19 October 2016
  • 1448 ნახვა

იტალიური სტილი - იარაღი, რომელიც არ იჟანგება - ლაშა მესხის ბლოგი

460 მილიარდზე მეტი - ეს პატარა იტალიის ექსპორტის მაჩვენებელია. სწორედ იმ ექსპორტის, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელია. ისინი აწარმოებენ გრძნობებს. გრძნობას, რომელიც იტალიურ ტანსაცმელთან, ღვინოსა და ავტომობილთან შეხებისას გვეუფლება. თუმცა გრძნობების წარმოებამდე იყო დიდი გაყინულობა და უძრაობა.

წინა საუკუნის 45-იან წლებში იტალიაში ერთადერთი განწყობა სევდა იყო, ის, რაც მთელ ქვეყანაში ომისა და ნანგრევების შედეგად დარჩა. სწორედ მაშინ გადაწყდა დიდი განახლება. ფინანსურად, სულიერად და ფიზიკურად შესუსტებული ქვეყნისთვის საჭირო იყო ეკონომიკური ბიძგი, რაც მოდის მიმართულებამ საკუთარ თავზე აიღო. ამერიკის დახმარებით ადგილობრივებმა მაშინ ტექსტილის წარმოება დაიწყეს. შემდეგ როგორც ხდება... ყველაფერი ნელ-ნელა განვითარდა და აგურს აგური დაედო.

1951 წელს ჯოვანი ჯიორჯინიმ იტალიაში პირველი საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენება მოაწყო. ეს ერთგვარი ბიძგი იყო ადგილობრივი მოდის არქიტექტორებისთვის. რეალური შიმშილის დაძლევის შემდეგ იტალიამ მოდის შიმშილიც დაძლია. დაიწყო მასობრივი ბუმი ტანსაცმლის წარმოების მიმართულებით. კონკრეტული ექსპერიმენტების და თამამი ნაბიჯების შედეგად, მოდის ტენდეციებისა და მოდური სახელებ-გვარების სამჭედლოთი ჰოლივუდი დაინტერესდა. 

ოდრი ჰეპბერნი და ელიზაბეთ ტეილორი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ იტალიური მოდის პირველ დესპანებად. ტეილორმა სწორედ იტალიური აქსესუარებით განასახიერა ლეგენდარული კლეოპატრა. მისი პარტნიორი რიჩარდ ბარტონი ხშირად ამბობდა, რომ ტეილორმა მხოლოდ ერთი იტალიური სიტყვა იცოდა და ეს სიტყვა „ბულგარი“ იყო. 

ამერიკულ კინოს არც ადგილობრივი ჩამორჩა. სოფი ლორენი - სახელი და გვარი, რომელიც უდაოდ მარადიულ სილამაზესთან ასოცირდება. რა გასაკვირია, რომ სოფი იმ დროს ხარისხიან იტალიურ ბრენდებს ანიჭებდა უპირატესობას, მაგალითად, „გუჩის“. ამ უკანასკნელის ნაწარმს სხვებისგან ხარისხი და ორიგინალურობა გამოარჩევდა. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილი ლოგოს ნაცვლად, „გუჩის“ იმდროინდელ ჩანთას ბამბუკის სახელურით გამოარჩევდით



დღეს უამრავი სახელის ჩამოთვლა შეიძლება: „პრადა“, „ვერსაჩე“, „არმანი“, „დოლჩე გაბანა“, „ლუი ვიტონი“, „ზენია“, „რუბინაჩი“, „მოსკინო“, „ბენეტონი“ და ა.შ. რომელთა ჩამონათვალი მსოფლიოსთვის ცნობილი და საყვარელია, რომელთაც არა მხოლოდ ხედავ, არამედ გრძნობ. სიის გადაკითხვისას ალბათ ყველას ცნობილი ბრენდების მდიდრული ლოგოები გაგახსენდებათ. ლოგოები, რომლებსაც ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები იცვამენ.  თუმცა 60-იანების იტალიური მოდისთვის სახელებისა და ლოგოების არსებობა საჭირო არ გახლდათ. აქ მთავარი განმასხვავებელი ის განსაკუთრებული ხარისხი იყო, რომლითაც იტალიური სამოსი გამოირჩეოდა. ტენდენციებსა და ხარისხზე სწორება დღემდე ძალაშია.

როგორც ცნობილია, მოდა გარდამავალი ცნებაა, ხოლო სტილი სამუდამოდ რჩება. ჩემი აზრით, იტალიური სტილი არ არის მხოლოდ ის, რასაც პოდიუმსა და ლამაზი ჟურნალების ფოტოებზე ვხედავთ. სტილი ალბათ უფრო ის არის, როგორ აცვიათ მათ სინამდვილეში, რეალურ დროში.

პასუხი იმ იტალიელებშია, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ მილანის მოდის კვირეულთან. ეს რომ გავიგოთ, ალბათ აუცილებელია მოვინახულოთ იტალიური ქალაქების ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, როგორიცაა მეტრო, გამოფენები, პოპულარული ბარები, კინოთეატრები და უბრალოდ, ძველი ქუჩები. სტილი და ჩაცმის მანერა შესამჩნევად განსხვავებულია სამხრეთსა და ჩრდილოეთ იტალიას შორის. ჩრდილოეთ იტალიელი ქალი, როგორც წესი, არის აქტიური, ენერგიული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული, მას ტანკივით დიდი ჯიპისგან განსხვავებით უბრალო ველოსიპედით გადაადგილება ურჩევნია. უყვარს თავისუფალი და კომფორტული ნივთები (ტანსაცმელი), მაგრამ ამავდროულად ხარისხიანიც. აქცენტს ის აქსესუარებზე აკეთებს, შეიძლება ძვირად ღირებულზეც, მაგრამ სისადავე აქაც მნიშვნელოვანია.

სამხრეთელი ქალი კი ჩრდილოეთელის საპირისპიროა. ტემპერამენტული, ეფექტური და გახსნილი. მას შეეუძლია თავისი სხეულის ცუდი მხარეებიც სილამაზით წარმოაჩინოს. სამხრეთელი ქალი ყურადღების მოყვარულია და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამის გამო ის ხშირ შემთხვევაში გამომწვევად და შესამჩნევად იცვამს, მაგრამ მიუხედავად შესამჩნევი განსხვავებისა, ტანსაცმლის არჩევა მაინც დამოკიდებულია მის მიზანზე.

გასაოცარია იტალიელი ქალის სიყვარული ქუსლიანი ფეხსაცმლის მიმართ. თუმცა აღიარებულია, რომ ქუსლიან ფეხსაცმელს ბუნებრივად მაღალი ქალები არ იცვამენ.



რაც შეეხება მამაკაცებს, აქ სამხრეთელსა და ჩრდილოეთელს შორის განსხვავება არც ისე თვალშისაცემია. ამბობენ, რომ მამაკაცის ტანსაცმელი უნიფორმას წააგავს და ფანტაზიის არანაირ საშუალებას არ იძლევა. არადა, ცნობილი ფაქტია, რომ მამაკაცის ტანსაცმლის ყველაზე კარგი მკერავები სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლში არიან.

წელში გამოყვანილი საკმაოდ ვიწრო პიჯაკები, ვიწრო შარვლები და რა თქმა უნდა, უზადოდ სუფთა ფეხსაცმელი, ეს ნამდვილი იტალიური სტილია. ამ ყველაფერთან ერთად იტალიელ მამაკაცებს შეუძლიათ იდეალურად შეუხამონ სამოსს ყელსახვევები და ჰალსტუხები. აუცილებელია ცხვირსახოცი გულის ჯიბეში ან ზურგზე მოგდებული სვიტერი.

ალბათ ბოლო წინადადებამ არა სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი იტალიელი ფეხბურთელები გაგახსენათ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში, იტალია ფეხბურთით სუნთქავს და რა გასაკვირია, რომ 60-იან წლებში მოდის პლაცდარმად წოდებული კინო ვეღარ არის მოდის მონოპოლისტი. ყველას აინტერესებს, რას იცვამენ იტალიელი ფეხბურთელები. 

საგულისხმო ფაქტია, რომ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების უმრავლესობა მხოლოდ კერძო შეკვეთით ამზადებინებს მოდის ქურუმებს საკუთარ სამოსს. 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნაკრების ჩაცმულობაზე „დოლჩე გაბანამ“ იზრუნა. სამოდელო სახლმა წარმოადგინა სპეციალური კოლექცია, სადაც ნაკრების ოფიციალური თამაშებისა და ვარჯიშის სამოსის ნიმუშებთან ერთად, სამგზავრო აქსესუარებიც იყო წარმოდგენილი. ესეც იტალიური ხასიათია. გეცვას გამორჩეულად და ხარისხიანად.

წლები მიდის... ისტორიას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ თანამედროვე მოდა  60-იანი წლებით საზრდოობს.  ყველაზე მნიშნველოვანი კი ალბათ ხასიათია. ნებისმიერი მოდური კოლექციის, იტალიური მანქანის, პიცისა და ღვინის მიღმა ჩვენ იტალიურ სულს ვგრძნობთ. ეს სწორედ ის არის, რაც იტალიის ძველ ქუჩებში დღემდე ამაყად დადის...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიური სტილის იარაღი უჟანგავია და ის მომავალშიც ისეთივე სიზუსტით გაისვრის, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა.

 
მსგავსი

"საზიზღრები, ბოროტები, ბინძურები"

19 October 2016

ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა - თათია ბუხრაშვილის ბლოგი

19 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - გიორგი ქოქოსაძის ბლოგი

19 October 2016

ბაჩო კვირტიას ბლოგი - ვანილი

19 October 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - „ასოციაციობანა“ განათლებაზე

19 October 2016

ქართული ცეკვა და ხელოვნება

19 October 2016