05 September 2017
  • 1659 ნახვა

სიცილიური იტალია

შესწრებიხართ ოდესმე შუაღამის მიწურულს მეზობლების დიალოგს, როცა ერთმანეთს შენთვის სრულიად გაურკვეველ ლამაზ სამხრეთულ ენაზე ფანჯრებიდან ესაუბრებიან?! დრომოჭმულ, ოდესღაც ფერად დარაბებს ისე ხმაურიანად ხურავენ, რომ თუ დიალოგის დროს ჩაძინება მოახერხეთ, დარაბის დახურვის ხმა აუცილებლად გაგაღვიძებთ.



აქ ცხოვრების 24-საათიანი, სტაბილურად ცეცხლოვანი რიტმია. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ყველაზე კარგად აისახება ამ კუნძულის მოსახლეობაზე - საოცრად ხმაურიანი, ტემპერამენტიანი, მომღიმარი და შეყვარებული ხალხია. ეს სიყვარული ყველგან იგრძნობა - დანაგვიანებულ ვიწრო ქუჩებში, ჩრდილოურისგან განსხვავებულ, უგემრიელეს სამზარეულოში, ლაჟვარდოვან სანაპიროებზე...       


ეს სიცილიაა სრული თავისი დიდებით! მზის ზენიტიდან - მთვარის ზენიტამდე ენერგიულად და მაღალ ტონალობაში მოსაუბრე "სხვანაირი" იტალიელებით. ისეთებით, როგორებსაც ქვეყნის სხვა ვერცერთ კუთხეში ვერ შეხვდებით. ამ მზიანი კუნძულის მაცხოვრებელი სამხრეთელები ყველაზე მეტად ამართლებენ იტალიურ სტერეოტიპებს - კარგად გამოკვეთილი ფორმები, ხმის ტემბრი, კანის ფერი, სიცილიური დიალექტი, ხმამაღალი სიცილი, რომელიც ყველა კუთხიდან ისმის - ბუნებრივად არის შერწყმული აქაურ ლანდშაფტთან.                                                                                                             


ქალაქებში ციტრუსისა და ზღვის სუნი ერთმანეთს ერთვის და სიცილიურ არომატს ქმნის, რომლითაც გაჟღენთილია მთელი კუნძული. ხალხთან ერთად კუნძულიც დუღს, დროთა განმავლობაში შემაშინებლადაც. ვულკანი ეტნა ყველაზე კარგი გამოხატულებაა სიცილიური ხასიათის. ამიტომაც აქაურობის ერთ-ერთი სიმბოლოა ისევე, როგორც ეგრედწოდებული იტალიური მაფია. შეუძლებელია იტალიური სიცილია სხვანაირი იყოს. პალერმოს ძველი ქუჩები, ჭუჭყიანი და გასარეცხი სახლის კედლები ისეთ განცდას ქმნის, თითქოს რომელიღაც ვიწრო შესახვევში მაფიოზური კლანის გარჩევა მიმდინარეობს. აქაურები ამ მითსაც კარგად იყენებენ და ჩემნაირი ტურისტებისთვის მაფიასთან დაკავშირებული უამრავი სუვენირი აქვთ.                     


ქუჩაში მოსიარულეს თავი სხვადასხვა ფილმის გმირი გგონია. დაუჯერებელია, მაგრამ ამ კუნძულს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად ბევრი ემოცია აღგიძრას, წარსულში გამოგზაუროს, სულ ცოტა წარმოსახვაა იმისთვის საჭირო, რომ სირაკუზაში მოხვედრილმა წარმოიდგინო ქალაქის სიდიადე საუკუნეების წინ, აქ ყველა შენობა, კათედრალი და სანაპირო, ალბათ, ისეთივეა, როგორიც წლების წინ, თითქოს არაფერი შეცვლილა, მზისფერ ქალაქში ყველაზე კარგად შეიძლება ძველი სიცილიის წარმოდგენა. ცოტა ლიმონჩელოსაც თუ დააყოლებ და სირაკუზას ვიწრო თეთრ ქუჩებს შეუყვები, ყველანაირ ფანტაზიას შეგიძლია მისცე გასაქანი - მისტიკურს, რომანტიკულს, საომარს - გააჩნია მზის მცხუნვარებას...



სირაკუზადან ასობით კილომეტრის დაშორებით კიდევ ერთი ტურისტებისთვის საყვარელი, პატარა იტალიური, ტორნატორესეული ქალაქი - ჩეფალოა! მწვანე ზღვით, კაქტუსების პლანტაციებით, დეკორატიული სახლებითა და უძველესი კათედრალით. აქაც ტრადიციული სიცილიაა: აივნებზე გასაშრობად გამომზეურებული თეთრეულით (ხშირად სარეცხის თოკები მეზობლის თოკებს რომ კვეთს), უამრავი მწვანე მცენარით, ზეთისხილის ბაღებით, მყვირალა ხალხით და ისტორიით. თავი აქაც იტალიურ ფილმში გგონია და ხვდები, რომ მითები იტალიაზე სულაც არაა მითები...



თუ სიცილიას ეწვევი, აქ ყველაფერს რეალურად ნახავ და იტალიის მთავარ არომატსაც მთელი სიმძაფრით შეიგრძნობ, ისე, რომ ამ სურნელისთვის ოდესმე აუცილებლად ჩამოხვალ! დაბრუნდები, რომ თავი კიდევ ერთხელ იგრძნო რომელიმე იტალიურ მელოდრამაში, მცხუნვარე მზის ქვეშ მიირთვა უგემრიელესი  ნაყინი და კიდევ ერთხელ შეიყვარო სიცილიურად, იტალიაში....! 




მსგავსი