24 April 2017
  • 2887 ნახვა

„ადამიანი არსაიდან“ თუ „ურჩხული კაბაში“ - ფრანგების არჩევანი

სულ რაღაც სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის ძირითადი ორი წამყვანი პარტიიდან - სოციალისტებიდან და მემარჯვენე რესპუბლიკელებიდან - ვერავინ გავიდოდა.

რატომ და საიდან ასეთი პოლიტიკური აპერკოტი იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მეხუთე რესპუბლიკის დაფუძნებიდან (1958) დღემდე, პრაქტიკულად, მონაცვლეობით საფრანგეთის არა მარტო მმართველი, არამედ უმთავრესი პოლიტიკური ძალები იყვნენ?

დღეს ბევრს ლაპარაკობენ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე, ამჟამინდელი პრეზიდენტის - ფრანსუა ჰოლანდის უსუსურ ფისკალურ პოლიტიკაზე, რამაც ქვეყნიდან მსხვილი ბიზნესის გასვლა გამოიწვია, მდიდარმა ადამიანებმა კი დატოვეს საფრანგეთი და მეზობელ ბელგიაში ან შვეიცარია-ესპანეთში გადაბარგდნენ, ასევე, ტერორიზმის საფრთხეებსა და უცხოელების ტოტალურ შემოსვლაზე, რასაც წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. 

თუმცა საფრანგეთი ის ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური კრიზისი ან ტერორიზმის საფრთხე უცხო ხილი არ არის. გავიხსენოთ თუნდაც 1974 წლის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში „ნავთობის კრიზისის“ სახელით შევიდა და ყველაზე მეტად საფრანგეთზე აისახა, როცა მთელი ფრანგული ეკონომიკა გაკოტრებულ-ჩამოშლილი აღმოჩნდა და სწორედ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელმა, პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დესტენმა შეძლო ქვეყნის არა მარტო კრიზისიდან გამოყვანა, არამედ ფრანგული წარმოება მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერად აქცია. ან თუნდაც 1995 წლის 25 ივნისის და 1996 წლის 3 დეკემბრის აფეთქებები პარიზის მეტროში, როცა ალჟირელი ტერორისტების მიერ დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ 200 ადამიანზე მეტი დააზარალა. თუმცა მაშინ სწორედ ორი წარმმართველი ფრანგული პოლიტიკური ძალის - სოციალისტებისა და მემარჯვენე ცენტრისტების - პოლიტიკურმა ალღომ გადაარჩინა საფრანგეთი ტერორიზმის შემდგომ ესკალაციას. 

დღეს პოლიტიკური ექსპერტები და ანალიტიკოსები ბევრს საუბრობენ ემანუელ მაკრონის უეცარ პოლიტიკურ აღმაფრენაზე და ფრანგული ტელეეთერებით ორი დღეა ვისმენთ დებატებს იმის შესახებ, როგორ მოახერხა 39 წლის მანამდე პრაქტიკულად უცნობმა ემანუელ მაკრონმა სულ რაღაც ერთ წელიწადში შექმნილი პარტიით არჩევნების პირველი ტურის მოგება, მაშინ როდესაც მმართველი სოც-პარტიის წარმომადგენელმა მხოლოდ 6%-ის დაგროვება შეძლო. 

ამასთანავე ყველა თანხმდება, ულტრამემარჯვენე ლე პენის წარმატება არა მარტო ფრანგული პოლიტიკური ველის, არამედ მთლიანად ევროკავშირის პოლიტიკური რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს. ფრანგი ანალიტიკოსები ასევე ერთსულოვნები არიან იმაში, რომ სოციალისტებმა და მემარჯვენე რესპუბლიკელებმა, 2007 წლიდან მოყოლებული, არა პოლიტიკურ პროგრესზე, არამედ საკუთარი პარტიების „თვითლიკვიდაციაზე“ იმუშავეს, ეკონომიკის ამაღლებაზე მხოლოდ კონფერენციებსა და საერთაშორისო ფორუმებზე ისაუბრეს და ტერორიზმთან და არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლის რეალური გზების დასახვის ნაცვლად, მხოლოდ არაფრისმთქმელი კონცეფციების შემუშავებაზე დახარჯეს დროც და ენერგიაც. 

ამასთანავე, ვერც სოციალისტებმა და ვერც რესპუბლიკელებმა  ვერ შეძლეს ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა, ისეთის, როგორიც ფრანგულ პოლიტიკას უყვარს და ახსოვს - ქარიზმატული, საკუთარ თავში დაჯერებული და გადაწყვეტილებების უპრობლემოდ მიმღები ლიდერი, როგორებიც იყვნენ ფრანსუა მიტერანი, ჟაკ შირაკი ან თუნდაც 90-იანი წლების სოც. პარტიის ლიდერი მიშელ როკარი და მემარჯვენე ცენტრისტული UMP-ს თავმჯდომარე ალან ჟუპე. 

არც სოციალისტების საპრეზიდენტო კანდიდატ ბენუა ჰამონს და არც რესპუბლიკელ ფრანსუა ფიონს ქარიზმატული ლიდერის არც ერთი თვისება და კომპონენტი არ გააჩნდა. 

აღმოჩნდა, რომ ორივე წამყვან პოლიტიკურ ძალას შიდაპარტიული პრობლემები აქვს და „პარტიული მონოლითური ერთიანობა“ მხოლოდ მითი და ილუზიაა. რეალურად კი ორივე პარტია ფრაქციებად და მიმდინარეობებად არის დაყოფილი, რომლებიც საერთო პარტიულ ყრილობებზეც კი ერთ მაგიდასთან ჯდომას თავს არიდებენ. ამიტომ ლოგიკურია ის შედეგი, რაც ამ პოლიტიკურმა „კაკაფონიამ“ 23 აპრილის Presidantielle-ს პირველ ტურში მოიტანა. 

გამომდინარე აქედან, დღევანდელი რეალობა ლოგიკურია, ფრანგებმა უარი უთხრეს ძველ პოლიტიკურ ელიტას, რომელმაც რეალური პოლიტიკა უკვე 10 წელია ვერ განახორციელა და არჩევანი გააკეთეს ორ ანტაგონისტურ უკიდურესობას - ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის. 

7 მაისის არჩევნები საფრანგეთისთვის იქნება უპრეცედენტო, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კანდიდატები, რომელთა უკანაც არ დგანან მძლავრი საპარლამენტო პარტიები, რომელთაც სახელმწიფო მმართველობის სადავეები და პასუხისმგებლობები ხელში უჭირავთ და როგორც დღეს ჩემმა კოლეგამ გაზეთიდან le monde, მარი ჟეგომ მითხრა: ფრანგებმა 7 მაისს უნდა აირჩიონ ან ემანუელ მაკრონი - „ადამიანი არსაიდან“ ან მარინ ლე პენი - „ურჩხული კაბაში“.


მსგავსი

ფრანგული არჩევნების თავისებურებები

24 April 2017

არჩევანი ყუთთან და თავგადასავლები 8 ოქტომბერს - ლიზა ციციშვილის ბლოგი

24 April 2017

არჩევნებიდან არჩევნებამდე

24 April 2017

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი. გაზპრომისა და რაგბის ამბავი!

24 April 2017