05 June 2017
  • 3654 ნახვა

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO



ტურბულენციაა. მივფრინავ კოპენჰაგენში. ამაოდ ვცდილობ ილუმინატორიდან გავიგო რამე. თუ აეროპორტი ქალაქიდან შორსაა, იმდენად მოსაწყენ  ხედებს შეიძლება მოჰკრა თვალი, იმედგაცრუებულიც დარჩე. კოპენჰაგენის აეროპორტში იატაკზე ხის პარკეტი დამხვდა  დაგებული. ზოგს სახლშიც არ უგია ასეთი. არსად მინახავს პარკეტი აეროპორტში. ძალიან სახლური აეროპორტი აქვთ. Human stories ძალიან თვალშისაცემია. თქვენც ხომ გიყვართ დედა-მამა, შეყვარებულები, შვილები და 20 წლის წინ მოყვანილი ცოლი - არაფერია უცნაური, მაგრამ იშვიათად მინახავს ასეთი „გაცილებები“და ადამიანური ზრუნვა, აქ რომ ვნახე. შეიძლება ნახო ქმარი, რომელიც პლედით მისდევს ცოლს, რომ არ გაუცივდეს. 



საოცარი გოგოები არიან. გრძელი ფეხების და ცხვირპაჭუა ცხვირების გამო არა. უბრალოდ, ყველას ისეთი სხივი აქვს... რატომაც არა? იმდენი ხეა, ისეთი ჰაერი, არაფერი აღარ გინდა სხვა - ჩაიცვი გრძელი შავი ლაბადა, ამოიცვი თეთრი კედები, იარე ქუჩაში, ისუნთქე ეს აკაციები და ანათე მზესავით. ცენტრშიც კი ისეთი ჰაერია, ჩვენთან მესტიაში რომ აქვთ. სხვადასხვა პარკებიდან გროვდება ხისა და ყვავილების სურნელება.

როგორც ჩანს, ჯერ არ მოაფიქრდათ ინვესტორის მოყვანა, რომელიც „პრესტიჟულ“ კორპუსს ჩადგამს ციყვებით სავსე პარკში, მერე ბეტონს დაასხამს კორპუსის ეზოში, საქანელას ჩამოკიდებს ბავშვებისთვის და უფრო მეტი „ელიტარულობისთვის“ აუზს გამოთხრის სახურავზე. არადა, გაიყიდებოდა ასეთი სახლები, ჩვენთან ბოლო 20 წელია ამით ვართ დაკავებულები.



კრემისფერი, შავი, თეთრი... კრემისფერი, შავი, თეთრი... გრძელი ლაბადები, კედები და ველოსიპედები. არსად მინახავს ასეთი სადა და გემოვნებიანი ხალხი. აცვიათ მოდურად, მაგრამ არაფრანგულად. შავ სვიტერებს ძალიან უხდება ქერა და თხელი თმა, ისევ საკუთარი თმით უკან შეკრული. დანიაში ბედნიერების ყველაზე მაღალი ინდექსია. საელჩოს წარმომადგენელმა მითხრა, ძალიან დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს. რაღაც მცნებებიც ჰქონიათ, რომლის მიხედვითაც, ცხვირი არ უნდა აუბზიკონ ერთმანეთს და თავში ჩაიბეჭდონ, რომ ყველა დანიელი თანასწორია.

დანიელები, შვედებთან ერთად, ბევრს მოგზაურობენ და ამ მხრივ, მსოფლიოს ხუთეულში შედიან, ამიტომაც უკვე ბოლო ერთი წელია, ცდილობენ ეს ხალხი საქართველოშიც ჩამოიყვანონ. საშუალოდ, ერთი დანიელი ქვეყნიდან 3-4 ჯერ გადის. მოგზაურობისთვის ფულს კი არ აგროვებენ, არამედ ზოგავენ. კოპენჰაგენში ნაყიდი ერთი პიცის ფასად საქართველოს მოივლი. 



სერვისი ძალიან ცუდია, რასაც მომხმარებელი ჩემთვის უჩვეულო გაგებით ეკიდება. მეც თავს ვიკავებ წიკვინისგან, როცა ვხედავ 20 ადამიანი როგორი რუდუნებით ელოდება ბარმენს, რომელიც ძალიან, ძალიან ნელა ასხამს ლუდს  და თან ტელეფონზე ტლიკინებს. და თუ ამ ბარმენს შავად შეღებილი თვალებიც აქვს (როგორც ჯონი დეპს „კარიბის ზღვის მეკობრეებში“) საერთოდ ეპატიება ყველაფერი. სავსეა პარკები ახალგაზრდებით, სამუშაო დღეებშიც კი. დინამიკებს მხრით ატარებენ, პარკში დგამენ, პლედებზე წვებიან და ლუდს სვამენ. საოცარი სიმწვანეა - ათასჯერ ვიტყვი! თბილისიდან ჩამოსულების გულის გასახეთქი სიმწვანე! 



თუ აქ მოხვდებით და ცოტა დრო გაქვთ, CC-ში წადით. აქ იგრძნობთ ყველაზე მეტად ქალაქს. ძველი სივრცეა, ბაზარს გაგონებს, მაგრამ ხილისა და ბოსტნეულის ნაცვლად ჭკუიდან შესაშლელ კერძებს აკეთებენ ცეცხლზე და ღუმელში. შეგიძლია დახლებზე ჭამო ბურგერი, ან ნებისმიერი რამ - პიციდან დაწყებული, ტაილანდურით დამთავრებული. თან იაფად (ტურისტულ ადგილებში ჭამას შიმშილობის გამოცხადება სჯობია). აქ შეგიძლიათ წყლის პირას დასხდეთ პალეტებზე, ან რბილ სკამებზე ჩაეშვათ. ლუდი აქვთ სრულიად გასაგიჟებელი. თუ  მზიანი ამინდია, ბედნიერებისგან და ლუდისგან თავბრუ შეიძლება დაგეხვეთ.  



ყოველ გაზაფხულს ტივოლის პარკში, ღია კინოთეატრთან, უზარმაზარი ხეების ქვეშ გამოაქვთ რბილი დასაწოლები, რომელშიც ახლა ვწევარ და მზეს ვეფიცხები. სხვათა შორის, ბატონ დისნეის ტივოლის პარკში სეირნობის მერე გადაუწყვიტავს დისნეილენდის აშენება. ასე რომ, კოპენჰაგენს უმადლოდეთ, მდიდარო ბავშვებო. 

ძველი პარკია. ორი საუკუნის გახდება მალე. ატრაქციონებიც ძველებურ სტილშია, თუმცა ჭანჭიკები კარგად აქვს მოჭერილი. ანდერსენი აქ აუცილებლად გაგახსენდებათ. ძეგლიცაა მისი აქვე, მაგრამ ამ ვეებერთელა პარკში ძეგლის მოსაძებნად დრო არ დავკარგე. 
ზღაპრული სამყაროა ტივოლის პარკში - გახუნებული სანაყინეებით, ტირის სასროლი ჯიხურებით, ძველი ლამპიონებით, ფერადი პატარა ალმებით, პანტომიმით, ღია კინოთეატრით -MAGIC! ძველი მოხეტიალე ცირკი გაგახსენდებათ, სევდიანი ჯამბაზებიც და საქართველოდან თუ ხართ, დიდი ალბათობით - კასანდრაც, ბოშა ქალი სერიალიდან, უხსოვარ დროს პირველ არხზე რომ გადიოდა :)) 

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ატრაქციონი აქ არის. რასაკვირველია, მე მხოლოდ ქვემოდან შევხედე. 



ღია კინოთეატრის წინ, შადრევნებთან მეძინა 15 წუთი. ვიღაც ქალმა გამაღვიძა. უფრო ზუსტად, მღეროდა და გამეღვიძა. ნაჭრის შეზლონგი თუ დაკავებულია, მწვანე მინდორზე კოტრიალს არავინ გიშლის. თბილისში შემიმჩნევია, რომ ბევრგან მწვანე მინდორზე სიარულს გიკრძალავენ. აქ რომ აგიკრძალონ, ნიშნავს, რომ ნახევარ კოპენჰაგენში უბრალოდ არ უნდა იარო. 

ყვავილებს ფოტოებს ვუღებ. ჭკუიდან შესაშლელი მცენარეებია. ზაფხულში აფეთქებულია ყველაფერი. ყავა დავლიე პარკში, ძალიან საყვარელ კაფეში და ციცარი დამადგა თავზე (თუ არ ვცდები). ვაჭამე თევზებსაც და ჩიტებსაც. უზარმაზარი თევზებია ტბაში, რომელიც პარკის შუაგულშია. 



მანქანაზე უფრო ბევრი აქ ველოსიპედია. ველოსიპედების პარკინგს ფოტოებს რომ ვუღებდი, მფლობელები აქეთ მიღებდნენ ფოტოებს. რა იცოდნენ, რომ სინამდვილეში შავი ჯიპების ქვეყნიდან ვარ და ამდენი ერთად შეყრილი ველოსიპედი მიკვირს. ტაქსის მძღოლმა მითხრა (რომელსაც მთელი შოპინგის ფული დავუტოვე), რომ ველოსიპედისტების რაოდენობას მკაცრად აკონტროლებენ, ხიდებზე მრიცხველები აქვთ დაყენებული, ასე იგებენ, რამდენმა ველოსიპედისტმა გადალახა ხიდი და თუ ეცოტავათ - შფოთავენ. 

შავი, უზარმაზარი ჯიპი მხოლოდ ერთხელ ვნახე და თვალი გავაყოლე. აქ დიდი მანქანები დაახლოებით ისეთივე სანახაობაა, საბურთალოზე რომ მფრინავმა თეფშმა ჩაგიქროლოს. თუ კოპენჰაგენში შემორბენით ხართ, არ წახვიდეთ მუზეუმში. ქუჩაში იარეთ, მოლზე გაწექით, ხალხს გამოელაპარაკეთ. საოცარი ქალაქია! ახალგაზრდული და ჭკვიანი. 




საღამოს არატურისტულ კვარტალში ვისეირნე. რა ცუდია, რომ არ მახსოვს ქუჩის სახელი. ნავსადგურია, გზის პირას სახლები დგას, პატარა აივნებით და რასაკვირველია, ყვავილებით. აივანზე ღვინოს სვამდა ქალი, ეწეოდა და უყურებდა ფერად ნავებს. მომერიდა გადაღება და მისი სიმყუდროვის დარღვევა. საღამოობით ამ კვარტალში ისეთი სიჩუმეა, წყლისა და ნიჩბების ხმას თუ გაიგონებ მხოლოდ, ვინმე სახლში თუ ბრუნდება ნავით. ერთი ტურისტიც არ არის ამ უბანში. და კიდევ, შუახნის კაცები ქეიფობდნენ - რომ იცოდეთ, როგორ უხდებოდა ამ ნავებს მათი ტარტყანი. 



ამ კვარტლიდან Christanshavn-ზე გადადიხარ. ნამდვილი ანდერგრაუნდი აქ დამხვდა. კონტრკულტურის კერაა! გადაღების უფლება არ მქონდა, მარიხუანას დილერები გიკრძალავენ. მარიხუანას მოწევა ქალაქში არ შეიძლება, შეიძლება პრობლემები შეგექმნას. თუმცა Christanshavn-ზე ყველა ეწევა. ეს არის „ქალაქი ქალაქში“, სადაც მოსულა ყველაფერი.  ისეთი უცნაური სივრცეა, სიზმარში ნანახ გაუგებარ სიუჟეტს გაგონებს. ჰაერი მარიხუანას და ჰაშიშის სუნითაა გაჟღენთილი.  რამდენიმე სტენსილი გადავიღე მხოლოდ, მაგრამ ყველაზე მთავარი ვერ: უცნაური სახლები, რუინები, „გაპარტახებული“ ფაბები, რკინის აჩონჩხლილი კონსტრუქციები, დაბოლილი „ბომჟები“, უცნაურად ჩაცმული ხალხი. ხომ გითხარით, ნამდვილი სიზმარია! 
 

ბოლო პოსტიც. მოვფრინავ. ეს ფოტო მიყვარს. დააკვირდით რა ფერია ცა, როგორი იისფერი და ნათელი. ასეთ დროს ვფიქრობ, რატომ არ გაბიათ ჩემი თვალები? ნავსადგურში დაბმულ ნავებს ვუყურებ სანთლებით სავსე პატარა კაფედან და მეშინია ჭერს თავი არ ავარტყა; მე 1.78 სმ ვარ, ჭერი 1.85 სმ იქნება. აქ 22:30 საათია, ახლახან დაღამდა, თუ, რა თქმა უნდა, ამას დაღამება ქვია! ძალიან მომწონს ეს არდაღამება. საღამოს თუ რომელიმე წყლის არხთან გაივლით (ოჰ, როგორ უხდება ამ ქალაქს ქუჩებში შეჭრილი ნავსადგურები), სადაც ფერადი ნავები „აბირჟავებენ“ (და სადაც ეს ფოტო გადავიღე), აღტაცებულ ტურისტებთან ერთად შეიძლება მოჰკრათ თვალი სევდიან სახეებს, მობრეცილ ნაკვთებს. და ღვინით გაბრუებული თუ ხართ და კიდევ ჩემნაირი ფანტაზიორი, ყურსასმენებიდან თუ  შესაფერის მუსიკასაც უსმენთ, შეიძლება წარმოიდგინოთ კიდეც, რა სახით დადიოდნენ ღარიბი მეწაღე და მისი ცრურწმენებით სავსე შვილი - ანდერსენი. ის ანდერსენი, რომელიც არამხოლოდ „კეთილი მეზღაპრე“, არამედ ნამდვილი ხულიგანია; რომლის ძეგლი არ მაინტერესებს; რომელიც Nyhavn-ის არხთან ყველაზე მეტად იგრძნობა. 
ზუსტად ასეთ ქალაქში უნდა ეცხოვრა ამ ცრუპენტელას. 



მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

05 June 2017

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

05 June 2017

ღირდა ყოველი ამად?!

05 June 2017

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

05 June 2017

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

05 June 2017

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

05 June 2017

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

05 June 2017

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

05 June 2017

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

05 June 2017

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

05 June 2017

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

05 June 2017

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

05 June 2017

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

05 June 2017

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

05 June 2017

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

05 June 2017

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

05 June 2017

გამქრალი გოგოები

05 June 2017

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

05 June 2017

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

05 June 2017

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

05 June 2017

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

05 June 2017

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

05 June 2017

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

05 June 2017

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

05 June 2017

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

05 June 2017

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

05 June 2017

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

05 June 2017

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

05 June 2017

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

05 June 2017