაზე მზრუნველი პოლიტიკოსები, არამედ სწორედ საზოგადოება - ერთ გუნდად შეკრული ხალხი, მოქალაქეები ახორციელებენ. ერთად ცდილობენ გააუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო, ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები, საბანკო და სადაზღვევო სექტორი, სოციალური მდგომარეობა, დემოგრაფია და კიდევ უამრავი რამ, რომელიც მათი ქვეყნების კეთილდღეობას და განვითარებას სჭირდება.

რასაკვირველია წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღესაც არიან ადამიანები, პოლიტიკოსთა გუნდი, პერსონები, რომლებსაც გულწრფელად ადარდებთ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ბედი, მათი მდგომარეობა და ამიტომ პირადად მე, ასეთ ადამიანებს გამარჯვებას და წინსვლას ვუსურვებ, მაგრამ რაც შეეხება არჩევნებს და საარჩევნო კულტურას, ჩემი მოკრძალებული და შესაძლოა დილეტანტური აზრით, ეს გახლავთ ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უსათუოდ უნდა გამოიმუშავოს, დახვეწოს და გააძლიეროს სწორედ სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ანგარიშგასაწევი ფენომენის დონეზე. ეს კი თავის მხრივ, არსებითი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის.

ამდენად, როგორც აპოლიტიკურ ადამიანს და უპირველესად, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ საარჩევნო კულტურის განვითარებისკენ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არჩევნებზე წასვლაა.

იმისთვის რომ საზოგადოებამ საკუთარი ქვეყნის მაჯისცემა იგრძნოს, ჯერ ქვეყანას სჭირდება, იგრძნოს საზოგადოების არსებობა.   
არჩევნები კი საამისოდ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
  


მსგავსი

ქართული პოლიტიკის ჭიქანასროლი შარმი

07 October 2016