10 October 2016
  • 616 ნახვა

გადავარჩინოთ თბილისი

დღეს, ჩვენი პლანეტის ცივილიზებული და შეგნებული ნაწილი, განვითარებული ქვეყნები, მათი მთავრობები, ხალხი, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, დიდი და პატარა დღითი დღე უფრო მეტად აცნობიერებს, რომ გარემოს დაცვა, სოფლად და ქალაქში მწვანე საფარის გაფრთხილება, ტყეებისა და მდინარეების, ტბების, ბიომრავალფეროვნების ხელისგულზე ტარება მათთვის არსებითი ქმედებაა, მიზანია, რომელიც ისევ მათსავე და მათი შთამომავლობის სასიკეთოდ იქნება აუცილებელი. ევროპის, აზიის და სხვა კონტინენტების განვითარებული ქვეყნებში უკვე ნომერ პირველი პრიორიტეტია ტყის მასივის შენარჩუნება და მოშენება, ქალაქებში უმკაცრესადაა დაცული ხეების, სარეკრეაციო ზონების, პარკებისა და სკვერების უსაფრთხოება და მთლიანობა. საცხოვრებელ სახლებს, ოფისებს და სხვა ნაგებობებს ადამიანები ხეებთან ადაპტირებულად აშენებენ, ანუ ხეს სიცოცხლეს უნარჩუნებენ, და მეტიც – ხის სიმაღლის, სიგანისა და მდებარეობის მიხედვით აგებენ კედლებს, სართულებს, აივნებსა და სახურავებს.

 

ამ ქვეყნებში ადამიანები უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ თუ სასწრაფოდ არ მოხდება არსებული მწვანე მასივის შენარჩუნება, აქამდე განადგურებული ტყეების, პარკების, ტბებისა და მდინარეების რეანიმირება-რეაბილიტაცია, თუ არ გასუფთავდება ჰაერი, თუ არ დაიკლებს რადიაციული მაჩვენებლები, თუ არ გაიწმინდება ნიადაგი და წყალი, „განკითხვის დღე“ რეალობად იქცევა.

ქვეყნებში, რომლებიც საკუთარი კულტურითა და შეგნებით ჩვენთვის სანიმუშო უნდა იყოს, უკვე სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ლამის ეროვნული ღირსების სიმაღლეზეა აყვანილი მწვანე საფარის, ზოგადად ფლორა–ფაუნის გაფრთხილება–რეაბილიტაციის საკითხი. იქ ბუკვალურად სახელმწიფოს, ხალხის მტერია ის ადამიანი, რომელიც ცოცხალ ხეს მოჭრის, გარემოს დაანაგვიანებს, მდინარეს დააბინძურებს ან ითევზავებს იქ, სადაც აკრძალულია.

 

მაგრამ რა ხდება ამ დროს ჩვენს ქვეყანაში:

ტოტალურად მცირდება მწვანე მასივი დედაქალაქში, მასიურად იჭრება ჯანსაღი, ცოცხალი ხეები, ჟანგბადისთვის აუცილებელ სივრცეს რკინა–ბეტონის უსახური, მკვდარი, ცივი კედლები იკავებს, ერთმანეთის მიყოლებით შენდება მრავალსართულიანი, ე.წ. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსები და კომპლექსები, სადაც არცერთი სავალდებულო სამშენებლო, საინჟინრო, და შესაბამისად უსაფრთხოების სტანდარტი არ არის დაცული. კორპუსები ერთმანეთის გვერდით იმდენად ახლოს შენდება, რომ ანეკდოტად ქცეული გამონათქვამი მეზობლები ერთმანეთს საკუთარი აივნებიდან ხელს ართმევენო, უკვე რეალობად იქცა.

თბილისი თანდათანობით ემსგავსება უჟანგბადო, უმზეო, უხეო და უსახური ცივი ბეტონის სასაფლაოს, სადაც ჟანგბადის ნაცვლად ავტომობილების გამონაბოლქვი და საცხობების, რესტორნებისა თუ საშაურმეების სამზარეულოების გამწოვებიდან გამოფრქვეულ ოხშივარს თუ ჩაისუნქავთ, სკვერებში ხეებისა და ბუჩქების ნაცვლად უტიფრად შემოჭრილ ვიგინდარა ფულის ტომარა ბიზმესმენის ციხე–სიმაგრის გალავანს თუ იხილავთ, სადაც ტროტუარები ავტოსადგომებადაა ქცეული, ფეხით მოსიარულეები კი მანქანების სავალ ნაწილზე გადაადგილდებიან და მძღოლებისგან სიგნალებსა და ლანძღვა–გინებასაც იმსახურებენ, სადაც ადამიანები, რომლებიც ხეების მოჭრას აპროტესტებენ, გიჟებად, მოსყიდულ პროვოკატორებად და ლამის ქვეყნის მტრებად არიან შერაცხულნი.

 

მტრადაა შერაცხული თბილისში ხე, ბალახი, ბუჩქი და ყვავილი; მზე და ჟანბადი, სუფთა წყალი და სუფთა მდინარე, სუფთა სკვერი და სუფთა სინდისი. დღეს ამ ქალაქში სხვა რამეა პრიორიტეტი და სხვა რამეა წმინდა – ის, რაც დიდ შემოსავალს, დიდ გავლენას და დიდ ამბიციებს მოიტანს.

ამ შემთხვევაში, ასეთ მდგომარეობაში, რა არის საჭირო, რა იქნებოდა ამ უგვანობის საპიწონე, წინააღმდეგობა, შემაჩერებელი და უკანდამხევი ძალა? რასაკვირველია საზოგადოება, მისი ერთსულოვნება და შეკრული პირი, გაერთიანებული ძალა, რომელიც შიშის ზარს დასცემდა ნებისმიერ დამნაშავეს, ვიგინდარას, რომელიც მსგავს დანაშაულს ჩაიდენდა.

 

თბილისმა უწინდელი სილამაზე და სიმწვანე, ჰაერი და სივრცე უნდა დაიბრუნოს! სანამ ჯერ კიდევ არის ამის შანსი. თბილისის ცივ ბეტონად გადაქცევა მისი დასამარების ტოლფასი იქნება, სადაც აღარც ახალი ვარაზი იქნება, აღარც მზე, ვარდები კი მის „საფლავზე“ დაიყრება – თუ რა თქმა უნდა გაიმეტა ჯიბესქელმა და ნამუსთხელმა ინვესტორმა, და ისიც თუ სახლში არ გააქანა.

თბილისს ხეები, მზე, ჰაერი და სინათლე უნდა დაუბრუნდეს!

გონს მოვეგოთ, სანამ უკანასკნელ, მზის დამაბნელებელ ბეტონის ცოკოლს დავადგამდეთ ჩვენი დედაქალაქის თავს.  

მსგავსი

მიენიჭოს კრწანისის ტყეპარკს დაცვითი სტატუსი !

10 October 2016

ბუნება ჩვენია!

10 October 2016