22 August 2017
  • 865 ნახვა

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

მსოფლიოში არსებული კრიზისების და სკანდალების სიმრავლის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი სიახლე, რომელიც არა მხოლოდ თავისთავად არის საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანიც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების გასაგებად, საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა რჩება. ასეთ სიახლეებს შორის არის კომპანია „Foxconn“-ის - ელექტრონიკის ამწყობი ტაივანური გიგანტის გეგმა გახსნას ქარხანა აშშ-ში.

გლობალიზაციის, როგორც კაცობრიობისთვის უპირობო სიკეთის მომტანის მომხრეთა რიგები ბოლო წლებში სწრაფად მცირება. ამ იდეალისტების პოზიციებს ახალი დარტყმა შეიძლება მიაყენოს ტაივანური კომპანიის ვისკონსინში დაფუძნების გადაწყვეტილებამ. ერთი შეხედვით, „Foxconn-ის განზრახვა ნათელ ფერებში იხატება: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელიც „Apple”-ს ტექნოლოგიების აწყობით არის ცნობილი, ვისკონსინს ისტორიაში უდიდეს ინვესტიციას (ათი მილიარდი დოლარის ოდენობის) და 13 ათასი სამუშაო ადგილის გახსნას პირდება. დონალდ ტრამპის თავდადებული მომხრეები ცდილობენ ტაივანური კომპანიის გადაწყვეტილება ხელისუფლებაში მილიარდერის მოსვლას დაუკავშირონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვისკონსინში ტრამპმა მოულოდნელად სწორედ სამუშაო ადგილების შექმნის და შტატის ინდუსტრიული დიდების დაბრუნების ლოზუნგებით გაიმარჯვა, გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტმა თავის დამსახურებებს ტაივანური კომპანიის გადაწყვეტილება სწრაფად მიაწერა.

ნოსტალგიური განწყობები მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების გასაგებად. წარსულში თუნდაც ნაწილობრივი დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ჩნდება კითხვა: ასეთი მშვენიერია კი წარსული? „Foxconn“-ის შემოსვლის მოწინააღმდეგეები არგუმენტირებულად მიუთითებენ, რომ კომპანიის აშშ-ში შემოსვლის გადაწყვეტილება ვაშინგტონის და რესპუბლიკელების მმართველობის ქვეშ მყოფი რამდენიმე შტატის პოლიტიკას უკავშირდება. ამ პოლიტიკის მიზანი გარემოს დაცვის და შრომითი უფლებების მთელი რიგი ნორმატივების გაუქმებაა, რომელიც ამერიკელებმა ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად მოიპოვეს. ვისკონსინში საგადასახადო ტვირთის სამ მილიარდ დოლარამდე შემსუბუქების გადაწყვეტილების პაკეტი, ანუ ფაქტიურად „Foxconn-ის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების სუბსიდირება ჯერჯერობით შტატის კანონმდებელთა წინააღმდეგობას აწყდება. ამასთან პაკეტში შედის სხვა პირობებიც, რომელიც ქარხანას მთელი რიგი გარემოსდაცვითი ნორმატივებიდან გამოიყვანს.   

უახლოეს მომავალში ნათელი გახდება, მიიღებენ თუ არა აღნიშნულ შეღავათებს. თუმცა იდეა, რომ ადრე თუ გვიან ვისკონსინში ან სხვა რომელიმე შტატში აზიური კომპანიები გაჩნდებიან, რომლებიც საკუთარი კაპიტალს დასავლური კომპანიების ელექტრონიკის და სხვა საქონელის აწყობით გამოიმუშავებენ, აშშ-ში სერიოზულად განიხილება. ჯერჯერობით არ არსებობს მიზეზი, რომელმაც ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს, რადგან ამერიკელი პოლიტიკოსები და ბიზნესმენების დაინტერესება მაღალია. პოლიტიკოსების აზიური გიგანტები სამუშაო ადგილების შექმნის ლოზუნგებით არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად სჭირდებათ, ხოლო ბიზნესმენებს - საკუთარი მოგების გასაზრდელად. აშშ-ში პოლიტიკური კლიმატი მსგავსი კომპანიებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე მაგალითად, ჩინეთში. სულ მცირე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თეორიულად არსებობს კომუნისტური სახელმწიფო, რომელიც მშრომელთა ინტერესებს იცავს და მოქალაქეთა სოციალურ უფლებებს აღიარებს. შეერთებულ შტატებში კი იდეოლოგია ორიენტირებულია ბიზნესზე, ხოლო ორი ძირითადი პარტიიდან ერთი - რესპუბლიკური, ამ იდეოლოგიას ღიად იცავს.  

რესპუბლიკელები ვისკონსინიდან გუბერნატორ სკოტ უოკერის მეთაურობით, რომელიც დემოკრატებთან და პროფკავშირებთან ბრძოლით არის ცნობილი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ „Foxconn-მა ქარხანა მათ შტატში გახსნას. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს ქარხნებზე ინტერესი სხვა შტატებშიც გაიზრდება, კომპანიები, რომლებიც „Foxconn-ის მაგალითს გაყვებიან, სავარაუდოდ უფრო დიდ შეღავათებს მოითხოვენ. კონკურენცია ინვესტიციების და ახალი სამუშაო ადგილების გამო რეალურად გლობალურად იქცა. ჯერჯერობით კი ამ კონკურენციაში მსხვილი ბიზნესი იმარჯვებს.

რიგითი ამერიკელები, მათ შორის ტრამპის მხარდამჭერები, სულ უფრო ხშირად წააწყდებიან იმ პრობლემებს, რომელის გლობალიზაციამ განვითარებად ქვეყნებს მოუტანა. ამ პროცესის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა ბადეები, რომლებიც „Foxconn-ის ქარხნების ირგვლივ არის გაჭიმული მუშათა თვითმკვლელობების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც უმძიმეს პირობებში მუშაობენ. ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი მსგავს ბადეებს კომპანიის პირველივე ამერიკულ ქარხანაში ველოდოთ. თუმცა ეს არ ხსნის იმ სოციალური ფაქტორების უგულებელყოფის პრობლემას, რომელსაც სამუშაო ადგილების სამუშაო ადგილებისთვის შექმნის პოლიტიკის ფარგლებში აქვს ადგილი.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი