26 June 2017
  • 638 ნახვა

ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა - თათია ბუხრაშვილის ბლოგი

„ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა“ - როცა ჯოან როულინგი „ჰარი პოტერის“ ისტორიას  წერდა, ალბათ, ვერც კი  წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ სამყაროში ყველა ბავშვს ეცოდინებოდა მისი სახელი.

პატარა ჯადოქრის ისტორია, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო, 20 წლის გახდა.

ჰარი პოტერის პირველი წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წლის 26 ივნისს გამოიცა. დღეს „ჰარი პოტერი“ თანამედროვეობის  ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა და, როგორც ამბობენ,  ბავშვები წიგნებთან მიაბრუნა.  ჰარი პოტერი განსაკუთრებით ძვირფასი ლიტერატურული აღმოჩენაა, ვინაიდან ნაწარმოებში სიმპათია და სიყვარული დაუკავშირდა ბავშვს, რომლის მიმართ თვითიდენტიფიცირება სხვა მოზარდებისთვისაც ძალიან მარტივია.

რომანის შვიდ წიგნში ჰარი პოტერი ისევე იზრდება, როგორც მისი მკითხველი. ახალი თაობა მოდის, იწყებს კითხვას იმ ასაკში, რამდენი წლისაც პირველ წიგნში ჰარი პოტერია და ასრულებს ნაწარმოებს იმ ასაკში, რომელშიც წიგნის მთავარი გმირის ამბავი სრულდება.

ჰარი პოტერის  ბრძოლა, ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს, სიყვარულსა და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. როგორც  ფენტეზის ტიპის წიგნებში ხდება, სიკეთე, სიყვარული და სიცოცხლე  მაინც იმარჯვებს, თუმცა ძალიან ძნელად.  სამწუხაროდ, გამარჯვებას ჰარი პოტერის ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი,  პროფესორი ვერ მოესწრება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს კეთილშობილი ბრძოლა მსხვერპლს მოითხოვს.


საიდუმლოებების დეპარტამენტში არის ოთახი, რომელიც მუდამ დაკეტილია. იქ ინახება ძალა, ერთდროულად უფრო საოცარი და უფრო საშინელი, ვიდრე სიკვდილია, ვიდრე ადამიანის გონებაა, ვიდრე ბუნების ძალაა. ამასთან, დეპარტამენტში შენახულ ყველა საუნჯეზე უფრო იდუმალიცაა. სწორედ ამ ძალას ფლობ უხვად, ვოლდემორს კი პირიქით - საერთოდ არ აბადია. ამ იდუმალი და საოცარი ძალის სახელი სიყვარულია“, - ალბუს დამბლდორი.

სიყვარულია ის, რამაც ჰოგვორტსის  მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის შხამ-წამლების პროფესორს, სევერუს სნეიპს ალბათ ყველაზე სახიფათო და საშიში, ორმაგი თამაში წამოაწყებინა. სიყვარულია ის ერთადერთი იარაღი პატარა ბიჭის ხელში ყველაზე ბოროტი, ძლიერი და ჭკვიანი ჯადოქრის - ვოლდემორის წინააღმდეგ.  დიახ, ამ წიგნის  ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი სწორედ სიყვარულია.  

„After all this time“? – „always“ – ეს დიალოგიც ჰარი პოტერიდანაა, როდესაც პროფესორი დამბლდორი სნეიპს ჰარი პოტერის დედისადმი სიყვარულზე ეკითხება.  სწორედ ამ და ბევრი სხვა ფრაზით არის აჭრელებული დღეს სოციალური ქსელი.  ფრაზებით და  ტექსტებით, რომლის მნიშვნელობასაც მხოლოდ პოტერომანები გაიგებენ და მხოლოდ მათ ეკუთვნით.

დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ  ეს არის წიგნი, რომელსაც პატარებიც და დიდებიც ერთნაირი გატაცებით კითხულობენ.  წიგნი, რომელმაც  ღარიბი ინგლისელი ქალის ცხოვრება ზღაპრად აქცია, დიახ, ავტორის ისტორიაც ჰგავს  ზღაპარს - ქმარს გაშორებული,  პატარა ბავშვიანი, უმუშევარი და უსახსრო ჯოან როულინგი ჰარი პოტერის პირველ წიგნს პატარა კაფეში წერდა, ვიდრე მის შვილს ეძინა.

„ეს  იდეა დეპრესიისგან მოვიდა, ჰარი იმდენად ცხადად დავინახე და ისე ავღელდი, როგორც არასდროს.  ჩანთაში კალმის ძებნა დავიწყე და 4 საათის განმავლობაში  შეუჩერებლად ვწერდი. ვწერდი ბიჭზე, რომელიც ცოცხალი გადარჩა“, - იხსენებს 20 წლის შემდეგ  ჯოან როულინგი.

მსგავსი

"საზიზღრები, ბოროტები, ბინძურები"

26 June 2017

იტალიური სტილი - იარაღი, რომელიც არ იჟანგება - ლაშა მესხის ბლოგი

26 June 2017

წიგნების თარო - 18.07. - გიორგი ქოქოსაძის ბლოგი

26 June 2017

ბაჩო კვირტიას ბლოგი - ვანილი

26 June 2017

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - „ასოციაციობანა“ განათლებაზე

26 June 2017

ქართული ცეკვა და ხელოვნება

26 June 2017