21 July 2017
  • 968 ნახვა

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

ფოტო გარეკანზე: Flickr.com


ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. მან თანამდებობაზე ჯონ ჰანთსმენი - როკერი, მორმონი, სინოლოგი, სინგაპურსა და ჩინეთში ყოფილმა ელჩი და იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი დაასახელა. დანიშვნამ უკვე გააჩინა გარკვეული კითხვები, როგორც რუსეთში, ასევე თავად შეერთებულ შტატებში.

აშშ-ის ელჩების თანამდებობებს შორის მოსკოვში ამერიკის წარმომადგენლის თანამდებობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ხოლო ამერიკის შიდა პოლიტიკაში ტრამპის მოსვლის შემდეგ გაჩენილი „რუსული ფაქტორისა“ და ორ ქვეყანას შორის არსებული კრიზისის ფონზე თამამად შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვნადაც მივიჩნიოთ.


„ოქროს კარიერა“

მომავალი ელჩის ბიოგრაფია სპეციფიკურია. მსხვილი მეწარმის შვილმა, ახალგაზრდობაში განათლება შეწყვიტა, რათა როკ-ჯგუფის წევრი გამხდარიყო. შემდეგ იგი დაუბრუნდა სწავლას, თუმცა სპეციფიკური კუთხით - განათლება მიიღო მორმონული მღვდელმსახურობის მიმართულებით და კუნძულ ტაივანზე საკუთარი რწმენის გასავრცელებლად გაეშურა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ თანამედროვე ამერიკაში მორმონობა პატივსაცემი, ხოლო იუტას შტატისთვის ტრადიციული რელიგიაა და არა „სექტა“, როგორადაც მას პოსტსაბჭოთა სივრცეში მოიხსენიებენ. საკმარისია ვთქვათ, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მით რომნი მორმონია. ამ ეკლესიის წარმომადგენლები გამოირჩევიან მაღალი მორალური სტანდარტებით და მრავალშვილიანობით.

პრეზიდენტ რეიგანის პერიოდში მან სახელმწიფო სამსახურში მუშაობა დაიწყო და ბიზნეს-კარიერული წყვეტების პარალელურად მომდევნო ოთხი პრეზიდენტის კაბინეტში იმსახურა. 32 წლის ასაკში ჯონ ჰანთსმენი დაინიშნა ელჩად სინგაპურში, რაც ამერიკულ დიპლომატიურ პრაქტიკაში უიშვიათესი შემთხვევაა. თანამდებობის დაკავებას პირადი ღირსებების გარდა ხელი შეუწყო მისი ოჯახის მიერ იუტას შტატში პრეზიდენტ ბუშის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელობამ და მის საარჩევნო ფონდში სოლიდური ფინანსური თანხების გადარიცხვამ. მოგვიანებით, 2008 წელს გაპრეზიდენტებულმა ბარაკ ობამამ ჰანთსმენი ჩინეთში ელჩად გააგზავნა. ობამას ჭირდებოდა ავტორიტეტული სპეციალისტი, რომელიც თავისუფლად ფლობს ჩინურს და იცნობს რეგიონის სპეციფიკას. საზღვარგარეთ მივლინებების შუაში მან მოასწრო იუტას შტატის გუბერნატორობა, ხოლო ჩინეთიდან დაბრუნებულმა მონაწილეობა მიიღო 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში და გარკვეული დროის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლებოდა. ნიუ-ჰემფშირის პრაიმერში დამარცხების შემდეგ იგი დისტანციას ჩამოშორდა.   

მისი პირადი ურთიერთობები ტრამპთან ასევე აჩენს გარკვეულ კითხვებს. ჰანთსმენი წარმოადგენს თავისუფალი ვაჭრობის იდეის აპოლოგეტს. 2001-2003 წლებში, როდესაც ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციაში სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, მან ხელი შეუწყო ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას (მოგვიანებით ტრამპმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ჰანთსმენმა აშშ ჩინეთზე გაყიდა“). მომავალი ელჩი რუსეთში ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ სავაჭრო ომებს ჩინეთთან. 2012 წელს, პრაიმერის დროს მან განაცხადა, რომ „არ წარმოადგენს დონალდ ტრამპის საერთაშორისო ვაჭრობის სკოლის მიმდევარს“. სკანდალურმა მილიარდერმა ეს სიტყვები უყურადღებოდ არ დატოვა, ჰანთსმენს „სუსტი“ უწოდა და დაამატა, რომ არ აპირებს პოლიტიკოსთან შეხვედრას. „დრო-ფულია, და მე არ ვაპირებ ჩემი ტყუილად დავხარჯო“ - დაწერა ტრამპმა 2011 წლის სექტემბრის ბოლოს ტვიტერში. როგორც ჩანს, მხარეები 2016 წელს შერიგდნენ და ჰანთსმენმა არჩევნებზე ტრამპის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. თუმცა ქალებთან დაკავშირებით ტრამპის სკანდალური გამონათქვამების შესახებ, ჰანთსმენმა არა მხოლოდ გააკრიტიკა მილიარდერი, არამედ მისი მაიკ პენსით შეცვლაც მოითხოვა. თუმცა ამ მოვლენებმა ჰანთსმენის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნაზე გავლენა ვერ მოახდინა.


კვალიფიციური და გავლენიანი კანდიდატი

ჰანთსმენის დანიშვნის უმთავრესი მიზეზი უპირველეს ყოვლისა მისი კვალიფიკაციაა. ჰანთსმენს აქვს დიპლომატიური სამსახურის გამოცდილება სინგაპურსა და ჩინეთში, მას შეუძლია იმუშაოს რთულ პარტნიორებთან, რომლებთან ურთიერთობაც შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია. რუსეთი სწორედ ასეთი პარტნიორია. ორმხრივ ურთიერთობებში აუცილებელია დიდი გამოცდილება, რათა მოხდეს მოლაპარაკებების ჩავარდნის და სკანდალების თავიდან არიდება. ამიტომაც, სავარაუდოდ ჰანთსმენი რუსეთში მკვეთრ და ეპატაჟურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

კითხვები გაჩნდა ჰანთსმენის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ძირითადად აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე რუსეთში ან თავად რუსეთის ან ევროპული მიმართულების ექსპერტს ნიშნავდნენ. ჰანთსმენი კი ამ ორიდან არცერთს არ წარმოადგენს. მართალია იგი თავის დროზე აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი საგარეო პოლიტიკური სამეცნიერო ცენტრის Atlantic Council-ის ხელმძღვანელი იყო, თუმცა უფრო ჩინეთის სპეციალისტად ითვლება. ამავდროულად, ჩინეთის სპეციალისტობა შეიძლება ჰანთსმენის დანიშვნის ერთ-ერთი მიზეზიც იყოს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს დიდწილად ჩინეთთან კონფლიქტის პრიზმაში შეხედავს.

ამასთან ერთად ჰანთსმენი „გავლენიანი კანდიდატია“. უპირველეს ყოვლისა მას აქვს კარგი კავშირები და მიეკუთვნება მით რომნისთან და კონგრესის სპიკერ პოლ რაიანთან დაახლოებული რესპუბლიკელების ჯგუფს. ჰანთსმენი არ არის შემჩნეული პრორუსულ განცხადებებშიც. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს გააჩნია გარკვეული ბიზნეს-ინტერესები რუსეთში (ჰანთსმენის მამის დაფუძნებული ქიმიური საწარმო ЗАО "Хантсман-НМГ" რუსეთში  დღემდე მუშაობს და სხვადასხვა პოლიმერებს ყიდის) გააჩნია, თავად მომავალი ელჩი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს ძალზედ კრიტიკულად განიხილავს. „თავისთავად აუცილებელია რუსეთთან მუშაობა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, თუმცა ჩვენ არ უნდა ვაქციოთ ეს თანამშრომლობა პოტიომკინის სოფლად. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კრემლი ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც მას წარმოადგენენ. რომ იგი უფრო დიდი დემოკრატიაა, ვიდრე რეალურად, რომ იგი უფრო იცავს ადამიანის უფლებებს, ვიდრე რეალურად, რომ იგი უფრო ნაკლებად ემუქრება მეზობლებს, ვიდრე რეალურად“ - განაცხადა ჰანთსმენმა 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. გასაკვირი არ არის, რომ ჰანთსმენის რუსეთში ელჩად დანიშვნაზე ხმების გავრცელების შემდეგ, მან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში.

თავად ჰანთსმენისთვის მოსკოვში დანიშვნა აქტიურ სახელმწიფო საქმიანობაში დაბრუნების და წარმატებული დიპლომატის სტატუსის დამტკიცების შანსია, რადგან მისი წინა ორი დიპლომატიური მისია ხანმოკლე იყო. თუ ჰანთსმენი თავს გაართმევს საკუთარ მოვალეობას რუსეთში, მას უფრო მაღალი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა გაუჩნება (აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რექს ტილერსონს დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს და შეიძლება სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დიდი ხნით ვერ შეინარჩუნოს).


დასკვნის მაგიერ

თუმცა ელჩად დანიშვნა და ეფექტურად მუშაობა სხვადასხვა საქმეა. ჰანთსმენმა უნდა იმუშაოს როგორც ტრამპთან, ასევე პუტინთან.

ტრამპთან დაკავშირებით სავარაუდოდ პრობლემები არ იქნება. ჰანთსმენი ძლიერი პიროვნებაა, რომელსაც ტრამპი თანასწორად განიხილავს. გარკვეულწილად იგი რექს ტილერსონის მსგავს ფიგურას წარმოადგენს - მსხვილი მეწარმე, რომელმაც საკუთარი ქმედებებით დაიმსახურა ამერიკის პრეზიდენტის პირადი პატივისცემა. ტრამპისთვის ჰანთსმენის დანიშვნიდან მიღებული სარგებელი ნათელია. იგი გამოცდილი და მცოდნე დიპლომატია და სავარაუდოდ მაიკლ მაკფოლის შეცდომებს არ გაიმეორებს. ჰანთსმენს აქვს გამოცდილება როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე საელჩოების მართვაში, რაც მას საქმიანობაში დაეხმარება. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰანთსმენის მამა ფილანტროპიულ პროექტებს ახორციელებს სომხეთში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა.

მოსკოვთან დაკავშირებით კი შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას. ჰანთსმენის დანიშვნა მოხდა რთულ მომენტში, როდესაც საუბარია ამერიკულ-რუსული ურთიერთობების უკიდურეს დაძაბულობაზე. 2018 წელს რუსეთში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც ამერიკის ელჩს მოუწევს პოზიციის დაფიქსირება. ამასთან ჰანთსმენი არის მორმონი, ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში დაიწყო „დესტრუქციული სექტების“ დევნა და მორმონებს რუსეთის ტერიტორიაზე საკუთარი წარმომადგენლობის შემცირება მოუწიათ.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ გამოცემა The Salt Lake Tribune-მა (რომელსაც მომავალი ელჩის ძმა პოლ ჰანთსმენი ფლობს) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია რუსეთში მორმონების დევნის შესახებ. შესაბამისად, მოსალოდნელია ახალი ელჩის მხრიდან ადამიანის უფლებების თემის გააქტიურება. მიუხედავად ჰანთსმენის კონსერვატორობისა და მორმონობისა, იგი ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერს მხარს. სავარაუდოდ, კრემლის საპასუხო რეაქცია ჰანთსმენის პოლიტიკიდან გამომდინარე იქნება - ითამაშებს იგი დესტაბილიზატორის თუ „ხიდების ამგების“ როლს.

საბოლოოდ, ჰანთსმენის დანიშვნა დონალდ ტრამპის ძლიერ საკადრო ნაბიჯად შეიძლება განვიხილოთ, რომლითაც იგი რამდენიმე ამოცანას ერთდროულად ასრულებს. სკანდალების სერიის შემდეგ, რომელთა უმრავლესობაც რუსეთს უკავშირდებოდა, მან საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლავ რუსეთის საშუალებით სცადა.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი