17 March 2017
  • 583 ნახვა

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

ტოტალური კოლექტივიზმი, საბჭოთა-კომუნისიტური იდეოლოგიის, ერთ ერთი მთავარი ბაზისია, მაშინ, როცა მკვეთრი ინდივიდუალიზმი, ბურჟუაზიის მონაპოვარია, რომელიც ძირს უთხრის კოლექტივიზმის სულისკვეთებას. ქართველი ფეხბურთელები და ქართული ფეხბურთი კი, ყოველთვის სწორედ მკვეთრ ინდივიდულიზმს ქადაგებდა.. ამიტომ საბჭოთა ფეხბურთის იდეოლოგები, თბილისის ‘’დინამოს’’ ყოველთვის ალმაცერად და ეჭვის თვალით უყურებდნენ. თუმცა ძველ ფეხბურთში, ინდივიდუალიზმი აუცილებლი მოცემულობა იყო და ყველგან დიდად ფასობდა, მათ შორის საბჭოეთშიც, შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელებისთვის ნაკრებში მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენდა. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის პირველ ჩემპიონატში, რომელიც 1960 გაიმართა და სსრკ-მ მოიგო, სამი ქართველი თამაშობდა ფინალში (მესხი, მეტრეველი, ჩოხელი). თანდათანობით მსოფლიო ფეხბურთში ტაქტიკურ-სტრატეგიული მომზადება ხდებოდა პრიორიტეტული, ინდივიდუალიზმს კოლექტივიზმი ავიწროებდა და ქართველი ფეხბურთელების მიმართ პრეტენზიებიც, სულ უფრო იზრდებოდა. ეს ტენდენციები სულ უფრო ღრმავდებოდა და სსრკ-ს ნაკრების კარებიც ჩვენი ფეხბურთელებისთვის სულ უფრო ხშირად იხურებოდა, რაც ქართველი გულშემატკივრების გულისწყრომას და გაღიზიანებას იწვევდა. 70-იან წლებში შუაში ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და უკვე მეც ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ გნვიცდიდით იმ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა აშკარა იდეოლოგიურ-შოვინისტურ შეთქმულებას ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ჩვენს ბრალდებებს ქონდა ობიექტური საფუძვლები, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან არსებობს კიდევ უფრო ღრმა მიზეზები იმისა, თუ რატომ ხდებოდა ასე, და როგორ.

1970-იანი წლებიდან იწყება ტოტალური ფეხბურთის ერა, რომელმაც განსაზღვრა ფეხბურთის განვითარების ახალი რევოლუციური ვექტორები, საფეხბურთო აზროვნება რადიკალურად შეიცვალა ყველგან და საბჭოთა კავშირიც არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი. უფრო მეტიც, უკრაინაში ვალერი ლობანოვსკიმ ჯერ კიდევ 70-იანების დასაწყისში დაიწყო თავის სახელგანთქმული ექსპერიმენტები ‘’დინამო’’ კიევში, ის შეუამხანაგდა, ექიმ აკადემიკოსს (სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს) ფიზიკური მომზადების დარგში, და მისი მეშვეობით შეადგინა ტესტები, რომელსაც უნდა განესაზღვრა და მაქსიმალურად უნდა აემაღლებინა  ფეხბურთელთა ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, რა თქმა უნდა მხოლოდ ფენომენალური ფიზიკური რესურსები საკმარისი არ იყო, მაგრამ სწორედ ამ დროის დაიწყო კიევის დინამომ უკრაინული გუნდების გაძარცვა და თავის რიგებში ჩარიცხვა სწორედ იმ ფეხბურთელებისა რომლებიც ლობანოვსკის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. გამუდმებული მოძრაობა და სირბილი, დინამიზმი, მოწინააღმდეგის მარწუხებში მოქცევა და ფუნქციების ზუსტად შესრულება აი ეს იყო ლობანოვსკის კონცეფცია. კიევის დინამო გახდა სანახაობრივად ყველაზე არასიმპატიური, მაგრამ უაღრესად ეფექტური გუნდი. უკვე 1975 წელს, ევროპის თასების თასის გათამაშებაზე, კიეველებმა ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგეს და თასსაც დაეუფლნენ, ხოლო სუპერთასზე, იმდროინდელ მსოფლიო ტოპ გუნდს, მიუნხენის ბაიერნს მოუგეს ორივე თამაში (გასვლაც და შინაც), რაც ნამდვილი სენსაცია იყო და გასაკვირი არაა რომ ლობანოვსკი გახდა სწორედ საბჭოთა ფეხბურთის ახალი გმირი, იმედი და შესაბამისად ნაკრების მწვრთნელიც. მანაც საბჭოთა ნაკრები კიევის ‘’დინამოს’’ ფილიალად გადააქცია. სწორედ ამ დროს ძლიერდება და სერიოზულ წარმატებებს აღწევს ‘’დინამო’’ თბილისიც, რომელშიც თავი მოიყარეს უნიჭიერესმა ფეხბურთლებმა,  თბილისელთა თამაშმა, უზარმაზარი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს მთელი კავშირის მასშტაბით, მაგრამ ნათელი იყო, რომ ლობანოვსკის ნაკრებში, ისინი ადგილს ვერანაირად ვერ დაიმკვიდრებდნენ, 

ლობანოვსკის სჭირდებოდა  მისი სათამაშო კონცეფციის გამტარებლები მოედანზე, ასეთები კი მხოლოდ ისინი იყვნენ, ვინც მას ‘’დინამო’’ კიევში ყავდა. მან ძალიან კარგად იცოდა იგივე დავით ყიფიანის ანდაც ვლადიმერ გუცაევის ძალა, მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე, ვერ შეასრულებდნენ იმ დავალებებს რასაც ის უყენებდა თავის მოთამაშეებს, ერთიც და მეორეც სულ სხვა სათამაშო ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ და იმიტომ, იგივე ყიფიანიც და გუცაევიც, მაშინ როცა ბურთს მოწინააღმდეგე ფლობდა, ნაკლებ ეფექტურნი იყვნენ, მათი კრედო არ იყო თამაშის ჩაშლა (რაც აბსოლიტურად ყველა კიეველს ევალებოდა მოედანზე). ძალიანაც რომ მოენდომობინათ ვერც ისინი და ვერც ერთი თბილისელი ვერ გაივლიდა ფიზმომზადების ისეთ ტესტებს, როგორსაც ლობანოვსკი უყენებდა ფეხბურთლებს, ხოლო ამის გარეშე, მთელი მისი სათამაშო კონცეფცია და ეფექტიანობა ირღევეოდა. უდავოა რომ კიეველთა ძალისმიერი, ფუნქციონალურად სრულყოფილებამდე მისული ფეხბურთი, საკავშირო მარათონულ ჩემპიონატებზე სტაბილურად ეფექტური რეზულტატის მომტანი იყო, მაგრამ იქნებოდა კი იგივე კიევის ‘’დინამო’’ უკვე საბჭოთა ნაკრებად გარდაქმნილი ისევე ეფექტური საერთაშორისო სარბიელზე? –აღმოჩნდა რომ ვერა. რატომ?-იმიტომ რომ ნებისმიერი ეროვნული ნაკრები, კონკრეტულ ტურნირებისთვის იქმნება და არა წლიდან წლამდე მარათონული ტურნირებისთვის,(ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე იყო) შესაბამისად ნაკრების მწვრთნელის წინაშე არსებული გამოწვევა, სულ სხვაა ვიდრე საკლუბო გუნდისა და სწორედ ამ გამოწვევას ვერ გაუძლო სსრკ-ს ნაკრების მწვრთნელად დანიშნულმა ლობანოვსკიმ, უფრო სწორედ ფეხბურთის მისი ლამის მეცნიერული ხედვა არ აღმოჩნდა საკმარისი. 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოდხედფინალში, საბჭოთა ნაკრები ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა გამოაგდო, რომლებმაც ორმატჩიან შეხვედრაში,  არცერთ იმ კომპონენტში არ ჩამორჩებოდნენ მეტოქეს, რომელიც სწორედ ლობანოვსკის გუნდის კოზირებად ითვლებოდა, კიეველ (იგივე სსრკ-ს ნაკრების) ფეხბურთელებს კი არ აღმოაჩნდათ ისეთი ოსტატობა, რათა კლასის ხარჯზე დაემარცხებინათ მოწინააღმდეგე. ლობანოვსკი რა თქმა უნდა მოხსნეს, დანიშნეს სხვა მწვრთნელები, რომლებმაც ღიად გახსნეს ნაკრების კარები, მათ შორის თბილისის დანამოს ფეხბურთელებისთვისაც, თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთლმა ითამაშა მაშინ ერთი ორი თამაში ნაკრებში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ იმ ფეხბურთელებმა ვერ მოიკიდეს ნაკრებში საფუძვლიანად ფეხი, რომლებიც განსაზღვრავდნენ ‘’დინამო’’ თბილისის სათამაშო მანერას, მხედველობაში მყავს იგივე ყიფიანი, ანდაც გუცაევი, (სწორედ ეს ორი ფეხბურთელი უყვარდა ქართველ გულშემატკივარს ყველაზე ძალიან და სწორედ ამიტომ ვამახვილებ მათზე ყურადღებას) და უნდა ითქვას რომ ამაში არის ლოგიკა. ყიფიანი იყო ალბათ პირველი კლასიკური ფლეიმეიქერი საბჭოთა ფეხბურთში და სწორედ ის განსაზღვრავდა გუნდის სათამაშო რიტმს მოედანზე, ხოლო ‘’დინამოს’’ შეტევების ექეფტიანობა ასევე დიდად იყო დამოკიდებული გუცაევის უნიკალურ დრიბლინგზე  და მის ფლანგურ გარღვევებზე, რაც ხშირად, ზოგად სათამაშო არითმიას კი იწვევდა, მაგრამ ‘’დინამოს’’ კონტექსტში უაღრესად ეფექტური იყო და თუ მათ არ მიეცემოდათ ასეთი უფლებები მოედანზე, მათი ეფექტურობა მთლიანად ნიველეირდებოდა. მე ნანახი მაქვს ორივეს თამაში ნაკრებში და უნდა ითქვას რომ ვერცერთი ვერ ავლენდა იმ უზარმაზარს პოტენციალს რომლებიც მათ გააჩნდათ და არა იმიტომ, რომ ისინი ფორმაში ვერ იყვნენ, არამედ იმიტომ რომ მათი ინპლანტაცია რუსულ, ე.წ. ‘’ურა’’ ფეხბურთში (სწირედ ასე ვეძახდით რუსულ ფეხბურთს მაშინ) შეუძლებელი ხდებოდა. არასწორია იმის მტკიცებაც, რომ კონსტანტინე ბესკოვს არ უყვარდა ქართველები, (‘’დინამო’’-დან გაშვებული ძმები მაჩაიძეები, და მიხეილ მესხი უმც. სწორედ მან შეიკედლა თავის დროზე ‘’სპარტაკში’’), მისი ხელმძღვანელობით მინიმუმ ორი ქართველი ყოველთვის ნაკრებში იყო. მან ჩელებაძეც კი, რომელიც ‘’დინამოს’’ ძირითადში უკვე ვეღარც ხვდებოდა, აიყვანა ნაკრებში, თვლიდა რა, რომ ჩელეს სტილი რაღაცნაირად ესადაგებოდა მის მიერ დანერგილ ტაქტიკურ სქემებს მოსკოვის ‘’სპარტაკში’’ (70-იანების მიწურულს სწორედ ბესკოვის მიერ გაწვრთნილი ‘’სპარტაკი’’ გახდა სსრკ-ს ნაკრების საბაზისო გუნდი). მაგრამ აი ყიფიანს კი, მიუხედავად იმისა, რომ სულ აქებდა და ევროპის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც კი მიაჩნდა, ბესკოვმა მაინც ვერ გამოუძებნა ადგილი თავის ფორმაციის ნაკრებში, რადგანაც ყიფიანის თამაშში უზარმაზარი ადგილი ენიჭებოდა იმპროვიზაციის ელემენტს, მოულოდნელობას, ბესკოვის სქემაში კი იმპროვიზაციის ადგილი საერთოდ არ იყო და მისი სქემების განსახორციელებლად, (რომელიც შეტევებში ცარიელი მიკრო სივრცეების შექმნას და შემდეგ მოკლე პასის მეშვეობით ამ სივრცეების ეფექტურად გამოყენება იგულისხმებოდა), მას მხოლოდ მის მიერ ტაქტიკურად გაწვრთნილი ფეხბურთელები თუ გამოადგებოდა, რომლებიც დიდი კრეატიულობით მართალია არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ მწვრთნელის მიერ დასახულ ამოცანებს. ლობანოვსკის სინდრომი, ბესკოვის სინდრომით შეიცვალა, რის შედეგადაც მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა არათუ ევროპის 1980 წლის საგზური ვერ მოიპოვა, არამედ აშკარად სუსტი ოლიმპიური ტურნირიც კი ვერ მოიგო იმავე წელს, თანაც მოსკოვში. ასე რომ შეიქმნა ჩაკეტილი წრე, ქართველი ფეხბურთელების მიმართ, საიდანაც გამოსავალი არ არსებობდა და ჩემი აზრით ამას მხოლოდ მწვრთნელების არაკომპეტენტურობას ვერ დავაბრალებთ. საქმე იმაშია, რომ მაშინ ყველა საფეხბურთო ქვეყანას ჰქონდა თავისი ერთი კონკრეტული საფეხბურთო ფილოსოფია, და ამ ფილოსოფიით ყალიბდებობნენ ამა თუ იმ ქვეყნის დიდი ფეხბურთელებიც, მაშინ როცა სსრკ-ში, ყოველთვის არსებობდა მძაფრად დაუპირისპირებული ორი საფეხბურთო იდეოლოგია: ქართული და რუსულ-უკრაინული, და ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა 70-იან წლებში. ასეთი განსხვავებული იდეოლოგიების შერწყმა, მაშინ კი არა ეხლაც, როდესაც ნელნელა იშლება ზღვარი საფეხბურთო სკოლებს შორის ძალიან რთულია, ამიტომაც, იმ პერიოდში ძალიან გენიალური, ფენომენალური ვინმე მწვრთნელი უნდა გამოჩენილიყო საბჭოეთში, რათა ეს მოეხერხებინა. მაგრამ არავინ გამოჩნდა. ფაქტია, რომ საბჭოთა ნაკრები 1974-დან 82 წლამდე ვერც ერთ  უმაღლეს სანაკრებო ფორუმზე ვერ მოხვდა, რადგანაც ვერ მოხერხდა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების პოტენციის მთლიანად გამომჟღავნება ნაკრებში და ამას ყველა საფეხბურთო ექსპერტი აღიარებდა მაშინ საბჭოეთში.  ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სსრკ-ს ნაკრების საბაზისო კლუბი ‘’დინამო’’ თბილისი გახდებოდა და თუ ასეთ გუნდს, სწორედ ნოდარ ახალკაცი გაწვრთნიდა. სხვათა შორის მაშინ(და ყოველთვისაც), ‘’დინამოს’’ ერთერთი სუსტ მხარეს, მუშა, ფიზიკურად დაუღალავი, შავი სამუშაოს შემსრულებელი ფეხბურთელების დეფიციტი წარმოადგენდა, აი ასეთი სტილის კვალიფიციური ფეხბურთელები კი უხვად ყავდათ უკრაინაშიც და მოსკოვშიც, შესაბამისად სანაკრებო კონტექსტში მათი ინპლანტირება ქართველ ფეხბურთელებთან უფრო ქმედითი და ნაკლებმტკივნეული იქნებოდა, ყველაფერი კი პირიქით ხდებოდა. არადა ვინ იცის, რა რეზულტატის მიღწევა შეეძლო მაშინ სსრკ-ს ნაკრებს თუ საბჭოთა ფეხბურთის მესვეურები გარისკავდნენ და წავიდოდნენ ასეთ ავანტურაზე.., მაგრამ ვერ გარისკეს, ვერ გარისკეს, რომ სსრკ ს ნაკრები, თუნდაც დროებით, ‘’დინამო’’ თბილისის ფილიალად გადაექციათ, ვერ გარისკეს, რადგანაც რუსი ერის, როგორც უფროსი ძმის სტატუს ქვო ყოველთვის შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო, ამ მხრივ კი ქართველები სანდონი არასდროს არ ვიყავით, იგივე უკრაინელებისგან განსხვავებით, რომლებიც რუსებისთვის ყოველთვის უმცროს სლავ ძმებად ითვლებოდნენ, თანაც ხომ ფაქტია ისიც, რომ კიევის ‘’დინამო’’-ში უამრავი რუსი ეროვნების ფეხბურთელი თამაშობდა და ამიტომაც ისინი უფრო ‘’სანდონი’’ იყვნენ.

ეს ყველაფერი, ჩვენ მაშინაც ვიცოდით, ვიცოდით, მაგრამ მაინც ვფანტაზიორობდით:  რა მოხდებოდა თუ ფეხბურთის საბჭოთა მესვეურები მაინც გადადგავდნენ ასეთ ნაბიჯს და რა შეიძლება ამას მოყოლდა, იქნებოდა ასეთი სსრკ-ს ნაკრები წარმატებული? მოხვდებოდა მაგ. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინაში? (წელი როცა ‘’დინამო’’ სსრკ-ს ჩემპიონი გახდა და სათამაში პიკზე იმყოფებოდა) ანდაც თუ მოხვდებოდა გაუწევდა ღირსეულ წინააღმდეგობას გრანდ-ნაკრებებს? არავინ იცის, სამაგიეროდ ყველანი დარწმუნებულები ვიყავით იმაში, რომ ჩვენს სასახელო ფეხბურთელებს მიეცემოდათ შანსი, რომ თუნდაც ერთხელ გაებრწყინათ უმაღლეს საფეხბურთო ფორუმზე და დაემსახურებინათ ისეთი აღიარება და პატივი, როგორსაც ისინი უდავოდ იმსახურებდნენ მაშინ. რაც შეეხება სსრკს ნაკრებს, მათ შეიძლება დიდი სატურნირო წარმატებისთვის ვერ მიეღწიათ, მაგრამ ერთხელ მაინც თავის ისტორიის მანძილზე აჩვენებდნენ სწორედ ისეთ თამაშს, რის გამოც ასე უყვართ ფეხბურთი მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში. და აქ არ შეიძლება არ გავიხსენო ერთ ერთი საბჭოთა რუსი საფეხბურთო სპეციალისტის ნაღვლიანი მაგრამ ჭეშმარიტებით აღსავსე ფრაზა, რომელიც მან თქვა ინგლისის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ: ’’მესხის ყოფნას გუნდში, შეიძლება დიდად ვერაფერით შეეცვალა ჩვენი ნაკრების შედეგები, მაგრამ მისი თამაში მოედანზე, აუცილებლად მოგვიტანდა მაყურებლის და სპეციალისტების მხრიდან იმ სიმპატიას და თანადგომას, რომელიც ასე გვაკლდა  ჩემპიონატის მსვლელობისას’’-ო. 

პ.ს. ცნობისთვის, მიშა მესხი, სსრკ-ს იმჟამინდელმა მწვთნელებმა, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასაყვან 22 კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანეს.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

17 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

17 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

17 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

17 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

17 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

17 March 2017

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

17 March 2017

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

17 March 2017

Old Firm

17 March 2017

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

17 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

17 March 2017

ორი „სამეული“

17 March 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

17 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

17 March 2017

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

17 March 2017

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

17 March 2017

დავაფასოთ ქართველები!

17 March 2017

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

17 March 2017

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

17 March 2017

პლეოფის მოლოდინში...

17 March 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

17 March 2017

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

17 March 2017

ევრო 2016-ის მე-4 დღე

17 March 2017

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

17 March 2017

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

17 March 2017

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

17 March 2017

ჩაშლილი რეისი

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

17 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

17 March 2017

მსხვერპლი

17 March 2017

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

17 March 2017

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

17 March 2017

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

17 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

17 March 2017

13 მაისი

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

17 March 2017

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

17 March 2017

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

17 March 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

17 March 2017

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

17 March 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

17 March 2017

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

17 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

17 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

17 March 2017

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

17 March 2017

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

17 March 2017

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

17 March 2017

პელე - მშვიდობისმყოფელი

17 March 2017

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

17 March 2017

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

17 March 2017

რეპრესირებული მოცარტი

17 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

17 March 2017

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

17 March 2017

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

17 March 2017

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

17 March 2017

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

17 March 2017

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

17 March 2017

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

17 March 2017

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

17 March 2017

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

17 March 2017

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

17 March 2017

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

17 March 2017

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

17 March 2017