12 October 2016
  • 3304 ნახვა

არჩევანი ყუთთან და თავგადასავლები 8 ოქტომბერს - ლიზა ციციშვილის ბლოგი

ყველას თავის არჩევნები ჰქონდა, საკუთარი არჩევანი ყუთთან და თავგადასავლები 8 ოქტომბერს.

ქვეყნის 49 პროცენტი, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლოდ მოიქცა - მატყუარა პოლიტიკოსებზე გულაცრუებული არჩევნებზე საერთოდ არ წავიდა, მოქალაქეობრივი ვალი არ მოიხადა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაბალი აქტივობის არჩევნებად აქცია.

მე კი ჩემს ამბავს მოგიყვებით. ისე, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში, ახლაც „მოამბეში“ ვმუშაობდი. თუმცა სხვა წლებთან შედარებით ახლა მეტი პასუხისმგებლობა და გამოწვევა შემხვდა. უბნების გახსნიდან  დღის  ბოლომდე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საარჩევნო ოლქები - დიდუბე და ჩუღურეთი - შემხვდა. ჩემი პირდაპირი ჩართვები დღის განმავლობაში დარღვევებს, ამომრჩეველთა აქტივობას და ზოგადად, საარჩევნო  პროცესს ეხებოდა. მძიმე სამუშაო დღის მიუხედავად, საკუთარი არჩევანი მეც გავაკეთე და მიხაროდა, რომ ხმა ამჯერად ჩემს ნამდვილ სახლთან და არა მოშორებით, სულ სხვა უბანში მივეცი.

ეს მძიმე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეც დასრულდა, უბნებიც დაიხურა, თუმცა ჩემი ამბავი ახლა იწყება. საღამოს 8 საათზე დაანონსებული ეგზიტპოლების გამოცხადებას, სხვა ჟურნალისტების მსგავსად, ერთ-ერთი პარტიის ცენტრალურ შტაბში შევხვდი.

თუ გამარჯვებაში დარწმუნებული პარტიების შტაბები სავსე იყო მხარდამჭერებით, ჰელიუმის ბუშტებით და ტკბილეულით, აქ სულ სხვა რეალობა დამხვდა. შტაბში, რომელიც მე მერგო, არცერთი პარტიის ლიდერი არ დამხვდა. ჩვენი მასპინძელი მანანა კი, დღესაც არ ვიცი, ვინ იყო - პარტიული ქალბატონი, უბრალო გულშემატკივარი თუ შტაბის დიასახლისი. ეგზიტპოლების მოლოდინში ლობიო მოუხარშავს, მწნილიც უყიდია და მთელი დღის მშიერსა და გაუბედურებულს მთელი გულით მთავაზობდა.

ეს ამბავი არც ამით მთავრდება. 20:00 საათის დადგომასთან ერთად, მანანას ნერვიულობამ იმატა, მოხარშული ლობიო ცოტა ხნით დაივიწყა და ახლა უკვე უზბეკურ ფლავზე გადავიდა: ვიცი, დავმარცხდებით, ამის გადატანა არ შემიძლია და მოდი, ახლა უზბეკურ ფლავს გავაკეთებო.

ამ დროს „მოამბეც“ დაიწყო 8 საათზე დაანონსებული პირველი წინასწარი მონაცემები ხახვისგან აცრემლებულმა ძლივს გავარჩიე. პარტიამ წააგო, მე კი უზბეკური ფლავი და ლობიო გაზქურაზე დავტოვე, გაწბილებულ მანანას დავემშვიდობე. 9 ოქტომბერს კი ახალ საქართველოში გავიღვიძე. 

მსგავსი

„ადამიანი არსაიდან“ თუ „ურჩხული კაბაში“ - ფრანგების არჩევანი

12 October 2016

ფრანგული არჩევნების თავისებურებები

12 October 2016

არჩევნებიდან არჩევნებამდე

12 October 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი. გაზპრომისა და რაგბის ამბავი!

12 October 2016