03 February 2017
  • 1191 ნახვა

მეზღვაურების პრეზიდენტი - ქეთი ბერაიას ბლოგი

რეიკიავიკში სამსახურეობრი მივლინებაზე თანხმობა ცოტა დაუჯერებელი იყო. გონებაში სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემა „საერთაშორისო მიმოხილვა“ ამომიტივტივდა, საიდანაც მუდმივად მესმოდა და განსაკუთრებით დამამახსოვრდა რეიგანი და რეიკიავიკი.

ორ დღეში უნდა მოვმზადებულიყავი, საინტერესო ადამიანები მეპოვა და ინტერვიუებიც შემეთანხმებინა.

იმედი რომ მქონდა, იმაზე მეტად კონტაქტურები აღმოჩნდენ. დაგუგლული ინფორმაციის 1001 ფანჯარა ერთდროულად მქონდა გახსნილი და სწორედ იქ გადავაწყდი  წინადადებას  - ევროპის პირველი ქალი პრეზიდენტი; მსოფლიოს პირველი, პირდაპირი წესით, დემოკრატიულად  არჩეული ქალი პრეზიდენტი - ვიგდის ფინბოგადოტირი. ცხოვრობს რეიკიავიკში, ასწავლის დღესაც მისივე სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში, არის გაეროს კეთილი ნების ელჩი და ა.შ.

პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი - ეს 4 სიტყვა ჩემი ცნობისმოყვარეობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ინსტიტუტის ელექტრონულ მისამართზე მასთან შეხვედრისა და გასაუბრების უმორჩილესი თხოვნა გავაგზავნე და ერთი დღის შემდეგ თანხმობაც მივიღე.  ექსპრეზიდენტი ასე უშუალოდ დამთანხმდა . . . 

ერთი დღე გზაში, ხუთსაათიანი განსხვავება თბილისთან, ვიკინგებივით მაღალი, ბრგე ადგილობრივები და შუადღისით ჩასული მზე - სრული სიბნელე უკვე დღის 4 საათზე ცეცხლოვან ყურეში - რეიკიავიკში. ჩემი პირველი შთაბეჭდილებით უკვე მოვიხიბლე.

ვიგდის ფინბოგადოტირის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტი დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, ისლანდიის უნივერსიტეტის გვერდით დგას. ამ ადგილიდან ყველაზე კარგად ჩანს მზის ამოსვლა.

ძალიან ციოდა. მინუს რამდენიმე იყო ცელსიუსით - ზუსტად აღარც მახსოვს. შეხვედრა 13:00 საათზე ადგილობრივი დროით - ასეთი იყო მათი პირობა. ინსტიტუტის მოსაცდელში, დაგვიანების შიშით, ნახევარი საათით ადრე მივედი. დროის გასაყვანად დერეფნებში დავიწყე სეირნობა და მისი კაბინეტიც ვიპოვე - კარზე კი პლაკატი იყო გაკრული, რომელზეც მსოფლიოში არსებულ ყველა ენაზე ეწერა მისალმება. ნაცნობი ასოები ადვილად ვიპოვე- მარჯვენა ზედა კუთხეში „გამარჯობა“- ამოვიკითხე... გამეღიმა. 


თუმცა აღმოჩნდა, რომ ექსპრეზიდენტმა შეხვედრის ადგილი შეცვალა და სახლში გველოდა. მისი თანაშემწის დახმარებით სახლსაც ადვილად მივაგენი,  ინსტიტუტიდან 5 წუთის სავალზე ერთ-ერთი შენობის ფასადი ძალიან მეცნო - პატრა აივნით. ჩემი ვარაუდი გამართლდა. მისი აღმოჩნდა. 

ფოტოებიდან გამახსენდა  ის ისტორიული აივანი, საიდანაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა და მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.

ეს 1980 წელს იყო. სახლის ფასადი დღესაც უცვლელია.

კარი თავად გაგვიღო. 86 წლის ასაკშიც შეუდარებლად გამოიყურება.  შინ შეგვიპატიჟა და მისაღებ ოთახში შეგვიძღვა. იქაურობას თვალი მოვავლე და კვლავ სხვადასხვა უცხოური გამოცემებისთვის მიცემული ინტერვიუებისთვის გადაღებული ფოტოები გამახსენდა - ოთახიც უცვლელი იყო. ფანჯრის რაფაზე ჩარჩოში ჩასმული პატარების ფოტოებია - შვილიშვილების. ვერსად წავაწყდი თავისი წარსული დიდების  ფოტოს.

იღიმის თბილად. ჟურნალების მაგიდაზე სურნელოვანი, ცხელი ყავით სავსე ჩაიდანი დგას, სუსხიანი ამინდის აუცილებელი ატრიბუტი.

ისლანდიაზე პირველ შთაბეჭდილებებზე მეკითხება. ინტერესდება, რა უნდა ვნახო, ვის უნდა ვესაუბრო. სურს, რაც შეიძლება საფუძვლიანად გავიცნო ისლანდია და ისე დავწერო მასზე. პრეზიდენტობის დროსაც ხომ მუდმივად ამ ქვეყნის პოპულარიზაციას ეწეოდა.

ჩინებულად საუბრობს ინგლისურად და ვიწყებ (მოწიწებით მივმართავ - ეტიკეტის დაცვით):

- ქ-ნო ფინბოგადოტირ, მადლობა, რომ დრო გამონახეთ ინტერვიუსთვის . . .

ღიმილით მაწყვეტინებს...

- ჩვენთან, ისლანდიაში, მიღებულია სახელით მიმართვა. გვარი კი რეალურად არის მშობლის სახელი და  შემდეგ ასული ან ძე, იმის მიხედვით, გოგოა თუ ბიჭი. ეს ტრადიცია შუასაუკუნეებიდან მოდის, მას შემდეგ, რაც ამ მიწაზე პირველი მოსახლეობა გაჩნდა.  მშობლის სახელი შეიძლება იყოს დედის  ან მამის. თუ ეტიკეტს სრულად იცავთ, მაშინ სრულად უნდა თქვათ ჩემი სახელიც და შემდეგ, რაც მოდის, ან მხოლოდ სახელით მომმართეთ.

გამახსენდა, ამის შესახებ გუგლით მოძიებული გვერდების 1001 ფანჯრიდან რომელიღაცაში ამოვიკითხე. ცოტა დავიბენი, უხერხულად.

სახელით მიმართვას ვერიდები და პირდაპირ ვეკითხები:

- თქვენ იყავით ტურისტული გიდი, ფრანგული ენის მასწავლებელი, აქტივისტი, თეატრის დირექტორი, განათლება საზღვარგარეთ გაქვთ მიღებული. რამ გადაგაწყვეტინათ პოლიტიკაში წასვლა?

 - მე არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაში. ისლანდიის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არც მოეთხოვება პოლიტიკოსი იყოს. დავიბადე აქ, გარკვეული წლები საფრანგეთში გავატარე, ვსწავლობდი. მერე დავბრუნდი და ფრანგულ ენასა და ფრანგულ დრამას ვასწავლიდი უნივერსიტეტში. ვიყავი თეატრის დირექტორიც, ზაფხულობით - გიდი. მიმყავდა სატელევიზიო გადაცემებიც. შემდეგ კი დადგა ის მომენტი, როცა მე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება მთხოვეს და დავთანხმდი. თუმცა ეს არ იყო ჩემი სურვილი, ხალხის არჩევანმა და შექმნილმა გარემოებებმა განსაზღვრა მაშინ ჩემი მომავალი.

ის მაშინ მარტოხელა დედა იყო, რომელიც მარტო ზრდიდა აყვანილ გოგონას. ამას ხაზგასმით არც აღვნიშნავდი, რომ არა თითქოს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი -  სწორედ ის იყო ისლანდიაში პირველი მარტოხელა ქალი, რომელსაც შვილის აყვანის უფლება მისცეს 1971 წელს.

როცა ფანჯრის რაფაზე შვილიშვილების და შვილის ფოტოებს ვათვალიერებდით, სითბოთი ანთებული თვალებით შემომხედა და ღიმილით მითხრა: ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია, შემმთხვევია და გამომიცდია. მადლობელი ვარ ჩემი შვილის, რომ ეს ანგელოზები მაჩუქა.


უყვარს ადამიანები და უკიდეგანოდ არის შეყვარებული თავის ქვეყანაზე, ტრადიციებზე, მშობლიურ ენასა და პატარებზე.

ისლანდიელებმა ამის გამო ზედიზედ ოთხჯერ აირჩიეს, ვიდრე თავად არ თქვა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. თუმცა, პირველად 1980 წელს მას გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანი არ დაუტოვეს.

1974 წლის 24 ოქტომბერს ისლანდიაში მცხოვრები ყველა ქალი ქალაქებსა და სოფლების ცენტრალურ მოედნებზე ერთდროულად გამოვიდა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი ქალთა გამოსვლა - საკუთარი უფლებების დასაცავად. მსოფლიოს მედიამ ის ქალთა გაფიცვად მონათლა.

როგორც ქ-ნი ვიგდის ფინბოგადოტირი გვიყვება, ამ დღისთვის მზადება საიდუმლოდ, ერთი წლით ადრე დაიწყო. ოქტომბრის იმ მზიან დღეს კი ყველა დასაქმებული ქალი თავის ბოსს ერთი დღით დაეთხოვა. რა თქმა უნდა, უკლებლივ ყველა დამსაქმებელმა განაცხადა თანხმობა, რადგან არც ერთ მათგანს არ სურდა ყოფილიყო  ის პირველი მამაკაცი, ვინც მათ უარს ეტყოდა.

ვიგდის ფონბიგადოტირი მაშინ თეატრის დირექტორი იყო და პრემიერისთვის მზადების მიუხედავად, თავის თანამშრომლებთან ერთად გავიდა რეიკიავიკის მთავარ მოედანზე.

- ასე დაიწყო მაშინ ისლანდიაში იმის გააზრება, რომ ქალი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. 6 წლის შემდეგ კი ხალხი  მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არამარტო პარლამენტში, არამედ ქვეყნის მეთაურის პოსტზეც ქალი კანდიდატი უნდა ჰყოლოდათ. სრულიად შემთხვევით, ერთ დღეს ჩემი გვარი გაზეთში ამოვიკითხე - დასახელებულ სავარაუდო კანდიდატებს შორის. სახლშიც მაკითხავდნენ და კონსულტაციებს მართავდნენ. გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი და ერთ დღესაც, შორ ნაოსნობაში მყოფმა მეზღვაურებმა  გამომიგზავნეს უშველებელი ტელეგრამა - აკორდეონივით იხსნებოდა - და მთავარი, რაც მასში ეწერა, იყო თხოვნა:  „ჩვენ ოკეანეში მყოფი მეზღვაურები, გთხოვთ, ქალბატონო, დააყენოთ თქვენი კანდიდატურა და იბრძოლოთ პრეზიდენტობისთვის.“ მაშინ გავიფიქრე, მეზღვაურები ენდობიან ქალებს ყველაზე მეტად, რადგან ქალები მართავენ ოჯახს, ყველაფერს, მათი ხანგრძლივი არყოფნის დროს. ე.ი. მათ ქალების დიდი ნდობა აქვთ და ამიტომ მენდობიან მე.  ეს იყო იმდენად გამამხნევებელი ჟესტი, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე ბრძოლაში ჩაბმა.

არჩევნებში ვიგდის ფინბოგადოტირმა ხმების 33.6% მიიღო, მისმა კონკურენტმა - 32,1%. ქალმა კანდიდატმა მაშინ უნივერსიტეტის პროფესორს აჯობა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ მას გამოუცხადა ნდობა და ისლანდიას, მსოფლიოში პირველად, პირდაპირი არჩევის წესით, დემოკრატიულად არჩეული ქალი პრეზიდენტი ჰყავდა.

 - არჩევნებში ძალიან მცირე სხვაობით გავიმარჯვე, ძალიან მცირე სხვაობით. საკმაოდ ხშირად მახსენდება ეს სხვაობა და სიამაყეს ვგრძნობ. სწორედ ამ განსხვავებამ აჩვენა იმ ხალხის გამბედაობა, ვინც მხარი ქალს დაუჭირა. ეს იყო ძალიან კარგი ნაბიჯი თავად ჩემი ქვეყნისთვის.


მეორე დილით ის სახლის აივანზე გამოჩნდა, ხელით ნაქსოვ კაბაში და იქ შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა. ხელით ნაქსოვი კაბა კი არჩევნებამდე ერთ-ერთი მხარდამჭერი ქალბატონისგან მიიღო, წერილით, რომელშიც ეწერა: „გისურვებთ გამარჯვებას და  გთხოვთ, როცა გაიმარჯვებთ, ეს ხელით ნაქსობი კაბა ჩაიცვით“.

ვიგდის ფინბოგადოტირმა პირობა შეასრულა... გამარჯვების დღეს ის სხვადასხვა გადაცემაში, სხვადასხვა გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუებისთვის გადაღებულ ფოტოებში სწორედ ამ კაბით არის. ისტორიულ აივანზეც ასე შემოსილი გავიდა.

მოკრძალებულად ვთხოვე აივანზე გასვლა, რომ 36 წლის წინანდელი კადრი გამეცოცხლებინა, მაგრამ მოკლედ მომიჭრა, ის აივანი ახლა ბავშვების ოთახს ეკუთვნის, ბავშვებს კი სძინავთ და ვერ გავაღვიძებო.

ახლაც მცირე დეტალებამდე სიზუსტით ახსოვს ინაუგურაციის დღე.

- იცით, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის გამარჯვება, რომ სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდი. მამაკაცებისთვის მარტივია კოსტუმისა და ჰალსტუხის არჩევა. მე კი სათანადოდ უნდა შევმოსილიყავი. 

კაბა იმ თეატრის მკერავმა შეუკერა, რომლის დირექტორიც მანამდე იყო. ცისფერი და გრძელი. ფერი თავად აირჩია და სტილიც. ტრადიციისამებრ, ჯერ პარლამენტის გვერდით ეკლესიაში წირვას დაესწრო კანონმდებლებთან ერთად და მერე შევიდა ალთინგში - მსოფლიოში ერთ-ერთ  უძველეს და დღემდე მოქმედი პარლამენტის დარბაზში, სადაც უმრავლესობა მამაკაცი იყო.

ასე დაიწყო მისი პირველი ოთხწლიანი მმართველობა. თუმცა საქართველოს მსგავსად ისლანდიაში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს.

ყვება, რომ მასპინძლობდა მსოფლიო ლიდერებს, რომის პაპთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მასპინძლობდა მსოფლიო მნიშვნელობის  სამიტს - გორბაჩოვი, რეიგანი, შევარდნაძე - გვარების ხსენებისას, მე კვლავ ბავშვობა და საერთაშორისო მიმომხილველის ხმა მახსენდება - რეიგანი და რეიკიავიკი.

1986 წლის 11-12 ოქტომბერი - შეერთებული შტატების პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, საბჭოთა კავშირის მეთაური მიხეილ გორბაჩოვი და მაშინ სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხს განიხილავდნენ.

მათ აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტი ვიგდის ფინბოგადოტირი დახვდა და სამიტსაც თავის მოკრძალებულ რეზიდენციაში უმასპინძლა. მოლაპარაკებები ჩაიშალა, თუმცა ეს ის პერიოდი იყო, როცა ცივი ომის ეპოქა უკვე დასასრულისკენ მიდიოდა.

მამაკაც პრეზიდენტთა სამყაროში აღმოჩენილი ქალი ლიდერი კი დღესაც იხსენებს, როგორი მოსაწყენი იყო მისთვის საერთაშორისო შეხვედრების შემდეგ გამართული საზეიმო სადილები, სადაც ათეულობით ლიდერი-მამაკაცი მხოლოდ პოლიტიკაზე საუბრობდა.

- მე ვსარგებლობდი მომენტით და ვიწყებდი ისლანდიაზე საუბარს, ლეგენდებზე, ეპოსებზე, ტრადიციებზე. ცოტა ხანში ვგრძნობდი, რომ ყველა მე მისმენდა, ჩემს ქვეყანაზე მონათხრობს უსმენდა.

16 წელი ასეთი შემართებით ეჭირა პოსტი მარტოხელა ქალს, რომელსაც ლათინური ენა ძალიან უყვარს და საერთოდ ენების სიყვარულის გამო 1998 წლიდან იუნესკოს კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭა სწორედ ენების მიმართულებით.

სამუშაო ოთახში, რომელსაც ჩვენგან საგულდაგულოდ მალავდა, ახლაც სამუშაო ქაოსია. წერილები, წიგნები, კომპიუტერი და დამღლელი დღის შემდეგ განსატვირთად -  სავარჯიშო ტრენაჟორიც კი. მალავდა უცხო თვალისგან - ცუდი მაგალითი იქნება ასეთი არეულობა ისლანდიელი ქალებისთვისო.


დღესაც ბევრს მუშაობს. თარგმნის და სიახლეებს ეცნობა. 86 წლის ასაკშიც გაწერილი აქვს დღის განრიგი. არაფერს ნანობს. თვლის, რომ არც არაფერს შეცვლიდა.

- არიან ადამიანები, რომლებიც სეირნობის დროს იწყებენ ფიქრს წარსულზე. ეს ჩემთვის სრულიად უცხო და წარმოუდგენელი რამ არის. არასდროს ვფიქრობ წლების შემდეგ იმაზე, რას შევცვლიდი. კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული გარემოებები და ფაქტორები განაპირობებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამიტომ წლების შემდეგ ამაზე ფიქრი უსარგებლოა.

დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე მასპინძლობისთვის და გარეთ გამოსულმა აივანს შევხედე. მივხვდი - მასპინძლობისთვის თავისი დასვენების დრო გამოყო, ის დრო, როცა შვილიშვილებს ეძინათ და ჩვენი სტუმრობით მათ ყურადღებას არ მოაკლებდა.


მსგავსი

Back to the future - ჩინეთი, რომელიც ცხოვრობს წარსულშიც და მომავალშიც - თამთა რუხაძის ბლოგი

03 February 2017

დაფიქრდი, სანამ გაგზავნის ღილაკს დააჭერ თითს

03 February 2017