14 September 2017
  • 380 ნახვა

"საზიზღრები, ბოროტები, ბინძურები"

ადამიანი კარგავს თავის საწყისს - ადამიანობას, სწორედ მაშინ, როდესაც მას არ აქვს არანაირი ღირებულება.   ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თეატრის პატარა დარბაზში ფუსფუსია, მაყურებელი ადგილს იკავებს და კარი არ დახურულა, სცენაზე უკვე დაწყებულია სპექტაკლი. ეს ნიშნავს იმას, რომ მსახიობები არ ელოდებიან შუქის ჩაქრობას, კარის დახურვას, მაყურებელთა მოკალათებას. მსახიობებისათვის საკმარისია ისიც კი, რომ ისინი სცენაზე არიან. მიმაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის სპექტაკლს და ამძაფრებს მოლოდინს. თითქოს სცენაზე პარალელური სამყაროა. ცნობილია, რომ თავისუფალი თეატრის დარბაზი ძალიან პატარაა. ერთი მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის ერთგვრ დისკომფორტს, რადგან ყველასათვის ცნობილია, როდესაც აფიშაში გამოჩნდება „ჯინსების თაობა“, ბილეთები ძალიან სწრაფად იყიდება, თუმცა დიდი რაოდენობით არა, რადგან დარბაზში არ არის საკმარისი ადგილები. მეორე მხრივ, ამას აქვს ერთგვარი ხიბლი - მაყურებელი თავს იმ რეალობის მონაწილედ გრძნობს, რაც სცენაზე ხდება. ზოგჯერ ეს რეალობა მისაღებია, ზოგჯერ მიუღებელი. იმ სპექტაკლში, რომელზეც მე მსურს ვისაუბრო, თითქმის ყველაფერი მიუღებელია. 

თავისუფალი თეატრის სცენაზე ნიკა ჩიკვაიძემ დადგა სპექტაკლი სახელად „საზიზღრები, ბოროტები, ბინძურები.“ სპექტაკლი ერთ დიდ ოჯახზე მოგვითხრობს, ოჯახზე ამ სიტყვის მხოლოდ ცუდი გაგებით. რეჟისორმა სპექტაკლი ეტორე კოლას ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა, რომელზეც ამავე ავტორმა 70-იან წლებში გადაიღო ფილმი. სპექტაკლში სულ 15 მსახიობი მონაწილეობს, თითოეული მათგანი ამ დიდი ოჯახის წევრია. 

გადაგვარებული ფსევდო ოჯახი, ღირებულებების გარეშე დარჩენილი ადამიანები, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ცემა, კონფლიქტი, ტყუილი, გამოძალვა და ღალატი - რეჟისორის სპექტაკლი ჰიპერბოლიზებულად გიჩვენებთ იმ მძიმე სურათს, რომელიც არაერთ ოჯახში ოდნავ განსხვავებულად ვითარდება ხოლმე. 

ილია ჭავჭავაძის „ლუარსაბ თათქარიძეს“ პირველად ახალგაზრდები სკოლის წიგნებიდან ეცნობიან. მოთხრობას ახლავს პროლოგი, პროლოგს კი ანდაზა, რომელსაც ქვეშ უწერია „გონიერი ანდაზა“ – „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“. ვფიქრობ, რომ ეტორე კოლას და ილია ჭავჭავაძეს ერთი მიზანი ჰქონდათ, მიზანი კი იყო ის, რომ ადამიანები სარკეში ჩაახედონ. ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდებით, ვესალმებით, ვიცავთ ეთიკას, ვიქცევით წესისამებრ, ისე, როგორც ზოგადად მიღებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოჯახში კარს მიღმა სულ სხვანაირი ადამიანები ვიყოთ და სწორედ იმ ადამიანებს ვიმეტებდეთ ყველაზე მეტად, რომლებთანაც ყველაზე მეტი რამ გვაკავშირებს. აღნიშნულ სპექტაკლში 1 საათსა და 20 წუთში ამ წუთისოფლის ამაოებაც კი არის მოთხრობილი. რეჟისორს ყველა დეტალი აქვს გათვალისწინებული, მათ შორის ისიც კი, რომ ინტერიერი იყოს შემაძრწუნებელი და ბინძური. იმისათვის, რომ ადამიანებისათვის რეალობა დაენახებინა, არის სითამამე, რომლის გარეშეც, ვფიქრობ, სპექტაკლი ასეთი ეფექტური ვერ იქნებოდა. გამიჭირდება ვიყო კრიტიკული და გულწრფელად ვიტყვი იმას, რომ არ ვიცი, როგორია ნამდვილი რეცენზია და ჩემს თავს ამის უფლებასაც არ მივცემ, ვიქნები უფრო მეტად თავისუფალი და ვიტყვი იმას, თუ როგორ გავიგე ეს სპექტაკლი და რატომ უნდა ნახოს ის მაყურებელმა. სამყაროში ერთმანეთის ყველაზე დიდი მტრები სწორედ, რომ ადამიანები ვართ. ადამიანებს შეუძლიათ იყონ ფამილარულები ერთმანეთის მიმართ, კარგებიც, ბოროტებიც, მავნეებიც - ადამიანი არის ის, ვისგანაც მოსალოდნელია აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ, რომ მასში მძაფრად არის ინსტინქტები. როდესაც ადამიანს ეს ინსტინქტები ამოძრავებს, მისი ერთადერთი ფიქრი არის, დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილი და არ აქვს მნიშვნელობა მის გვერდზე მყოფი დედაა, შვილია თუ ცოლია - ის მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრებს.  რა თქმა უნდა, ყველასათვის მძიმე სანახავია თუ როგორ სცემს ქმარი ცოლს, მამა - შვილს ან პირიქით - თუმცა ამ სპექტაკლის საწყისიც ხომ რეალური ცხოვრებაა და მსგავსი მოქმედებები ჩვენს ოჯახებში თუ არა, მეზობელ, ნაცნობ ოჯახში შეიძლება მოხდეს. შეიძლება არა ასე მძაფრად და ამ რაოდენობით, მაგრამ სავსებით დასაშვებია, რომ ასეთი ოჯახები არსებობენ. ოჯახები, რომელთა წევრებს არ აქვთ არანაირი მიზანი ცხოვრებაში, დღიდან დღემდე გატანით არიან და მათი ყოველი დღე ერთმანეთზე საშინელი და საზიზღარია. როდესაც სპექტაკლს ვუყურებდი დავფიქრდი იმაზეც, რომ ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ყველაფრის მონაწილე არ ვიყავი, ბედნიერი ვიყავი იმითაც, რომ ასეთ რამეს გვერდიდან ვუყურებდი. ადამიანი კარგავს თავის საწყისს ანუ ადამიანობას სწორედ მაშინ, როდესაც მას არ აქვს არანაირი ღირებულება, ასეთ დროს კი მან არ იცის არც დედის ღირებულება.

ბანალურად ჟღერს, თუმცა ჩვენ ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთხელ მოვდივართ, შესაბამისად, ყოველი დღე საცოდაობად არ უნდა გავიხადოთ. ილია ჭავჭავაძესთან პარალელი იმიტომ გავავლე, რომ მან ორი ადამიანის ყოფა აღწერა, რომლებიც გარდა იმისა, რომ ბინძურ პირობებში არსებობენ და ეს არაფრად ადარდებთ, ამასთან ერთად არც აზროვნებით გამოირჩევიან. ილიამ ეს ყველაფერი საკუთარი ერისათვის დაწერა. ამას მაშინ დიდი ამბები მოჰყვა, საზოგადოება ილიას აკრიტიკებდა, თუმცა ვფიქრობ, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანებს ყოველთვის რაღაც ეტაპზე აკრიტიკებენ. საზოგადოება მას სწორედ იმიტომ აკრიტიკებდა, რომ იგი საზოგადო ჭირზე წერდა, რათა დახმარებოდა საკუთარ ერს. დღეს 21-ე საუკუნეა და შეიძლება რეჟისორი არ გახდეს ასეთი კრიტიკის საგანი, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი მიზანი ძალიან ჰგავს ილიას მიზანს. რეჟისორი არ დასცინის ვინმეს პირადად, მას კონკრეტული მიზანი აქვს: აჩვენოს ის რაც ყველგან შეიძლება ხდებოდეს, თუმცა ამაზე არავინ არ საუბრობს.


მსგავსი

ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა - თათია ბუხრაშვილის ბლოგი

14 September 2017

იტალიური სტილი - იარაღი, რომელიც არ იჟანგება - ლაშა მესხის ბლოგი

14 September 2017

წიგნების თარო - 18.07. - გიორგი ქოქოსაძის ბლოგი

14 September 2017

ბაჩო კვირტიას ბლოგი - ვანილი

14 September 2017

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - „ასოციაციობანა“ განათლებაზე

14 September 2017

ქართული ცეკვა და ხელოვნება

14 September 2017