08 June 2017
  • 313 ნახვა

სანამ ელოდები მარტო არა ხარ.

ფანჯრის წინ მჯდომი, წერეთელივით დავეყრდენი საკუთარ ხელს და ვინ იცის მერამდენედ ვიხსენებ რთულად აღსაწერი, ჩვენებური მომენტების სიამეს. ძვალსა და რბილში რომ გაგიჯდება მისი სითბო და უწინდელივით, კვლავ არაამქვეყნიურ შვებას მოგგვრის. როგორც ზაფხულში, წვიმას მოწყურებული, ახლაც მასე მომწყურდა შემეგრძნო მონატრების ყოველი მეორე და თუნდაც უმნიშვნელო ნაწილაკი, რომელმაც აქამდე მომიყვანა. მას შემდეგ თუ არა, აქამდე მაინც. იცი...… ადამიანი მაშინ გრძნობს ბედნიერებას, როცა გვერდით ვინმე სხვაც ჰყავს. სწორედ მაშინ გრძნობს თავს ბედნიერად, როცა სიტყვებიც კი ზედმეტი ხდება ამ ორისათვის და უბრალო, საოცრად წმინდა და უმანკო მზერითაც კი ყველაფერს ნათელს ჰფენენ. თავად კი ამბობდი, სანამ ელოდები მარტო არ ხარო... მაშ, რაღა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ კვლავ შენს მოსაზრებას დავეყრდნო. დავეყრდნო იმ ერთადერთ იმედს, რომელიც დღითიდღე კიდევ უფრო ნაკლებად რეალური ხდება და ზოგჯერ ლოდინისმომცველი წამებიც ჯოჯოხეთურ მომენტებად მევლინება ხოლმე.  თუმცაღა, ახლა...სწორედ ახლა, მეც ვეწინააღმდეგები საკუთარ თავსა და საკუთარ ფიქრებს, ზუსტად ისე, როგორც შვილი ეწინააღმდეგება მშობელს და ისე, როგორც ოპტიმისტი არ ეგუება მარცხს. ძვირფასო, ჩემო... ლოდინი ჰქვია იმას, რაც ახლა მაძლებინებს. ლოდინი და მოთმინება, რომელიც ჩემს არაფრისმომცველ არსებას თავადვე შთაბერე სულივით ერთ დროს. 


 ანერვიულებული ვივიწყებ წერეთელივით შემოდებულ საკუთარ ხელს, და დაზაფრული, მთელი არსებით კალმის წვერით ვკაწრავ ძველ, მოყვითალო ფურცელს, რომელსაც ახლაც ასდის ძირძველი წარსულის გადმონაშთი წიგნის სუნი. წერის განცხრომით მიღებული სიამოვნების დროს კი სულ გამომეპარვოდა ისიც, რომ წვიმას კაი ხანია გადაეღო უკვე. აქაიქ თუ დაიგრუხუნებდა შორიახლოს და ისიც იმის მანიშნებლად, რომ დრო იყო წერაც შემეწყვიტა, ისევე როგორც საკუთარი გრძნობების შენთვის გადმოცემა შევწყვიტე ერთ დღეს. ნელ-ნელა ვამჩნევ, თუ როგორ ქრება სინათლე მონაცრისფრო კორპუსებში, ფანჯრებს მიღმა და როგორ იჟღინთება ოთახი მარტოობის მწველი ჰაერით, რომლის სუნთქვაც დღითიდღე ყოვლად გაუსაძლისი ხდება... Mმე კი კვლავ გავყურებ ჩაბნელებულ ქუჩას, სადაც ჯერ კიდევ ტრიალებს ასფალტიდან ასული და ჰაერში გამჯდარი შხაპუნა წვიმის სუნი... Dდა სწორედ ახლა; სწორედ ამ მომენტში, ვგრძნობ, თუ რა ძლიერ მომწყურდი. Mმომწყურდი და თანაც ისე,  როგორც ქარავნის წინამძღოლს, შუაგულ უდაბნოში ტანმოწყვეტილი ძლივს რომ მიაბიჯებს და საკუთარ თავს გულმოდგინედ აჯერებს “საცაა წყალს მივადგებითო”. მომწყურდი ისე, როგორც განმარტოვებით მდგარ, გამოფიტულ ხეს, რომელსაც მის გარშემო არსებული შემხმარი ტოტები ძლივს შეუკავებია და წვიმის მოლოდინში უშედეგოდ იდგამს თავის არარსებულ სულს.


მაღალ, ნაცრისფერ კორპუსებს შორის კვლავ ნელ-ნელა, ერთმანეთის მონაცვლეობით, თუმცა არც ისე მონოტონურად ქრება შუქი და წყდება წვიმის წვეთების მელოდიური ხმაც. ამ დროს კი, როცა მარტოობისთვის განწირულებს, სევდიანებსა და ამჟამინდელ ყოფას შეგუებულებს ყველაზე მეტად უნდებათ ჩემს ამპლუაში ყოფნა, ფანჯრის წინ ჯდომა და მთელი არსებით წერა; სწორედ ამ დროს... მე წერას ვწყვეტ... და კვლავ მოუთმენლად მოველი შინ შენ დაბრუნებას... 

 თავად ამბობდი, სანამ ელოდები მარტო არა ხარო, თუმცა ძვირფასო... ახლა! შენი ლოდინის დროსაც კი, მე მარტო ვარ. გახსოვს, არასდროს ვუჩიოდი მატერიალურ სიდუხჭირესა და ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოებას, თუმცა არა მატერიალური, არამედ სულიერი თვალსაზრისით, ლოდინის დროსაც კი... მე მარტო ვარ... და ამ ყოვლისმომცველ მარტოობაშიც უფრო მეტად მიმძაფრდება ღრმადესთეტიკური შეუგუელობის ზღვასავით ბობოქარი ჟინი... თუმცაღა, სწორედ ამ დროს... ძვირფასო, ჩემო...ქრება კორპუსებს შორის არსებული ბოლო მანათობელი შუქი, რომელიც უკანასკნელი იმედის სახედ მომევლინა... ქრება შუქი და... მე წერას ვწყვეტ.


 “მომწყურდი ახლა. მომწყურდი ისე, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში.”

მსგავსი