23 April 2017
  • 575 ნახვა

ფრანგული არჩევნების თავისებურებები

დღევანდელი არჩევნები მეთერთმეტეა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში. ეს არჩევნები იმითაც განსხვავდება დანარჩენი ათისგან, რომ  პირველ ყოვლისა, გამოკვეთილი ლიდერი და ფავორიტი ამ არჩევნებს არა ჰყავს და მეორეც - 1958 წლიდან, ანუ მეხუთე რესპუბლიკის დაარსებიდან მოყოლებული, ერთადერთი შემთხვევაა,  როდესაც გაძლიერებული დაცვის,  ტერორიზმის საფრთხის ქვეშ მიმდინარეობს.

ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც საარჩევნო უბნებს მთელი საფრანგეთში 50 000 პოლიციელი დაიცავს. თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ საპრეზიდენტო კანდიდატებს და მათ რეიტინგებს. 

დღევანდელ არჩევნებში წარმოდგენილი 11 კანდიდატიდან ბოლო გამოკითხვები ლიდერობის შანსებს მხოლოდ ოთხ კანდიდატს აძლევეს -  ლიბერალ-ცენტრისტ ემანუელ მაკრონს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს, მემარჯვენე ცენტრისტ ფრანსუა ფიონს და ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონს. 

ამ ოთხეულიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ ლიბერალ-ცენტრისტ ემანუელ მაკრონს -  24% და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს - 23%.  სწორედ ამ ორ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ სოციოლოგები და ექსპერტები არჩევნების მეორე ტურში გადასვლას. 

საფრანგეთში სოციოლოგიური გამოკითხვები დიდად პოპულარული არ არის და, როგორც თავად ფრანგები ხშირად ამბობენ, ნებისმიერი ფრანგი მხოლოდ საარჩევნო ურნასთან იღებს გადაწყვეტილებას - ვის მისცეს ხმა.  ამის მაგალითია 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით სოციალისტური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ სეგოლენ რუაილს გაცილებით დიდი რეიტინგული მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო ფრანგებმა დიდი უპირატესობით მაშინ მემარჯვენე ცენტრისტი, რესპუბლიკელი ნიკოლა სარკოზი აირჩიეს. 

ფრანგული არჩევნების თავისებურება ისიც არის, რომ არჩევნებში მონაწილე კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება  ხმების აბსოლუტური უმრავლესობა პირველ ან მეორე ტურში - მიუხედავად არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რაოდენობისა. მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში კი, ჯერ არც ერთ კანდიდატს პირველ ტურში არ მოუპოვებია გამარჯვება და არც ეს არჩევნები იქნება გამონაკლისი - გამარჯვებულის ვინაობა, სავარაუდოდ, არა დღეს, არამედ 7 მაისს, მეორე ტურის შემდეგ გახდება ცნობილი.

ფრანგული კანონმდებლობით, წინასაარჩევნო აგიტაცია მთავრდება არჩევნებიდან ორი დღით ადრე და კანდიდატებს „დიდ შაბათს“ (რადგან საფრანგეთში მხოლოდ კვირა დღეს იმართება არჩევნები) ნებისმიერი სახის წინასაარჩევნო გამოსვლა, მიტინგი ან თუნდაც ინტერვიუ  სასტიკად ეკრძალებათ.  ასეთივე შეზღუდვები აქვთ სოციოლოგებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს და პოლიტტექნოლოგებს,  რომლებსაც ნებისმიერი სახის პროგნოზის გაკეთება, თუნდაც სოციალური ქსელით, სწორედაც კანონმდებლობით აქვთ აკრძალული. 

ამასთანავე, ფრანგული საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია საარჩევნო უბნების დახურვამდე ნებისმიერი სახის ეგზიტპოლის ან რეიტინგის გამოქვეყნება მედიაში ან სოციალურ ქსელებში (ფაცებოოკ და თწიტერ).

 საფრანგეთში 66 500 საარჩევნო უბანია გახსნილი, ზუსტად ამდენივე იქნება 7 მაისს, მეორე ტურის დღეს. საარჩევნო უბანზე ნებისმიერი აგიტაცია და მოწოდებები რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ კანონით ისჯება. 

წლევანდელ არჩევნებში სიახლეა საარჩევნო უბნების დახურვასთან დაკავშირებითაც. ძველი კანონმდებლობით, დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე იკეტებოდა, სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში  - 18:00 საათზე. ახალი კანონმდებლობით, რაიონებსა და სოფლებში საარჩევნო უბნები 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებში ისევ ძელი წესით, 20:00 საათზე. 

ახალი კანონის ავტორები ამბობენ, რომ  ამით თავიდან აიცილებენ ინფორმაციის გაჟონვას რაიონული საარჩევნო უბნებიდან ამა თუ იმ კანდიდატის შედეგებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლეოდა, ორ საათში ამომრჩევლის მობილიზება გაეკეთებინათ დიდი ქალაქებში, რაც სასურველი კანდიდატის გამარჯვების შანსებს ზრდიდა. ამის ნათელი მაგალითია წინა არჩევნებზე ახლანდელი პრეზიდენტის, ფრანსუა ჰოლანდის მომხრეების მობილიზება - როდესაც 18:00 საათზე დახურული საარჩევნო უბნების ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი, ფრანსუა ჰოლანდის შტაბმა სოციალური ქსელ  „ტვიტერის“ მეშვეობით უზრუნველყო მომხრეების მიყვანა დიდი ქალაქების საარჩევნო უბნებზე  და არჩევნების ბედის გადაწყვეტაც. 

ასეთი ხრიკის გამეორებას ახალი კანონმდებლობა გამორიცხავს, რადგან დღეს და მეორე ტურშიც  ფრანგ ამომრჩეველს მხოლოდ საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე და საკუთარ საარჩევნო უბანზე აქვს ხმის მიცემის უფლება. 

საერთოდ საფრანგეთში საარჩევნო სიებში 47 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული (აქვე შედის უტრემერის, გვადელუპის, ტაიტის, მარტინიკის, ახალი გვინეის და ახალი კალედონიის მოსახლეობაც). მილიონ სამასი ათასი ამომრჩეველი ფრანგულ საარჩევნო სიებში დაფიქსირებულია, როგორც უცხოეთში მყოფი და ისინი საფრანგეთის საელჩოებში აძლევენ ხმას არჩევნების დღეს ან „დიდ შაბათს“, როგორც ფრანგები ეძახიან არჩევნების წინა დღეს. 

ფრანგული კანონმდებლობით, ხმის მიცემის უფლება აქვს ნებისმიერ ფრანგ მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. სხვათა შორის, ფრანგული კანონმდებლობა ითვალისწინებს  „მინდობილობით ხმის მიცემას“, რაც ნიშნავს,  რომ  ამომრჩეველს შეუძლია, საკუთარი ხმის უფლება მინდობილობით გადასცეს ოჯახის წევრს ან მეგობარს. ამისთვის აფორმებს მინდობილობას  იუსტიციის სახლში  ან ადგილობრივ ჟანდარმერიაში და წერს, რომ „ენდობა მინდობილობის მიმღებს, ხმა მისცეს მის მაგივრად მის მიერვე შერჩეულ კანდიდატს“.

ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საფრანგეთში ელექტრონული ხმის მიცემა აკრძალულია და საარჩევნო უბანი დღესაც ზუსტად იმ პრინციპით არის მოწყობილი, როგორც ოდესღაც ფრანგული რევოლუციის შემდეგ, პირველი არჩევნებისას. საარჩევნო უბანზე აუცილებელი სანთლების მომარაგებაც კი,  იმ შემთხვევისთვის,  თუ შუქი ჩაქრება, რათა ხმები დასათვლელი არ დარჩეს და ბიულეტენები გაუქმებულად არ ჩაითვალოს.

წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ თავისებურებას ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით, გამოკვეთილი ლიდერების არარსებობამ, ფრანგებს შორის „ჯერ კიდევ არ ვიცი ვის მივცე ხმა“  ამომრჩევლების რიცხვი ერთი-ორად გაზარდა, ამიტომ წინასწარ თქმა,  თუ ვინ გავა მეორე ტურში, ყავის ნალექზე მკითხაობას შეიძლება შევადაროთ, თუმცა ერთი ფაქტია - თუ მეორე ტურში მაინც ეამნუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გავიდნენ, ეს იქნება პირველი პრეცენდენტი მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში, როდესაც ყველაზე პოპულარული სოციალისტური და მემარჯვენე-ცენტრისტი  რესპუბლიკელების პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლების სადავეების გარეშე დარჩებიან. 


მსგავსი

„ადამიანი არსაიდან“ თუ „ურჩხული კაბაში“ - ფრანგების არჩევანი

23 April 2017

არჩევანი ყუთთან და თავგადასავლები 8 ოქტომბერს - ლიზა ციციშვილის ბლოგი

23 April 2017

არჩევნებიდან არჩევნებამდე

23 April 2017

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი. გაზპრომისა და რაგბის ამბავი!

23 April 2017