13 January 2017
  • 837 ნახვა

დაფიქრდი, სანამ გაგზავნის ღილაკს დააჭერ თითს

ბევრი პრობლემა არსებობს, რომელზეც, ღიად არ ვსაუბრობთ. ერთ-ერთ მათგანზე მინდა გიამბოთ. არც ამაზე ვსაუბრობთ ბევრს, თუმცა თუ ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის კვლევას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ თემა მზარდია, ძალიან აქტუალურია, ხშირად აქვს ფატალური შედეგები და დიდ ყურადღებას საჭიროებს. ყურადღებას საჭიროებს ყველა მხრიდან, დიდებისგან, პატარებისგან, ოჯახისა და მეგობრებისგან, საგანმანათლებლო და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისგან, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებისგან.

დღევანდელ, ტექნოლოგიებით უხვად გაჯერებულ ერაში რთულია საზღვრების დადება დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, მისაღებსა და მიუღებელს შორის. ხშირად უცოდინრობით, ხუმრობით და სხვებისთვის თავის მოწონების მიზნით, ზოგჯერ გაუაზრებლადაც, შესაძლოა, ადამიანს, ან ადამიანების ჯგუფს ზიანი მივაყენოთ და იმის ცოდნაც კი, რომ შეიძლება სხვისი ტკივილი გამოვიწვიოთ, ხშირად არ ცვლის ჩვენს ქცევას, რადგან ტენდენციაა ასეთი. უფრო მეტიც, ამ ცუდ ქცევას კიდევ უფრო განამტკიცებს სხვების გამოხმაურება და მხარდაჭერა.


საქმე ისაა, რომ დღეს ინტერნეტი ადამიანების ქცევას უფრო თამამს ხდის, საჭიროების დროს - ანონიმურს, გაბედულსა და ბოროტს.

კიბერ ბულინგი ყველაზე გავრცელებული სკოლებშია და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ეს პრობლემა კიდევ უფრო საყურადღებოა.  მეცნიერები დღემდე ვერ შეჯერდნენ კიბერ ბულინგის განსაზღვრებაზე. აზრები იყოფა იმის თაობაზე, რომელი ქმედება შეიძლება მიიჩნეს კიბერ ბულინგად და რომელი არა. ჯერ ვერ დადგინდა სად გადის მისი საზღვრები.

კიბერ ბულინგი ტრადიციული ბულინგის ერთ-ერთი ფორმაა, უფრო ფართომასშტაბური, არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები, და ბულინგისგან განსხვავებით მისი გავრცელება უკონტროლოა, ხოლო შეწყვეტა - შეუძლებელი. კიბერ ბულინგი ეს არის ადამიანის, ან ჯგუფის მიერ აგრესიული, განზრახ განხორციელებული განმეორებითი ქმედება მსხვერპლის მიმართ ელექტრონული ფორმით და ინტერნეტის გამოყენებით. ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით მსხვერპლმა შეიძლება ვერ, ან გვიან გაიგოს, რომ ის მსხვერპლია და მასზე უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. კიბერბულინგის ძალიან ბევრი სახე არსებობს, მათ შორის არის როდესაც ანონიმურად, ან არა ანონიმურად უსიამოვნო ინფორმაციის შემცველ მესიჯებს, ფოტოებს ან ვიდეო მასალას უგზავნიან მსხვერპლს, ან როდესაც მის შესახებ ავრცელებენ უსიამოვნო, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, ასევე, როდესაც მასზე სოციალურ ქსელებში საუბრობენ, მის პირად ინფორმაციას ასაჯაროებენ, მისი სახელით უსიამოვნო, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, დაცინიან, ლანძღავენ, ან ბაძავენ. ბევრი მაგალითი გაგახსენდათ? ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.


პატარა ექსპერიმენტი ყველამ ჩაატაროს და ინტერნეტთან ურთიერთობისას კრიტიკული თვალით შეხედოს მოვლენებს. ძალიან ბევრ კიბერბულინგის ფაქტს გადააწყდებით, განსაკუთრებით ხშირად - სოციალურ ქსელებში, იქ, სადაც არ ჩანან უშუალოდ პიროვნებები.  შესაძლოა, ისიც კი აღმოაჩინოთ რომ ნებით, თუ უნებლიედ თქვენც ხართ კიბერბულინგის მონაწილე.  მას ხომ სამი მხარე ჰყავს, მსხვერპლი, ბულერი და მაყურებელი, რომელიც ან ერთვება, ან არ ერთვება პროცესში (ხშირად იმის შიშით, რომ თავადაც არ იქცეს მსხვერპლად, ან იმიტომ, რომ არ უნდა ხელის გასვრა, ან თუნდაც იმიტომ, რომ სიამოვნებს და ერთობა.) და სხვა ბევრი მიზეზის გამო იმიტომ რომ….

კიბერბულინგთან ბრძოლა ძალიან რთულია, რთულია მისი მწვავე შედეგების (დეპრესია, სუიციდისადმი მიდრეკილება, შფოთი, სტრესი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა) გამოსწორება, შეცვლა, ინფორმაციის წაშლა. ეს ხომ ის სივრცეა, სადაც ვიდოებს წამებში შეიძლება ათასობით ნახვა ჰქონდეს.  სადაც ერთმა ფაქტმა შეიძლება მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს… ამიტომ, ჯერ საკუთარი ქცევის შეცვლით, ფაქტების კრიტიკულად შეფასებით, შემდეგ ჩუმად ყოფნაზე პასუხისმგებლობით და არსებულ პრობლემებზე საუბრით შესაძლებელი იქნება მისი თავიდან არიდება.

გახსოვდეთ, რომ იყო მსხვერპლი არ არის სირცხვილი, არც ამაზე საუბარია სასირცხვილო. მსხვერპლი არ არის დამნაშავე.

ზოგადად კი, რა თქმა უნდა, პრობლემას მასშტაბური, სისტემური მიდგომა სჭირდება. საერთო გეგმის შემუშავება და კომპლექტურად მუშაობა, პრევენციული ზომების მიღება და დანერგვა.

მანამდე კი ჯობია დავფიქრდეთ, სანამ გაგზავნის ღილაკს დავაჭერთ თითს.

მსგავსი

Back to the future - ჩინეთი, რომელიც ცხოვრობს წარსულშიც და მომავალშიც - თამთა რუხაძის ბლოგი

13 January 2017

მეზღვაურების პრეზიდენტი - ქეთი ბერაიას ბლოგი

13 January 2017