02 October 2017
  • 743 ნახვა

Back to the future - ჩინეთი, რომელიც ცხოვრობს წარსულშიც და მომავალშიც - თამთა რუხაძის ბლოგი

I’m waiting for my luggage, - ძალიან მშვიდად ვუპასუხე აეროპორტის თანამშრომელს, რომელიც ხელის სწრაფი მოძრაობით მანიშნებდა, რომ იქ ჩემი დგომა არ შეიძლებოდა. დარწმუნებულმა, რომ მას ინგლისური ესმოდა, მეორე გავუმეორე: Im waiting for my luggage დავინახე პირველი გაოგნებული ჩინური სახე, რომელზეც თურმე უნდა წამეკითხა, რომ ამ ქვეყანაში ინგისური არავინ ან თითქმის არავინ იცის. საშინლად ოპტიმისტი ვარ და გადავწყვიტე, რომ მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლებს არ ესმოდათ ინგლისური და სასტუმროსკენ გზა ავტობუსით გავაგრძელე.


ჩინეთში რომ მივდიოდი, წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე. ეს ჩემი პირველი მივლინება იყო სამსახურიდან. 6 თუ 7 დღე მქონდა იმისთვის, რომ სიახლე გამეაზრებინა. ამ დროის განმავლობაში ჩინეთზე ფიქრი ყოველთვის აღტაცებით იწყებოდა და შიშით მთავრდებოდა. ყველაზე მეტად კი ის მიხაროდა, რომ ჩემთვის უცხო კულტურის ახლოდან გაცნობის საშუალება მომეცემოდა.  წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვიფიქრე, ინტერნეტით გამეგო, როგორი ქვეყანაა, რა შეიძლება დამხვედროდა ან არ დამხვედროდა, მაგრამ  google - ის გახსნისთანავე მივხვდი, რომ წაკითხულს ნანახი მერჩივნა. კომპიუტერი გამოვრთე, გადავწყვიტე, რომ  მოლოდინს არ შევიქმნიდი - მოგზაურობა ჩინეთში სრულად საკუთარი აღქმის იმედად დავტოვე.  ჩემოდანი ჩავალაგე და წავედი.


ბევრი არაფერი ვიცოდი ჩინეთზე. ვიცოდი, რომ ბევრნი არიან, ისიც ვიცოდი, რომ ეკოლოგიურად ბინძური ქვეყანაა, სადაც გამონაბოლქვის გამო ადამიანებს ერთმანეთის დანახვა უჭირთ. ვიცოდი, რომ იქ არც ისე ბევრი ხეა და  ყველაფერი უხარისხო იყიდება, თან იაფად. ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბების მიზეზი, ალბ, საქართვლოში მრავლად გახსნილი ჩინური მაღაზიები უფროა, სადაც ყველაფერს ერთ ლარად იყიდი, შესაბამისი ხარისხით. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ის მცოდნია, რომ არაფერი მცოდნია. ჩინეთის შესახებ ყველა მითი სიამენის  აეროპორტიდან სასტუმროდე მისასვლელ 30-წუთიან გზის მონაკვეთზე დაინგრა.

აეროპორტიდან სასტუმრომდე ავტობუსით მივედი. ქვეყანასთან პირველი თვალისმიერი კონტაქტის დასამყარებლად, რა თქმა უნდა, ფანჯარასთან დავჯექი.  მწვანე  და სუფთა ქუჩები, საავტომოილო გზებზე მეტად დატვირთული ველოტრასები, ველოსიპედით ან მოპედით, წესების სრული დაცვით მოსიარულე ხალხი - ეს იყო ქალაქი, რომელსაც ფანჯრიდან ვხედავდი.

სიამენი საპორტო ქალაქია, სადაც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელ საქართველოში. სამმილიონიანი ქვეყნიდან ჩასულს, სამმილიონიან ქალქში ყოფნისას მაშტაბებზე ფიქრი მაბნევდა და მაშინვე  უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიღებდი - ამაზე მერე ვიფიქროთ.


სიამენი ძალიან გავს წყნარ ევროპულ ქალაქებსაც და რც ისე მშვიდ ნიუორკსაც, ძირითადად არქიტექტურით. ამის მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ 1843 წელს, სიამენის პორტის გახსნის შემდეგ, ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ადამიანები დასახლდნენ. ამბობენ, რომ ქალაქის არქიტექტურაზე ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. თუმცა ჩემთვის ბევრად მისტიური მათი გარეგნობა აღმოჩნდა. წვრილი თვალები, სწორი წარბები, პატარა ნატიფი ცხვირი და სავსე ტუჩები.  

პირველი ჩინელი, რომელზეც დაკვირვება დავიწყე, სასტუმროს მისაღებში მჯდომი მარია იყო. პიჯაკზე მიმაგრებულ პატარა ქაღალდზე მას ლათინური ასოებით ზუსტად ასე ეწერა - მარია. ამ სახელს მის გარეგნობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.  მოგვიანებით გავიგე, რომ ჩინელები დედ-მამის მიერ მინიჭებულ სახელებს ხშირად ცვლიან მათთვის სასურველი და მარტივი სახელებით.


სახელთან შეუსაბამო გარეგნობის ჩინელმა გოგომ პასპორტი გამომრთვა. ის ჩემს მონაცემებს ამოწმებდა, მე - ას. რამდენიმე წუთში პასპორტი უკან გამომიწოდა და გამიღიმა, ნიშნად იმისა, რომ ვერაფერს მიხვდა. აეროპორტში რომ ფარ-ხმალი არ დავყარე, სხვებს მაინც ეცოდინებათ ინგლისური-მეთქი, ის ფარ-ალი სასტუმროს მისაღებამდე გამყვა და მივხვდი, რომ ერთადერთი ენა, რომელზეც ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა, სხეულის ენა იყო.

ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. მე მხოლოდ ორი ქალაქის მოსახლეობა ვნახე, შესაბამისად, არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ინგლისური არავინ იცის, თუმცა ტყუილიც ვერ გამომივა თუ დავაზუსტებ, რომ ჩინეთში, რომელშიც მე ვიყავი, ინგლისური მართლა არავინ იცის.  


12-საათიანი ფრენის შემდეგ სასტუმროში მისულებმა პირველი, რაც  გავაკეთეთ, ტელეფონებზე „ეარფლეინ მოუდი“ გამოვრთეთ და wi-fi - ს ჩართვა მოვინდომეთ. მინდოდა ამ საუკუნის ყველაზე მოქნილი სოციალური ქსელის, ფეისბუქის საშუალებით ოჯახის წევრებისთვის მიმეწერა, რომ მშვიდობით ვიფრინე და ჩემზე აღარ ენერვიულათ. ჩინეთში ფეისბუქი დაბლოკილია, google - იც და youtube- იც. თუმცა არსებობს პროგრამა vpn-ი,  რომლის საშუალებითაც შეგიძლია სოციალურ ქსელებში შეხვიდე. ზოგიერთ სასტუმროში არც vpn-ი მუშაობდა.  ერთადერთხელ გამიმართლა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა საშინლად ოპტიმისტი ვარ და სასტუმროში მომუშავე ბიჭთან მივედი და ყოველგვარი - Do you speak english? - ის გარეშე,  სასოწარკვეთილმა, მაგრამ  გაღიმებულმა ვკითხე - English?

- Little - მიპასუხა. საკუთარ თავში დამარცხებული პესიმიზმის გამო კმაყოფილმა გავიღიმე და დაახლოებით ჩემი ასაკის ჩინელ ბიჭს ვკითხე, იცოდა თუ არა ფეისბუქის შესახებ, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. აკრძალული ხილი რომ გემრიელია, მაგ ლოგიკით მეორე შეკითხვა, რა თქმა უნდა, ასეთი იყო: მერე, შენ არ გინდა?

- მთავრობას არ უნდა, ესე იგი არც მე მინდა - მიპასუხა დაახლოებით ჩემი ასაკის ჩინელმა ბიჭმა, ტელეფონში „ვაიფაი“ გამიაქტიურა  და გამიღიმა.


მე არ მიცხოვრია კომუნისტურ წყობაში, შესაბამისად, არ ვიცი, როგორ აზროვნებს კომუნიზმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი. ქალაქი, რომლის ქუჩებშიც ჩვენ დავდიოდით, თანამედროვე არქიტექტურით, ცათამბჯენებით, გამართული სერვისებით აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემი ასაკის ჩინელი ბიჭის  აღქმასთან. ჩინეთი, რომელშიც მე ვიყავი, ცხოვრობს ერთდროულად წარსულშიც და მომავალშიც.


სიამენიდან შანხაიში ჩავედით. ქალაქში, სადაც 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ქალაქში, რომელზეც ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს ნიუ იორკს. ქალაქში, სადაც ერთი უბნიდან მეორეში მოსახვედრად, შესაძლოა, 4 საათი დაგჭირდეთ ისე, რომ გზაზე არც ერთი საცობი არ შეგხვდებათ. მგზავრობისას ვაცნობიერებდი, რომ ერთი უბნიდან მეორეში მისვლა, პეკინის ქუჩიდან რუსთაველზე  გასვლას კი არა, რეალურად თბილისიდან ბათუმში ჩასვლას ნიშნავდა. 24 მილიონიან ქალაქში მასშტაბებზე ფიქრი  მართლა სულს მიხუთავდა.

 

ჩინეთში 5 დღე ვიყავი და მუსიკის ხმა არსად გამიგია. არც მე მეცალა იმისთვის, რომ ყურსასმენი გამეკეთებინა. შანხაის ერთი უბნიდან მეორეში რომ მივდიოდით,  ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დაახლოებით ორი თავისუფალი საათი მქონდა,  ჩანთა გავხსენი, ყურსასმენი ამოვიღე და პლეილისტში პირველი რაც შემხვდა, ის ჩავრთე. ვიდრე მუსიკა ჩაირთვებოდა, ცენტრს ჩავუარეთ, რომელიც სავსეა ცათამბჯენებით. ფენტეზის ჟანრის ფილმს ჰგავდა, ბოლომდე მჯეროდა, რომ ცაში მფრინავ მანქანებსაც უნდა ეფრინათ. ამ დროს  ყურებში უკვე მესმოდა მელოდია, რომელიც ვერ ვიცანი,  მერე ტექსტი გავარჩიე:

The system only dreams in total darkness

Why are you hiding from me?

We’re in a different kind of thing now


ბავშვობიდან ასე ვარ, ავტობუსში აუცილებლად ფანჯარასთან ვჯდები, მუსიკას ვრთავ და სულ მგონია, რომ მინის იქით რაც ხდება, ფილმია მონტაჟის გარეშე.  ფილმი, რომელსაც ჩინეთში, ავტობუსის ფანჯრის მეორე მხარეს  ვუყურე, ძალიან ჰგავდა რობერტ ზემეკისის „უკან მომავალში“, ერთი განსხვავებით - იმ ფილმს, მე რომ ვუყურებდი, არც ერთი მუსიკა ისე არ  უხდებოდა, როგორც The system only dreams in total darkness.

მსგავსი

მეზღვაურების პრეზიდენტი - ქეთი ბერაიას ბლოგი

02 October 2017

დაფიქრდი, სანამ გაგზავნის ღილაკს დააჭერ თითს

02 October 2017