02 June 2017
  • 1145 ნახვა

ირაკლი აბსანძის ბლოგი - სტრატეგიული პარტნიორობის ტყვეობაში

15 მარტის საღამოს ბათუმში საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს არაოფიციალურ ვახშამზე შეხვდნენ. არ გახმაურებულა, რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და ილდირიმმა რამდენიმესაათიან შეხვედრაზე. თურქმა პრემიერმა ბათუმი უკომენტაროდ დატოვა, საქართველოს მთავრობის კანცელარია კი პროტოკოლური განცხადებით შემოიფარგლა, რომ შეხვედრის თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იყო.

 

ოფიციალური ვიზიტით ბინალი ილდირიმი საქართველოს 22-23 მაისს ეწვია და პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომას უხელმძღვანელა. 

24 მაისს კრიმინალურმა პოლიციამ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავა. ის საქართველოში 2002 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. 25 მაისს ქართულმა სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა. თურქეთი მას ტერორიზმში დებს ბრალს, ისევე, როგორც ათასობით მის თანამოქალაქეს თავად თურქეთსა და მთელ მსოფლიოში.

 

29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა და შემდეგ აზერბაიჯანის პოლიციის ხელში აღმოჩნდა გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი. ის საქართველოში 2015 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ახლობლები აცხადებენ, რომ მუხტარლი თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ქართველი კოლეგების დახმარებით გაიტაცეს. მალევე გაირკვა, რომ ოფიციალური ბაქო მას საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ვალუტის არალეგალურად გადატანას ედავებოდა.

 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ამავე ბრალდებით 25 მაისს აფგან მუხტარლის მეგობარი და ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის მოადგილე გიოზალ ბაირამოვა დააკავეს. მუხტარლი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერდა, რომ ბაირამოვას თბილისში შეხვდა და მის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

 

ციხეშია აზერბაიჯანული რეჟიმის ამ ორი კრიტიკოსის კიდევ ერთი მეგობარი - ფარმან ჯეინარლი. კლინიკა “ლანცეტის” დირექტორს ქართულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო მიუსაჯა. ღვიძლის ორი ტრანსპლანტაცია, რომელიც ლეტალურად დასრულდა, კლინიკაში წელიწადისა და ორი თვის წინ ჩატარდა. ქართული მედია ამ შემთხვევების შესახებ თვეების წინ იუწყებოდა, მაგრამ სამართალდამცავებმა რეაგირება მხოლოდ მაისის ბოლოს მოახდინეს. ჯეინარლი საქართველოს მოქალაქეა. ის დღეს საკუთარ ადვოკატთან საუბარში არ მალავს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ბევრ აზერბაიჯანელთან პირადი მეგობრობა აკავშირებს, ისინი მასთან კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ ხოლმე და აზერბაიჯანული ხელისუფლება ამას იატაკქვეშა საქმიანობის მხარდაჭერად აფასებს.

 

თურქეთი აზერბაიჯანისთვის მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორი არ არის. ის ამ მონათესავე ქვეყნის ერთგვარი პოლიტიკური მამობილია. მას შემდეგ, რაც ერდოღანმა ავტორიტარიზმისკენ გრძელი ნაბიჯებით სვლა დაიწყო, 2 ქვეყნის ხედვები კიდევ უფრო დაახლოვდა. აზერბაიჯანი უკვე ათწლეულებია კლასიკური მემკვიდრეობითი დიქტატურაა. სავარაუდოდ ემთხვევა ორივე რეჟიმის ხედვები “სახელმწიფოს მტრებთან” ბრძოლის საკითხშიც. სანამ ერდოღანი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ჯვაროსნულ ომს გამოაცხადებდა, საქართველოში თავისუფლად ცხოვრობდნენ ალიევების რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ფაქტია, რომ ახლა ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ.

 

აზერბაიჯანის მსგავს რეჟიმებში კრიტიკულ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურ აქტივიზმს შორის ზღვარი, ხშირად, ბუნებრივად იშლება. რომც დავუშვათ, რომ აფგან მუხტარლისა და გიოზალ ბაირამოვას საქართველოდან თანამოაზრეების მხარდასაჭერად მართლაც არალეგალურად გადაჰქონდათ ვალუტა (ალიევების რეჟიმი ფინანსურ ნაკადებს სრულად აკონტროლებს), საქართველოს ხელისუფლება მაინც დილემის წინაშეა. საღი აზრისთვის რთული ასახსნელია, რატომ დაემთხვა ამ ადამიანების დაკავება დროში ასე ერთმანეთს, როცა ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელებისათვის საქართველო უკვე წლებია თავშესაფარია. თუ აქედან აზერბაიჯანში ოპოზიციური აქტივისტების მხარდასაჭერად ფული არალეგალურად მართლაც მოძრაობს, ეს ახლა არ დაიწყებოდა. თურქეთსა და აზერბაიჯანს კი შეთანხმებულად ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე იძულებისთვის დღეს ნებაც მეტი აქვს და ინსტრუმენტებიც, ვიდრე თურქეთის ავტორიტარიზმისკენ სვლამდე ექნებოდათ.

 

აფგან მუხტარლის საქმის შემდეგ, რა ელის საქართველოში მცხოვრებ სხვა ოპოზიციურად განწყობილ აზერბაიჯანელებს? როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, თუ აქ თურქმა პოლიტდევნილებმაც გადაწყვიტეს თავის შეფარება? როგორ შეიძლება დააბალანსო დაყვავების პოლიტიკა 2 ავტორიტარულ სტრატეგიულ მეზობელთან და გაცხადებული ევრო-ატლანტიკური კურსი? საქართველოს ხელისუფლება სდუმს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა, როცა დუმილი ოქროა. რაციონალურ, პასუხისმგებლიან და პათეტიკიდან დაცლილ გამოსავალს ვერც ოპოზიციური სპექტრი გვთავაზობს. საქართველოში არ არსებობს ასეთ საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი და კომპეტენტური სინქ-ტენკები. ამასობაში კი ქვეყანა კვლავ რჩება გეოპოლიტიკისა და სტრატეგიული პარტნიორობის ტყვეობაში.

 

 


მსგავსი