02 December 2016
  • 631 ნახვა

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

პანკისის ხეობაში გამგზავრება უბრალო მიზეზის გამო გადავწყვიტე. ადამიანების სოციალური ყოფა და მათი ტრადიციების გაცნობა იმაზე უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ის სტერეოტიპული სახე, რომელსაც ხშირად ტელეეკრანებზე ვხედავთ.

პანკისის ხეობაში შესვლისას, პირველად სოფელი დუისი გვხვდება. სოფელს ერთი მთავარი გზა მიუყვება, რომლის გარშემოც სახლებია განლაგებული. ჟურნალისტის დანახვა არ უკვირთ, თუმცა ადგილობრივების დაჟინებულ მზერას მაინც იმსახურებ.

აი, პირველი პოტენციური მასპინძელიც დავინახე და ეზოში შესვლის ნებართვა ვითხოვე.

სახელი: ვინსენტ

გვარი: მაჩალიკაშვილი

რელიგია: სუნიტი მუსლიმი

გულითადად მიმიღო. ყოველდღიური ცხოვრების დეტალებიც გამიზიარა.

ვინსენტ მაჩალიკაშვილი: „რა გითხრა შვილო, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს პანკისში. ყველას გვიყვარს ერთმანეთი და შენნაირი სტუმრებიც. ერთი ისაა, რომ სამუშაო არ გვაქვს და ასე უქმად ვართ. მეურნეობა ჩვენ არ გვაქვს, სამუშაო ჩვენ არ გვაქვს. ცხვრებს თუ გამწყემსავ კაცი, ან ძროხას იყოლიებ“.

როგორც აღმოჩნდა, პანკისში ოჯახის თავი კაცია და ქალს შედარებით შეზღუდული უფლებები აქვს. აი, მაგალითად, ჩემმა რესპონდენტმა ცოლის ჩაწერის უფლება არ მომცა, არ ენდომებაო.

„თქვენ თბილისში ქალები გაათამამეთ და თავზე დაისვით. ჩვენთან მასე არ ხდება“, – ამბობს მასპინძელი.

ისლამური ნორმების მიხედვით, მუსლიმ მამაკაცს ოთხი მეუღლის მოყვანა შეუძლია. მართალია, ჩვენს რესპონდენტს მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს, მაგრამ პანკისშიც მოიძებნებიან მრავალცოლიანი მამაკაცები.

იქვე, ოჯახის ახალგაზრდა წევრებსაც გავესაუბრე, მათი უმეტესობა უმუშევარია. მთავარი საქმე „ბირჟაზე“ დგომაა და, მათი თქმით, სწორედ უმუშევრობის გამო ბავშვებს ადვილად იტყუებენ სირიაში.

„ძირითადად უსაქმურად ვართ. სოფელში არაფერი ხდება. ჩვენ სკოლაც დავამთავრეთ და ახლა რა ვაკეთოთ, არ ვიცით“, - მიყვება პანკისის ერთ-ერთი მცხოვრები.

ბატონმა ვინსენტმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და რუსული ფრაზით - Без комментариев - მოიგერია დასმული შეკითხვა, რას ფიქრობს პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად წასულ ახალგაზრდებზე.

გზა განვაგრძე. პანკისში განსაკუთრებით საინტერესო ქალბატონებზე დაკვირვება აღმოჩნდა. მათი უმრავლესობა ჩადრით დადის, თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც თმების გამომზეურებას არ ერიდებიან.


მალიქა ჩემი შემდეგი რესპონდენტია. 23 წლის გოგონა უკვე ორი შვილის დედაა. მართალია, გვერდზე სოფელშია გათხოვილი, მაგრამ ახლა მშობლებთან არის სტუმრად. როგორც მითხრა, სიყვარულით გათხოვდა და გარიგებას არ ჰქონია ადგილი. წინათგრძნობამ მიმტყუნა და გოგონა ინტერვიუზე უპრობლემოდ დამთანხმდა.

მალიქა: „ქალები დიასახლისები არიან. ძალიან დიდი უმუშევრობაა. ფაქტობრივად, უმუშევრები არიან ყველანი, ხანდახან სკოლაში ან საბავშვო ბაღში არის რემონტი და იქ მუშაობენ. ხალხი გამოდის, მამაკაცები ბირჟაზე დგანან, ქალები კი ბავშვებს უვლიან და ოჯახის საქმეებს აკეთებენ“.


მალიქა ულამაზესი შავ-თეთრი ჩადრით არის შემოსილი. აქ ეს ქალისთვის აუცილებელი ატრიბუტია. თუმცა, როგორც ჩემი რესპონდენტი მიყვება, პანკისში არიან ქალბატონები, რომლებიც არ იცავენ რელიგიის ამ ნორმას და თავისუფალი სამოსით დადიან.

მალიქა სირიაში ახალგაზრდების წასვლის თემასაც შეეხო. იგი ომალოდან წასულ ბავშვებს შორიდან იცნობდა. კითხვაზე, გაუშვებდა თუ არა საკუთარ შვილებს სირიაში, მიპასუხა:

„არა, როგორ გავუშვებდი. შიშის მომენტი ძალიან გვაქვს. ჩვენ კი არ ვამართლებთ იქ წამსვლელებს. ჩვენთვის ეგ არის ძალიან დიდი საშიშროება. სამართლიანი ის იქნებოდა, ისინი დაისაჯონ, ვინც ხელს უწყობს ამ ბავშვების აქედან გაყვანას“. 

შემდეგმა რესპონდენტმა, ქალბატონმა აიშამ სახლში მიმიპატიჟა და ქისტების ტრადიციისამებრ სუფრაც გამიშალა, სტუმრის პატივისცემა ჩვენი მოვალეობაა, ისე როგორ გაგიშვებო. აიშა ქართულად გამართულად საუბრობს, ისე, როგორც პანკისელების უმრავლესობა. სახლში ჩადრით შემოსილი გოგონები დამხვდნენ - ერთი მისი რძალი, მეორე - ქალიშვილი. ახალგაზრდა გოგონები უცხო სტუმართან ლაპარაკისგან თავს იკავებენ, რადგან ისლამის ნორმების მიხედვით, ქალს მოწიწება და მამაკაცთან ურთიერთობის დროს რიდი მართებს. აი, მაგალითად, ქალს არ შეუძლია ხელი ჩამოართვას მამაკაცს და ა.შ. ყველა ეს წესი, მართალია, მთელი სიმკაცრით არა, მაგრამ ხეობაში მაინც შენარჩუნებულია. 

ოჯახში მამაკაცები არ დამხვდნენ. როგორც წესი, სამუშაო არ აქვთ, თუმცა „ბირჟაზე“ ან სადმე საყრილობო ადგილზე დილიდან გადიან. მასპინძელი ქალბატონები კი შეშის ჩეხვას მოვწყვიტე.

ჩემს შემდეგ მასპინძლებს, ბებიას და შვილიშვილს, საკუთარ მაღაზიაში ვესტუმრე. ბებია ჩადრით დამხვდა და საკმაოდ რელიგიური აღმოჩნდა. პანკისელი ქალებიც გააკრიტიკა, რომლებიც ჩადრს არ ატარებენ და თქვა, რომ ეს ცუდ ტონად ითვლება. თუმცა, მის შვილიშვილს თავსაბური არ ეფარა. აიდანის თქმით, ეს მისი არჩევანია და ჩადრის ტარებას არც აპირებს.

აიდანი: „მე პირადად ჩადრი არ მომწონს და მის ტარებას არც ვაპირებ. ეს ჩემი გადასაწყვეტია. ისე, ახლა სკოლას ვამთავრებ და სასწავლებლად თბილისში მინდა წამოსვლა. სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებას“.

მაღაზიაში ქალებიც გამომელაპარაკნენ. მათ უმრავლესობას იგივე პრობლემა აწუხებს, რაც ყველას – უმუშევრობა. ამბობენ, რომ რელიგიაც სათანადოდ არ ისწავლება, არ არსებობს ისლამური რელიგიური სკოლა მედრესე. როგორც გაირკვა, პანკისელ ბიჭებს ქრისტიანი ცოლები მოჰყავთ. ქალბატონების თქმით, მათი რძლები  თბილისიდან და ქუთაისიდან არიან. ყველა მათგანმა ისლამი მიიღო, რადგან ამის გარეშე, მათ ოჯახში დარჩენის უფლებას არ მისცემდნენ.

ისლამის ნორმების მიხედვით, მამაკაცს შეუძლია არამუსლიმი ცოლის მოყვანა, ქალი კი არამუსლიმ მამაკაცს ცოლად ვერ გაჰყვება.


სულ ბოლოს, სოფლის ყველაზე ხმაურიან ადგილს, სკოლას ვესტუმრე. სკოლის ეზოში ბავშვებით სავსე ავტობუსი დამხვდა, რომლითაც საკუთარ სოფელში ბრუნდებიან. გოგონები ჩადრით შემოსილები არიან. ბავშვები ჩემთან საუბარმა გაამხიარულა. როგორც გავიგე, სკოლაში ორი – ქართული და რუსული სექტორია და სასურველი მიმართულება ენის ცოდნის მიხედვით ირჩევა.

ყველაზე საინტერესო უფროსკლასელ ბიჭებთან გასაუბრება გამოდგა. ზოგიერთი სირიაში გაპარული ბიჭების მეგობარიც აღმოჩნდა.

16 წლის დავითის თქმით, ის ომალოდან გაპარულ ბიჭებს იცნობდა. თუმცა მათი წასვლის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. კითხვაზე, თავადაც წავიდოდნენ თუ არა სირიაში, პასუხის გაცემა უჭირს. დარწმუნებულია, რომ ომის შემთხვევაში ყველა პანკისელი საქართველოსაც დაიცავს.

დავითი: „საქართველო ჩვენი ქვეყანაა. ომი რომ დაიწყოს, ყველა პანკისელი იბრძოლებს და დაიცავს საკუთარ ქვეყანას. აი, სირიაში, არ ვიცი, წავალ თუ არა. ალბათ, პირადად მე არ წავიდოდი, მაგრამ სხვების, არ ვიცი“.

ასეთია პანკისის ხეობის რეალობა. მართალია, ახალგაზრდების სირიაში  გაპარვის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა სტერეოტიპი, რომ პანკისი ცხელი წერტილია, აქტუალობას კარგავს. ამასთან, რელიგიური და ტრადიციული ინსტიტუტი, უხუცესების საბჭოც ნელ-ნელა გავლენას კარგავს. მოსახლეობას ეკონომიურად უჭირს, თუმცა მდიდრულ სახლებს პანკისში მაინც შეამჩნევთ. ადგილობრივები ამას გროზნოელი ნათესავების დამსახურებად თვლიან, თუმცა, ზოგის თქმით, ეს სირიიდან ფულადი გზავნილის შედეგია.


მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

02 December 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

02 December 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

02 December 2016

ღირდა ყოველი ამად?!

02 December 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

02 December 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

02 December 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

02 December 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

02 December 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

02 December 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

02 December 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

02 December 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

02 December 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

02 December 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

02 December 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

02 December 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

02 December 2016

გამქრალი გოგოები

02 December 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

02 December 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

02 December 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

02 December 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

02 December 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

02 December 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

02 December 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

02 December 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

02 December 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

02 December 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

02 December 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

02 December 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

02 December 2016