29 June 2017
  • 431 ნახვა

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

ფოტო: ფრედერიკ მაკკაბინის ნახატი "ძველი პოლიტიკოსი" (1855-1879)

წყარო: http://www.abc.net.au/news/2016-03-22/fredrick-mccubbins-painting-old-politician-1855-1879/7265656


ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად საუბრობენ იმაზე თუ ვინ უნდა გახდეს თბილისის მერი და იმაზეც თუ რა უნდა გააკეთოს მან. თუმცა, მედიაში, საზოგადოებასა და პოლიტიკაში ნაკლებად საუბრობენ იმაზე თუ რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მერის თანამდებობას და როგორია მის როლი პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ისტორიაში.


მერი როგორც ევროპული პოლიტიკური ცხოვრების ტრადიცია


თანამედროვე ევროპულ საზოგადოებებში ქალაქის მერი განიხილება არა იმდენად როგორც მეურნე ან მენეჯერი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც გააჩნია გარკვეული ხედვა, ფილოსოფია და სტრატეგია ქალაქის განვითარებისთვის. ამასთანავე, მერის როგორც ქალაქის მმართველის ლეგიტიმაცია და პოლიტიკური გავლენები იმდენად დიდია, რომ ხშირად ისინი მწვავე კონფრონტაციაში მოდიან ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თუმცა, ცხადია მერის ასეთ მაღალ ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ გავლენებს განაპირობებს ადგილობრივი დემოკრატიის მაღალი დონე დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც მერი უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლების მიმართ არის ანგარიშვალდებული ვიდრე ცენტრალური ბიუროკრატიული აპარატისადმი. ასევე, ევროპაში მერის როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენის მქონე ფიგურის როლი გამოიხატება, იმაშიც რომ ხშირად ქალაქის მერები ქვეყნის უმაღლესი მმართველი პოლიტიკური ლიდერები ხდებიან.


ასევე, ტრადიციულად, ევროპის პოლიტიკური ცხოვრებაში, ქალაქის მერი შესაძლოა გახდეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რასაც პრაქტიკულად შეუძლებელია გადავაწყდეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც მერი მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია, რომელიც მოქმედებს როგორც მენეჯერი და არა როგორც პოლიტიკოსი.


მერის ინსტიტუტი საქართველოში: თბილისის მაგალითზე


ისტორიულად, თბილისს სხვადასხვა დროს სხვადასხვა წოდების თუ სოციალური ფენის წარმომადგენლები მართვადნენ. მაგალითად, შუა საუკუნეებში ქალაქს მისი უხუცესები მართვადნენ, ცარისტული იმპერიის დროს კი სამხედრო ელიტები და ბურჟუაზიული კლასის წარმომადგენლები, ხოლო საბჭოთა კავშირის დროს კი თბილისს ხელმძღვანელობდა .. საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი. პოსტსაბჭოთა საქართველოში კი, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოდის მერის ინსტიტუტი, როგორც ევროპული ადმინისტრაციული და პოლიტიკური მმართველობის ტრადიცია.


პოსტსაბჭოთა საქართველოში, მერი აღიქმება ორ განზომილებაში. პირველი, ის ყოველთვის ასოცირდება იმგვარ პოლიტიკურ ფიგურასთან, რომელიც ლოიალურია არა საკუთარი ამომრჩეველის მიმართ, არამედ საკუთარი პარტიის მიმართ. ცხადია, საკუთარი პარტიის მიმართ ერთგულება უნდა განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი რა დროსაც ბუნებრივია გარკვეული ვალდებულებები გაკავშირებს საკუთარი პარტიისადმი. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში, ადგილობრივი დემოკრატიის უაღრესად დაბალი მაჩვენებლის გამო ქალაქის მერები ვერ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას ამომრჩევლებთან და პრობლემებს არ აღიქვამენ ლოკალურ კონტექსტში. შესაბამისად, უმეტესი მათგანის საქმიანობა და აზროვნების სტილი დამოკიდებულია იმაზე თუ რა იდეები და სტრატეგიებია თავმოყრილი ცენტრალურ ხელისუფლებაში და მმართველ პოლიტიკურ ელიტაში. ეს პროცესი იმდენად თვალშისაცემია საქართველოში, რომ ადგილობრივ მოქალაქეებში უფრო მეტად იზრდება სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი მერების მიმართ და მოქალაქეების მეტი ლტოლვა უჩნდებათ იმაზე, რომ საკუთარი პრობლემების მოგვარება ცენტრთან ურთიერთობით სცადოს.


მეორე განზომილება რაშიც მერები, მათ შორის თბილისის მერიც აღიქმება არის ის, რომ მერი არ განიხილება როგორც პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ის აღიქმება, როგორც მეურნე ან მენეჯერი. ამაში თითქოს ერთი შეხედვით არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ შეუძლებელია მერი იყოს კარგი მეურნე თუ პირველ რიგში ის არ არის სახელწიფო მოღვაწე.


რა განსხვავებაა მენეჯერ მერსა და პოლიტიკოს მერს შორის?


დავიწყოთ მენეჯერი მერით. როგორც წესი ასეთი მერი ორიენტირებულია არა ქალაქის პრობლემების ფუნდამენტურ გააზრებაზე, როგორც ლოკალურ ასევე გლობალურ კონტექსტში, არამედ ის მოწოდებულია აქამდე არსებული პრაქტიკებისა და მექანიზმების გამოყენებაზე. ამის მაგალითად გამოგვადგება ის ფაქტი, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვერ შეცვალა წინა მერის მიერ შემუშავებული პრაქტიკა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნარმანიამ განაგრძო მანამდე არსებული პრაქტიკა და ქალაქის განვითარების პროცესი მოარგო მსხვილი ბიზნესის ინტერესებს და არა ლოკალურ საჭიროებებს. მან ვერ შეძლო გარდამტეხი პროცესის დაწყება, რადგან ის მოქმედებს როგორც მენეჯერი და არა როგორც პოლიტიკოსი. ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ თბილისი თითქოს ეს არის ერთგვარი კორპორაცია თუ ჰოლდინგი, სადაც იცვლებიან მენეჯერები, რომლებიც ჰოლდინგის მოწილეთა ინტერესებს ატარებენ, მიუხედავად იმისა ვინც არ უნდა იყოს მერი. მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში, მერი არის როგორც კორპორაციის მენეჯერი, შეიძლება ითქვას, რომ ის არის  ერთგვარი CEO, ხოლო კორპორაციის წილის მფლობელები კი ის მსხვილი ბიზნესი და ინვესტორები, რომლებიც რეალურად განკარგავენ თბილისს (განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი).


რაც შეეხება მერი როგორც პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო მოღვაწე, აქ უკვე საქმე გვაქვს კარდინალურად განსხვავებულ ფიგურსათან ვიდრე ეს არის მერი მენეჯერი. პოლიტოკის მერი, ცდილობს არა უსარგებლო პრაქტიკისა და მექანიზმების გამოყენებას, არამედ აყალიბებეს ახალ იდეებს, ქმნის საკუთარ სტრატეგიას და გამოირჩევა საზოგადოებრივ სიკეთეებზე ორიენტირებით ვიდრე მსხვილ კაპიტალზე კონცენტრაციით.


ამასთანავე, პოლიტიკოსი მერი პრობლემებს აღიქვამს ფართო პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში რა დროსაც გათვალისწინებულია ქალაქის განვითარების ისტორიული გამოცდილება და მის მკვიდრთა ჩართულობა ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში.


მაგალითად, მერი რომელიც წმინდა პოლიტიკური შინაარსით უდგება ქალაქის განვითარებას,  არ დაუშვებს იმას, რომ მოხდეს საჯარო სივრცის კომერციალიზაცია ან მისი არქიტექტურული/ესთეტიკური სახის დამახინჯებას. მენეჯერი მერი კი ცდილობს ქალაქის განვითარების დინამიკა ინვესტორების ინტერესებს მოარგოს რა დროსაც არ ხდება ქალაქის მკვიდრთა ინტერესების გათვალისწინება.  ამ შეთხვევაში პოლიტიკოსი მერის ინტერესია ერთის მხრივ თავისი როლი და ადგილი დაიკავოს ქალაქის მეხსიერებაში, ხოლო მეორეს მხრივ კი შეასრულოს ანაგარიშვალდებულება ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ. მენეჯერი მერის მოტივაცია კი მდგომარეობს იმაში, რომ ის ამ თანამდებობაზე თავს აღიქვამს როგორც კორპორაციის მმართველს, რომელიც ანგარიშვალდებულია პარტნიორების მიმართ.


ამრიგად, მერი როგორც სახელმწიფო მოღვაწე ქალაქს აღიქვამს, როგორც პოლიტიკურ ერთობას სადაც იქმნება იდეები და ღირებულებები. თუმცა, ცხადია შესაძლებელია პოლიტიკოსი მერი სულაც არ იყოს ქალაქის ეფექტური მმართველი, მაგრამ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს ზოგად გამოცდილებაზე და ევროპული ტრადიციების ზოგად პრაქტიკაზე.



რატომ არის საქართველოში და კონკრეტულად თბილისში პოპულარული მენეჯერი მერის ინსტიტუტი


შეიძლება ითქვას, რომ პოსტასბჭოთა საქართველოში საერთოდ არ არსებობს პოლიტიკურობის და პოლიტიკის ფუნდამენტური აღქმა. პოლიტიკა აღქმულია როგორც ბინძური თამაში. სინამდვილეში კი პოლიტიკა არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილი. მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკაა ის რაც ჩვენ გვეხება, რაც გვაწუხებს და რაც გვსურს რომ მოვაგვაროთ საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით. ძველი ბერძნები (ათენურ დემოკრატიაში) იდიოტს უწოდებდნენ მათ ვისაც არ ჰქონდათ სურვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის, მათ ვინც უარყოფდა საზოგადოების ინტერესებს და საკუთარ ვიწრო, მერკანტილურ ინტერესებში იკეტებოდა. შესაბამისად, პოლიტიკა დასავლურ პოლიტიკური აზროვნების ტრადიციებში აღიქმება არა როგორც ბინძური თამაში, სადაც პროფესიონალი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, არამედ როგორც საჯარო მოქმედების სივრცე, სადაც მოქალაქეები სახელმწიფო მოღვაწეებთან ერთად ორგანიზებულად იცავენ საერთო ინტერესებს.


საქართველოში კი, რადგან პოლიტიკის სტიგმატიზაცია ტრადიციად ჩამოყალიბდა პოსტსაბჭოთა იდენტობის პირობებში, პოლიტიკოსები ცდილობენ პოლიტიკისგან დისტანცირებას და თავს წარმოაჩენენ, როგორც მენეჯერები რაც ცხადია სახელმწიფოს უნგრევს მის ფუნდამენტურ იდეას. თბილისის მერის თანამდებობაც, აღქმულია როგორც მენეჯერული თანამდებოდა, რადგან ქალაქზე ზრუნვა აღქმულია არა როგორც სახელმწიფო საქმე, არამედ როგორც კორპორატიული მმართველობის სტილი, რაც აფერხებს ქალაქის როგორც პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სივრცის განვითარებასა და სრულყოფას.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი